”ნარკომანი ყოფილი ცოლი ახალ ოჯახს მიწიოკებდა” – როცა მსხვერპლიც და მოძალადეც ქალია

”ნარკომანი ყოფილი ცოლი ახალ ოჯახს მიწიოკებდა" - როცა მსხვერპლიც და მოძალადეც ქალიანანა კობახიძე, სარკე

ცხოვრების თავისებური წესი, მძიმე განსაცდელი, მოუშუშებელი სულიერი ტრავმა ადამიანებს დაღს ასვამს, ფსიქიკაზე, ხასიათზე ზემოქმედებს და შეიძლება სხვა გზაზეც გადაიყვანოს.

ეს ყველაფერი მაშინ უფრო მძაფრდება, თუ საქმე ნარკომანსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულს ეხება. ჩვენი რესპონდენტი მამაკაცი გვიამბობს, როგორ გარდაიქმნა მისი ყოფილი ცოლი – ახალგაზრდა, ლამაზი, თავისუფლებისმოყვარე გოგო, უსამართლო, ისტერიკულ და მოძალადე ქალად.

ეს არის ჩვენი დროის ნამდვილი ტრაგედია – ნარკოტიკებზე დამოკიდებულება დღემდე მწვავე პრობლემაა და, სამწუხაროდ, ამ მხრივ, ქალები კაცებს არ ჩამოუვარდებიან.

ის, რაც ჩვენმა რესპონდენტმა მოგვითხრო, მძიმე მოსასმენია.

ლევანი:

– ახალგაზრდა ვიყავი, ლენა რომ შემიყვარდა. სიყვარულს არავინ მიშლიდა, მაგრამ ჩემი ოჯახი ქორწინების წინააღმდეგი იყო. ოჯახიშვილობით არ დაიწუნებოდა, არც გარეგნობა და განათლება აკლდა, მაგრამ პრობლემა მისი განსხვავებული მენტალობა და თავისუფალი ცხოვრების სტილი გახდა.

ლენასი მესმოდა და მის შეხედულებებს პატივს ვცემდი, მაგრამ ჩემი მშობლებისთვის აღმოჩნდა უცხო. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მშობლებიც თბილისელები იყვნენ, არც ჩამორჩენილი აზროვნება ჰქონდათ, არც კონსერვატორებად ითვლებოდნენ, მაგრამ თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი მაინც ვერ მიიღეს.

– რას გულისხმობთ ლენას თავისუფალი ცხოვრების სტილში?

– გატაცებული იყო ამერიკული და ევროპული ნაკადით, ჰიპ-ჰოპითა და როკით. მაშინ ეს ჩვენში იატაკქვეშეთის მუსიკა იყო. “ჩაჩებით” და ბენდენით დადიოდა, 18 წლიდან ჰყავდა მეგობარი ბიჭი, ეგრეთ წოდებული ბოიფრენდი და ამას არც მალავდა. იმხანად თავისუფალი სექსი ფართო წრეებში სამარცხვინოდ ითვლებოდა. მე როცა გავიცანი, მარტო იყო და ჩვენი ურთიერთობაც დაიწყო.

– მისი მშობლებისთვის რამდენად მისაღები იყო შვილის ასეთი ცხოვრება?

– ისინი ჩემებთან შედარებით ახალგაზრდები იყვნენ, უფრო თანამედროვედაც აზროვნებდნენ, მაგრამ შვილის ცხოვრების წესი არ მოსწონდათ. არამარტო ბიჭები არიან ძნელად აღსაზრდელები, არამედ გოგოებიც.

ლენა თურმე წყნარი, თვინიერი, გულჩათხრობილი ბავშვი იყო, გარდატეხის ასაკში კი თავნება და დაუმორჩილებელი გახდა. მშობლები რაღაცებს უკრძალავდნენ და ის სახლიდან გარბოდა, ღამეს ქუჩაში ათენებდა. ამიტომ დედ-მამა ანგარიშს უწევდა, რომ არ გაეღიზიანებინათ. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, ხომ ნათქვამია. სხვა გზა არ ჰქონდათ, შვილის გადარჩენისთვის კომპრომისზე მიდიოდნენ.

– ლენა თქვენ მაინც თუ გიჯერებდათ თუ თქვენთანაც თავნებობდა?

– მგონი, ერთადერთი ვიყავი, ვისაც უჯერებდა. ერთგული იყო. თუ შეუყვარდებოდი, სულს მოგცემდა, არ გაგაწბილებდა. მისი მშობლები მაფასებდნენ და ოჯახში მიღებდნენ.

– ასეთ ცხოვრებას მიჩვეული გოგო ქორწინებაზე როგორ დაითანხმეთ?

– ქორწინებაზე არ ვფიქრობდით, ჩემებს რომ არ დაეჩქარებინათ ხელოვნურად. იმ აკრძალვების შედეგი იყო, რომლებსაც ოჯახი მიწესებდა. სახლში გაჩერება აღარ მინდოდა, ზოგჯერ ლენასთან ვრჩებოდი.

– ლენას მშობლები შვილის ბოიფრენდს ოჯახში გტოვებდნენ?

– ერჩივნათ, ქალიშვილი ღამით შინ ჰყოლოდათ, ვიდრე ქუჩა-ქუჩა ეწანწალა შეყვარებულთან ერთად. ამის გამო კომპრომისზე მიდიოდნენ. ამას ემატებოდა მათი კეთილგანწყობაც ჩემ მიმართ.

ლენა დაორსულდა. შვილი არ უნდოდა, ამბობდა, ჯერ მე უნდა შევიმეცნო სამყარო, ყველაფერი გამოვცადო და შვილს მერეც გავაჩენო. აბორტი მოინდომა, მაგრამ მშობლებმა არ დაანებეს.

– თქვენ გინდოდათ შვილი?

– დაბნეული ვიყავი და ვერაფერი გადამეწყვიტა. დედამისმა მითხრა, არაფერში გავალდებულებ, არც პასუხისმგებლობას გაკისრებ, მხოლოდ გთხოვ, ლენას არ დაანებო აბორტი, შვილს ჩვენ გავუზრდითო. ლენას გარდა სხვა შვილი არ ჰყავდათ და მონატრებულები იყვნენ პატარას. დავიწყე ლენასთან პაწია შვილზე საუბარი. ამან თავადვე ჩამაგდო გულისხმაში და საყვარელ გოგოსთან ოჯახის შექმნა მოვინდომე. ჩემი განწყობა ლენასაც გადაედო.

5-6 თვის ფეხმძიმე იყო, რომ ვიქორწინეთ. ორ თვეში უდღეური ბავშვი დაბადა, დიდხანს ვერ იცოცხლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

– ეს ალბათ დიდი ტრავმა იქნებოდა ახალგაზრდა ოჯახისთვის.

– განვიცადე, მაგრამ ჩემთვის მთავარი ლენას ჯანმრთელობა იყო. რთული ორსულობა ჰქონდა. ტოქსიკოზი ემართებოდა არა მარტო საჭმელებზე, არამედ ადამიანებზეც. დედობა შინაგანად არ უნდოდა, ამას ყოველ ნაბიჯზე ავლენდა. მშობლების მიმართ ცოფიანივით იყო. თუ ჩავერეოდი, მეც მეჩხუბებოდა.

მათთან ვცხოვრობდით, ჩემმა მშობლებმა ლენას მიღება არ ინდომეს. ფიქრობდნენ, რომ ვერ შევეგუებოდი და გავეყრებოდი.

ბავშვის სიკვდილის შემდეგ ლენას აგრესია გაუძლიერდა. დაკარგულ დედობას ტიროდა, ყველას და ყველაფერს ადანაშაულებდა. მერე შევიტყვეთ მისი დაქალისგან, რომ ორსულობის საწყის ეტაპზე, ქორწინებამდე, ლენა თვითნებურად ცდილობდა მუცლის მოშლას, სხვადასხვა საშუალებას მიმართავდა. ალბათ ამანაც იქონია ნაყოფზე გავლენა… გულის სიღრმეში შეიძლება თავსაც იდანაშაულებდა, მაგრამ არ აღიარებდა. სულ აქეთ გვეჩხუბებოდა.

ჩემებზეც ბრაზობდა, მანერვიულესო. მერე ის დაქალი მოიკვეთა, ვინც ეს გაამჟღავნა, არც მშობლებს დაადგათ კარგი დღე. დედ-მამას დაუპირისპირდა. ფსიქიატრის დახმარება დასჭირდა. გაუსაძლის პირობებში ვიცხოვრე, სიყვარული მაძლევდა ძალას. ბუნებით ერთგული ვარ, მძიმე მდგომარეობაში ადამიანს ვერ მივატოვებდი, მით უფრო მეუღლეს.

– რატომ უნდა მიგეტოვებინათ, თქვენც გერჩოდათ ლენა?

– ჩემ მოშორებას ცდილობდა. ისტერიკულ მდგომარეობაში მყოფმა რამდენჯერ მითხრა, ვეღარ გიტანო. ჭკუაზე არ იყო, მძვინვარებდა, ხელებით იწევდა.

– როგორ, ფიზიკურადაც ძალადობდა?

– დამეძგერებოდა და მფხოჭნიდა. ტანზე მახევდა მაისურს, სამსახურში სახედაკაწრულს მიწევდა წასვლა. ჩემს ადგილას ბევრი კაცი თავს დაანებებდა. გაოცებით მიყურებდნენ თანამშრომლები, ეს კაცი გაწონასწორებული ჩანს და ასე სულ რაღაცას როგორ ეჯახებაო. სიმართლეს ხომ არ ვიტყოდი! ვფიქრობდი, რომ ეს განსაცდელი ცოლ-ქმარს ერთად უნდა გადაგვეტანა. ვეღარც ჩემებთან მივბრუნდებოდი. რთული იქნებოდა იმის აღიარება, რომ მცდარი ნაბიჯი გადავდგი და დავმარცხდი.

– როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?

– ბინა შევიძინე ბანკის სესხით და ცოლთან ერთად გადავედი. ახალი ცხოვრება დავიწყეთ. გარემოს შეცვლამ ლენაზე თავიდან სასიკეთოდ იმოქმედა. ორ ადგილას ვმუშაობდი, რომ ოჯახი მერჩინა და კრედიტიც გამესტუმრებინა. ჩემებიც შემირიგდნენ, ვეცოდებოდი, რომ ვწვალობდი, კრედიტის დაფარვაშიც ხელს მიმართავდნენ.

– ლენა არ მუშაობდა?

– ხელოვანია, მუდმივი სამსახური არ ჰქონდა. ბოჰემური, კლუბური ცხოვრება იზიდავდა. ეს ეხმარებოდა სტრესის დაძლევაში. მას შემდეგ, სამწუხაროდ, ვეღარ დაორსულდა. 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მეტი ვერ შევძელი.

– თუ ურთიერთობა დაბალანსდა და ცოლიც დაწყნარდა, რატომღა გაგიჭირდათ მასთან თანაცხოვრება?

– მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ლენა ნარკოდამოკიდებული გახდა. მოსაწევს ეტანებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, წამალსაც თუ იკეთებდა. დატვირთული რომ არ ვყოფილიყავი, იქნებ მეტი ყურადღება გამომეჩინა და თავის დროზე შემემჩნია. თუმცა შეიძლება მაინც გამომპარვოდა, ისე ფუთავდა და ნიღბავდა თავის მდგომარეობას. როცა მივხვდი, უკვე წამალზე იყო “შემჯდარი”.

– ეს შეიძლება გამოეპაროს ოჯახის სხვა წევრებს, მაგრამ მეუღლეს, თანაც მამაკაცს, ეს როგორ გამოგრჩათ? ნუთუ ვერ ამჩნევდით უცნაურ ქცევებს?

– თავიდან არ ემჩნევათ. რომ შეტოპავენ, მაშინ ხდება თვალსაჩინო. უცნაური ქცევა მოსაწევითაც შეიძლებოდა ამეხსნა. ალკოჰოლზეც არ ამბობდა უარს. ამიტომ გამომეპარა. მე თვითონ არც ალკოჰოლთან ვმეგობრობ, არც თამბაქოსთან. არც იმ წრეებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც ნარკოტიკებით ცხოვრობენ. ჩემთვის რთული იქნებოდა ამის დადგენა.

– გამოდის, რომ ცოლ-ქმარს სხვადასხვა წრე გყავდათ.

– დიახ, ასეა. ჩემი მისწრაფებები განსხვავდებოდა ლენას ინტერესებისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ერთმანეთისთვის უინტერესოები ვიყავით. მას ჰქონდა ის, რაც მე მაკლდა და მეც მქონდა ის, რაც მას ცხოვრებას უვსებდა. სხვაგვარად ურთიერთობა ვერ აეწყობოდა.

– თქვენთვის მისაღები იყო, რომ ცოლი ნარკოტიკული მოსაწევით იქცევდა თავს?

– ვცდილობდი, გამეგო მისთვის. არ მეგონა, თუ ასე საშიში გახდებოდა. ლენა უნებისყოფო არ ყოფილა, თუმცა ნარკოტიკზე დამოკიდებულება მასზე ძლიერი აღმოჩნდა, მოერია. წლების მანძილზე ვეხმარებოდი, რომ თავი დაენებებინა. ვინ მოსთვლის, რა თანხა დავახარჯე – თუ მის მკურნალობაში, თუ ნარკოტიკებში…

– ნარკოტიკებშიც?!

– როცა ადამიანი ნარკოტიკზე ხდება დამოკიდებული, ყველაფერს კადრულობს მის მოსაპოვებლად. შეუძლია დაუკითხავად აიღოს ოჯახიდან ფული და ამ მიზნით მოიხმაროს.

– გინდათ თქვათ, რომ ცოლი ფულს გპარავდათ?

– როცა სჭირდებოდა, კი. ჯიბიდანაც ამოუცლია. გზაში დაგეკარგაო, მეუბნებოდა. ვუჯერებდი, ვერ წარმოვიდგენდი, ამას თუ გამიკეთებდა. მერე მივხვდი, რომ მსგავსი რამ ამ დაავადებას ახასიათებს. ნარკომანს ურჩევნია, მოიტყუოს, ვიდრე სიმართლე თქვას. ასეთი ქმედებები შეუთავსებელი იყო ლენას ხასიათთან, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ესეც დასჩემდა – თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, თანაც ისე, თვალს არ დაახამხამებდა. ვინ იცის, იქნებ თვითონაც სჯეროდა თავისი სიცრუის.

– მკურნალობა არ სცადეთ?

– ყველა გზას მიხშობდა, რომ შევწეოდი. მკურნალობაზე მთანხმდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მინდოდა. მერე მამადლიდა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ვუთმენდი და ვუყვავებდი.

შედეგი რომ იყოს, თავადვე უნდა სურდეს მკურნალობა. არაფხიზელი თვალით ცხოვრებას ვეღარ უყურებდა, ერჩივნა “კაიფში” ყოფილიყო. ვეღარ მოვერიე.

– გაყრა თქვენი სურვილი იყო თუ მისიც?

– უკანასკნელად ვუმკურნალე და მერე ვუთხარი, რომ ერთად ვეღარ ვიცხოვრებდით. უარი არ უთქვამს, ალბათ დაიღალა ჩემგან. ბინა დავუტოვე და წამოვედი. მისგან არაფერი წამომიღია. სიდედრ-სიმამრი გამინაწყენდნენ, მარტო რომ დავტოვე. მათი მისახედი გახდა. რაც შემეძლო, გავუკეთე, ბოლო რესურსი დავახარჯე, ვერ შევეწირებოდი.

– ბინა შეინარჩუნა?

– ამ კითხვას შენიშვნად მივიღებ და სწორი შენიშვნაა. ვერ შეინარჩუნა, გაანიავა. ჩემები მსაყვედურობდნენ, ბინა რატომ ჩაუგდე ხელში, უნდა გაგეყოო. მერჩივნა, ლენას დარჩენოდა, არაფერი მინდოდა, რაც მის თავს მახსენებდა. ამით ვეცადე, ტვირთი მომეხსნა მხრებიდან.

– როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება გაყრის შემდეგ?

– ჩემს მშობლებთან დავბრუნდი, ცოლი შევირთე, შვილები გაგვიჩნდა. ადამიანად ვიგრძენი თავი. ნურავინ გამამტყუნებს! ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთე, ამოვწურე, იმის იქით გზა აღარ იყო – ან უნდა გადავრჩენილიყავი, ან დავიღუპებოდი. მე გადარჩენა ვარჩიე. მერე უკვე ავაწყე ცხოვრება, ბევრი სიხარული და სიკეთე შემოვიდა, წინ წავედი. ის 15 წელი შავ ლაქად დამრჩა.

– თითქოს თავს იმართლებთ, რომ თავი გადაირჩინეთ. თუ ადამიანი გამიზნულად მიდის სიკვდილისკენ და სხვის ჩაყოლიებასაც ცდილობს, რა გასაკვირია, რომ იმ სხვამ თავი გადაირჩინოს?

– თავის მართლება შინაგანი ბრძოლების გამო მიწევს. ადამიანის ღალატი, გზაზე მიტოვება არ მახასიათებს, თუმცა ასე მოხდა. თანაც ლენას მხრიდან წამოვიდა ლანძღვის ნიაღვარი ჩემი მისამართით. ვერ აიტანა, ცოლი რომ შევირთე. დამნაშავე და ნაძირალა გამომიყვანა. არ დამიფასა, წლების განმავლობაში რომ ზედ ვყვებოდი საკუთარი ნერვების ფასად. არც ის მიიჩნია რამედ, ბინა რომ დავუტოვე.

ყოველმხრივ დამაზარალა – მორალურად, ფიზიკურად, მაგრამ მაინც მე მთხოვდა პასუხს… მარტო მე კი არ მერჩოდა, ოჯახსაც მიწიოკებდა.

– ამჟამად რა მდგომარეობა გაქვთ, არ განიმუხტა დაძაბულობა?

– დროთა განმავლობაში ჩაცხრა, ალბათ მობეზრდა და დაიღალა აგრესიით ან შეიძლება მოძებნა თავისი გზა. კარგად მიცნობს და იცის, რომ გულქვა არ ვარ და, პირველ რიგში, საკუთარ თავს მოვთხოვ პასუხს. ამით ისარგებლა და მანიპულირებდა. კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე ყველაფერს გონივრულად აღიქვამს, თმენის უნარიც აქვს. იმედია, აღარაფერი აირევა და ნორმალურად ცხოვრების საშუალება მოგვეცემა.