ანი ბებია: “ილო ბეროშვილმა შემცვალა და სიყვარული მასწავლა”

ანი ბებია: "ილო ბეროშვილმა შემცვალა და სიყვარული მასწავლა"ავთო ჩიტიძე, სარკე

მსახიობ ანი ბებიას ცხოვრებაში ახალი გამოწვევაა. მან დიდი ხნის ოცნება აისრულა და ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. მალე ახალშექმნილ ტელეკომპანია “მთავარზე” ტელეწამყვანის ამპლუაში გამოჩნდება. მას შემდეგ, რაც მისმა საყვარელმა მამაკაცმა, ილო ბეროშვილმა, “რუსთავი 2” დატოვა და “მთავარ არხზე” გადავიდა, ანიმაც ამ არხზე გადაინაცვლა.

ანისა და ილოს ურთიერთობაში ახლა ყველაზე მშვიდი და ჰარმონიული პერიოდია. ბევრი სირთულის შემდეგ მათი გრძნობები უფრო გამყარდა. როგორც ანიმ გვითხრა, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს უკან ბედნიერი 10 წელი ჩამოიტოვეს, არადა მათი ურთიერთობა სულ ორიოდ წელს ითვლის.

ანი საყვარელ მამაკაცს სოციალურ ქსელში სიყვარულს ხშირად უხსნის. თუმცა ჯერ კიდევ არ მიუღიათ მთავარი გადაწყვეტილება, რასაც ჯვრისწერა ჰქვია.

– ანი, მართალია, რომ ეკრანზე, ტელეწამყვანის ამპლუაში გიხილავთ?

– ჩემს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო ეტაპია. ამ საქმის გაკეთება ყოველთვის მინდოდა და აქამდე ამის საშუალება არ მომეცა. ახლა დადგა ის დრო, როდესაც ახალი ამპლუა უნდა მოვირგო და საკუთარი ძალები ტელევიზიაში ვცადო. ჯერ კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ, რომელ პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ “მთავარ არხზე” მალე გამოვჩნდები.

– რა გიზიდავთ ამ სფეროში?

– ტელევიზია საერთოდ სულ სხვა რაღაც არის. ყოველთვის მომწონდა მის კულისებში ყოფნა. ტელეწამყვანობას ვერც მსახიობის პროფესიას შევადარებ. ტელევიზიის აქტიური ცხოვრების წესი ძალიან მომწონს, თითქოს ამ სფეროში დროც კი სწრაფად გადის. იმედია, ეკრანზე მუშაობა გამომივა.

– გული ხომ არ გწყდებათ, “ჩემი ცოლის დაქალებში” თქვენს პერსონაჟს ხანმოკლე პერიოდი რომ ჰქონდა?

– მოგატყუებთ, რომ გითხრათ, გული არ მწყდება-მეთქი. ამ სცენარზე მუშაობა ბევრი მიზეზის გამო მომწონდა. ერთ-ერთი მთავარი კი ის იყო, რომ ილოსთან ერთად მიწევდა მუშაობა. ჩემი პერსონაჟი მნიშვნელოვანი ხასიათით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამ სერიალის ნაწილი გავხდი.

– ილოსთან მუშაობისას საყვარელ მამაკაცში რამე ახალი აღმოაჩინეთ?

– იმდენად სასიამოვნო იყო, ერთ პროექტში რომ ვიყავით ჩართულები, ახალ აღმოჩენებზე არც მიფიქრია. მთავარი იყო, რომ სერიალშიც ერთად ვიყავით და სერიალის გარეთაც.

– თეატრის სეზონი დაიწყო და ამ კუთხით რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემს საყვარელ თეატრში, “რუსთაველის 19”-ში, ორ სპექტაკლზე ვმუშაობ და პრემიერები გველოდება წინ. ერთ კინოპროექტშიც ვარ, რომელზე მუშაობაც მომავალ წელს განახლდება. ფილმში ვთამაშობ 18 წლის გოგონას, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობს. ალბათ უკვე ხვდებით, ამ გმირს რამდენი პრობლემა ექნება. თანაც ათხოვებენ ისეთ ადამიანზე, რომელსაც არც კი იცნობს. მოკლედ, სერიოზული დრამაა. ისეთი მაგარი სცენარია და ისეთი საინტერესო როლია, ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები მუშაობას.

– სატელევიზიო ბაზარზე განვითარებული მოვლენები შეეხო ილო ბეროშვილსაც, რომელმაც “რუსთავი 2” დატოვა და ახალ არხზე დაიწყო მუშაობა. ამან როგორ იმოქმედა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე, ინერვიულეთ?

– ძალიან სერიოზული რამეა, როდესაც ერთი არხიდან მეორეზე გადადიხარ და თანაც ისეთი მიზეზების გამო, რაც აგვისტოში “რუსთავი 2”-ში განვითარდა. იმდენად ვნერვიულობდი, რომ ილო აქეთ მაწყნარებდა. გულდასაწყვეტი იყო ის ყველაფერი, როგორც “რუსთავი 2”-ს მოექცნენ. ეუბნებოდნენ, არავის გაგიშვებთო და შემდეგ ისეთი მიზეზების გამო გაუშვეს პროფესიონალთა გუნდი, რომ გაოცებული დავრჩი.

მე მგონია, ილომ ძალიან კარგი არჩევანი გააკეთა, “მთავარ არხზე” რომ გადავიდა. არანაირი უფლება არ მაქვს, რომ ვინმეზე ვთქვა, ცუდად მოიქცა თუ არა, დარჩა თუ გადავიდა რომელიმე ტელეკომპანიაში, მხოლოდ ვამბობ, რომ ილომ ღირსეული არჩევანი გააკეთა.

– სოციალურ ქსელში ხშირად საჯაროდ გამოხატავთ ილოს მიმართ სიყვარულს. ამბობთ, რომ გვერდით საუკეთესო მამაკაცი გყავთ. რა თვისებებით იმსახურებს თქვენგან ასეთ შეფასებას?

– მე და ილომ ერთად იმდენი რამ გავიარეთ, რომ ასე მგონია, 10 წელი ვართ ერთად. ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, თვითონ ილოს როცა მოუნდება და ამის დრო დადგება, თავად ისაუბრებს საჯაროდ. მე სრულიად გაცნობიერებულად ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის გმირი!

რა თქმა უნდა, შეცდომები ყველას მოსდის და მერე ჩვენ ამ შეცდომებს ერთმანეთს ვაპატიებთ თუ არ ვაპატიებთ, ეს უკვე ცალკე თემაა. ურთიერთობაში ცუდი პერიოდიც გვქონია, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ. დღეს ჩვენს ურთიერთობაში ძალიან კარგი ეტაპია.

– რას გულისხმობდით, რომელი მხრიდან იქნა შეცდომები დაშვებული?

– მე ვთვლი, რომ ურთიერთობაში ერთი მხრიდან არასოდეს უშვებენ შეცდომას. ერთი როცა უშვებს შეცდომებს, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია მეორის მხრიდანაც. არ მინდა, პრობლემებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ჩვენ ყველა ეტაპზე შევძელით, ყველაფერი გადაგველახა და ბედნიერები ვყოფილიყავით.

– როგორ შეცვალეთ ილოს ცხოვრება და როგორ შეცვალა მან – თქვენი?

– უხერხული იქნება იმაზე საუბარი, მე როგორ შევცვალე ილოს ცხოვრება, მაგრამ მე ილომ ბევრ რამეში შემცვალა, თუნდაც იმაში, რომ ადრე ფიცხი და პრინციპული ვიყავი. პრინციპული ახლაც ვარ, მაგრამ ილომ მასწავლა, რომ სანამ გავცხარდები, უფრო მეტად დავფიქრდე. ილომ სიყვარული მასწავლა.

– ზაფხულის დასაწყისში ილომ “სარკესთან” აღნიშნა, რომ შერჩეული აქვს კონკრეტული ადგილი, სადაც თქვენი ჯვრისწერა გაიმართება. რატომ იგვიანებს ეს ამბავი?

– თუ ოდესმე ქორწილი გვექნება ან თუ ქორწილი არ გვექნება, ჯვარს მაინც დავიწერთ. ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს მთაში და კონკრეტულად ღოლოიანში ან არსებობს მეორე ვერსიაც – საზღვარგარეთ რომელიმე ლამაზ ეკლესიაში. ქორწილი არც მე მიყვარს და არც ილოს. არ გვიყვარს, როდესაც ეს დღე უაზრო ღრეობაში გადაიზრდება ხოლმე, ამიტომაც ვერასოდეს წარმომიდგენია ჩვენი ქორწილი ასეთ გარემოში.

რაც შეეხება ჩვენი ქორწილის თუ ჯვრისწერის გადადებას, სიმართლე გითხრათ, ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ალბათ უბრალოდ ვერ მოვიცალეთ ამისთვის. ჯვარი რომ არ გვაქვს დაწერილი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობაში სიმყარე არ გვაქვს და ჩვენს გრძნობებში ბოლომდე არ ვართ დარწმუნებული. ამის გარეშეც კარგად ვგრძნობთ თავს, თუმცა ღვთისგან დალოცვა უფრო კარგია ყველაფრისთვის. ერთ მშვენიერ დღეს მართლაც უნდა მოვიცალოთ. დღეიდან ინტენსიურად ვიფიქრებ ამ საკითხზე.

– როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ამ ლამაზ დღეს?

– მინდა, ვიყო ძალიან სადად და, რა თქმა უნდა, თეთრ ფერებში. არანაირი საქორწილო კაბა, უბრალოდ თეთრი ქსოვილის კაბა მინდა. ღოლოიანში არის ისეთი სივრცე, სადაც შესაძლებელია, მეგობრებთან ერთად კარვებით დარჩე, მაგრამ გზის პრობლემაა.

– საიდან გაჩნდა საზღვარგარეთ ქორწილის იდეა?

– წელს ვიყავით პარიზში. იქაური ეკლესიები რომ მოვიარეთ, რაღაცნაირად მოგვეწონა და გაგვიჩნდა იდეა, რომ იქაც არ იქნებოდა ურიგო.

– პარიზში მოგზაურობისას დარწმუნდით, რომ ის მართლაც სიყვარულის ქალაქია?

– პარიზი ჩემთვის არამარტო სიყვარულის ქალაქია, არამედ ყველაფერია, ჭკუა მეკეტება! ჩემი მეორე სახლია. ჩემს სიზმრებში რაღაც მოვლენები როცა ხდება, ისიც კი პარიზში ხდება.

– ილო როგორია მოგზაურობისას, რა ახალი აღმოჩენები გააკეთეთ ამ დროს?

– ილო სახლში არის ძალიან დაბდურა, ამიტომ მეგონა, რომ ერთად მოგზაურობისას ძალიან ბევრი რამ საკუთარ თავზე უნდა ამეღო, მაგრამ გამაოცა, იმდენად მობილიზებული იყო მოგზაურობისას, ყველაფერს ის აკეთებდა, სამოგზაურო მარშრუტებს ადგენდა.

– სად აპირებთ კიდევ წასვლას, რა გაქვთ მონიშნული სამოგზაურო რუკაზე?

– მონიშნული ბევრი ადგილი გვაქვს, გააჩნია ფინანსებს, თუმცა ალბათ ყველაზე მეტად მაინც ამერიკა გვინდა.

– რა არის თქვენი ერთობლივი ოცნება?

– სულ იმაზე გვაქვს საუბარი, რომ გავაკეთო ისეთი პროექტი, რაც ხალხისთვის მართლაც სასიკეთო იქნება, მაგალითად, გვინდა, რაღაც გავაკეთოთ ბავშვებისთვის. ზოგადად გვსურს, რაღაც პროექტები ვაკეთოთ ერთად, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, რადგან ორივეს ცალ-ცალკე გიჟური სამუშაო რეჟიმი გვაქვს, თუმცა მოვა ის დრო, როცა რაიმე მნიშვნელოვანს გავაკეთებთ.