გიგი გეგელაშვილს სიმღერების ტექსტებს ცოლი უწერს – ,,ქეთი სულ გვერდით მიდგას, ჩემს კონცერტზე გამნათებელიც კი იყო”

გიგი გეგელაშვილს სიმღერების ტექსტებს ცოლი უწერს - ,,ქეთი სულ გვერდით მიდგას, ჩემს კონცერტზე გამნათებელიც  კი იყო"ნანა კობახიძე, სარკე

ახალგაზრდა მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი გიგი გეგელაშვილი, მისი ბავშვობიდან ახსოვს მაყურებელს, როცა დედასთან, ცნობილ მომღერალ ინგა ბერაძესთან ერთად საოცარი ემოციურობით, ბავშვური გულწრფელობით ასრულებდა დუეტებს და ასევე სოლო სიმღერებს.

გიგი პროფესიით მსახიობია, თუმცა ცხოვრების გზად მუსიკა აირჩია. 15 წელია, მის მიერვე ჩამოყალიბებულ სიმფონიურ როკ-ჯგუფს “სინათლის წელიწადს” ხელმძღვანელობს და ავანგარდული, ინტელექტუალური შემოქმედებით თავის სიტყვას ამბობს თანამედროვე მუსიკაში. ამჟამად ახალ, საინტერესო პროექტს ამზადებს – ორდისკიან ალბომს წერს და სპექტაკლიზებულ კონცერტს გეგმავს. ყოველდღიურად კი სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უკრავს ქავერ ბენდში ,,გობლინები”.

ახალგაზრდა მუსიკოსს გვერდში უკვე 10 წელია უდგას საყვარელი ქალი – მეუღლე, იურისტი ქეთი ტყეშელაშვილი და ბედნიერი წყვილი ბიჭუნას, დათუჩას, ზრდის… მათი ქორწინების მრგვალი თარიღი 1 ნოემბერს შესრულდა.

– გიგი, ორი წარმატებული, სხვადასხვა საქმიანობაში ჩაფლული ადამიანი როგორ აბალანსებთ ურთიერთობას ოჯახში?

გიგი: ქეთი ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარია. რომ გავიცანი, ბევრი რამის მიმართ აღმოგვაჩნდა საერთო სიყვარული, მათ შორის უმნიშვნელოვანესია მუსიკა. სულ ვამბობდი, რომ ვერ მოვიყვანდი ცოლს, რომელიც ვერ გაიგებდა ჩემს შემოქმედებას. ქეთი მაქსიმალურად მიდგას გვერდით. ის ჩემი ბევრი სიმღერის ტექსტის ავტორიცაა. ჩართულია ჩემს კონცერტებში, ათას საქმეში მონაწილეობს, ერთ კონცერტზე გამნათებელიც კი იყო, ვიზუალურ მხარეზე მუშაობდა.

ქეთის გაცილებით მეტად ესმის ჩემი დარგი, ვიდრე მე – მისი. შეძლებისდაგვარად მაინც ვცდილობ, გვერდით დავუდგე, დავეხმარო, მისი საქმიანობა შევისწავლო. ჩვენი ურთიერთობა ამ მხრივაც დაბალანსებულია.

– თქვენი ქორწინებიდან 10 წელი შესრულდა. როგორ გახსენდებათ ურთიერთობის პირველი ეტაპი და რა შეგძინათ ამ 10-მა წელიწადმა?

გიგი: ერთმანეთი გავიცანით მეგობრის გამოფენაზე. 10 წუთიანი საუბრის შემდეგ უჩვეულო სიახლოვე ვიგრძენით, ბევრი რამის მიმართ საერთო სიყვარული და დამოკიდებულება აღმოგვაჩნდა, მაგალითად, ანსამბლი “ბიტლზი”, კინოფილმი “მონანიება”, მწერალი გურამ ფანჯიკიძე… ამ თემებზე ვისაუბრეთ და ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქოს მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვიცნობდით. 9 თვის განმავლობაში ვიყავით შეყვარებულები. შემდეგ ვიქორწინეთ.

10 წელი გავიდა და მაინც შეყვარებულებად ვგრძნობთ თავს, თითქოს ასაკი არ გვემატება. საოცარი რამ ხდება: ხომ უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და მაინც, ჩვენი სიყვარული დღითიდღე იზრდება. ჩვენში ნაპერწკალი არასდროს ქრება.

ქეთი: გიგისთან ურთიერთობა ყოველდღიურად მაძლევს გამოცდილებას, რომელიც მასწავლის სხვებთან, ირგვლივმყოფებთან ურთიერთობასაც, თუნდაც, როგორი უნდა ვიყო სამსახურში. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში გიგისთან ურთიერთობით უფრო მეტს ვისწავლი და მივიღებ.

პირველ რიგში, მეგობრები ვართ, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით, რა გადაგვხდა დღის განმავლობაში. ვეკითხებით რჩევებს ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით.

– და მაინც, იქნებოდა წინააღმდეგობრივი მომენტებიც, ცხოვრება ხომ უამისოდ არ არსებობს.

გიგი: არ მახსენდება შემთხვევა, სერიოზულად გვეკამათოს, მით უფრო, ცხოვრებისეულ საკითხებზე. ზოგჯერ გვიკამათია რაღაც წვრილმანზე, მაგალითად, შემოქმედებით საკითხებზე, მაგრამ მთლიანობაში ამ კამათიდან საუკეთესო დასკვნა გამოგვაქვს.

– არც ეჭვიანობის მომენტი გქონიათ?

გიგი: ყოფილა შემთხვევა, ჩემი გამოსვლის შემდეგ ქეთისთვის უთქვამთ, აი, გიგის ამდენი გულშემატკივარი გოგო რომ ჰყავს, ამაზე რას იტყვიო. ქეთი მოტრიალებულა და იუმორით გაუცია პასუხი – როგორ უნდა ვიეჭვიანო, როცა ჩვენს ოჯახში ფული ამათ შემოაქვთო.

ქეთი ძალიან კარგად მიცნობს და იცის ჩემი ამბები. ეჭვიანობის საბაბს არასდროს ვაძლევ და არც მე ვარ ეჭვიანი. კონცერტით აღფრთოვანებულ რომელიმე გოგოს თუ მოუმართავს ან “ფეისბუქზე” მოუწერია, არ ყოფილა მომენტი, ქეთის ეკითხა ჩემთვის – ვინ არის ან რა უნდოდაო.

ურთიერთობა ნდობას უნდა ემყარებოდეს. უნდობლობა და ეჭვიანობა ქმნის დაძაბულობას, ეს კი ურთიერთობას ანგრევს. ქეთიმ ძალიან კარგად იცის ჩემი ფასი და მეც ძალიან კარგად ვიცი ქეთის ფასი.

– მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ერთმანეთს როგორ ანებივრებთ, რითი აოცებთ?

გიგი: ქეთი სიურპრიზების დიდოსტატია, ჩემგან განსხვავებით. მისთვის საჩუქრების კეთება მეც მიყვარს, მაგრამ დამალვა მიჭირს, ქეთი ჩემს ჩანაფიქრს ხვდება.

ქეთი: გიგისგან გაოცებას არც ველი, პირიქით, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს. იდეალური ურთიერთობა გვაქვს, მსგავსი რამ იშვიათია.

– გაიხსენეთ ეპიზოდი თქვენი ურთიერთობიდან, რომელიც არასოდეს გავიწყდებათ.

გიგი: სამი ეპიზოდი მახსოვს მთელი სიცხადით – ჩვენი პირველი შეხვედრის დღეები, ქორწილის დღე და ჩვენი შვილის, დათუჩას, გაჩენის დღე. მშობიარობას ვერ დავესწარი, ატუზული ვიყავი კართან და ქეთის გამო საშინლად ვნერვიულობდი. დაუვიწყარია მომენტი, როცა მითხრეს, მამა გახდიო.

ქეთი: ასევე გამორჩეული გვაქვს ქორწინების წლისთავი, რომელსაც ტრადიციულად აღვნიშნავთ – 1-2 დღით მე და გიგი მივემგზავრებით საქართველოს რომელიმე კუთხეში. შემოვიარეთ კახეთი, იმერეთი, აჭარა – თითქმის მთელი საქართველო. იქ განვმარტოვდებით და წინა წლების ბედნიერ დღეებს ვიხსენებთ.

– ცოლ-ქმარს საოჯახო ფუნქციები როგორ გაქვთ განაწილებული?

ქეთი: წინა დღეს ვთანხმდებით, ვინ რა უნდა გააკეთოს, ერთმანეთს ხელს ვუწყობთ. ნოტარიუსად ვმუშაობ და არ მრჩება დრო, სრულყოფილი დიასახლისი ვიყო. ამ მხრივ ძალიან გვეხმარება ჩემი ბებია, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. მე და გიგი ვართ ორიენტირებული ჩვენს სამსახურებზე და ბავშვის განათლებაზე. საოჯახო საქმეებზე კი ბებია ზრუნავს.

– შვილთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ თუ მენტორული, დამრიგებლური?

გიგი: დათუჩა სულ გვეუბნება, დედიკო, მამიკო, რაღაც ძმაკაცებივით ვართო. ეს თვითონვე ძალიან უხარია. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მე და ქეთი მაქსიმალურად ვცდილობთ, შვილი გვყავდეს ჩვენს სითბოსა და გარემოცვაში, მის აღზრდაში მივიღოთ მონაწილეობა. ზოგჯერ სიმკაცრესაც ვიჩენთ. თუ კარგად მოიქცევა, ვასაჩუქრებთ – სადმე მიგვყავს ან კომპიუტერს ვთამაშობთ ერთად.

ზოგჯერ ქეთიც ჩვენთან ერთად თამაშობს. ქეთის ფეხბურთი არ უყვარს, მაგრამ ეზოს სტადიონზე ჩვენთან თამაში მაინც უწევს. ხან ქეთის ვაყენებთ მეკარედ, ხან დათუჩას. დათუჩა კარგი ბავშვია, ყველაფერს გვიჯერებს, იცის, რომ დედას და მამას მისთვის მხოლოდ საუკეთესო გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ წელს ძალიან დატვირთულია, ერთხელაც არ დაუწუწუნია. მრავალმხრივ ნიჭიერია და გვინდა, ბევრ სფეროში სცადოს ბედი. უკვე 9 წლის გახდა.

– როგორც ვიცი, მუსიკალურმა ნიჭმა დათუჩაშიც იჩინა თავი.

გიგი: ძალიან უყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა. არც ფორტეპიანოს გაკვეთილები ეზარება, ჩემგან განსხვავებით. თვითონაა მონდომებული, დაინტერესებული. მღერაც მოსწონს.

– გიგი, ვიცი, რომ ქეთი არის თქვენი შემოქმედების მუზა. ცოლ-ქმარს ერთად თუ გიმღერიათ?

გიგი: ჩვენი ქორწინების მე-7 წლისთავზე ქეთის დავუწერე სიმღერა ჩვენი დუეტისთვის. თავიდან ერიდებოდა, ემღერა, თავს იკავებდა, შემდეგ შევასრულეთ ერთად და ჩავწერეთ, “იუთუბზე” დევს. უნდა აღვნიშნო, რომ ლამაზი, თბილი ტემბრი აქვს და ძალიან უხდება. მომწონს ქალის დაბალი, დამჯდარი ტემბრი, როგორიც ქეთის აქვს.

– ქეთი, ხელოვანი ადამიანის ცოლობას თავისებური სირთულეც ახლავს?

ქეთი: ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. გიგი არ არის ჩვეულებრივი, ტიპური ქმარი და მამაკაცი. ის ჩემთვის უნიკალური პიროვნებაა, ვერავის შევადარებ. მისი უნიკალურობა განაპირობებს ჩვენს კარგ ურთიერთობას – ყველაფერში ხელს მიწყობს, გვერდით მიდგას, არ მიქმნის არანაირ პრობლემას, არ ახასიათებს აგრესია, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია.

– რა ტრადიცია გამოგყვათ მშობლების ოჯახიდან?

ქეთი: სახელების დარქმევის ტრადიცია: გიგის ჰქვია ბაბუის სახელი – გიორგი, ჩვენს შვილს კი გიგის მამის სახელი დავარქვით. გიგის მშობლებს, ინგას და დათოს, ძალიან უყვართ ერთმანეთი, ასევე – ჩემს დედ-მამასაც. ასე რომ, ორივე მხრიდან გადმოცემული ეს დიდი სიყვარული ჩემსა და გიგის ურთიერთობაშიც განვითარდა.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი