რომან გოცირიძე: ,,მძიმე როკი და ბალეტი მიყვარს”

რომან გოცირიძე: ,,მძიმე როკი და ბალეტი მიყვარს"დეპუტატი რომან გოცირიძე „პრაიმტაიმთან“ მუსიკალურ გემოვნებასა და ფეხბურთის სიყვარულზე საუბრობს:

– სკოლიდან მოყოლებული, მძიმე როკის მსმენელი ვიყავი. გრძელი თმა მქონდა. ახლა რომ მაისურები გაცვიათ, მაშინ სად გვქონდა ასეთი? თეთრ მაისურზე ჯონ ლორდისა და იან გილანის პორტრეტებს ამოვხატავდით, ტრაფარეტს ვაკეთებდით ქაღალდზე, მერე ამას დავადებდით და ასე ვღებავდით. მთელი სკოლა გაგიჟებული იყო, ეგონათ, უცხოეთიდან ჩამოჰქონდათ და სად იშოვეთო, გვეკითხებოდნენ…

დღემდე „მძიმე როკისტი“ ვარ და ვფიქრობ, ის 70–იანი წლები მუსიკის ოქროს ხანა იყო, რომელიც არაფერს შეედრება. ძალიან მაგარი დრო იყო და მაგ ეპოქაში ჩავრჩი…

–  ცეკვაზე რას იტყვით?

– სკოლაში ვცეკვავდი. ბალეტი მომწონს, თბილისში არც ერთი სპექტაკლი არ გამიცდენია, თავის დროზე, ოპერა – ისე, რა…  სკოლაში ძალიან კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს. „ტყავის პრიზის“ მფლობელი ვარ.

ერთხელ ნიკა გვარამიამ მკითხა ერთ–ერთ ლაივ ჩართვაში, ოღონდ რატომ, არ ვიცი… შენ ვის უფრო აღიარებო, ჯონ ლენონს თუ პოლ მაკკარტნისო. ინსტინქტურად წამომცდა, ჯონ ლენონს-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. „ბიტლზი“ – ეს არის პოლ მაკკარტნი და ჯონ ლენონი – ეს არის ლეგენდა, რომლის გალეგენდებას კიდევ უფრო ხელი შეუწყო მისმა უცნაურმა ცხოვრებამ, იოკო ონოს პროვოკაციულმა პერფორმანსებმა და მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა. თორემ ობიექტურად „ბიტლზის“ ბურჯი პოლ მაკკარტნი იყო.

ავტორი თამთა დადეშელი, პრაიმტაიმი