ნოდარ ხადური დედის წლისთავზე გარდაიცვალა – ”ზუსტად იმ დღეს დედამისის საფლავზე უნდა წავსულიყავით…”

ნოდარ ხადური დედის წლისთავზე გარდაიცვალა - ”ზუსტად იმ დღეს დედამისის საფლავზე უნდა წავსულიყავით...”რუსუდან ადვაძე, სარკე

10 სექტემბრის დილას საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი 49 წლის იყო. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბი გახდა.

ის ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი 2012-2016 წლებში იკავებდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში სახელისუფლებო სტრუქტურებში სხვადასხვა პოსტებზე მუშაობდა, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, იყო პროფესორი და მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი; არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანში.

ახლობლები ამბობენ, რომ ნოდარ ხადურს ჯანმრთელობის პრობლემა არასოდეს ჰქონია. ერთადერთი, რაზეც წუხდა, მისი წონა იყო და პერიოდულად დიეტასაც იცავდა.

10 სექტემბრის დილას გორის რაიონში აპირებდა გამგზავრებას, სადაც დედის საფლავზე უნდა მისულიყო და მისი წლისთავი აღენიშნა. მოულოდნელად კი ცუდად შეიქნა და ისე უცებ გარდაიცვალა, რომ ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ვერ მოასწრეს… 1 წლის წინ, ზუტსად 10 სექტემბერს, ნოდარ ხადურის 71 წლის დედა ასეთივე მდგომარეობაში გარდაიცვალა…

“დავდივარ უცხოეთში შეხვედრებზე და თვალწინ მიდგას ნოდარ ხადური. ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ მეუღლის, ბავშვების, ოჯახის მწუხარებას. იმასაც ვიტყვი, რომ, რაკი დიდხანს შემოვრჩი მთავრობაში, ყველაფერი მახსოვს. და მახსოვს, როგორ ფარულად და მტკივნეულად განიცდიდა რამდენიმე დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას. ღიად არ ამბობდა, მაგრამ ხუმრობაში ჩანდა, რომ განიცდიდა. ნეტავი, შენ, რეებს აქცევ ყურადღებას-მეთქი, მითქვამს კიდეც, ასევე ხუმრობით. ის მიხარია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვნახე ერთ-ერთ სხდომაზე და კეთილი სიტყვების თქმა მოვასწარი, როგორსაც მრავლად იმსახურებდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნოდარ ხადურის გარდაცვალებას.

“მე ნოდარ ხადურს არ ვიცნობდი. ერთადერთხელ ვნახე სამხატვრო აკადემიაში პრეზენტაციაზე… მის შესახებ “საზოგადოებრივი აზრის” ტყვეობაში მეც ვიყავი და, რა თქმა უნდა, მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენისა გახლდით… დღეს აღმოჩნდა, რომ 3 ოთახიან ბინაში უცხოვრია, არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე… ჰოდა, სხვების ნაცვლად მე შემრცხვა…

როგორი დაუნდობელია ქართული საზოგადოება, შეუწყნარებელი. ამაღამ ამ თემაზე უამრავი მოღლიცინე, ბულინგის თანაავტორი თუ ცილისმწამებელი ლოგინში ჩაწვება და დაიძინებს, არ შეაწუხებს სინდისი, 49 წლის კაცს მიწაში ამდენი ბოროტება, ტყუილი, ჭორი და ზიზღი რომ გაატანა! დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს, რომ მეფეს უამრავი “მაბრალობელი” ჰყოლია, ჰოდა “მაბრალობლების” ერად ვიქეცით, ისეთი “მაბრალობლებისა”, რომელთაც, მგონია, ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან”, – დაწერა ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ, სოციალურ ქსელში.

“მამას ბოლო სიტყვები თანამშრომლებისადმი იყო: “ყველაფერი წინ არის!”. ალბათ იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა. ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამ წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა, რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი…

დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა “ოჯახის მეცნიერებას”. უხაროდა, ამ გადაწყვეტილებამდე რომ მივედი. ოჯახზე გამახსენდა, მას “არჩეული ოჯახიც” ჰყავდა – უნივერსიტეტი, სტუდენტები და თავისი სფერო – მაკროეკონომიკა. შეეძლო საათობით ყოფილიყო მაღლივის შენობაში…

ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო, განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი და ამისთვის არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალობის განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი.

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი”, – ასე გამოემშვიდობა მამას ქალიშვილი, მარიამ ხადური.

ნოდარ ხადურს ორი შვილი დარჩა – 15 წლის მარიამი და 12 წლის ნიკოლოზი. 2012 წელს, მაშინ, როცა ხადური მინისტრი გახდა, გლდანში, 4 ოთახიან ბინაში ცხოვრობდა. იგი ამავე სახლიდან გაასვენეს…

“სარკის” არქივში ინახება მისი ინტერვიუ, რომელიც მაშინ მოგვცა, როცა მინისტრად ახალდანიშნული იყო. აი, რას გვიყვებოდა 42 წლის ნოდარ ხადური:

– წარმოშობით ქართლიდან ვარ. გორის რაიონში არის ერთი ლამაზი, კარგი სოფელი ქვეში. ამჟამად იქ ბებია მყავს, სახლი მაქვს და პატარა მიწის ნაკვეთი. ცხინვალის რაიონში იყო სოფელი ხადურიანთკარი, სადაც მხოლოდ ხადურები ცხოვრობდნენ, მაგრამ არც ის ადგილია ჩვენი გვარის ძირი. ხადუს ხეობა არსებობს მთიულეთში, გუდამაყარში და ისინი გადმოსახლებულან ხადურიანთკარში. ძალიან პატარა გვარია. სულ 700 ადამიანი თუ იქნება, მაგრამ ბევრი წარმატებული პიროვნება ყოფილა ამ გვარიდან ხელოვნების სფეროში, მეცნიერებაში.

მე თბილისელი ვარ, ნახალოვკელი. მე-14 სკოლა დავამთავრე. სკოლა რომ დავამთავრე, ჩარხმშენებელ ქარხანაში ზეინკალ-მეინსტრუმენტე ვიყავი…  ჯარში წავედი და 2 წელი მონღოლეთში გავატარე…

ვიფიქრეთ, რომ ეკონომისტს დასაქმება არ გაუჭირდებოდა. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში. დავიცავი ხარისხი. მგონია, რომ ყველაზე დიდ თანამდებობაზე უკვე 6 წელია ვმუშაობ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. ჩემი ლექტორი და მასწავლებელი იყო ლადო პაპავა, რომელმაც დამთავრებისთანავე შემომთავაზა ეკონომიკის სამინისტროში მუშაობა.

ეს იყო 1996 წელს. მაშინ მინისტრის ხელფასი 29 ლარი იყო. ერთი წელი ვიმუშავე ეკონომიკის სამინისტროში და მერე დავიწყე მუშაობა ფინანსთა სამინისტროში. ჯერ მინისტრის მრჩეველი ვიყავი, მერე – მინისტრის აპარატის უფროსი. მერე  ეკონომიკის სამინისტროში დავბრუნდი აპარატის უფროსად. მერე ახალი უფროსი მოვიდა და ორმხრივი შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ იქ მუშაობას აღარ გავაგრძელებდი. შემდეგ შემომთავაზეს მუშაობა პარლამენტის აპარატის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტში. 3 წელი ვიმუშავე. მერე კი მოულოდნელად დავინიშნე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ…

მაშინ ჩემი ხელფასი იყო 195 ლარი. არც ეს იყო ბევრი, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა ე.წ. სპეცსახსრები. ყოველთვიურად იყო პრემია დაახლოებით 1.800 ლარი. შევარდნაძის დროს ეს ბევრი ფული იყო. როცა ფინანსთა სამინისტროდან წამოვედი, გავყიდე ნახალოვკაში ჩემი სამოთახიანი ბინა, წავედი ბანკში, ავიღე სესხად 20 ათასი დოლარი, დავამატე და ოთხოთახიანი ბინა ვიყიდე გლდანში. ამ ბინაში დღეს 8 ადამიანი ვცხოვრობთ – ჩემი მშობლები, მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი ორი შვილი და კიდევ ჩემი ცოლისდა და მისი შვილი. მეგობრული და მრავალრიცხოვანი ოჯახი გვაქვს, ტკბილად ვცხოვრობთ.

ჩემს შვილებს სამინისტროში თუ ვხედავ კვირაობით, თორემ ისეთ დროს მივდივარ და მოვდივარ სახლიდან, რომ მათ სძინავთ. ხანდახან კი ვაღვიძებ ხოლმე. უფროსს ინგლისურში წავამეცადინებ, პატარა რაღაცას მომიყვება და სულ ეს არის ჩვენი კომუნიკაცია. მელოდება ხოლმე, მამა მოვა და ინგლისურს მასწავლისო. ისინი მამას ტელევიზორში ხედავენ. მე კი მათ ვერ ვხედავ. დღესაც კვირაა და ტელევიზიაში ერთი გადაცემის ჩაწერაზე ვიყავით მთელი ოჯახი. მერე, თქვენი ვიზიტი რომ არა, მინდოდა, ცოლ-შვილთან ერთად ან “მაკდონალდსში” წავსულიყავი ან ზოოპარკში და მათთან ერთად გამეტარებინა კვირადღე. დიდი ამბით ველოდებოდი 1 ოქტომბერს. ვფიქრობდი, მოვიგებთ არჩევნებს და დავისვენებთ-მეთქი. ვინ დაგასვენა?!

ჩემთვის 2003 წლის 2 ნოემბერი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვებისთვის. იმ დღეს ცოლი მოვიყვანე. დაახლოებით ერთი კვირით ადრე მეგობრები შევიკრიბეთ და ერთ-ერთს ვუთხარი, ამდენი ხნის მეგობრები ვართ და შენს ცოლს არ ვიცნობ-მეთქი. არც მე ვიცნობ შენსასო. ვუპასუხე, არ მყავს ცოლი-მეთქი. 33 წლის ვიყავი მაშინ. შევთანხმდით, რომ ის ცოლს წამოიყვანდა და მე – საცოლეს. შევიკრიბეთ 1 ნოემბერს, ვივახშმეთ.

გვიან საღამოს ვუთხარი ნინოს, რაღას დავდივართ ასე, მოდი, დავქორწინდეთ-მეთქი. მოვკიდე ხელი და პირდაპირ სახლში წავიყვანე. უკვე 9 წელზე მეტია ერთად ვართ ძალიან ბედნიერები, კარგი შვილები გვყავს და გვიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ…

მიჩვეული ვარ, ჩემს გვარზე რომ ხუმრობენ. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა რუსულის მასწავლებელმა მკითხა, ხადური, რა გვარი ხარო. დისკომფორტს არ მიქმნის ხუმრობები. მეც ვიცინი, ვანო ჯავახიშვილი თავის შოუში რომ მახსენებს ხოლმე. ჩერჩილმა რომ თქვა, ხომ გახსოვთ? შენი გვარის ხსენება ყოველთვის კარგია, გარდა ნეკროლოგისაო.

ნოდარ ხადურთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ დედაქალაქის ყოფილ მერ დავით ნარმანიას და ასევე ყოფილ ფინანსთა მინისტრ მიხეილ ჭკუასელს. მეგობრებმა ის “სარკესთან” გაიხსენეს.

მიხეილ ჭკუასელი: 3 წლის ასაკიდან ვძმაკაცობდით. ერთ ეზოში ვიზრდებოდით ნახალოვკაში. ნოდარი 29 აგვისტოს არის დაბადებული, მე – 10 სექტემბერს. სულ ერთად ვიყავით. სკოლაში ერთად წავედით, მაგრამ სხვადასხვა კლასში მოვხვდით. ის ბებიაჩემის სადამრიგებლო კლასში მოხვდა. მე ვერ გადავიდოდი, ის არ გადმოვიდა, შურა მასწავლებელთან მირჩევნია და შენ ისედაც გნახავო. პიონერთა სასახლეშიც ერთად დავდიოდით ჯერ ისტორიის კაბინეტში, მერე – გეოგრაფია-გეოლოგიის.

ერთხელ გეოლოგიურ ექსპედიციაში ერთად წავედით. იქ წალკის რაიონის სოფელ რეხას სკოლის საკლასო ოთახის იატაკზე საძილე ტომრები გვერდიგვერდ იყო გაშლილი. დედის მონატრებას ერთმანეთს ჩუმად ვუზიარებდით, რომ ექსპედიციის დანარჩენ წევრებს უწვერული ყმაწვილკაცების თვალზე მომდგარი კურცხალი არ შეემჩნიათ.

იქ ავად გავხდი, სიცხე მომცა და ორი დღე ფეხზე ვერ ავდექი. არც ვიცი, როგორ და სად მოძებნა საწოლები. იქ გადამიყვანა და ისე მივლიდა… მოჰქონდა საჭმელი და თავისი ხელით მაჭმევდა. მთელი საქართველო ერთად გვაქვს მოვლილი.

აფხაზეთში, მთა-თუშეთში ვიყავით ექსპედიციებში… მაშინ ჯერ კიდევ სსრკ იყო. ნოდარს ყოველთვის ჰქონდა გამორჩეული იუმორის გრძნობა და მუდამ განსაკუთრებულად მეგობრული იყო. მისი ყველაზე გამორჩეული თვისება ბავშვობიდან ის გახლდათ, რომ იყო საოცრად ბეჯითი და შრომისმოყვარე. სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდა, არ მოეშვებოდა.

ზუსტად ერთი წლის წინ დედა გარდაეცვალა. გია კიკნაძეს დაურეკა, დღეს მიშიკოს დაბადების დღე აქვს და არ უთხრათო…

29 აგვისტოს დაბადების დღე მივულოცე. 10 სექტემბერს მისგან მოლოცვას ველოდებოდი. არ დაურეკავს, ჩემს დაბადების დღეზე წავიდა ჩემი ძმა…

– ბოლო დროს ავადმყოფობდა?

– არა, არაფერი აწუხებდა. ერთადერთი, ყველა რომ ეუბნებოდა, რამხელა ხარო, ცდილობდა, წონაში დაეკლო. წონასთან ომი და ჭიდაობა კი თითოეულ ჩვენგანს აქვს. გული არ აწუხებდა, გული მხოლოდ სწყდებოდა იმაზე, რომ დაუმსახურებლად, იმის გამო ლანძღავდნენ, რაც მართალი არ იყო. საოცრად გულკეთილი იყო და გარშემო უამრავ ადამიანს ეხმარებოდა.

დავით ნარმანია: ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციიდან ვიცნობდი, როცა 1996 წელს გავხდი ამ ასოციაციის წევრი. ნოდარი ჩემზე ცოტათი უფროსი იყო. 24 წელი ვიცნობდით ერთმანეთს და ვმეგობრობდით. ფაქტობრივად, სულ ერთად ვიყავით. უნივერსიტეტშიც ერთად ვმუშაობდით კვლევით ორგანიზაციაში, რომელიც ერთობლივად დავაფუძნეთ. ერთად ვიყავით კოალიცია “ქართულ ოცნებაში”, საქართველოს მთავრობაში… მეგობრები და თანამოაზრეები გახლდით.

ძალიან ბევრი კარგი მოგონება დამრჩა. თვითონ პიროვნება მეტად დადებითი და პოზიტიური გახლდათ. სულ ცდილობდა, ყველაფერი პოზიტივში გადაეტანა, თავისებური ხუმრობითა და სითბოთი ეკეთებინა საქმე. ყოველთვის მხიარული იყო და მუდამ ყურადღების ცენტრში… ყველას უზომოდ დაგვწყვიტა გული. გამორჩეულად უყვარდათ თავის სტუდენტებს.

საუკეთესო შვილები ჰყავს – მარიამი და ნიკოლოზი, რომლებიც უზომოდ მოსიყვარულეები არიან ოჯახისა და, რაც ყველაზე მთავარია, კარგად სწავლობენ.

– სად იყო გარდაცვალებისას?

– სახლში, დილით გარდაიცვალა. როგორც ჩანს, თრომბი განვითარდა.

– საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოესწრო?

– ვერა, რადგან მაშინვე გარდაიცვალა. ზუსტად იმ დღეს მივდიოდით გორის რაიონში, სადაც მისი დედის საფლავია. იმ დღეს დედის წლისთავი იყო, სასაფლაოზე უნდა მივსულიყავით და პატივი მიგვეგო…

სამწუხაროდ, ენას ძვალი არ აქვს და ძალიან ბევრ რამეს აბრალებდნენ, რაზეც თავისთავად წუხდა. ახლა თითქოს ინანიებენ ვიღაც-ვიღაცები ამას, მაგრამ როცა ადამიანი აღარ არის, რაც უნდა მოინანიო… როცა არ იცი და ქირქილებ, ეს ყოველგვარ ადამიანობას მოკლებულია. როგორი რთული სიტუაციაც უნდა ყოფილიყო, სიცილით და ხუმრობით ახერხებდა განემუხტა. ბევრი რთული სიტუაცია განუმუხტავს თავისი ამ ხასიათით.