გვანცა აფხაიძე: “მხოლოდ ყოფილმა ქმარმა მითხრა, ლიმფომა გაქვსო”

გვანცა აფხაიძე: "მხოლოდ ყოფილმა ქმარმა მითხრა, ლიმფომა გაქვსო"ნელი ვარდიაშვილი, სარკე

“კიბო განაჩენი არ არის და ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა ჩვენი ისტორიები არ უნდა დავმალოთ. ხანდახან ვამაყობ კიდეც, რომ სიმსივნე მქონდა და გადავრჩი. ამაყად ვამბობ, რომ მე ვარ ფსიქოდელიური ჟანრის მხატვარი და მე დავამარცხე სიმსივნე!” – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 28 წლის გვანცა აფხაიძემ, რომელმაც უმძიმესი წლები უკან მოიტოვა. ახლა კი “ვარდისფერ სივრცეში”, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის შეიქმნა თბილისში, იმ ყველაფერზე საუბრობს, რისი გადატანაც მოუხდა.

ტერმინი ფსიქოდელიკა მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს ნათელ სულს. ფსიქოდელიური ნამუშევრები ღრმა შინაარსით, სიმბოლურობით გამოირჩევა, ნახატები თითქოს ადამიანების სულში იხედებიან. გვანცამ სიმსივნის დამარცხების შემდეგ დაიწყო ხატვა და ერთი გამოფენა უკვე ჰქონდა.

– გვანცა, როდის დაგიდგინეს დიაგნოზი?

– 20 წლის ვიყავი, როცა სიმსივნე შემთხვევით აღმომიჩინეს. მახსოვს, რამდენიმე დღე მამაჩემი სევდიანად დადიოდა და არ მელაპარაკებოდა. დედა ემიგრანტი იყო და, “სკაიპით” რომ რეკავდა, სულ ტიროდა. მეუბნებოდნენ, რომ ანალიზის პასუხები არ მქონდა კარგი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ცუდი ანალიზის პასუხების გამო რატომ დამტიროდნენ. ბოლოს ჩემმა ყოფილმა ქმარმა გაბედა და მითხრა, გვანცა, ვარაუდობენ, რომ ლიმფომა გაქვს და ბიოფსია აუცილებლად უნდა გაიკეთოო.

მაშინ არ ვიცოდი, ლიმფომა რა იყო, ამიტომ “გუგლში” ვნახე. ამომიგდო სტატია ლიმფომაზე, სადაც ეწერა, რომ ეს არის სისხლის სიმსივნე და არსებობს ორი სახის, ჰოჩკინის და არაჰოჩკინის, რომლებიც მკურნალობას ექვემდებარება. მაშინვე ვიფიქრე, რომ გადავრჩებოდი. იქამდე კი ძალიან რთული გზის გავლა მომიხდა – 12 გადასხმა გავიკეთე (ქიმიოთერაპია), თმა გამცვივდა და დავსივდი. მუდმივად ავად ვიყავი და ამავდროულად თავს მარტო ვგრძნობდი.

დედა ჩემ გვერდით არ იყო და სხვაც არავინ მყავდა, ვინც ასეთ მძიმე წუთებში გულში ჩამიკრავდა, მომეფერებოდა და ვისთანაც გულამოსკვნილი ვიტირებდი სულ ცოტა ხნით მაინც. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ აუცილებლად კარგად უნდა ვყოფილიყავი და დედას ჯანმრთელი დავხვედროდი.

– თქვენ ფიქრობთ, რომ იმედი არის სიმსივნისგან განკურნების ფორმულა?

– ფორმულა – არა, მაგრამ აუცილებელია რწმენა, რომ გადარჩები. სიბრალულით რომ მიყურებდნენ, ამაზეც ვღიზიანდებოდი. ვცდილობდი, ჩემს დაავადებაზე მეხუმრა და სერიოზულად არ აღმექვა. ვერ დაგიმალავთ და, როცა თმა გამცვივდა, ძალიან ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, რომ კიდევ თუ გამეზრდებოდა, აღარასდროს შევიჭრიდი, მაგრამ მკურნალობის შემდეგ 6 წელი გავიდა და თმა 2-ჯერ გადავიხოტრე. მივხვდი, თმას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისევ მე ვიყავი ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი და ჯანმრთელი!

– საქართველოში ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი?

– საქართველოში, ინგოროყვას კლინიკაში ვიმკურნალე. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს ექიმ დარეჯან ლომიძესთან, შეიძლება ითქვას, დედასავით მიყვარს. ის ძალიან მედგა მხარში, მარწმუნებდა, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. მიხსნიდა ყველა ნიუანსს, რაც ჩემს ორგანიზმში ხდებოდა.

გამოკვლევა თურქეთში გავიკეთე. ახლა უკვე საქართველოში, თოდუას კლინიკაშია იმავე გამოკვლევის აპარატი. სიმსივნის დიაგნოზი 2012 წელს დამისვეს და თურქეთიდან ჩემს ექიმს გამოუგზავნეს პასუხები. დარეჯან ექიმმა მითხრა, ჰოჩკინის ლიმფომა გაქვს, მაგრამ არა უშავს, ეს ძალიან მარტივი დაავადებაა და რჩებაო. არ იცოდა, რომ ეს ყველაფერი უკვე წაკითხული მქონდა.

– სიმსივნის დიაგნოზამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება?

– ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე და თან ვმუშაობდი სტაჟიორ ჟურნალისტად ერთ-ერთ მედიაში. გათხოვილი ვიყავი… დიაგნოზის მერე დავიწყე ფიქრი, ვიყავი თუ არა ბედნიერი. მერე იმაზეც ვიფიქრე, მქონდა თუ არა რაიმე ღირებული შექმნილი, მაგრამ 20 წლის ასაკში რის შექმნას მოვასწრებდი? ყველა ადამიანს აქვს რაღაც მისია, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ჩემი სიკვდილი ჯერ არ შეიძლებოდა.

თავდაპირველად ვიფიქრე, რომ დამეწყო ესეების წერა და კარგად როცა გავხდებოდი, გამომექვეყნებინა. ამით ხალხი გაიგებდა, რომ არსებობდა გოგონა ასეთი დიაგნოზით, რომელიც გადარჩა და 21-ე საუკუნეში სიმსივნე იკურნება. საბოლოოდ ესეები ვერ დავწერე, მაგრამ მკურნალობის დასრულების შემდეგ ხატვა დავიწყე და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ნამდვილი მისია დედამიწაზე. ავადმყოფობის პერიოდში საშინლად გადავეჩვიე ხალხთან კონტაქტს, მაგრამ ადაპტაციაში ხატვა და მუსიკა დამეხმარა.

– მანამდე არაფერი დაგიხატავთ?

– ხატვა სიმსივნის დამარცხების შემდეგ დავიწყე, მაგრამ არ ვიცოდი, რა ჟანრში ვმუშაობდი. ჩემს საყვარელ მხატვარს, ლია უკლებას, გავუგზავნე “ფეისბუქით” ჩემი ნახატები, რადგან მისი აზრი ძალიან მაინტერესებდა. მომწერა, რომ ჩემი ნახატები ფსიქოდელიურია. ასე რომ, თვითნასწავლი მხატვარი ვარ. როცა უცნობები ჩემს ნახატებს  ნახულობენ, მეკითხებიან, აკადემიაში სწავლობდიო.

ყველა ნახატს თავისი ისტორია, სახელი და შინაარსი აქვს. ერთ-ერთზე ასახულია ქიმიის პროცესი. გამოსახულია გველი, რომელიც არის მედიცინის სიმბოლო. ის შემოხვეულია გადასხმის დანადგარზე. ასევე ამოსულია მრავალფეროვანი სული. ის ზემოდან დაჰყურებს ადამიანს, რომელსაც გადასხმას უკეთებენ. ამ შემთხვევაში პაციენტი მე ვარ.

მეორე ფოტოზე გამოსახულია ცხენები. მწვანე ცხენი არის ცხოვრება, რომელიც მიდის და შავი ცხენი, რომელიც ჩემია. ის გაჩერებულია და ამიტომ არის სევდიანი. მესამე ფოტოზე კი გამოსახულია დედა. გარე სამყაროდან დედა აწვდის ნათელ ფერებს ბავშვს. ნახატზე ნახავთ ყვავილებს, რომლებიც წარმოადგენენ შინაგან ორგანოებს. აღნიშნულ ნახატს ერთგვარი სუნიც კი აქვს, რადგან დედას ყველაზე ნაცნობი და კეთილი სუნი აქვს.

სიმსივნესთან ბრძოლის დროს ყველაზე მტკივნეულად ის მახსენდება, რომ ძალიან მინდოდა, დედა ჩემთან ყოფილიყო, ის კი გვერდით არ მყავდა. უცნობები და ნათესავები მივლიდნენ, მაგრამ დედას ვერავინ შემიცვლიდა. დედა სულ სხვაა.

– მისთვისაც უმძიმესი იქნებოდა შვილისთვის შორიდან ყურება.

– დედა სულ დასევდიანებული იყო და ზოგჯერ მისი დამშვიდება მიწევდა. ვეუბნებოდი, რომ ძალიან კარგად მივლიდნენ. მამა სულ ჩემთან იყო სულიერად თუ ფიზიკურად, დედასავით მივლიდა. მამაჩემზე კეთილი და მზრუნველი ადამიანი არ მეგულება.

– ნახატები არასდროს გამოგიფენიათ?

– საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მქონდა გამოფენა. მინდა, ზამთარში კიდევ ერთი ივენთი გავაკეთო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მოვასწრებ. საქველმოქმედო საქმიანობაში ვარ ჩართული და დრო არ მაქვს გამოფენისთვის. ჩემს ნახატებს საქველმოქმედო მიზნებისთვის ვყიდი კიდეც, მაგრამ ძალიან მენანება, რადგან შვილებივით მიყვარს.

იცით, კიდევ რისი სურვილი მაქვს? ძალიან მინდა, ხატვის თერაპიით მკურნალობის ადგილი მოვაწყო, მაგრამ ჯერ ამის საშუალებაც არ მაქვს.

– ახლა რაიმე განსაკუთრებული რეჟიმით ხომ არ ცხოვრობთ? მკურნალობას აგრძელებთ?

– ახლა ვცხოვრობ დედასთან და მამასთან ერთად და ვმუშაობ “ვარდისფერ სივრცეში”, რომელიც ამ დაავადების მქონე პაციენტების დახმარების მიზნით შეიქმნა. საქველმოქმედო პროექტები მაქვს და ვცდილობ, ადამიანებს დავეხმარო. ავადმყოფობის დროსაც ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და ახლაც ასეა. ზაფხულობით ვისვენებდი ჩემი ყოფილი მეუღლის სოფელში, მთაში. რამდენიმე დღით ჩავდიოდი და ბუნებასთან კონტაქტი ძალიან მეხმარებოდა. ამჟამად ერთადერთი, რასაც ვერიდები, არის მზე და სოლარიუმი. ასევე ვცდილობ, სიგარეტი არ მოვწიო და ეს მავნე ჩვევა დავივიწყო.

– რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც სიმსივნის დიაგნოზი ახლახან დაუსვეს?

– ვურჩევ, რომ ხელი არასდროს ჩაიქნიონ. მცდარია ასეთი დამოკიდებულება, ახლა მე სიმსივნე მაქვს და რაღა აზრი აქვს რამეს, მაინც ვკვდებიო. აუცილებლად უნდა იმკურნალონ და იფიქრონ მხოლოდ კარგზე, იბრძოლონ და საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგონ. ასეთ დროს ყველაფერი კარგად იქნება.

გარემო იმდენად არის დაბინძურებული და ტყვიის კონცენტრაცია ისე მაღალია ჰაერში, არ მიკვირს, სიმსივნით ძალიან ბევრი რომ არის დაავადებული. რადიაციული მზე და უამრავი რამ არსებობს, რაც სიმსივნეს იწვევს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კიბო განაჩენი აღარ არის და განკურნებადია.

“ვარდისფერი სივრცეც” ყველასთვისაა, ვისაც ჩვენთან ურთიერთობის სურვილი აქვს. ჩვენ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვაძლიერებთ. მოვიდნენ და დაინახავენ, რომ ძალა მართლაც ერთობაშია.