,,შენ კი გგონია, რომ გიყვარს სამშობლო, მაგრამ თუ დაფიქრებულხარ იმაზე, ხარ თუ არა მისი სიყვარულის ღირსი” – ერლომ ახვლედიანის აუცილებლად წასაკითხი სიტყვები

,,შენ კი გგონია, რომ გიყვარს სამშობლო, მაგრამ თუ დაფიქრებულხარ იმაზე, ხარ თუ არა მისი სიყვარულის ღირსი" - ერლომ ახვლედიანის აუცილებლად წასაკითხი სიტყვები„ერთმა უცხოელმა ბიზნესმენმა, რომელმაც საქართველოში ჩვენს დასახლებამდე დასახმარებლად ჩამოვიდა, ასეთი ფრაზა თქვა: არ მინახავს ხალხი, რომელსაც ასე არ უყვარდეს თავისი სამშობლო.

ჩვენი „პატრიოტები“ ალბათ აღაშფოთა ამ ფრაზამ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ზოგიერთმა „არაპატრიოტმა“ ამ სიტყვების მიღმა იგრძნო გულწრფელი გულისტკივილი, რომელსაც ჩვენი სამშობლოს დღევანდელი მდგომარეობა იწვევს.

როგორღა გაიმართლებ თავს, როდესაც ქვეყანას კორუფცია ჭამს, უმეტესობა გადასახადს არ იხდის, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს და არცთუ იშვიათია დეზერტირობის შემთხვევები, ქართველთა დიდი ნაწილი თავგამოდებით ცდილობს, უცხოეთის მოქალაქეობა მიიღოს, ცოტა თუ იცავს კანონებს, როდესაც ბევრისთვის სამშობლოს სიყვარული საკუთარი ბინის ზღურბლს იქით აღარ ვრცელდება და შინაც სამშობლოს სიყვარული სადღეგრძელოებში იხრჩობა.

მეც დავფიქრდი:

მიყვარს თუ არა ჩემი სამშობლო? ადრე არ დავფიქრდებულვარ. ახლა დავფიქრდი.

მახსოვს ჩემი პირველი განცდა, აღმოჩენა, რომ მე ქართველი ვარ.

ეს იყო ჩუმი აფეთქება ჩემში. არა, ეს არ იყო სიამაყის გრძნობა. შეუძლებელია, სიამაყის გრძნობა ებადებოდეს ვენახს, რომ ის ვენახია, ვაზია და ისხამს მტევანს. ან ვაშლს, ან მსხალს, ან ლეღვს. ესუპირატესობა არ არის. ეს უბრალოდ აღმოჩენაა, რომ ეს შენ ხარ და სხვა არავინ, ამ ჯიშისა ხარ.

ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო, ჩემი მამული! არ არსებობს უფრო ჩუმად სათქმელი სიტყვები. მე ამ ნეტარ სიჩუმეში გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და არასოდეს მომდომებია, ეს განცდა გამომეთქვა და გამომეხატა. მე ამ განცდაში ვიყავი, როგორც მერცხლის ბარტყი მერცხლის ბუდეში…

მერე რა მოხდა, არ ვიცი. სად გაქრა, როდის აღვმოჩნდი გაძარცვული ამ განცდისგან. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა ასე საჭიროა მისი დაცვა და შენარჩუნება. მაგრამ, რომ აღარ ვიცით, რა უნდა დავიცვათ და შევინაჩუნოთ?

ახლა ჩემი სამშობლო ვიღაცეებისგან შეთხზული ლეგენდაა, რომელიც სინამდვილეში აღარ არსებობს…

სამშობლოს სიყვარული ნივთი არ არის, გზად მიმავალმა დაკარგო, თორემ უკან დაბრუნდებოდი დაიქნებ გეპოვა კიდეც. სიყვარული გულში უნდა იყოს. იქ არის მისი ბინა, მისი სამყოფელი. თუ სიყვარული გულს გარეთ არის, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა და მერე რაც გინდა, ის უწოდე მას..

მაინც როგორ ვლინდება ეს „ავადმყოფობა“? რა ნიშნები აქვს მას, რა სიმპტომები? რით იზომება, როგორ იწონება იგი?

იქნებ მართლაც ავიღოთ სასწორი და ავწონოთ, ვის უფრო უყვარს სამშობლო, ანდა, რა არის სამშობლოს სიყვარული?

მახსოვს ერთი, მეტად უმნიშვნელო შემთხვევა: მოსკოვის უმაღლეს სასცენარო კურსებზე სწავლისას, ჩვენს საერთო საცხოვრებელში ბინადრობდა ერთი ლიტველი ყმაწვილი. ის თავისუფალი მსმენელი იყო და სტიპენდიას არ იღებდა. ერთხელ მას შევხვდი საერთო საცხოვრებელის ერთობ მოუწყობელ სამზარეულოში, ყავას ადუღებდა. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს.

სიტყვამ მოიტანა და მან თქვა:

„სამზარეულოს ფული მაქვს გადასახდელი, ორი მანეთიო”.

მე გამიკვირდა – არც კი ვიცოდი, რომ ამ დანგრეული სამზარეულოსთვის არსებობდა გადასახადი. მან გაიცინა და მიპასუხა:

„ვისაც ვუხდი, იმათაც უკვირთ და, მე მგონი, დამცინიან კიდევაც. მე კი მაინც ვიხდი. იქნებ ცოტა გამდიდრდნენ და მიხედონ ამ დანგრეულ სამზარეულოს. ისე კი, რაც გადასახდელია, არ შემიძლია არ გადავიხადოო”… ყოველი ადამიანი უცხოობაში თავისი ერის წარმომადგენელია და როგორც შეუძლია, იცავს საკუთარი ერის ღირსებას…

სასწორის მეორე პინაზე დავდოთ ჩვენი სიყვარული თბილისისადმი. უამრავი ტკბილი სიმღერაა შექმნილი ამ სიყვარულზე, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, სამოქალაქო ომის დროს, სადაც ჭურვი მიუწვდებოდათ, ქვა ქვაზე არ დატოვეს დაპირისპირებულმა მხარეებმა. მათ შორის, არ დაინდეს და მიწასთან გაასწორეს საკუთარი მშობლიური სკოლაც…  ალბათ ყველას გვახსოვს ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ტყვიით დაცხრილული კედლები. ქრისტეს გულისთვის დიოკლეტიანესაგან ნაწარმოებში წმინდა გიორგი, უკვე ჩვენი დროის წარმართებმაც არ დაინდეს…

საშობლო ცოცხალი არსებაა და ნურავინ დაიმშვიდებს თავს, რომ მას არ ესმის, ვერ ხედავს, ან ვერ გრძნობს, ვის უყვარს იგი.

არა ყოველი, ვინც გაიძახის, – მიყვარს სამშობლო! – სამშობლოს მოყვარულია, ან ესმის, რა არის სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარული.

შენ კი გგონია, რომ გიყვარს სამშობლო, მაგრამ თუ დაფიქრებულხარ იმაზე, ხარ თუ არა მისისიყვარულის ღირსი”.

ერლომ ახვლედიანი – ქართველი მწერალი, სცენარისტი, კინოდრამატურგი და პუბლიცისტი (1933-2012).