პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ 15 წლის გოგო მონასტერში გაგზავნეს

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ 15 წლის გოგო მონასტერში გაგზავნეს,,გარეთ იშვიათად ან საერთოდ აღარ გავდივარ. დედამ თქვა, სხვებს არ უნდა დაენახოო… ამას წინათ ქუჩაში ვიღაც ქალმა მიცნო, შეხედეთ, ეს უსირცხვილო ქუჩაში დასეირნობს უკვეო,“ – საკუთარ ისტორიას 15 წლის გოგო ყვება ბათუმელები.ჯი-სთან. ცხოვრება მისთვის რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა მისი და მისი თანაკლასელი ბიჭის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი კადრები სოციალური ქსელში გავრცელდა. უკვე რამდენიმე თვეა გოგოს სკოლაში არ უვლია, თითქმის ყველა სკოლაში უთხრეს, რომ მისთვის ადგილი არ ჰქონდათ.

მაშინაც და თვეების შემდეგაც გოგოსთვის ყველაზე მტკივნეული ტელევიზიების მიერ მისი ამბის გაშუქება აღმოჩნდა. ყვება, როგორ შეიტყო ნაციონალური ტელევიზიებიდან, რომ ამ საქმეში „დამნაშავე“ თითქოს თვითონ იყო. შემდეგ კი ზუსტად ერთ დღეში მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. მართალია, 15 წლის გოგო სახლში გამოიკეტა, თუმცა საზოგადოების აგრესია მასთან მაინც აღწევდა.

პირველად მაშინ გადაწყდა, რომ გოგო რამდენიმე კვირით მონასტერში გაეშვათ.

მონასტრიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სახლში. გოგო ამბობს, რომ ისევ მონასტერში აპირებს წასვლას – ამჯერად უფრო ხანგრძლივი დროით: მონასტერთან არსებულ სემინარიაში ისწავლის.

„გაკვეთილიდან დირექტორმა გამიყვანა. ვიცოდი, რაშიც იყო საქმე, რადგან მანამდე ის ბიჭი – ნიკაც [სახელი შეცვლილია] გაიყვანეს კლასიდან,“ – იხსენებს გოგო იმ დღეს, როცა კადრები გავრცელდა და როცა უკანასკნელად იყო გაკვეთილზე ამ სასწავლო წელს. დირექტორმა კაბინეტში დაბარებულ გოგოს უთხრა, რომ სკოლაში ბებია დაიბარეს და მან გაკვეთილებზე აღარ უნდა იაროს.

„დირექტორმა მითხრა, ასეთი შეცდომა აღარ დაუშვა, სანამ ბიჭს კარგად არ გაიცნობ, წინდახედული უნდა იყოო… ბებიამ არ იცოდა, რა მოხდა. მკითხა, რა გაავრცელეს, რა იყოო. მე ვუთხარი, რაღაც მონტაჟია და არაფერი-მეთქი. წამოვედით. სახლისკენ როცა ვბრუნდებოდით, გზაში ჩემმა უმცროსმა დამ დაგვინახა თურმე. ის იმ დროს მიდიოდა სკოლაში. დედას დაურეკა სამსახურში და უთხრა, რომ მე და ბებია დაგვინახა. მერე დედამ გადმორეკა. მე მოვიტყუე, რომ თითქოს მუცელი ამტკივდა… არ მინდოდა, დედას ენერვიულა“.

გოგოს თქმით, ის ნიკასთან მეგობრობდა და არ იცის, როგორ მოხვდა მათი ინტიმური ურთიერთობის ვიდეო სოციალურ ქსელში. ამ ამბის შემდეგ გოგოს სკოლაში მისვლა თავადაც აღარ სურდა. მშობლებმა სხვა სკოლებში მისი გადაყვანა სცადეს, მაგრამ მათ ყველგან უთხრეს, რომ „ადგილი აღარ არის“. გოგოს დედას არ სურს იმ სკოლების დასახელება, სადაც მისი შვილისთვის „ადგილი არ აღმოჩნდა“. შიშობს, რომ ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევით შეიძლება ისევ მისი შვილი დაზარალდეს.

ყველაზე მეტად გოგოს იმ დღეების გახსენება უჭირს, როცა მომხდარზე ვერავის უყვებოდა. უთხრეს, რომ დედას უნდა ემშობიარა და მისი ნერვიულობა არ შეიძლებოდა. მამას კი არ უნდა ენახა – გოგო დროებით დედის მეგობარმა წაიყვანა სახლში.

მალევე გოგო რამდენიმე კვირით მონასტერში წაიყვანეს. ამბობს, რომ ეს იყო „გაქცევა“ საზოგადოების აგრესიიდან. მშობლებთან დალაპარაკებაც კი მხოლოდ მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ შეძლო.

მონასტრიდან სახლში დაბრუნების შემდეგ გოგო მშობლებს ესაუბრა. ბედნიერია, რომ მშობლებისგან მხარდაჭერას გრძნობს და მათი სჯერა.

„თავიდან მამას უთხრეს, რომ ეს რაღაც მონტაჟი იყო და არ უნდა მიექცია ყურადღება… მერე, როცა სიმართლე გაიგო, მეგონა, რომ მომკლავდა, მაგრამ ის მშვიდად მესაუბრა, არც კი მიყვირა,“ – დასძენს გოგო.

15 წლის გოგო ახლა მიიჩნევს, რომ მის მიმართ საზოგადოებას აგრესია ძირითადად სქესის გამო აქვს.

იმ სისასტიკის მიუხედავად, რაც  საზოგადოებისგან მიიღო, 15 წლის გოგომ ზუსტად იცის, რომ უნდა იბრძოლოს. ამბობს, რომ ჯერ პროფესია არჩეული არ აქვს, მაგრამ ფსიქოლოგობა სურს.

„..ჩემი მეგობარი, მაგალითად, ტაბლეტებს სვამდა. ჩემს ამბებამდე რამდენჯერმე ველაპარაკე, არ გინდა, შეეშვი-მეთქი. მერე, ერთი კვირა არ სვამდა. ახლა რას შვრება, არ ვიცი. ვუთხარი, რომ ცხოვრებისეული ტრავმა გაქვს, გეტყობა, მომიყევი, რა ხდება-მეთქი… მისაუბრია მეგობრებთანაც, რომლებიც თავის მოკვლას აპირებდნენ, ვცდილობდი ეგრძნოთ, რომ მათ გვერდით ვიღაც იყო. ვურჩევდი, ვინმეს შენს გრძნობებზე ესაუბრე-მეთქი… ახლა ჩემთან ძირითადად ერთი მეგობარი დადის. სხვებს, როგორც ვიცი, აუკრძალეს ჩემთან ურთიერთობა… დედაჩემიც ასე იზამდა, ალბათ. იმედი მაქვს, აწი აღარ იზამს ასე.

ახლა ვფიქრობ, რომ კაცები არ არიან უფრო ძლიერები. მამაჩემი სულ ამბობდა, რომ კაცები უფრო ჭკვიანები არიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ბიჭები მხოლოდ კარგი მანიპულატორები არიან.

ძალიან მიყვარს როკი და მუსიკა. ვუკრავ დრამზე, პიანინოზე… რამდენიმე წლის წინ სახლში ვმღეროდი, დედამ მოისმინა, მოეწონა და ჩაწერა… ახლა მინდა, სადმე კონკურსში ჩუმად მივიღო მონაწილეობა და უიტნი ჰიუსტონის სიმღერა შევასრულო. მინდა, ეს სიურპრიზი გავუკეთო მშობლებს…“ – გვიყვება გოგო.

გოგოს სურვილია, მისი ესმოდეთ და სჯეროდეთ. იცის, რომ ჯერ კიდევ 15 წლისაა, მაგრამ ბავშვობის შეგრძნება ენატრება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, „მოსწავლეებს შორის ინტიმური ხასიათის ვიდეოს გავრცელების საქმეზე“ გამოძიება ამ ეტაპზე დასრულებული არ არის და ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბათუმელები.ჯი (ზოგადი ფოტო)