ნინი გოგიჩაიშვილი: ,,მჯერა, გოგიჩა მძიმე სენთან ბრძოლაში გაიმარჯვებს”

ნინი გოგიჩაიშვილი: ,,მჯერა, გოგიჩა მძიმე სენთან ბრძოლაში გაიმარჯვებს",,მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი მნიშვნელოვანი კონკურსისთვის, „მის მსოფლიოსთვის“ ემზადება, რომელიც  ტაილანდში ჩატარდება. ნინი ცნობილი ოჯახის შვილია. მამისი მსახიობი გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილია, დედა – ყოფილი ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე. ის ,,რეიტინგთან” მშობლებზე საუბრობს:

– ნათიას და გოგიჩას 20 % რომ მქონდეს, ყველაზე კეთილი ადამიანი ვიქნებოდი. ხანდახან არ მგონია, რომ რეალური ადამიანები არიან. ხუმრობენ კიდეც სხვები, ესენი ჭიანჭველას ფეხს არ ადგამენო, შესაძლოა არარეალურ რაღაცას ვყვები, მაგრამ გოგიჩა ჭიანჭველებს საჭმელს უყრის სახლთან ახლოს, რომ არ დაიღალონ. მისგან ვსწავლობ იმას, რომ ყველა დღის მადლიერი ვიყო და მიყვარდეს ყველა ადამიანი. ის როგორ ცუდადაც უნდა იყოს, აქეთ გმატებს ძალას და გარწმუნებს – ყველაფერი კარგად იქნება.
– როგორ არის ახლა მამა, რომელიც მძიმე სენს ებრძვის…
– არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, ახლა მკურნალობის გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ იმდენად მხნე ადამიანია თვითონ, არაფერზე პრობლემას არ ქმნის, საოცრებაა. ზუსტად მისი განწყობა გვაძლევს იმის ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო, ძაღლი მყავდეს და ა.შ. ცდილობს, ჩვენს ცხოვრებას არაფერი დაეტყოს. ახლა რაღაც ბრძოლა არის, რომელშიც მჯერა, გაიმარჯვებს.

– ალბათ შენც შეიცვალე, როცა მამა ასეთი განსაცდელის წინაშე დადგა?
– ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილია, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. როცა მეუბნებიან, შენზე რაღაც დაწერეს და ამაზე, როგორ არ გაბრაზდიო… ვეუბნები, ყურადღებას არ ვაქცევ-მეთქი. დღეს ყველაფერი დაჩქარებულია და ყველაზე ღირებული სიცოცხლეა, ბოლო ყველასი ერთია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ერთად გავატაროთ დრო, ვგიჟდები ჩემს ოჯახთან დროის გატარებაზე.

რეიტინგი