მიხეილ ცაგარელი: ,,ეს ბოლო შანსია და ხელიდან თუ გავუშვებთ, წასულია ჩვენი საქმე”

მიხეილ ცაგარელი: ,,ეს ბოლო შანსია და ხელიდან თუ გავუშვებთ, წასულია ჩვენი საქმე",,გვატყუებენ, გვიმალავენ, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით”… – ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მისი თქმით, სამყაროში ბევრი ისეთი რამ ხდება, რის შესახებაც საზოგადოების უმეტესობას წარმოდგენაც კი არა აქვს. ზოგი რამ საერთოდ არ ვიცით, ზოგიერთ ამბავსა თუ მოვლენაზე სანახევრო ან საგანგებოდ შეცვლილი ინფორმაცია გვაქვს, ზოგი კი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

– ბატონო მიხეილ, ასტროლოგები და ეზოტერიკოსები ამბობენ, რომ ყველა ქვეყანას თავისი მისია აქვს დედამიწაზე. როგორია ჩვენი ქვეყნის კოსმოსური მისია?
– როგორც ყველა სხვა ქვეყანას, საქართველოსაც თავისი ზოდიაქოს ნიშანი აქვს. საქართველოს ამჟამად ლომის ზოდიაქო მართავს. გვატყუებენ, როდესაც დღეს გვეუბნებიან, რომ ევროპელები ვართ, სინამდვილეში ევრაზიელები ვართ, რაც ევროპელობაზე უპირატესია. ჩვენი მისიაა, გავაწონასწოროთ ევროპული და აზიური ტენდენციები, დავამყაროთ ჰარმონიული ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან, ჩრდილოეთთან და სამხრეთთან. ქართველები ერთადერთი ადგილობრივი ეთნოსი ვართ კავკასიაში, ყველა დანარჩენი მოსულია.

ჩრდილოკავკასიელებს არ ვგულისხმობ, თუმცა მათ შორისაც არიან “მოსულები”. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვასრულებთ დაკისრებულ მისიას და აქცენტს ლომის უარყოფით თვისებებზე – ეგოიზმზე, დიქტატურაზე, ფულის ფლანგვაზე, სულსწრაფობაზე ვაკეთებთ… ჩვენი ასეთი არჩევანი ნეგატიურ ენერგიას ქმნის, ამიტომაც აირია ქვეყანა.

– დღესასწაულებს ორ-ორჯერ რომ აღვნიშნავთ, რაზე მეტყველებს ეს?
– თარიღი ყოველთვის ძალზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკის მატარებელია. ჩვენი ქვეყნის მეთაურნი ამას ყურადღებას არასდროს აქცევდნენ. დავით აღმაშენებელს, ვახტანგ VI-ს და გიორგი პირველს არ ვგულისხმობ, ისინი შესანიშნავად ერკვეოდნენ ასტროლოგიაში, შემდეგი თაობები მყავს მხედველობაში. მაგალითად, ნოე ჟორდანიას მთავრობამ დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი დაგვიწესა. ეს იყო დღე, რომელიც მათ აწყობდათ და საერთოდ არ დაინტერესდნენ, რა ხდებოდა კოსმოსში.

ნახეთ, რა დაუბევეს ქვეყანას: 26 მაისი არის ტყუპის ზოდიაქო, გაორებული ნიშანი, ერთ ტყუპს ერთი უნდა, მეორეს – სხვა, მათ შორის მუდმივი ბრძოლაა და საბოლოოდ, თავად აღარ იციან, რა უნდათ. სხვათა შორის, ტყუპს დადებითიც ბევრი აქვს. ინტელექტუალური ნიშანია, უმაღლესი ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევა. თუმცა ამ დადებით თვისებებზე უარი ვთქვით, რატომღაც ჩვენი კოსმოსური გზა სწავლასა და ინტელექტის განვითარებას არ დავუკავშირეთ.

რუსეთის პრინციპი იყო – “სილა იესტ, უმა ნე ნადა”. ჩვენ რა ვქენით? მონსტრ რუსეთს ძალით დავუპირისპირდით, თანაც არაერთხელ. ე.ი. ცოცხალი თავით არ გვინდა, რომ გავერკვეთ ასტროლოგიაში, გავიგოთ, რა არის ჩვენი კარმული მისია და რა ვალდებულებები უნდა ვიკისროთ, რომ სამყაროსგან სასჯელი კი არა, ჯილდო მივიღოთ. თითო დღესასწაული რომ არ გვეყო, ორ-ორი დავიწესეთ. დამიჯერეთ, სუფრიდან სუფრაზე სიარული ქართული ტრადიცია არ არის, ჩვენი წინაპრები ასე არ ღრეობდნენ.

ჩვენ ასევე უარს ვამბობთ ლომის საუკეთესო თვისებებზე, ოჯახის კულტზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე და ვცდილობთ, შევითვისოთ ჩვენი ეთნოსისთვის მიუღებელი ლიბერალური პრინციპები.

ეს ყველაფერი ერს საბოლოოდ დეპრესიაში აგდებს.ვიდრე საქართველო ტყუპის გაორებას არ მოიშორებს, დღესასწაულების ორ-ორჯერ აღნიშვნას, ღრეობებს არ შეეშვება და ახალ დამოუკიდებლობის დღეს არ გამოაცხადებს, არაფერი გვეშველება. ნახეთ, ამერიკამ როგორი დღე დაიბევა დამოუკიდებლობის აღსანიშნავად?! 4 – უდიდესი კოსმოსური ძალის მატარებელი რიცხვია.

– გამუდმებით გვესმის, რომ საქართველო განსაკუთრებული ადგილია დედამიწაზე. ეს ქართული ნარცისიზმის გამოვლინებაა, თუ ქვეცნობიერი გვალაპარაკებს?
– საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და განსაკუთრებული ენერგეტიკაა. ამაზე საუბრობენ ინდოელი იოგები, რომლებიც აქ არაერთხელ ჩამოვიდნენ. კავკასიის მთებში დღემდე ცხოვრობენ განდობილი ადამიანები, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საიდუმლოა, რაზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს.

რას ნიშნავს განდობილი ადამიანები?
– ესენი არიან განსაკუთრებული ენერგიის მატარებელი ადამიანები. კავკასიის მთებში არის ღვთიური ენერგია, ისევე როგორც ტიბეტში. საქართველო არის მსოფლიოს ჭიპი. ქართული სუფრა (რომელიც დღეს ღრეობად აქციეს) განსაკუთრებული მაგიის მატარებელია, ისევე როგორც ბევრი ქართული ტრადიციული ელემენტი.

მონღოლები, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს, დღემდე ვერ ხსნიან და დღემდე იკვლევენ, რატომ ვერ დაიპყრეს ხევსურეთი და მთიულეთი. მათ მეცნიერული კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ ქართული და მონღოლური ორთაბრძოლების 75% ერთსა და იმავე ელემენტებს შეიცავს.

როდესაც ინდოეთში ქართული დელეგაცია ჩავიდა იოგის შესასწავლად, იქაურმა დიდმა გურუმ გაიცინა და თქვა, საქართველოდან ჩამოხვედით იოგის სასწავლად მაშინ, როდესაც იოგა აქ თქვენგან ჩამოვიტანეთო.

იცით, რამდენ რამეზე არ აქვთ დღევანდელ ქართველებს წარმოდგენა? თქვენ ოქროს საწმისი მართლა ოქრო ხომ არ გგონიათ? ეს უდიდესი საგანძურია კოსმოსური ცოდნისა, რომელიც ბერძნებმა მოგვტაცეს. მისი დაკარგვის შემდეგ დაიწყო საქართველოს დაკნინება და საბერძნეთის აღმასვლა.
– ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში განსაკუთრებული ენერგეტიკაა?
აბა, რა. ნახეთ, რა დღეში არიან უცხოელები, როდესაც აქ ჩამოდიან. უკან წასვლა აღარ უნდათ. როგორ გგონიათ, არაბები, თურქები, ჩინელები და სხვა ერის წარმომადგენლები რატომ ცდილობენ აქ დასახლებას? მათ იციან, აქ რა ხდება, ჩვენ კი აქედან გავრბივართ.

– თუ ასეთი განსაკუთრებული ენერგეტიკაა, მაშინ რატომ არის ამდენი დაავადება ქვეყანაში?
– იმიტომ, რომ მძიმე სოციალური ფონის გამო ნევროზული ვითარებაა მთელ ქვეყანაში. გარდა ამისა, ჩვენ დიდხანს გვიმალავდნენ სიმართლეს და ბოლომდე დღესაც არ გვიმხელენ, რომ ჩერნობილის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლნი ვართ.

– რას გულისხმობთ?
– ჩვენ დაგვიმალეს, რომ უკრაინის შემდეგ აქ ჩამოირეცხა რადიაციით დაბინძურებული ღრუბელი. სწორედ ამიტომ გავრცელდა ონკოლოგიური დაავადებები, იმპოტენცია… ახლა ჩვენს გენეტიკურ კოდში საშინელი რადიაციაა. ამასაც გვიმალავენ. კიდევ ბევრი უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, რის შესახებაც არაფერი ვიცით…

2020 წლიდან ახალი 12-წლიანი ციკლი იწყება. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეებისა და განვითარებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ორ წელიწადში გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც კოსმოსის მიერ გამოგზავნილ კიდევ ერთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ახალმა ძალამ 12 წელიწადში ძირეული ცვლილება უნდა შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ეს ბოლო შანსია და თუ ამასაც გავუშვებთ ხელიდან, მერე უკვე წასულია ჩვენი საქმე.

ჟურნალი გზა