,,ყურადღება! მათთვის, ვინც იტალიაში წამოსვლა გადაწყვიტეთ სამუშაოდ” – აუცილებელი რჩევები

,,ყურადღება! მათთვის, ვინც იტალიაში წამოსვლა გადაწყვიტეთ სამუშაოდ" - აუცილებელი რჩევებიყურადღება! მათთვის, ვინც იტალიაში წამოსვლა გადაწყვიტეთ…

როგორც ვხედავ, საჭიროა ხშირად ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რომლებიც აინტერესებთ იმ ადამიანებს, უკვე გადაწყვეტილი რომ აქვთ,  ემიგრანტის მძიმე ცხოვრების გზას დაადგნენ.

უამრავი ადამიანი მწერს პირადში. აინტერესებთ, როგორ მოიქცნენ, რა ბედი ეწევათ, როგორც კი იტალიის მიწაზე დაადგამენ ფეხს. მათი საუბრიდან ვიგებ, რომ არცთუ ისე ახლო ნაცნობები სთავაზობენ დახმარებას, ანუ ,,შენ ჩამოდი და სამსახურს გიშოვი. ბინას დაგახვედრებ. ნაცნობები მყავს და ასე შემდეგ…”.

ჩამოდიან ნასესხები ფულით, რატომღაც ისევ ვიღაც საეჭვო რეპუტაციის ხალხის დახმარებით, წინასწარ უხდიან დასაქმების ფულს და მერე ეს ადამიანები ტელეფონზეც აღარ პასუხობენ, დახვედრაზე და სამსახურის შოვნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ასე და ამრიგად ისედაც დაბნეული და სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები ქუჩაში რჩებიან. და თან საქმე ის არის, რომ არანაირი ალტერნატივა არ გააჩნიათ, მთლიანად იმ ადამიანის იმედად არიან, ვინც მოატყუა. მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, დატოვოთ ქვეყანა და ჩამოხვიდეთ იტალიაში, მაშინ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1)წინასწარ ნურავის გადაუხდით დასაქმების და ჩამოყვანის ფულს, აიღეთ ბილეთი, დაჯავშნეთ სასტუმრო, გააკეთეთ დაზღვევა და წამოდით. თუ ამ ყველაფერს თქვენ ვერ მოახერხებთ, მიმართეთ ტურისტულ სააგენტოს.
2) რაც შეეხება იმას, რომ წინასწარ ფულს მისცემთ დამსაქმებელს ან სხვა კერძო პირს და ის თქვენ სამსახურს დაგახვედრებთ, ტყუილია! ასეთი რამ იტალიაში არ ხდება. ნათესავი ან ახლობელი თუ დაგახვედრებთ, მას წინასწარ ფულის მიცემა არ სჭირდება.
3) აუცილებლად დაიზღვიეთ თავი და იმ ქალაქში, სადაც ჩადიხართ,  სცადეთ შეიგულოთ სხვა ადამიანი ან ბინა იმ შემთხვევისთვის, თუ ვის იმედზეც ხართ, ის არ დაგხვდებათ.
5) გაითვალისწინეთ, რომ თქვენ აქ შეიძლება ოთხი თვე და მეტი მოგიწიოთ უმუშევრად ყოფნა და ამ პერიოდში ბინის ქირის გადახდა (დღეში 5 ან 7 ევრო) საკვების ყიდვა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა დაგჭირდებათ. ამიტომ უფულოდ ნუ ჩამოხვალთ.
6) არ ჩამოხვიდეთ ბავშვებთან ერთად, ეს დიდ რისკთანაა დაკავშირებული. თუ მაინცდამაინც შვილის წამოყვანა გნებავთ. ჩამოდით ჯერ თქვენ, გაერკვიეთ სიტუაციაში, დაიწყეთ მუშაობა და მერე საქმე გიჩვენებთ, რა და როგორ გააკეთოთ.
7) წამოსვლამდე აუცილებლად ჩაიხედეთ ქართულ-იტალიურ ლექსიკონში და ეცადეთ, საჭირო სიტყვები დაიზეპიროთ.
8) მამაკაცის სამსახური იტალიაში თითქმის არ არის. ამიტომ მეუღლეს თავიდან ნუ წამოიყვანთ. ისევე მოიქეცით, როგორც ბავშვის ჩამოყვანაზე გირჩიეთ.
9) თუ ჩამოხვედით და ატყობთ რომ, მოგატყუეს, არ დაგხვდათ არავინ, არც ბინაა და ქუჩაში რჩებით, დაღამებას ნუ დაუცდით, მომწერეთ ან დაპოსტეთ ჯგუფში. ვინმე ღვთისნიერი ქართველი აუცილებლად აღმოჩნდება იმ ქალაქში, სადაც ჩახვედით და დაგეხმარებათ. გისურვებთ წარმატებას.

იყავით ფრთხილად, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით… მხოლოდ სიტყვაზე ნურავის ენდობით. მით უმეტეს, ინტერნეტით გაცნობილ ადამიანებს. თხოვნაა, რომ გააზიაროთ”.