ეკო ფანგანი: ,,საუკეთესო ცოლი ვიქნები!”

ეკო ფანგანი: ,,საუკეთესო ცოლი ვიქნები!"ეკო ფანგანი მაყურებელმა პირველად რეალითი შოუ ,,უკანასკნელ გმირში” იხილა, შემდეგ იყო პროექტი ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, დღეს კი ტელეკომპანია ,,იმედის” სახეა. საქმეში რეალიზებული, წარმატებულია და თავისი პირადი ცხოვრებაც ასეთივე წარმოუდგენია.

როგორი მამაკაცები ხიბლავს ლამაზმან ტელესახეს, რა თქმა უნდა, ამის შესახებაც დავუსვით კითხვები. თუ რა გვიპასუხა, ამას ,,სარკის” ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ეკო, რა სიახლეებია თქვენს საქმიანობაში, ტელევიზიის გარდა, რითი ხართ დაკავებული?

– უკვე კარგა ხანია რადიოპროექტებზე ვმუშაობ, მაქვს ორი გადაცემა და ასევე ერთჯერადი პროექტები.

– როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

– თითოეული სამსახური სხვადასხვა დღეებში მაქვს. ჩემი სამუშაო გულისხმობს პირდაპირ ეთერს, ასევე გადაღებებს. ზოგადად ზამთარში უფრო პასიური ვარ, ოღონდ ეს სამსახურს არ ეხება. თუ თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, სახლში დავისვენო ან მეგობრებს შევხვდე, ან მშობლებთან წავიდე, ან ძმისშვილები მოვიყვანო ჩემთან სახლში.

– ანუ ცალკე ცხოვრობთ?

დიახ, ყველანი ცალ-ცალკე ვცხოვრობთ.

– ზოგისთვის საყიდლებზე სიარულიც დამღლელია. თქვენთვის კი, როგორც ჩანს, განმუხტვაა.

– ვგიჟდები სავაჭრო ცენტრებში ბოდიალზე. საზღვარგარეთ წელიწადში ორჯერ მაინც მივდივარ და ბევრ რამეს იქ ვყიდულობ.

– შოპინგი თერაპიაა თქვენთვის?

– მიყვარს ნივთების შეძენა, მაგრამ, ვიღაცები რომ ნევროზისგან განსაკურნებლად ყიდულობენ რაღაცებს, ასეთი რამ არ მჭირს. მე არც შოპინგის მანიაკი ვარ და არც თერაპიად ვთვლი. ჩემთვის სტრესისგან გათავისუფლება, თერაპია ნიშნავს სხვა გარემოს – მასაჟს, სპა-სალონს და ამდაგვარ რაღაცებს.

– გვერდიდან რომ შეხედოთ საკუთარ თავს, ისე, როგორც უცხოს, რას იტყოდით, ეკო ფანგანი როგორი ქალია?

– გადასარევი!

– წლების მატებაზე გეფიქრებათ?

– რა თქმა უნდა. არის ვინმე, რომელიც წლების მატებაზე არ ფიქრობს? გარეგნობის მხრივ არ ვღელავ, რადგან ძალიან კარგი გენეტიკა მაქვს. ახლა საკმაოდ ადრეულ ასაკში უჩნდებათ ჭაღარა, მაგრამ არც ჭაღარა მაქვს და არც ცელულიტი.

– რა მატებს ქალს ქალურობას?

– ზოგი თვლის, რომ გრძელი თმა მატებს ქალურობას, ზოგს მიაჩნია განათლება, ზოგს – კარგი კულინარობა. მოკლედ, ეს ინდივიდუალურია. შინაგანად უნდა იყოს განსხვავებული ქალი, რომელიც ზედმეტ კითხვებს არ აჩენს, მაგალითად, ვიღაცას რატომ მოსწონს ან რატომ არის მიმზიდველი.

მე ვიცნობ გარეგნობით, საქციელით, პროფესიით, ოჯახური თუ სოციალური მდგომარეობით ერთმანეთისგან განსხვავებულ ქალებს და ისინი არიან ძალიან ქალურები, მიმზიდველები და შარმიანები. თითოეულს აქვს განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც მხოლოდ მისია და იმავე რამით შეიძლება სხვა არ იყოს ისეთივე მომხიბვლელი. ინდივიდუალურობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

– გქონიათ იმედგაცრუებები?

– რა თქმა უნდა, მქონია და შეიძლება კიდევ მქონდეს.

– ეს პირად ცხოვრებას უკავშირდება თუ კარიერას?

– ორივეს. როდესაც რაღაცას ელოდები კონკრეტული ადამიანისგან, როცა კარგი გგონია და სხვანაირი აღმოჩნდება, იმედები გიცრუვდება. საქმეშიც ასეა, როცა წარმატებას ელოდები და ყველაფერი სხვანაირად წავა, იმედგაცრუება გეუფლება.

– ვინ ან რა გეხმარებათ რთული პერიოდების გადალახვაში?

– საუკეთესო მეგობრები მყავს. პირადშიც და საქმეშიც ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ბევრი რამ გვაქვს გამოვლილი, მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ.

ძალიან ემოციური, მგრძნობიარე ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. ამავე დროს ძლიერიც ვარ. შემიძლია ყველაფერი რაციონალურად მივიღო, განვსაჯო და შემდეგ განვაგრძო ცხოვრება. შეიძლება რაღაცაზე ვინერვიულო, მაგრამ დეპრესიაში არ ჩავვარდები. მთავარია, ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ და მე არაფრის გამო არ მოვკვდები.

– შესაძლებელია კარიერისა და ოჯახური ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მიკვირს, რომ ამბობენ, ეს შეუძლებელიაო. უბრალოდ საჭიროა დროის სწორად გამოყენება, განკარგვა. ქალი რაც უფრო რეალიზებულია, ოჯახსაც უკეთესად უვლის.

– თქვენ როგორი ცოლი იქნებით, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ამპლუაში თავი?

– საუკეთესო ცოლი ვიქნები. თანამედროვე ადამიანი ვარ, ჩემთვის არ “მოსულა” ასეთი რაღაც – ის კაცია და მე ქალი ვარ, ამიტომ მისი მონა-მორჩილი უნდა ვიყო. ჩემთვის ქალი და კაცი თანაბარუფლებიანები არიან.

– როგორი უნდა იყოს ის ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც ელოდებით?

– როცა ფიქრობ, რომ ასეთი უნდა იყოს, შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირი მოგეწონოს.

– და მაინც, რაიმე კრიტერიუმები თუ გაქვთ მამაკაცის შეფასებისას?

– ქალაჩუნა კაცები არ მიყვარს. არ ვგულისხმობ, რომ მოჩხუბარი და ძველი ბიჭი უნდა იყოს. ვერ ვიტან ჭორიკანა კაცებს, მათ, ვინც ქალებს ცუდად ექცევიან, აგინებენ. ჩემთვის ქალაჩუნობა ამას ნიშნავს და ეს ყველაზე ცუდი თვისებაა. ასეთი კაცები ჩემთვის არიან შინაგანად პატარები. თავშეკავების უნარი ვისაც არ გააჩნია და თან არის ჭორიკანა…

– ალბათ თქვენ გარშემო ბევრი თაყვანისმცემელია. რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან ისინი?

– ყველანაირი ფენის წარმომადგენელი მყოლია და არც მე ამირჩევია მატერიალური კუთხით ვინმე. ჩემი თავის ბატონ-პატრონი ვარ. რამე რომ დამჭირდება და რამე რომ მინდა, თვითონ შემიძლია უზრუნველვყო საკუთარი თავი, ვმუშაობ და ა.შ.

– ახლა კონკრეტული პიროვნება ხომ არ არსებობს თქვენს ცხოვრებაში?

– ახლა არავინ არის, მაგრამ, როცა იქნება, ამას ასე პირდაპირ არ ვიტყვი.

ირმა ჭკუასელი, სარკე