უკვდავების წყალი თბილისში და ავი ჭალის ისტორია

უკვდავების წყალი თბილისში და ავი ჭალის ისტორიამართალია, ავჭალა თბილისს სულ რაღაც 54 წლის წინ  შემოუერთდა, თუმცა ჯერ კიდევ IX – XII საუკუნეებში თბილისის საამიროში შედიოდა და დიდი თურქობის დროს სწორედ აქ იზამთრებდა მტერი.

დასახელება „ავი ჭალაც“ სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ აქ არსებული, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხელსაყრელი ფონი სხვადასხვა რჯულის მოთარეშეებს თბილისისკენ გზას უხსნიდა.

სამკურნალო თვისებების მქონე წყლის გამო, რომელსაც ,,უკვდავების წყალსაც” კი უწოდებენ, ​ავჭალას უამრავი ადამიანი სტუმრობდა და დღესაც სტუმრობს, განსაკუთრებით იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებში. ეს ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კოშკის ახლოს ბარნაბელომიშვილისა და მრევლის ძალისხმევით, იოანე ნათლისმცემლის სახელზე ტაძარი ააგეს, რომელიც 1742 წლის 7 ივლისს, „მესიას“ შობის დღეს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზმა აკურთხა.

იმავე წელს ძლიერმა მიწისძვრამ ტაძრის შესასვლელი ჩამოანგრია. სტიქიით დაზიანებული ადგილების მონახულებისას მეფე თეიმურაზს კოშკიც დაუთვალიერებია და იოანე ნათლისმცემლის ტაძარშიც ულოცია.

1990 წელს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 1994 წლიდან კი დედათა მონასტერი ამოქმედდა. 2000–2001 წლებში, იმავე ეზოში იოანე ნათლისმცემლის მშობლების, ელისაბედისა და ზაქარიას სახელობის ტაძარი ააშენეს.

კვირა.ჯი, წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა