ლუკა ზაქარიაძე: ,,არ ვადასტურებ, რომ ცოლს გავშორდი!”

ლუკა ზაქარიაძე: ,,არ ვადასტურებ, რომ ცოლს გავშორდი!"ალბათ ბევრს აინტერესებს, სად არის მომღერალი ლუკა ზაქარიაძე, რომელმაც პროექტ “საქართველოს ვარსკვლავში” გაიმარჯვა და უამრავი ადამიანი აალაპარაკა თავის ნიჭზე. მაყურებელმა ის შესრულების განსხვავებული მანერით, ინდივიდუალობით დაიმახსოვრა.

“სარკე” დაინტერესდა, როგორ გაგრძელდა ლუკას გზა პირველი სერიოზული გამარჯვების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ლუკამ სოლო კარიერა დროებით გვერდით გადადო, ბენდი შექმნა და სხვადასხვა ბარში ქავერებს მღერის. საკუთარი სიმღერებიც აქვს, მაგრამ სტუდიაში ჩაწერას ვერ ახერხებს ფინანსების უკმარისობის გამო.

ლუკა ბათუმელია, მაგრამ უკვე 6 წელია თბილისში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და გოგონა. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ცოლს გაშორდა. როცა ამის შესახებ კითხვა დავუსვით, ლუკამ ასე გვიპასუხა:

– ამ თემაზე არ მსიამოვნებს საუბარი და ძალიან გთხოვთ, კითხვებს ნუ დამისვამთ. არ ვადასტურებ. საიდან გაიგეთ?! მინდა ერთი რამ ვთქვა: ბედნიერი ვარ ჩემი შვილით, დანარჩენი მოხდება და გაკეთდება იმისთვის, რომ ჩემი მეუღლე და შვილი იყვნენ ბედნიერები. მყავს ორწლინახევრის გოგონა ალესანდრა, რომელიც ძალიან ნიჭიერია.

— მამისგან მუსიკის ნიჭიც გამოჰყვა?

– ჩემი აზრით, გამოჰყვა, კარგად მღერის. მინდა, რომ მამას აჯობოს და ამის პოტენციალიც აქვს. მშვენიერი მშობლები ჰყავს და თავადაც მშვენიერია. როდესაც სიტყვების კარგად გამოთქმას დაიწყებს, აუცილებლად ჩავწერთ დუეტს.

— გავიგეთ, ბენდი შეგიქმნიათ.

– დიახ. შემოქმედებაში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს, ამიტომ მინდა, მსმენელს ასე მივაწოდო სიახლეები, ბენდთან ერთად ივენთები გავაკეთო.

ამჟამად ბენდში ხუთნი ვართ, ამასთან ერთად, ბევრ ადამიანთან ვთანამშრომლობთ. ჯერჯერობით პერფორმანსებით შემოვიფარგლებით. ისეთი ადამიანები ვართ შეკრებილი, რომ ექსპერიმენტებისგან თავს არ ვიკავებთ.

— სტუდიაშიც წერთ სიმღერებს?

– ალბომი და სტუდიური ჩაწერები ჯერჯერობით არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ სხვისი სიმღერების ჩაწერა ცოტა უხერხულია, თუმცა ამას ბევრი ბენდი აკეთებს და იმაზე აქვთ გათვლა, რომ ხალხს თავი გააცნონ, როგორც ქავერბენდებმა. ჩვენ მხოლოდ პერფორმანსებზე ვუკრავთ.

— არც იქ მღერით ქავერებს?

– კი, ქავერებს ვმღერით, მაგრამ სტუდიური ჩანაწერებისგან თავს ვიკავებთ. მე რომ ვიყო როკვარსკვლავი, დავტუქსავდი ისეთ შემსრულებლებს, რომლებიც ქავერებს მღერიან და ამით ცდილობენ პოპულარობის მოპოვებას.

— რატომ აღარ აგრძელებთ სოლო კარიერას?

– ჩვენს ქვეყანაში ყველას უხარია სცენაზე მეტ მუსიკოსს რომ ხედავს, ამიტომ გავაკეთე ბენდი. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ქავერები დამეკრა, ამას მასშტაბური სახე არ აქვს, უბრალოდ ბარებში ვუკრავთ და გვიხარია.

— კონცერტებს არ ატარებთ?

– გააჩნია შემოთავაზებებს. ბევრ რაღაცებზე უარის თქმა გვიწევს. პრინციპში, ჩვენ სადაც ვუკრავთ, ძალიან გვიწყობენ ხელს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევირგოთ მუსიკა. ძალიან გამიხარდება, ზღვისპირეთში თუ წავალთ და ჩემს მშობლიურ ბათუმში დავუკრავთ. იქაური მსმენელი მომენატრა, მინდა, რომ გავახარო.

— თბილისის მერიის ინიციატივით დაიწყო პროექტი “თბილისის ცის ქვეშ”. თქვენ არ გსურთ, ამ პროექტში ჩაერთოთ ან შემოთავაზება არ გქონიათ?

– დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი. თან ჩემი სიმღერები მაქვს, ქართულად ვწერ. მგონი, არც იცის ხალხმა, რომ სიმღერებს ვწერ და ძალიან მინდა, გავაცნო.

რაც შეეხება პროექტს, მგონი, თბილისის მერიას საერთოდ დავავიწყდი. ასე რომ, ცოტა “გატეხილშიც” ვარ. იყო პერიოდი, როდესაც სხვადასხვა ღონისძიებაში ვიყავი ჩართული, კარგი რაღაცები კეთდებოდა და ახლა ეს ყველაფერი შემცირდა.

— თქვენი აზრით, ვისი ბრალია, რომ “დაგივიწყეს”?

– ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან საჭიროა ახალი რამის გაკეთება, რითიც ყურადღებას მივიქცევ. მერიას კი არა, საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რადგან ყველაფერს მოვწყდი. იმედია, ახლო მომავალში დამილაგდება.

– რა იყო მიზეზი, რის გამოც ყველაფერი აირია?

– უბრალოდ ასე დალაგდა – კარგს ცუდი მოჰყვა, ცუდს – კარგი, ახალი ქალაქი და ახალი გამოწვევები იყო. თბილისში 6 წელია ვცხოვრობ და მინდა, რომ აქაური რიტმი შევიგრძნო, რა მოსწონს ხალხს. როგორც დავასკვენი, უფრო ელექტრონული მუსიკა მოსწონთ.

— თქვენ კი როკისკენ იხრებოდით. რეპერტუარში არ გაქვთ ელექტრონული მუსიკა?

– ჩემს რეპერტუარში ნაკლები პოპი და ჯაზია, მაგრამ ჩემი მუსიკა მოსასმენად ღირს. მსმენელიც ნახავს და იმედია, მოეწონებათ.

— როდის აპირებთ მსმენელის გაოცებას?

ამას დრო გვიჩვენებს, ახლა ვერაფერს გეტყვით. ჩემს სიმღერებს მხატვრულად თუ მივუდგებით, მათ განსაკუთრებული მსმენელი სჭირდებათ. მე არ მაქვს “ჰეფი” სიმღერები. ჩემი რეპერტუარი არის ის, რაც ვარ მე. ჩემი პერსონა ამოუხსნელია. მე ასე წარმომიდგენია, ჩემი სიმღერები შოუ უნდა იყოს, მაქსიმალური ენერგია ჩანდეს.

— საკუთარი თავი იპოვეთ თუ ისევ ძიებაში ხართ?

– ლუკას საკუთარი თავი ჯერ არ უპოვია, სულ ძიებაში ვარ.

— არ გიფიქრიათ, რომელიმე კონკურსში ისევ გეცადათ ბედი?

– ერთი რამ უნდა ვცადო – კონცერტები გავაკეთო. იმედი მაქვს, რომ ამაში ხალხი ხელს შემიწყობს. არა მგონია, საქართველოში რაიმე კონკურსში მივიღო მონაწილეობა.

— არც უცხოეთში?

– უცხოეთში – დიდი სიამოვნებით, თანაც ისეთ პროექტში, სადაც მეტი კონკურენცია იქნება და ბევრი შრომაა საჭირო. უცხოეთში ან სასწავლებლად წავიდოდი, ან დავუკრავდი. ხანდახან მიჩნდება სურვილი, რომ უცხოურ “იქს ფაქტორში” გავიდე. თუ ჩემს ინტერვიუს ახლა ვინმე პროდიუსერი კითხულობს, ვეტყვი, რომ მოვუსმენდი და მივიღებდი შემოთავაზებას.

მარი მგალობლიშვილი, სარკე