რა ვუყოთ ჯვარდაწერილ ბეჭედს მეუღლესთან გაყრის შემთხვევაში

რა ვუყოთ ჯვარდაწერილ ბეჭედს მეუღლესთან გაყრის შემთხვევაშისამწუხაროდ, ზოგჯერ სიყვარულით შექმნილი ოჯახებიც ინგრევა. ჯვარდაწერილ წყვილს, რომელიც გაყრისას კვლავ ახალგაზრდა ასაკშია, მეორედ ქორწინების სურვილი უჩნდება. როგორ ეყრება ჯვარდაწერილი წყვილი, რას ნიშნავს “ჯვრის აყრა” და რამდენჯერ გვაქვს დაქორწინების უფლება ეკლსიური წესების მიხედვით.
გვესაუბრება მღვდელმონაზონი ანდრია (სარია):

– როდის არის ეკლესიური გაგებით გაყრა გამართლებული?

–  ქორწინების საიდუმლო ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს და ცენტრალურ ადგილს იკავებს. ოჯახი მცირე ეკლესიას არის შედარებული, რისი დარღვევაც მკაცრად მოეთხოვება ნებისმიერ პირს: “რომელიც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს”… უფლისმიერი კურთხევა სასუფევლამდე უნდა მიყვეს ადამიანს. მცირე მიზეზი ვერასდროს

გახდება ქორწინების დარღვევის საშუალება. ძალიან ბევრი საკითხი წამოიწევა ხოლმე ოჯახში, რასაც გაუგებრობა, ხმის აწევა და კონფლიქტი მოყვება, თუმცა ეს განშორებისთვის საკმარისი არ გახლავთ. შინაგანად ორივე მხარემ უნდა ისწავლოს დათმენა და ატანა. მცირე მანკიერებები გვაქვს, თუ არ ვებრძვით საკუთარ თავში ცუდ ჩვევებს, მოგვეჩვენება რომ კარგები ვართ და სხვას ვებრძოლოთ. მცირედის დაუთმენლობა აუტანლობაში გადაგვივა. სახარებისეული სწავლებით, გაყრა შესაძლებელია თუ რომელიმე მხარე ღალატით შებღალავს ოჯახურ სიწმინდეს

– ქალს და მამაკაცს ერთნაირად მოეთხოვებთ პასუხი ოჯახის დანგრევისთვისა და ღალატისთვის? ცხოვრებაში ასე არ ხდება ხოლმე…

– ყველასთვის ერთი წესია, სქესს არ აქვს მნიშვნელობა. უფალი მცნებებს როდესაც გვიდგენს, გვეხება თანაბრად რადგან სულის გადარჩენას ეხება. შესაძლებელია ადამიანმა აპატიოს, იმ პირობით თუ სინანული დიდია დაშვებულ შეცდომაზე, მაგრამ ადამიანი სამღვდელო კანდიდატი თუა ამ შემთხვევაში მას მოეთხოვება და ვალდებულიცაა სიწმინდით გამორჩეული გოგონა შეირთოს. მღვდელი ეკლესიისთვის საჩვენებელი სახეა. ტაძარში ყველასთვისაა ადგილი და სულიერი ნიშნით ვერ განსაზღვრავ ვინ ვისზე მეტია, მაგრამ, როდესაც ეკლესიის მსახურად გვსურს დაგვადგინონ, აქ ჩვენც მოგვეთხოვება სულიერ სიწმინდესთან ერთად გარეგნული ნიშნითაც გამორჩეულობა.

– რამდენჯერ შეიძლება ჯვრის დაწერა და ჯვრის აყრა? რომელ მეუღლესთან ხვდები სასუფეველში?

– ჯვრის “აყრა” ტერმინი არასწორია და ეკლესიის ისტორიაში ცნობილი არ გახლავთ. ქალი ან კაცი თუ დაქვრივდა ან რაიმე ისეთი მოხდა, რომელიც საეკლესიო სწავლებასთან შეუსაბამობაში მოდის და ერთადერთი საშუალება გაყრაა, ამ შემთხვევაში ნება ეძლევა ადამიანის მეორეჯერაც იქორწინოს, რადგან ეს მრუშობას სჯობს, თუმცა არ არის საუკეთესო გამოსავალი. მეორე და მესამე ქორწინებაზე მღვდელი კითხულობს სასინანულო ლოცვებს და წყვილს მოუწოდებს, უფალს შეავედრონ თავი და სინანულით იღვაწონ, რათა ბოროტმა დაბრკოლებას არ შეამთხვიოს. სახარებაში გვაქვს ნათელი პასუხი, იქ ყველანი ვიქნებით “ვითარცა ანგელოზი”, თუ მოვხვდით სასუფეველში და აღარ იარსებებს ადამიანური საზომები და ცოლ- ქმრობა.

– გაყრის დროს რა ვუყოთ ნიშნობის ბეჭდებს და კელაპტრებს?

– შეგვიძლია შევინახოთ ბეჭედი, ხოლო სანთელი სურვილისამებრ დავანთოთ.

– ანუ ბეჭდის დაბრუნება აუცილებელი არ არის?

– თუ სამართლებრივად არ ითხოვენ, ეს ბეჭედი არის ცხოვრებისეული საჩუქარი და შეუძლია დაიტოვოს, ხოლო სანთლები უბრალოდ დაანთოს.

– ეკლესიური გაგებით, გაყრილი ცოლ-ქმრის შვილი ვისთან უნდა იზრდებოდეს, დედასთან თუ მამასთან?

–  ორივესთან შესაძლებელია, მაგრამ ვინც უფრო მეტად პასუხისმგებლობით უყურებს ოჯახურ საკითხებს და ჭეშმარიტ ორიენტირებს შეასწავლის ბავშვს, სწორედ მასთან მიიჩნევა მოსაწონად.
თეა ცაგურიშვილი, მშობლები