ანი მიროტაძეს პოლიტიკამ მოკლე კაბები დაათმობინა

ანი მიროტაძეს პოლიტიკამ მოკლე კაბები დაათმობინა“სხვის მზერაში კი არ უნდა ამოიკითხო, როგორ გამოიყურები, ეს სარკემ უნდა გითხრას”, – ამბობს “სარკესთან” პოლიტიკოსი ქალი ანი მიროტაძე. მიუხედავად იმისა,რომ რამდენიმე თვის წინ, ზაფხულში, პირველი შვილის დედა გახდა და მის პატარა ბიჭუნას დიდი მზრუნველობა სჭირდება, მაინც პოულობს დროს, რომ გარეგნობას სათანადო ყურადღება დაუთმოს.

სანამ პოლიტიკოსი გახდებოდა, ანი ჟურნალისტი იყო, თავისუფლად იცვამდა და მოკლე კაბებს სწყალობდა. პოლიტიკამ კი მისი გარეგნული სტილი, იმიჯი შეცვალა. მისი ჩაცმულობა მკაცრ ჩარჩოებში მოექცა, ყველაზე ხშირი “მეგობარი” კი პიჯაკი გახდა.

– ანი, როდიდან დაიწყეთ საკუთარ გარეგნობაში ცვლილებების შეტანა?

– ჩემი სტილი ყოველთვის მქონდა. ძალიან თავისუფალი სამოსი მიყვარდა, უარს არ ვამბობდი ძალიან მოკლე კაბაზე და ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც მიხდებოდა. ჩვენს თაობაში ძალიან მოკლე კაბას ბევრი არ იცვამდა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ მხრივ გამორჩეული ვიყავი.

აი, რაც შეეხება მაკიაჟის გაკეთებას, უნივერსიტეტში დავიწყე. მაკიაჟის აქტიური გამოყენება ეთერში ჩემს გამოჩენას უკავშირდება. მოგეხსენებათ, პროფესიით ჟურნალისტი ვარ და, გარდა ბეჭდურ მედიაში მუშაობისა, ტელეწამყვანის გამოცდილებაც მაქვს. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალი იყო, მაკიაჟი მქონოდა. შემდეგ უკვე ეს ჩემი ცხოვრების სტილადაც იქცა.

– აქცენტს რომელ ნაკვთზე აკეთებთ?

– თვალსა და სახის ფერზე. კარგად ვიყენებ თვალის ჩრდილებს, ასევე ტონალურს. ზოგს ბუნებრივად აქვს ძალიან სუფთა სახის კანი. დიდი ბედნიერებაა, როცა დამატებით არ სჭირდებათ სახის დაფერვა. მე კი ამ კატეგორიის ადამიანებს არ განვეკუთვნები.

– მაკიაჟში ერთ-ერთი მთავარი ტუჩსაცხიაო, ამბობენ. ეთანხმებით ამას?

– აბსოლუტურად. ფერი აუცილებლად დიდი ყურადღებით უნდა იქნეს შერჩეული, რადგან არასწორად შერჩეულმა შეიძლება საერთოდ გააფუჭოს კარგად გაკეთებული მაკიაჟი.

გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ხშირად მითქვამს ქალებზე, რომ მათი ტუჩის ფერი მაკიაჟიდან ან ჩაცმულობიდან სრულიად ამოვარდნილია.

– თქვენ რა ფერის ტუჩსაცხებს იყენებთ?

– ძალიან მკაფიო წითელი არ მიყვარს, რადგან არ მიხდება, სხვაზე კი შეიძლება ძალიან მომეწონოს. ტუჩისფერს ვიყენებ, ოღონდ უნდა ეტყობოდეს, ძალიან ლამაზია ალუბლისფერიც.

– როგორ უვლით სახის კანს?

– მგრძნობიარე კანი მაქვს, ყველაფერზე რეაგირებს – გადაღლილობაზე, ნერვიულობაზე, უძილობაზე. ამიტომ ვეშველები. სპეციალური ნიღბები მაქვს, სილამაზის ცენტრების სტუმარიც ხშირად ვარ, რადგან ჩემს სახეს სჭირდება.

ჩემი აზრით, ეს კულტურის ნაწილია. მე ასეთი პრინციპი მაქვს: პირველ რიგში, მხოლოდ ჩემს თავს ვეპრანჭები და მეორე – მინდა, საზოგადოებისთვისაც სასიამოვნოდ გამოვიყურებოდე.

– რას გეუბნებათ სარკე, როცა იხედებით?

– მეუბნება, რომ ძალიან ლამაზი არ ვარ, მაგრამ იმასაც მეუბნება, რომ ყველას თავისი სილამაზე და სტილი აქვს.

– თქვენთვის რას ნიშნავს ქალური სილამაზე?

– ღიმილს. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად იცის ქალმა საზოგადოებაში მოქცევის წესები, რომ სასურველ, საინტერესო ადამიანად გამოიყურებოდეს.

– ამბობენ, რომ 30 წელს გადაცილებული ქალი სხვანაირად მომხიბვლელია. თქვენი აზრით, მომხიბვლელობა წლებსაც მოაქვს?

– როგორ არა, წლებთან ერთად ყალიბდები, იცი, საკუთარ თავს, საკუთარ სილამაზეს როგორ უნდა მოექცე. ქალები მხოლოდ იმის მიხედვით არ უნდა საზღვრავდნენ, მომხიბვლელები და საინტერესოები არიან თუ არა, რამდენ კომპლიმენტს ეტყვიან მამაკაცები. ამას სარკე უნდა გეუბნებოდეს.

– თუმცა საყვარელი მამაკაცის კომპლიმენტიც ქალს ძალიან თავდაჯერებულს ხდის.

– რა თქმა უნდა. როცა ჩემი მეუღლის სახეზე ვხედავ, რომ ძალიან მოსწონს, თუ როგორ გამოვიყურები, ორმაგად თავდაჯერებული ვარ.

– მას შემდეგ, რაც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლეთ, იმიჯი ხომ არ გაგიმკაცრათ?

– კი, თუმცა შეგიძლია აკონტროლო, რომ იმიჯში დიდი განსხვავება არ იყოს. ზოგადად, როგორი გაპრანჭული პიჯაკიც უნდა იყოს, მაინც მკაცრი სამოსია. როცა საზოგადოებასთან ყოველდღიური შეხება გიწევს და მედიის ყურადღების ცენტრში ექცევი, გარკვეული ვალდებულება გაქვს, შედარებით მკაცრი სტილი გქონდეს.

– ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ მისდევთ?

– ამ საკითხში ცოტა წავიზარმაცებ. წონის პრობლემა არ მაქვს და არც არასდროს მქონია. კიდევ კარგი, წონისადმი მიდრეკილება არ მაქვს, თორემ ჭარბი წონის წინააღმდეგ უიმედოდ მებრძოლი ვიქნებოდი, ალბათ ვერასდროს დავამარცხებდი ზედმეტ კილოგრამებს, რადგან გვიან ჭამაზე უარის თქმა არ შემიძლია.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”