თიკა ჯამბურია კრივზე სიარულს იწყებს: “იმდენი ხანია მარტო ვარ, აღარ ვიცი, როგორი ბიჭები მომწონს”

თიკა ჯამბურია კრივზე სიარულს იწყებს: "იმდენი ხანია მარტო ვარ, აღარ ვიცი, როგორი ბიჭები მომწონს"მომღერალი თიკა ჯამბურია რაც ქმარს, ბექა ხოფერიას, გაშორდა, მის პირადს მუდმივად განიხილავდნენ, ჭორ-მართალს ერთმანეთში ურევდნენ. ახლა სიტუაცია ჩაწყნარდა და მშვიდად ცხოვრობს. მგონი, მარტოობა შემიყვარდაო, გამოგვიტყდა მომღერალი.

– თიკა, როგორ შეაჯამებდით 2017 წელს?

– ათქულიანი შეფასების სისტემით 8 ქულას დავუწერდი, არც ცუდი წელი იყო და არც გამორჩეულად კარგი. საქმიანობაში ბევრი სიახლე არ მაქვს, თუ არ ჩავთვლი რამდენიმე ახალ სიმღერას, რომლებიც ჯერ არ წარმიდგენია მსმენელისთვის. პროექტისთვის ვემზადებოდი, კლიპის გადაღება მინდოდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ათასმა პრობლემამ შემიშალა ხელი.

– რა სახის პრობლემებს გულისხმობთ?

– ასე საჯაროდ სათქმელი არ არის, ამ წელს თუ არა, მომდევნო წელს მაინც მოვაბამ თავს.

– გაქვთ შემოთავაზებები, კონცერტები?

– სტაბილურად მაქვს კორპორატიული საღამოები. დიმა კობეშავიძესთან და ბენდ “ბიგ მამასთან” ერთად აქტიურად ვმუშაობ, სხვადასხვა ღონისძიებებზე გვეძახიან.

– ხშირად გითქვამთ, რომ სამთავრობო კონცერტებზე არ გეპატიჟებოდნენ. ამ მხრივ შეიცვალა რამე?

– ახლაც ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად მეძახიან, მაგრამ გარკვეულ ღონისძიებებზე მიწვევენ.

– სიმღერის პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობთ ხოლმე. ახლა არ გაქვთ დამატებითი სამუშაო?

– ბევრჯერ ვცადე სხვა საქმის გაკეთება, მაგრამ მივხვდი, რომ სხვა სფეროს მიმართ ინტერესი არ მაქვს და დიდად არც მეხერხება. ჯერ ბანკში ვმუშაობდი, მერე ერთ-ერთ კომპანიაში – პიარის პოზიციაზე, მაგრამ მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო.

– მერე შემოსავალი გყოფნით?

– გააჩნია პერიოდს, ხანდახან ისე მიეწყობა კონცერტები, საკმაოდ კარგ ჰონორარს ვიღებ. არის პერიოდები, როცა არანაირი შემოსავალი მაქვს. ეს საქმე არასტაბილურია, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. საქართველოში იგივე პრობლემა ბევრ მომღერალს აქვს.

თიკა ჯამბურია კრივზე სიარულს იწყებს: "იმდენი ხანია მარტო ვარ, აღარ ვიცი, როგორი ბიჭები მომწონს"– საკუთარ თავს რა სიამოვნებაზე ვერ ეუბნებით უარს?

– მოგზაურობაზე. სულ ვცდილობ, გარკვეული თანხა გადავინახო, რომ ჩემს დაბადების დღეზე სამოგზაუროდ წავიდე. შარშან ეგვიპტეში ვიყავი. ახლა შრი-ლანკაში მინდა წასვლა.

– ახლა ზოგადად რა პერიოდი გაქვთ, აქტიური თუ პასიური?

– ახლა ცხოვრების ყველაზე მშვიდი პერიოდი მიდგას, რაც ძალიან მომწონს. ძირითადად სახლში ვარ. თუ გავდივარ, მეგობრებთან მივდივარ ან ვსეირნობ.

– ერთ-ერთ ტელეშოუში წონაში დაკლების პირობა დადეთ. ამისთვის საირმეში სპეციალური პროცედურებიც ჩაიტარეთ. დიეტას აგრძელებთ?

– კი, მაგრამ მომაკვდინებელ დიეტას – არა. ჯანსაღად ვიკვებები. არ ვჭამ ცომეულს, ტკბილეულს, შემწვარ-მოხრაკულს და 6 საათის მერეც არ გეახლებით. ჩემი მიზანია, უგემური საკვები შევიყვარო, ვგულისხმობ უმარილო მოხარშულ საჭმელს.

ამ მოკლე ხანში უკვე 8 კილო დავიკელი. სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ და სანამ საკუთარ თავს სარკეში ისეთს არ დავინახავ, როგორიც მინდა ვიყო, მანამდე გავაგრძელებ.

– სასურველი შედეგი რამდენი კილოა?

– მაგალითად, ჩემს ქორწილში 50 კილო ვიყავი. ახლა 50 კილოზე რომ დავდგე, ვფიქრობ, არ მომიხდება. მალე ვარჯიშს დავიწყებ.

– ფიტნესს?

– არა, კრივზე სიარულს ვიწყებ.

– რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც კრივი?

– სპორტის ამ სახეობაში მეტ ენერგიას ხარჯავ და მოკლე დროში დიდ შედეგს იღებ. საკუთარი მწვრთნელი მეყოლება და სასურველ შედეგამდე მალე მიმიყვანს.

– ანუ ბიჭებს უნდა ეშინოდეთ თქვენი?

– არა მგონია, ვინმე ვცემო.

– თქვენი შვილი, ნინა, უკვე სკოლის მოსწავლეა, პირველკალასელი. ახლა როგორია თქვენი ურთიერთობები?

– რაც იზრდება, მეტად ვუახლოვდებით ერთმანეთს, მასთან საერთო ენის გამონახვა არ მიჭირს. კერძო სკოლაში დადის, სადაც სწავლა ძალიან რთულია. შინ რომ ბრუნდება, თავს იწესრიგებს, ჯდება და მეცადინეობას აგრძელებს. მშობელთა კრებაზე ვიყავი და ისე მიქეს, ბედნიერი დავბრუნდი შინ. ნინათი ძალიან ვამაყობ.

– ხომ არ გამოთქვამს სიმღერის სურვილს?

– არა. სიმღერის, სცენაზე დგომის, პოპულარობის დიდი სურვილი არ აქვს, თავის ზედმეტად გამოჩენა არ უყვარს.

– თქვენს ყოფილ ქმარს ორი ქალიშვილი ჰყავს. ნინა თავის დებს კარგად იცნობს?

– ორივე დას იცნობს და ორივე ძალიან უყვარს.

– ზოგიერთ დედას არ სურს ხოლმე, რომ ბავშვს ყოფილი ქმრის შვილებთან, ნახევარ და-ძმებთან ჰქონდეს ურთიერთობა. უკრძალავს მათთან მისვლას და ა.შ. კარგია, რომ თქვენს ურთიერთობაში ეს პრობლემა არ არის.

– ძალიან ცუდი ადამიანი უნდა ვიყო, რომ დებთან ურთიერთობა ავუკრძალო.

– როცა თქვით, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდეა, პირადიც იგულისხმეთ?

– ძალიან მშვიდად ვარ, მარტო ვარ და მარტოობა ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, თუ ვიღაც გამოჩნდება, უარს არ ვიტყვი ურთიერთობაზე, მაგრამ ახლა ეს მდგომარეობა ძალიან მხიბლავს.

– ჭორები, რაც განქორწინების მერე თქვენ გარშემო ტრიალებდა, ჩაცხრა?

– კი და ამით ძალიან გახარებული ვარ. დავიღალე ჩემს პირად ცხოვრებაზე მითქმა-მოთქმით და საჯარო განხილვით.

– მამაკაცის თვისებებიდან ახლა თქვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– იმდენი ხანია ურთიერთობა არავისთან მქონია, მართლა არ ვიცი, როგორი ბიჭები მომწონს. მთავარია, საინტერესო ადამიანი იყოს და არა – ფუტლიარი.

– ურთიერთობა რატომ არ გქონიათ? აღარ არიან თაყვანისმცემლები?

– არ ვიცი, დიდად არ მაქვს ვინმესთან ურთიერთობის სურვილი. მგონი, დავბერდი. სახლიდან გასვლა არ მინდა, როგორც გითხარით, სიმშვიდე მომწონს.

– სიბერეზე რომ ლაპარაკობთ, რამდენი წლის ხართ?

– 26 წლის ვარ, მაგრამ ვიტყუები, რომ 25-ის ვარ.

– ტყუილი რაში გჭირდებათ, 26 წელიც არ არის ბევრი.

– მე მგონია, რომ 26 წელი ძალიან ბევრია. მეგობრები მისწორებენ, არ ხარ 25-ის, 26 წლის ხარო. მათ უხარიათ, წლები რომ მემატება, რადგან ჩემს სამეგობროში ყველაზე პატარა მე ვარ.

სიმართლე რომ გითხრათ, ამ ასაკში უფრო მომწონს საკუთარი თავი და უფრო ხიბლში შევდივარ.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”