ხატია სიჭინავა დედამთილთან კონფლიქტის გამომზეურებას ნანობს – ”ჩემს შეცდომას 2 წამში მივხვდი”

ხატია სიჭინავა დედამთილთან კონფლიქტის გამომზეურებას ნანობს - ”ჩემს შეცდომას 2 წამში მივხვდი”მსოფლიოს ჩემპიონი მოჭიდავის, რამაზ ნოზაძისა და მისი ცოლის, ყოფილი ტელესახის, ხატია სიჭინავას გარშემო მუდმივად არის ინტერესი, მათი ურთიერთობა, ოჯახური ცხოვრება ხშირად არის განხილვის თემა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ცოლ-ქმარი 8 წელია შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და სამი შვილიც, გოგონები, მიყოლებით გააჩინეს. როგორც “სარკეს” უთხრეს, უკვე მეოთხეზეც ფიქრობენ.

– როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ შეხვედრას?

ხატია: პირველი შეხვედრისას აბსოლუტურად მოუმზადებელი, სპორტული ფორმით მივედი. პირველ პაემანზე გოგოები ხომ ძალიან გადაპრანჭულები მიდიან, მე პირიქით გადავწყვიტე, რომ ბუნებრიობა ჯობდა. რამაზიც სპორტულ ფორმაში იყო, რადგან იმ დროს მოქმედი სპორტსმენი გახლდათ. პირველი, რაც ვიფიქრე, იყო ეს: “ვაიმე, ღმერთო, რამხელაა!”.

სახლში დაბრუნებულმა დაქალს ვუთხარი, არ ვიცი, რამაზი როგორი ადამიანია, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ჩემი ქმარი გახდება-მეთქი.

რამაზი: ხატიას ტელევიზიიდან ვიცნობდი, რაღაც შეხვედრებზე მინახავს, მაგრამ მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდით. შემდეგ ეკლესიაში ახლოს გავიცანი, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და პაემანზე დავპატიჟე. მთაწმინდაზე ავედით, ვისაუბრეთ. ჩვენ შორის ის პირველი შეხვედრა გრძელდება და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.

ხატია: ეს იმას ნიშნავს, რომ შეყვარებულობის ეტაპიდან არ გამოვსულვართ და 8 წელია სიყვარულში ვტრიალებთ.

– თუმცა მალავდით, რომ შეყვარებულები იყავით. რატომ?

ხატია: 2 წელი ვმალავდით. მარტო ერთმანეთით ვტკბებოდით, ზედმეტი ჩარევების გარეშე.

– ხატია, გიფიქრიათ, გიოცნებიათ, რომ ცნობილი სპორტსმენის ცოლი გამხდარიყავით?

ხატია: არა. ჩემი იდეაფიქსი იყო, რომ იდეალური ოჯახი მყოლოდა. ეტყობა, იმდენად ხშირად ვფიქრობდი ამაზე, რომ ასეც მოხდა. როგორც ურთიერთობის საწყის ეტაპზე მიყვარდა, ახლაც ისევე მიყვარს.

რამაზი: იმ დიდ სიყვარულს, რომელიც ჩვენ შევქმენით, შვილების სახით უფრო დიდი სიყვარული დაემატა. იმაზე დიდი გრძნობა რა უნდა იყოს, როდესაც დილით საძინებლის კარს შენი შვილი გააღებს, გაგაღვიძებს და გაკოცებს?

– ხატია, როგორი მამაა რამაზი?

ხატია: ფანტასტიკური! გოგოებს აბსოლუტურად ყველა თემაზე ესაუბრება. ისმენს მათ პრობლემებს და საიდუმლოებებს. მკაცრად უდგება შეყვარებულობის საკითხს და ამაზე მეცინება კიდეც.

– როგორ აუდიხართ სამი შვილის მოვლას, აღზრდას?

რამაზი: მე და ხატია შეძლებისდაგვარად ვწვალობთ, რაღაც გაგვაჩნია, მაგრამ მაინც ძნელია სამი შვილის გაზრდა. მინდა, საქართველოს მთავრობამ იმდენი საშუალება მაინც მისცეს ხალხს, რომ ოჯახებს შვილების გაზრდა არ გაუჭირდეთ. დღეს ბევრ ოჯახს არ აქვს იმის პირობა, რომ ერთი შვილი მაინც არჩინოს, არადა ქართველებს მრავალშვილიანობა გვიყვარს.

– თქვენ რა სიძნელეები გაქვთ?

ხატია: შვილებს, რა თქმა უნდა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრება სჭირდებათ. სკოლის გარდა ბევრ წრეზე დაგვყავს. თუ ფინანსები არ გაქვს, ამ ყველაფერს ვერ გასწვდები.

– აპირებთ თქვენი ოჯახის გაზრდას, მეოთხე შვილის გაჩენას?

ხატია: აუცილებლად! ამ საკითხზე ხშირად ვფიქრობთ, მაგრამ წინასწარ ვერ დაგეგმავ, ეს უფლის ნებაა. უბრალოდ, როდესაც მეოთხეზე ვიქნები ორსულად, მინდა, სქესი არ გავიგო და სიურპრიზი მოვუწყო როგორც საკუთარ თავს, ისე ჩემს ქმარს.

– ხატია, სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თქვენმა ინტერვიუმ, რომელშიც ამბობდით, რამაზი უცხოეთში თუ ქალებთან გაივლის, ამას ღალატად არ ჩავთვლიო. დღესაც ასე ფიქრობთ?

ხატია: ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს. ჩემი ქმარი არის აბსოლუტურად თავისუფალი თავის არჩევანში, თავის ქმედებაში. ზოგადად მგონია, რომ კაბაზე გამოკერებული არც ერთი კაცი უნდა იყოს. ცოლმა ყოველ წუთს არ უნდა სწეროს ქმარს, სად ხარ, როგორ ხარო. ამით ვერ დააბამ.

რამაზი: ხატიას გარდა ჩემ გვერდით სხვა ქალი ვერ წარმომიდგენია, მასზე ლამაზი ქალი ჩემთვის არ არსებობს. ისე კომფორტულად ვართ ერთმანეთთან, გინდა, სარეცელი ავიღოთ, გინდა, ჩვეულებრივი ურთიერთობა, რომ… ყველა პოზიციაში ერთმანეთს კარგად ვეწყობით.

– ეჭვიანები არ ხართ?

ხატია: არა. მიუხედავად იმისა, რომ რამაზს საკმარისზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, არ ვეჭვიანობ. როდესაც “ფეისბუქი” გვქონდა, რამაზს სწერდნენ, რომ მოსწონდათ, უყვარდათ და ეს სულ არ მაღიზიანებდა, რადგან ის არის მსოფლიო დონის სპორტსმენი. ჩემთვის მთავარი არ არის, ვის მოსწონს და ვის უყვარს, მთავარია, თავად ვინ მოსწონს და ვინ უყვარს. როგორი მონადირეც უნდა იყოს ქალი, თუ კაცს ერთი რჩეული ჰყავს, მაშინ არავისკენ გაიხედავს.

– ხატია, დედამთილთან თქვენი კონფლიქტის შესახებ ყველამ გაიგო, როცა “ფეისბუქში” ღიად დაუპირისპირდით ერთმანეთს. ახლა როგორ არის საქმე, თქვენ შორის დალაგდა ურთიერობა, შერიგდით?

ხატია: დედამთილთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. შეცდომა ყველას მოსდის, მე ხან დედაჩემთან მომდის კონფლიქტი. მეც ვუშვებ შეცდომებს და კამათი ყველა ოჯახშია. ჩემი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ ეს არ უნდა გამხდარიყო სოციალური ქსელის გასარჩევი თემა.

ჩემს შეცდომას 2 წამში მივხვდი და პოსტი ავიღე, მაგრამ უკვე გაზიარებული ჰქონდათ. ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს, რადგან იმაზე, რაც ორ დღეში მოგვარდა, ერთი წელია მიდის საუბარი. ეს ხალხი სხვისი ცუდად ყოფნით იკვებება.

– რამაზ, სიდედრთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

რამაზი: ძალიან ჯიგარი სიდედრი მყავს. მარინა ძალიან კარგი ქალია და, როდესაც ჩამოდის ჩვენთან, სიცოცხლე შემოაქვს.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”