გუგული მაღრაძე ქალიშვილს და სიძეს მზითევში ერგო – ”პარლამენტის ქუთაისში გადატანა მარტო ჩემს სიძეს გაუხარდა”

გუგული მაღრაძე ქალიშვილს და სიძეს მზითევში ერგო - ”პარლამენტის ქუთაისში გადატანა მარტო ჩემს სიძეს გაუხარდა”პარლამენტის დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, გუგული მაღრაძემ, სიძისა და ქალიშვილის სახლში უმასპინძლა ჟურნალ “სარკეს” – თბილისში, ფიქრის გორაზე, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, დუპლექსის ტიპის ბინაში. მარტოობა არ უყვარს, ამიტომ მისი ბინა თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, ხან გაქირავებულია, ხან კი უბრალოდ დაკეტილი.

– რამდენი წელია, რაც ამ სახლში ცხოვრობთ?

– 2003 წლიდან. ძალიან კომფორტული სახლია. ორიენტირებული ვართ კომფორტზე და არა – ფუფუნებაზე. ჩვენს სახლში ვერ ნახავთ ნივთებს, რომლებსაც დანიშნულება არ აქვს.

არ მიყვარს სტუმრად მისვლა, მეჩვენება, რომ სხვის სახლს კომფორტი აკლია. მირჩევნია, ჩვენთან მოვიდნენ, თუმცა ყოველდღე სტუმრიანობა არ გვაქვს. ტრადიციულ, სტუმრიან ოჯახში გავიზარდე, მაგრამ მიჩვეული ვიყავი, რომ სტუმარი გაუფრთხილებლად არ უნდა მოსულიყო. გაუფრთხილებლად არასდროს არავისთან მივდივარ.

– მანამდე სად ცხოვრობდით?

– აქვე – ვერაზე, მანამდე კი დიდუბეში, სადაც ახლა ჩემი ძმა ცხოვრობს.

– ეს სახლი თქვენი შეძენილია?

– ჩემი სიძის სახლია. მე პეტრიაშვილის ქუჩაზე მაქვს ბინა, მაგრამ მარტო ყოფნა არ შემიძლია და ამიტომ აქ ვცხოვრობ. იმ სახლს ხან ვაქირავებ, ხან დაკეტილი მაქვს.

– ზოგი სიძე უარს ეტყოდა სიდედრს, რომ საცხოვრებლად მის სახლში გადასულიყო.

– სიძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თან ერთი შვილი მყავს და სადაც ჩემი შვილი იქნება, მეც იქ ვიქნები. რაც ჩემი ქალიშვილი გათხოვდა, რამდენიმე თვე იყვნენ უჩემოდ, მერე აქ გადმოვედი. სიძეს ვეუბნები ხოლმე, დედისერთას რომ თხოულობდი, ხომ იცოდი, რომ სიდედრი მზითევში გამოგყვებოდა-მეთქი.

გუგული მაღრაძე ქალიშვილს და სიძეს მზითევში ერგო - ”პარლამენტის ქუთაისში გადატანა მარტო ჩემს სიძეს გაუხარდა”– რა ფართი აქვს ამ სახლს?

– 180 კვადრატული მეტრია.

– როგორც ვხვდები, ანტიკვარიატის მოყვარული არ ხართ.

– არ ვარ და არც გვაქვს. ჩემს ოჯახში არის ბებია-ბაბუის დროინდელი რამდენიმე ნივთი, მაგალითად, პატარა მრგვალი მაგიდა, რამდენიმე ლარნაკი, ლამპა… ჩემი სახლიდან მხოლოდ კუზნეცოვის ჩაის სერვიზი წამოვიღე აქ.

მიკვირს იმ ხალხის, ვისაც სახლში კომფორტი არ აქვთ, მოწესრიგებული არ აქვთ გათბობის სისტემა, მაგრამ უკიდიათ ძვირფასი ფარდები. კიკეთში სახლი გვაქვს, სადაც ინტერნეტიც გვაქვს, ცივი წყალიც და ცხელიც. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩუქურთმები.

– ბევრი დიასახლისისთვის ნივთების შეძენა სასიამოვნო პროცესია. თქვენთვის – არა?

– სახლის ნივთების – კი, უცხოეთიდან მომაქვს მაგიდის გადასაფარებლები. ეს ჭრელი ვაზა წლების წინ იაპონიიდან ჩამოვიტანე. ახლობლები სიცილით კვდებოდნენ, ხალხი იაპონიაში მანქანების საყიდლად ჩადის, გუგულიმ კი ვაზა ჩამოიტანაო.

– კედლებზე რომ ნახატები კიდია, ვისი შეძენილია?

– ჩემმა ქალიშვილმა შეიძინა. არ ვარ მხატვრობის მოყვარული, მხოლოდ იმპრესიონისტები მიყვარს. ერთი ნახატი 1988 წელს ვლადივოსტოკში ვიყიდე. ერთი გემი ქართველები ვიყავით, ხალხმა წამოიღო ტანსაცმელი, მე – ნახატი.

ჩემს შვილს ძალიან უნდოდა დიზაინერობა, მაგრამ ვუთხარი, რას ლაპარაკობ, მხატვრები შიმშილით კვდებიან-მეთქი. ამიტომ დაამთავრა იურიდიული, ეკონომიკური ფაკულტეტები, ისწავლა უცხო ენები. ამის მიუხედავად, დღემდე მსაყვედურობს, რომ შევეწინააღმდეგე. მეუბნება, ჩემგან კარგი დიზაინერი გამოვიდოდაო და მართალიც არის.

გუგული მაღრაძე ქალიშვილს და სიძეს მზითევში ერგო - ”პარლამენტის ქუთაისში გადატანა მარტო ჩემს სიძეს გაუხარდა”– თქვენ მიერ შემუშავებული კანონიდან გამომდინარე, ალბათ არავის აძლევთ უფლებას, სახლში სიგარეტი მოწიოს.

– ცხადია – არა. ჩემს ოჯახში არავინ ეწეოდა, არც მამა, არც დედა და არც ბაბუა.

– თქვენც არასდროს გაგისინჯავთ?

– არასდროს, იმდენად ცუდად მოქმედებს, სადღაც რომ ეწევიან, ცუდად ვხდები. არც ჩემს ქალიშვილს გაუსინჯავს.

– ლამაზი სამზარეულო გაქვთ, საიდანაც თბილისის ხედი ჩანს. გიყვართ კულინარობა?

– არა. არადა კარგ ტონად ითვლება, როცა პოლიტიკაში, მეცნიერებაში ხარ და პლუს შეგიძლია კარგი დიასახლისობა. ამით ბევრი იწონებს თავს, მე კი სამზარეულო არ მიყვარს. დალაგება – კი, ბატონო, არეულ სახლში არაფრით გავჩერდები.

– გურმანი ხართ?

– ვერ ვიტყვი. უფრო ევროპულ სამზარეულოს ვანიჭებ უპირატესობას. უცხოეთში ერთ ელჩთან ვიყავი სტუმრად და თევზთან ერთად მოგვართვა თაფლსა და შავ ღვინოში მოხარშული მსხალი. ჩვენთან პატარ-პატარა “რესტორანჩიკები” რომ გახსნეს, შეიძლება მსგავსი საჭმელი მიირთვა, მაგრამ ზუსტად ისეთი – არა.

გუგული მაღრაძე ქალიშვილს და სიძეს მზითევში ერგო - ”პარლამენტის ქუთაისში გადატანა მარტო ჩემს სიძეს გაუხარდა”– რას საქმიანობენ სიძე და ქალიშვილი?

– ჩემი ქალიშვილი, მაგდა, ფონდ “ათასწლეულის გამოწვევის” აღმასრულებელი დირექტორია. ჩემი სიძე, ირაკლი ღურჭუმელია, ბიზნესშია. გააკეთა ქარხანა, სადაც ბიო ჩაი მზადდება. ირაკლის მამა, ალიოშა ღურჭუმელია, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრის გამგე გახლდათ, დედა, ქალბატონი ნორა, რუსული ენის სპეციალისტია.

– სიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ძალიან კარგი, შეხუმრებულები ვართ ერთმანეთთან. 2012 წლის 1 ოქტომბერს რომ გავიმარჯვეთ და პარლამენტის წევრი გავხდი, შტაბის წინ მთელი ღამე ზეიმი იყო. სახლში დილით დავბრუნდი. 2 საათის ჩაძინებული ვიყავი, მომიკაკუნა საძინებლის კარზე და მკითხა: “რა ვქნათ, რომელი ჩემოდანი ჩაგილაგოთ?”. ვკითხე, რა ჩემოდანი-მეთქი. მიპასუხა: “ხომ მიდიხართ ქუთაისში”.

ვხუმრობ ხოლმე, მარტო ჩემს სიძეს უხარია, რომ პარლამენტი ქუთაისშია, მისი სიდედრი კვირაში რამდენიმე დღე მაინც არ არის სახლში-მეთქი. ნუ, ახლა სიდედრი მთლად ადვილი ასატანი არ არის, მაგრამ… ცუდი ხასიათი არ მაქვს, თუმცა კრიტიკული ვარ, ვიცი ხოლმე გაკენწვლა.

ჩემი სიძის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ცოლ-შვილი უყვარს, ოჯახის პატივისმცემელი, წესიერი, მშრომელი კაცია. მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის.

– როცა პენსიაში გახვალთ, არც მერე იცხოვრებთ მარტო?

– არა. მშვენივრად ვგრძნობ თავს აქ. როგორც გითხარით, კიკეთში გვაქვს აგარაკი, ქობულეთში, ზღვისპირას – პატარა ბინა.

– სად დაიბადეთ და გაიზარდეთ?

– წყალტუბოში დავიბადე, მერე რამდენიმე წელი ბებია-ბაბუასთან თბილისში ვცხოვრობდით. შემდეგ მამა წავიდა ზესტაფონში მთავარ ინჟინრად. სკოლა იქ დავამთავრე, მერე ისევ წამოვედით თბილისში, დიდუბეში, დედაჩემის სახლში.

– მეუღლე არ გიხსენებიათ…

– მეუღლე არ მყავს. ჩვენ მოსკოვში ვცხოვრობდით, მერე დავცილდით.

– რაზე ოცნებობთ?

– მინდა, ცოტა დავიკლო. უცხოეთში მაღაზიებში შევდივარ ჩემი ზომა მოდური ტანსაცმლის საყიდლად, მაგრამ, როგორც წესი, მოდური ტანსაცმელი ჩემი ზომა არ არის. მოდა მთავრდება 42-ზე, მე 50 ზომის სამოსი მჭირდება.

იტალიაში მაღაზიის კართანვე ვკითხულობ: “გაქვთ ჩემი ზომები?”. რომ მპასუხობენ: “არა”, უკან ვბრუნდები. ისე კი, ჩემი ზომის მოდური ტანსაცმელი ბევრი რომ იყოს, ძალიან ბევრს შევიძენდი.

– ამას განიცდით?

– ძალიან – არა, მაგრამ ხანდახან ვშაყირობ ხოლმე. კვირაში სამჯერ ცურვაზე დავდივარ. ცოტა გამხდარი რომ ვიყო, ეს ჯანმრთელობაზეც კარგად აისახებოდა.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”