დიკო ჯოჯუას დიეტები სჭირდება – “ვჭამ მწვანე ბოსტნეულს, რაც ცხიმების წვასაც უწყობს ხელს”

დიკო ჯოჯუას დიეტები სჭირდება -  "ვჭამ მწვანე ბოსტნეულს, რაც ცხიმების წვასაც უწყობს ხელს"საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” წამყვანი დიკო ჯოჯუა ძალიან უფრთხილდება საკუთარ მსუბუქ წონას, რომლის შენარჩუნებასაც ვარჯიშით და სწორი კვებით ცდილობს. კანის მოვლის, ფიგურისა და კარგი განწყობის შენარჩუნების მეთოდები ტელეწამყვანმა “სარკეს” გაუზიარა:

– ვცდილობ, სპორტდარბაზში სტაბილურად ვიარო და ჯანსაღად ვიკვებო. სამწუხაროდ, სიგარეტის მოწევას თავი ვერ დავანებე, რაც ხელს ძალიან მიშლის, მაგრამ პირობას ვდებ საკუთარ თავთან, რომ ამ პრობლემასაც მოვაგვარებ. ფეხით ვერ დავდივარ, მაგრამ ამის კომპენსირებას სპორტდარბაზში ვცდილობ.

– რამდენი ხანია, რაც ასეთი წესით ცხოვრობთ?

– ბოლო 10 წელია, სტაბილურად მივყვები ჯანსაღი ცხოვრების წესს, პატარა ჩავარდნებს თუ არ გავითვალისწინებთ. გარდა იმისა, რომ ფორმაში შეგიძლია იყო, ვარჯიში განწყობაზეც ძალიან მოქმედებს, ამ დროს კარგ ხასიათზე ხარ.

– ჟურნალისტის რეჟიმს თუ გავითვალისწინებთ, სწორი კვება საკმაოდ რთულია. თქვენ როგორ გამოგდით ეს?

– ვცდილობ, ცილა და ბოსტნეული მივიღო, ოღონდ მწვანე ბოსტნეული, რაც ცხიმების წვასაც უწყობს ხელს. მწვანე ბოსტნეულში სალათის ფოთლებს, ბროკოლს და ა.შ. ვგულისხმობ.

პერიოდულად დიეტაზე ყოფნა მიწევს, მეც ადამიანი ვარ, ტკბილი მიყვარს და ზოგჯერ ხელი გამექცევა ხოლმე, მაგრამ განტვირთის რამდენიმე დღეს ვაწყობ და ისევ ძველ ფორმას ვუბრუნდები. ასე ვინარჩუნებ წონას – ვარჯიშით და სწორი კვებით.

მიყვარს, როცა ჩემთვის იდეალურ წონაზე ვარ. აქედან გამომდინარე, არ მომწონს არც ერთი მომატებული კილოგრამი. როგორც კი უმნიშვნელო ცვლილებას ვამჩნევ, ერთ ან ორდღიან განტვირთვას ვაკეთებ.

– თქვენი განტვირთვა რას გულისხმობს?

– აუცილებელი პირობაა დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ოღონდ წყლის სახით. ჩაი, ყავა არ გვინაზღაურებს იმას, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება.

– თუ საიდუმლო არ არის, რამდენია თქვენთვის იდეალური წონა?

– 49-50 კილო.

– როცა ამ კილოგრამებს გადასცდებით, ეს განწყობაზე აისახება?

– ჩემს განწყობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. რამდენჯერმე მქონდა მცდელობა, მოწევისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ იმდენად ნეგატიურად აისახა ჩემს წონაზე, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ ისევ დავიწყე.

გარდა იმისა, რომ წონის მატება განწყობაზე ცუდად მოქმედებს, არც კანისთვის არის მისი ცვალებადობა კარგი. ამიტომ, ვცდილობ, მაქსიმუმი, 2-3 კილოს არ გავცდე.

– რა მეთოდებით უვლით კანს?

– საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ კანი კარგ ფორმაში გქონდეს. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პროცედურაა ბიორევიტალიზაცია. ასევე საკმაოდ ხშირად, დღეგამოშვებით ვიკეთებ სახის სხვადასხვა ნიღბებს, ვიყენებ საცხებს. ბევრი პროცედურაა, რომლებიც მიყვარს. ძალიან კარგია სახის მასაჟიც.

– პლასტიკური ქირურგიაც გამოყენებული გაქვთ?

– ამ ეტაპზე მეტნაკლებად მაკმაყოფილებს, როგორიც ვარ.

– ბოლო პერიოდში სულ მოკლე ვარცხნილობას ატარებთ. როგორც ჩანს, გარდა იმისა, რომ ძალიან მოიხდინეთ, პრაქტიკულიც აღმოჩნდა თქვენთვის.

– 2 წლის წინ შევედი სალონში და თმის მოკლედ შეჭრის გადაწყვეტილება მივიღე. არაჩვეულებრივი სტილისტი მყავს – არტურ ავაკოვი, რომელსაც უსაზღვრო ფანტაზია აქვს. მე კი ექსპერიმენტებისთვის ყოველთვის მზად ვარ და ვფიქრობ, ცუდი არ გამოდის. ეს ეხება ვარცხნილობასაც და ფერსაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჟღალ ფერს ვატარებ, ამასაც აქვს თავისი ტონალობები. ხან ღია მაქვს, ხან – მუქი. სტილისტი მეუბნება, რომ ახალ საღებავს ელოდება და შეიძლება სულ სხვანაირი ჟღალი თმა მქონდეს.

– ჟღალი თმა მაკიაჟის, სამოსის ფერების სპეციალურად შერჩევას არ მოითხოვს?

– ამ ფერის თმას არანაირი პრობლემა შეუქმნია ჩემთვის არც სამოსის, არც მაკიაჟის შერჩევაში. შეიძლება რაღაც ფერი ნაკლებად უხდება, რაღაც – უფრო მეტად, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს პრობლემურია. ნებისმიერ ფერს ვიხდენ.

– როგორც ქალისთვის, რა სახის კომპლიმენტია თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო?

– ყველაზე დიდი კომპლიმენტია, როცა მეუბნებიან, რომ საინტერესო ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტია, როცა ამბობენ, რომ კარგად გამოვიყურები.

– და ბოლოს, როგორ ეგუებით ასაკის მომატებას?

– ჩემთვის წლების მატებას არანაირი პრობლემა შეუქმნია. მიხარია ცხოვრება, ურთიერთობები, ჩემი ოჯახი, მეგობრები. როცა მეტი ნაოჭი გამიჩნდება, შეიძლება ამან შემაწუხოს, მაგრამ ჯერჯერობით, წლების მატებას არანაირი დისკომფორტი შეუქმნია.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”