ნუნუ გაბუნია: ,,ჩემი ქმრის თვითმკვლელობას ლეილა აბაშაძეს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ჩვენი გაშორების მიზეზი ნამდვილად იყო”

ნუნუ გაბუნია: ,,ჩემი ქმრის თვითმკვლელობას ლეილა აბაშაძეს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ჩვენი გაშორების მიზეზი ნამდვილად იყო"გოჩა აბაშიძის არასრულწლოვანი ცოლი

მსახიობმა გოჩა აბაშიძემ და ნუნუ გაბუნიამ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მაშინ ნუნუ სკოლის მოსწავლე იყო. წვეულების შემდეგ გოჩამ და მისმა მეგობარმა სახლამდე მიაცილეს. მეორე დღეს კი გოჩა დიდი ხნის ნაცნობივით გაბუნიებს სახლში ესტუმრა.

ნუნუ გაბუნია:

– გოჩა უშუალო და უკომპლექსო იყო. წინა საღამოს გამიცნო და მეორე დღეს სტუმრად მოვიდა. მას იღებდნენ ფილმში “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”. მიხაროდა, “ცოცხალი” მსახიობი რომ გავიცანი. ჩვენთან ისე ხშირად მოდიოდა, შინაურად ვთვლიდით. მეზობლებსაც კი იცნობდა. ძმასავით ვუყურებდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიყვარულს ამიხსნიდა.

– სიყვარულის გრძნობა პირველად მას გაუჩნდა?

– ერთხელ მითხრა, თუ ჩემი არ გახდები, თავს მოვიკლავო. მაშინ გოჩა უკვე პოპულარული მსახიობი იყო და მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. მისმა ნათქვამმა დამაბნია, გაურკვევლობის გრძნობა გამიჩნდა. ვუთხარი, სიგიჟე რომ გაუვლიდა, მერე შემხვედროდა.

გოჩასთან სიახლოვეს მიჩვეული ვიყავი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ მის გარეშე რაღაც მაკლდა. მალე გოჩა ისევ მოვიდა და თქვა, რომ უჩემოდ არ შეეძლო და “გიჟური” აზრი არ შეუცვლია.

ამ პერიოდში გოჩას მძიმე ოჯახური პირობები ჰქონდა. მამამისი გადასახლებიდან ჩამოვიდა და გარდაიცვალა. დედამისს სხვა ქმარი ჰყავდა, რის გამოც გოჩა ძალიან ნერვიულობდა. ფილმის “ჩრდილი გზაზე” გადაღებაზე მიდიოდა. წასვლამდე მთხოვა, ხელი მოგვეწერა და, სანამ სკოლას არ დავამთავრებდი, ნამდვილ ცოლქმრობას არ მომთხოვდა, თითსაც არ დამაკარებდა. იძახდა, სხვანაირად, გადაღებაზე დამშვიდებული ვერ ვიქნებიო.

არ მინდოდა, მისთვის სანერვიულო დამემატებინა, ამიტომ ვიფიქრე, ჯანდაბას ჩემი თავი-მეთქი და ხელის მოწერაზე დავთანხმდი.

ნუნუ გაბუნია: ,,ჩემი ქმრის თვითმკვლელობას ლეილა აბაშაძეს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ჩვენი გაშორების მიზეზი ნამდვილად იყო"– სკოლის მოსწავლემ მოაწერეთ ხელი?!

– არასრულწლოვანი ვიყავი და ჩემი ხელის მოწერა არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, გოჩამ ეს მაინც მოახერხა. მმაჩის ბიუროში თავდებად დადგომა უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორს სთხოვა.

ხელმოწერის დღეს, 17 აპრილს, საშინელი ქარი ქროდა. მმაჩის ბიურო თავისუფლების მოედანზე, სარდაფის მსგავს პატარა, ჭუჭყიან შენობაში იყო. უღიმღამო სიტუაციაში მოვაწერეთ ხელი. გარეთ რომ გამოვედით, ვფიქრობდი, ღმერთო, ნეტავ, ახლა ისე გავცივდე, ავად გავხდე და მოვკვდე-მეთქი. არ ვიცოდი, დედისთვის ეს ამბავი როგორ უნდა მეთქვა.

– დედათქვენმა არ იცოდა?

– მამა 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა იმედებს ჩემზე ამყარებდა. უნდოდა, უმაღლესში ჩამებარებინა, მესწავლა. რომ სცოდნოდა, სკოლის მოსწავლე ხელს ვაწერდი, ნებას როგორ მომცემდა?! გოჩას ვთხოვე, ქორწინების საბუთი არავისთვის ეჩვენებინა, მაგრამ იმ დღესვე მიუტანა დედაჩემს. დედას ნერვიულობაზე მარცხენა მხარე გაუჩერდა და კარგა ხანს იწვა.

– ქმარს სიყვარულით არ გაჰყევით?

– გოჩას მიმართ სხვანაირი სიყვარული მქონდა. მის ახლობლებს სწყინთ, ასე რომ ვამბობ, როგორ შეიძლება, გოჩა არ ჰყვარებოდაო. ვერ გამიგია, რა არის ამაში წარმოუდგენელი. ხომ შეიძლება, სრულიად მახინჯი შეგიყვარდეს ან ულამაზესი ადამიანის მიმართ ეს გრძნობა არ გაგიჩნდეს? გოჩასთან ისე ახლოს ვიყავი, მას, როგორც მამაკაცს, ისე არ ვუყურებდი. სხვა მომწონდა და ეს გოჩამაც იცოდა. ასეთ რაღაცებს ვუმხელდი კიდეც, რადგან მეგობრად მივიჩნევდი.

ხელის მოწერის შემდეგ გოჩა გადაღებაზე კახეთში წავიდა. შემპირდა, ამ ამბავს არ გაამჟღავნებდა, მაგრამ საიდუმლო არც ამჯერად შეუნახავს. გადაღებაზე ყველასთვის მოუყოლია ჩვენი ქორწინების ამბავი.

პატარძალი საქორწინო ბეჭდის გარეშე

დაპირების მიუხედავად, გოჩა აბაშიძე და ნუნუ გაბუნია ნამდვილი ცოლ-ქმარი ძალიან მალე გახდნენ. როცა გოჩა გადაღებიდან დაბრუნდა, ცოლი ბებიასთან და ბიძასთან, საჩხერის რაიონში, სოფელ ჭალაში წაიყვანა. სახლთან მისასვლელად ბონდის ხიდი უნდა გადაევლოთ, რომელიც დანგრეული იყო. სოფლის ბავშვები მასზე იოლად დარბოდნენ, პატარძალს კი ისე შეეშინდა, ნაბიჯს ვერ დგამდა. გოჩამ ცოლი ზურგზე მოიკიდა და ისე გადაარბენინა ხიდზე.

– ქორწილი არ გვქონია. საქორწინო ბეჭედიც კი არ გამაჩნდა, რაზედაც ძალიან მწყდებოდა გული. გოჩას მამის დატოვებული ოქროს მონეტა ჰქონდა. მპირდებოდა, რომ ამით ქორწინების ბეჭედს გააკეთებინებდა, მაგრამ ამის უფლება დედამისმა არ მისცა, – იხსენებს ნუნუ გაბუნია.

ხელმოწერიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 3 აპრილს, მათ გოგონა შეეძინათ, მანანა. ბავშვი 5 კილოს იწონიდა და მშობიარობამ საკმაოდ რთულად ჩაიარა. ახალგაზრდა დედას სისხლდენა დაეწყო და კინაღამ მშობიარობას გადაჰყვა. 40 წუთი გათიშული იყო.

ამ დროს მისი მეუღლე და დედამისი საავადმყოფოს ეზოში იყვნენ. გოჩა ექიმებს ჟანგბადის ბალიშების ჩატუმბვაში ეხმარებოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი მისი მეუღლისთვის სჭირდებოდათ. ახალშობილი ძალიან ჰგავდა მამას.

– მანანას ჩემი ქმრის წარბები ჰქონდა. გოჩა სამშობიაროში ხშირად მოდიოდა. ამაყობდა, გოგონა მას რომ ჰგავდა. ბავშვს სახელი მე დავარქვი, მაგრამ მასაც ძალიან მოსწონდა. ამბობდა, მანანა აბაშიძე კარგად ჟღერსო.

ფილმ “მაია წყნეთელის” გადაღებები გორში ჰქონდა. ბავშვთან ერთად მეც იქ ვიყავი. მაშინ მანანა წლისაც არ იყო… ჩვენი შვილი 3 წლის იყო, გოჩამ თავი რომ მოიკლა და მამა ბუნდოვნად ახსოვს, – გვიყვება ქალბატონი ნუნუ.

ღალატი

მათი ცოლქმრული ურთიერთობა მალე დასრულდა. მართალია, არ გაყრილან, მაგრამ ნუნუმ ქმრის ოჯახი მიატოვა და ბავშვთან ერთად წავიდა. ამისათვის კი საკმაოდ ობიექტური მიზეზი ჰქონდა – მეუღლის ღალატი. მათი დაცილების მიზეზი გოჩასა და მსახიობ ლეილა აბაშიძის სასიყვარულო ისტორია გახდა.

ნუნუ გაბუნია:

– გოჩა მეუბნებოდა, გონზე მოხვალ და მიხვდები, რომ ზოგჯერ ადამიანებს რაღაცები ეშლებათო. მისგან ასეთი საქციელი ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ლეილა და გოჩა ნათესავები იყვნენ. ლეილა ძალიან მიყვარდა და მასთან ახლო ურთიერთობაც მქონდა. მისგან ღალატიც არანაკლებ მეწყინა. ფაქტობრივად ორი ადამიანი ერთდროულად დავკარგე.

– ხალხში ასეთი ხმებიცაა გავრცელებული, რომ გოჩა აბაშიძემ სწორედ ქალბატონი ლეილას გამო მოიკლა თავი.

– ჩემი ქმრის თვითმკვლელობას მას ვერ დავაბრალებ, თუმცა ჩვენი გაშორების მიზეზი ნამდვილად იყო. ისიც ფაქტია, რომ გოჩა თავს არ მოიკლავდა, გვერდით ცოლ-შვილი რომ ჰყოლოდა.

მისი ტრაგიკული გარდაცვალების რეალური მიზეზი კი “პობედა” გახდა. გოჩამ მანქანის გაყიდვა მოინდომა. ამ პერიოდში ფილმ “თეთრ ქარავანში” მთავარ როლზე მიიწვიეს. ფიქრობდა, მანქანას გავყიდი, ფულს დავამატებ და უკეთესს ვიყიდიო.

“პობედა” სომეხს მიჰყიდა, მაგრამ მან გაფორმება ვერ მოახერხა და უკან მოუყვანა. გოჩას მანქანის ფული უკვე დახარჯული ჰქონდა, რადგან დედამისს დასჭირდა.

გოჩამ ფილმის დირექტორს ავანსის წინასწარ მიცემა სთხოვა, მაგრამ უთხრეს, როლიდან მოხსნილი ხარო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთელი წელი უმუშევარი უნდა ყოფილიყო. არავინ იცის, გამწარებულმა დირექტორს რა უთხრა. მდივანმა მხოლოდ დირექტორის პასუხი გაიგონა, შავგულიძე მოკვდა და არავინ წაჰყოლია, შენ ვინ ხარო. ამ პროცესებმა აიძულა იგი, 24 წლის ასაკში საბედისწერო გადაწყვეტილება მიეღო და შაბიამანი დალია.

ნელი ვარდიაშვილი, “სარკე”, 2006