თამრიკო ჭოხონელიძე: ,,მე და გია ლამის ცუდად ვხდებით, ზოგჯერ იმდენს ვიცინით… სასოწარკვეთილი დიასახლისი ვყოფილვარ”

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,მე და გია ლამის ცუდად ვხდებით, ზოგჯერ იმდენს ვიცინით... სასოწარკვეთილი დიასახლისი ვყოფილვარ"მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე თავის ცხოვრებაზე, გადატინილ ტკივილებზე ,,კვირის პალიტრასთან” გულახდილად საუბრობს:

-მახსოვს, მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ერთხელ უფროსი ასაკის კაცი მომიახლოვდა და მკითხა: არ გეუბნებიან, რომ ლამაზი თვალები გაქვსო? ვუპასუხე: არა-მეთქი. – ძალიან ცუდიო, – მითხრა, – მე მინდა, ეს იცოდეო. არადა  ბავშვობაში ცოტათი უფრო ,,გამირბოდა” თვალი და სულ ამის პრობლემა მქონდა. მერე თვალის ერთ-ერთმა სპეციალისტმა დამამშვიდა: – დიდი გოგო რომ გაიზრდები და ტოლსტოის ნაწარმოებს წაიკითხავ, ნახავ, რომ იქ ავტორს უწერია – ყველა ლამაზი თვალი ცოტათი სიელმისკენ ,,მიდისო”. ჩემთვის ეს დამამშვიდებელი იყო.

– თქვენ შესახებ ყველაზე უცნაური ჭორი რა გაგიგონიათ?
– ერთადერთი, რაზეც ტალახი ვერ მომცხეს, ეს ჩემი ყოფაქცევაა. როგორც ჩანს, ვერ გაბედეს და რაღაცნაირად, ბინძურ ჭორებს ავცდი.

– თქვენც და თქვენი ყოფილი მეუღლეც ცნობილი ადამიანები ხართ. თქვენი პირადი ცხოვრების მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?
– ალბათ მეც და გიაც ხალხს ძალიან ვყვარებივართ, რადგან დაახლოებით 20 წელიწადია, მათი ინტერესის არეალიდან არ გამოვსულვართ. ძალიან ბევრს კეთილი განზრახვა აქვს, რაც მსიამოვნებს და დიდ მადლობას ვუხდი მათ. უბრალოდ, უკვე ბევრი რამ გადავიტანე. ეს ყველაფერი ძნელი იყო.
ჩემთვის ოჯახი დღემდე განსაკუთრებული ფენომენია. სხვისი ოჯახის დანგრევის შესახებ რომ გავიგებდი ხოლმე, ამასაც განვიცდიდი. შეიძლება, ვიღაცები გაღიზიანდნენ, რადგან მომხდარის გამო, რამდენჯერმე გულისტკივილი გამოვთქვი. ერთმა სრულიად უგუნურმა ადამიანმა გულსატკენი კი არა, გულის გასახეთქი ფრაზა დაწერა ინტერნეტში, როდესაც მაია ასათიანის თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ, მის წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოების ნაწილის დიდი ტალღა წამოვიდა: შენს თავს მიხედე, არ შეგვჭამე შენი ოჯახის დანგრევითო? ეს რომ ქალს დაეწერა, რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამას კაცი აკეთებს (აგრარულ უნივერსიტეტში მუშაობს, როგორც სოციალურ ქსელში უწერია), რომელსაც უბრალოდ, ყველაფრის მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება აქვს. არც გაუბედურებული დედის გულშემატკივარია. არადა ხომ შეიძლება, ადამიანებმა ერთმანეთი ვანუგეშოთ?

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, შეიძლება, ადამიანები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ვერ შეეგუონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი უნდა სძულდეთ. გიას მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასოდეს მქონია, რადგან პირველ რიგში, ის ჩემი შვილების მამა გახლავთ, მეორეც – თავის დროზე მასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი. წარსულს არაფერი შეცვლის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი წარსულს სცემ პატივს და სწორედ ეს არის, რომ ბოლოს არ განგრევს.

უბრალოდ, მე და გია დღეს ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მით უმეტეს, რაც დრო გავიდა, კიდევ უკეთ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, რაც განგებამ გვარგუნა, ჩვენი შვილები და მათი შთამომავლები არიან. ჩვენი შვილები ვერ ხვდებიან, “დაშორება” რას ნიშნავს, რადგან მე და გია ერთად ხშირად ვართ. საზოგადოებაშიც ერთად გამოვჩნდით. ჩვენ შესახებ ხმებიც ამიტომ გავრცელდა..

– დიახ, სოციალურ ქსელში დღესაც ვკითხულობთ მილოცვებს თქვენს შერიგებასთან დაკავშირებით…
– მეც ვკითხულობ და მოლოცვების ავტორებს ქედს ვუხრი, რომ ასეთი კეთილგანწყობილები არიან – უხარიათ, რომ დაშორების შემდეგ, მათთვის უცხო ადამიანებს, ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ… მე და გია  იმ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა ბებია და ბაბუა გავხდით. ამ ბავშვებმა მე და გიას სტიმული მოგვცეს, რადგან მათ შესახებ ამბებს ერთმანეთს ყოველდღე ვუზიარებთ და ზოგჯერ ლამის ცუდად ვხდებით, იმდენს ვიცინით.

– ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?
– ვერ მოგატყუებთ – ჩემს ცხოვრებაში ისეთი მონაკვეთები იყო, როდესაც ნამდვილად სასოწარკვეთილი დიასახლისი ვიყავი, რადგან ყველაფერი რთულად მოხდა – გარემოც ასეთი იყო და სოციალური ვითარებაც, თუმცა ასეთი თვისება მაქვს: საკუთარ თავს უფლებას არასოდეს მივცემ, რომ სხვას თავი შევაცოდო, რადგან შესაბრალებელი არაფერი მჭირდა. მერე რა, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ასე მოხდა? თუმცა იყო პერიოდი, რასაც დეპრესიის საწყისი ერქვა და იმ დროს, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს შემოვულაწუნე. თუმცა ჩემმა დებმა და მეგობრებმა ძალიან შემიწყვეს ხელი.

კვირის პალიტრა