,,მედიცინის კანონებით ცოცხალი აღარ უნდა ვყოფილიყავი” – რა სასწაული მოხდა მამა ილიას ცხოვრებაში

,,მედიცინის კანონებით ცოცხალი აღარ უნდა ვყოფილიყავი" - რა სასწაული მოხდა მამა ილიას ცხოვრებაშიარქიმანდიტრ ილია ნასიძეს რამდენიმე წლის წინ ექიმები საიმედოს ვერაფერს ეუბნებოდნენ. უმძიმესი დიაგნოზის მქონე პაციენტს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული და საოპერაციოდან ცოცხალი გამოვიდა. ამის შესახებ ის თავად ყვება, მის ნაამბობს კი არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აქვეყნებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

,,ეს ამბავი 2004 წელს მოხდა.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო დიაგნოსტიკისათვის მივაკითხე ფრიდონ თოდუას კლინიკას, სადაც დამიდგინდა მეტად სერიოზული დიაგნოზი: დიდი ზომის მალფორმაცია თავის ტვინში. აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა, თუმცა ეს არ იყო იოლი გადასაწყვეტი არც ჩემთვის და არც გარშემომყოფთათვის, რადგან მსგავსი დიაგნოზის დროს ოპერაციული ჩარევის პრაქტიკა საქართველოში იმ დროს არ იყო.

იმ მცირე ჩამონათვალის ქვეყნებიდან, სადაც მსგავსი ოპერაცია კეთდდებოდა, ამოვარჩიეთ უკრაინა, კიევის კლინიკა. გარდა იმისა, რომ ფინანსური მხარეც გავითვალისწინეთ,(საზღვარგარეთის კლინიკებში შეუდარებლად ძვირი იყო ეს ოპერაცია). კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ჩემთვის გახლდათ ის რომ,კიევი ღვთისმშობლის წილხვედრია და არჩევანიც სწორედ ამის მიხედვით გავაკეთე.

ქართველი ექიმებისგან ვიცოდი, რომ პრაქტიკული გამოცდილება იმდენად მცირე იყო, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ მიმართულებით გამოცდილ ექიმთა მოძიება, თუმცა ასეთი აღმოჩნდა კიევში მოღვაწე დოქტორი შჩეგლოვი და მისი ვაჟი. მივიღე გადაწყვეტილება, ახლობლებისა და მეგობრების თხოვნის მიუხედავად, კიევში წავსულიყავი მარტო და თანხლება ვთხოვე მონაზონ ევგენიას (მახარაძე), რომელიც პროფესიით ექიმია და იმ პერიოდში დიაგნოზის დასმისას გარკვეულწილად ინფორმირებული იყო და რომელთანაც წმინდა მიწა მაკავშირებდა.(მცირე გადახვევას გავაკეთებ, ეს ის პერიოდი იყო, როცა იერუსალიმში ქართველები ქართველთათვის სახლის შეძენას ვაპირებდით. დედა ევგენია ჩართული გახლდათ საქმეში.) მივენდე ღვთის ნებას და ვთქვი: -წავალ იქ,სადაც ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა და ყველაფერი დასრულდეს ისე, როგორც დედაღვთისა ინებებს.

იმ პერიოდში მიმდინარეობდა ვარკეთილის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა და ტაძრისათვის დავაწერინეთ ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაბრძანებული იყო სვეტიცხოველში. მე მაშინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე გახლდით. სწორედ ამ ხატის რეპროდუქციები და კელაპტრები წავიღე თან კიევში.

ოპერაციამდე დავანთე კელაპტრები, ხატები კი საოპერაციოს ექიმებს ვაჩუქე. და კარგად მახსოვს, როგორი ირონიითა და ღიმილით შეხვდნენ ჩემს ასეთ საქციელს.(მოგვიანებით მათ თავად აღნიშნეს, რომ მართლა გაეცინათ ჩემს ამგვარ მოქმედებაზე.)

ოპერაციის შემდეგ, ცხადია, მე ნაკლებად ვიყავი ინფორმირებული, პროფესორებს ახლობლები თბილისიდან უკავშირდებოდნენ და სწორედ მათი მონათხრობით, ოპერაციის შემდგომი შედეგები ასეთი იყო:
ახლობლების მონათხრობი: „ოპერაციის შემდეგ, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩატარდა ოპერაცია. ინფორმაციის სრულ ვაკუუმში ვიმყოფებოდით. შჩეგლოვისა და მისი ასისტენტის ტელეფონის ნომრები კი გვქონდა, მაგრამ რეანიმაციაში და პოსტ-საოპერაციო პალატაში,ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი იყო დაკავშირება.

ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, მხოლოდ გველოცა. სწორედ იმ დროს, როცა ოპერაციაზე შეიყვანეს, აქ ფსალმუნების კითხვა დაიწყო მრევლმა და უწყვეტად მთელი ოპერაციის განმავლობაში იკითხებოდა; იერუსალიმში გორნისკის მონასტრის წინამძღვარი დედა გიორგია აღავლენდა ლოცვებს, თავად დედა ევგენია კი კიევში მონასტრის კელიიდან არ გამოსულა მთელი კვირა და ლოცულობდა. ვიხდიდით პარაკლისებს, ვკითხულობდით დაუჯდომლებს…. საოცრად ერთად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დავდექით ლოცვად ახლობლები და მრევლი, ერთმანეთს არ ვუმხელდით მაგრამ უსაზღვრო იყო შიშიც და იმედიც. ამ უმწეო

მდგომარეობაში მხოლოდ ღვთის იმედი გვქონდა და ივერიის ღვთისმშობელს ვევედრებოდით მამა ილიას გადარჩენას.

მხოლოდ 72 საათის შემდეგ გაისმა ზარი კიევიდან. პროფესორი შჩეგლოვი გვატყობინებდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოცილდა პაციენტს, არც დაკავშირების საშუალება ჰქონდა და არც საიმედო სათქმელი. და გვამცნო უმძიმესი მდგომარეობასიცოცხლისათვის შეუთავსებელი თანმდევი პროცესებით.

მან გვითხრა, რომ მედიცინის არანაირი კანონებით პაციენტი ახლა ცოცხალი არ უნდა იყოს. ოპერაციისას მალფორმაციის მთლიანობა დაირღვა და მოხდა ტოტალური სისხლჩაქცევა ღეროში. ზურგის ტვინიდან ახდენდნენ სისხლის ამოღებას შპრიცებით, მაგრამ იმდენად დიდი იყო დაზიანება, და ეს ისეთი პროცესია, გამორიცხული იყო, სისხლი მთლიანად გაწოვილიყო და ეს ასეც რომ მომხდარიყო, ეს ყველაფერი ისე ალაგებულიყო, რომ არ დაეტოვა მძიმე უარყოფითი შედეგები, ყოვლად შეუძლებელი იყო.

პროფესორი ვერ ხსნიდა იმ ფაქტს, რომ არა მხოლოდ გადარჩა პაციენტი, არამედ მოხდა უკუქცევა და არ დარჩა არცერთი სიმპტომი, რაც სამედიცინო კანონზომიერებით უნდა ყოფილიყო: წართმეული ხელ-ფეხი, დარღვეული მეტყველება, შენელებული აზროვნება და ა. შ. და სწორედ მაშინ გვითხრა: ”ჩვენ ნამდვილად ირონიითა და ღიმილით შევხვდით მამა ილიას მიერ ჩამოტანილ სანთლებს და ხატებს, რადგან ჩვენ ჩვენი ძალებისა და პროფესიის იმედი გვქონდა, თუმცა ისეთი მოვლენები განვითარდა, რომ თავად ვერ ვხსნით. ჩვენ, ექიმებმა არ ვიცით როგორ გადარჩა და ის ფაქტი, რომ ცოცხალია, ჩვენთვის სრულ საოცრებას წარმოადგენს. მადლობა ღმერთს უტხარით, რომ გადარჩა!”

მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. დაახლოებით რვა თვის შემდეგ ისევ მომიწია მეორე ოპერაციის გაკეთება. კლინიკების შერჩევისა და ძებნის პროცესში, სრულიად მოულოდნელად, გამოჩდნენ ქართველი ებრაელები, რომელთა ძალისხმევით მოხდა ექიმთა ჯგუფისა და საუკეთესო კლინიკის მოძებნა, მინდა ავღნიშნო, რომ მთელი ის პერიოდი,ოპერაციამდე და შემდეგაც-გვერდიდან არ მოსცილებიან ჩემს სარეცელს.
მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტებმა ითავეს ოპერაციის გაკეთება.

ამერიკელი ებრაელი დოქტორი მაიმონი, რომელსაც ხუთასამდე მსგავსი ტიპის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, გაოცებული და გაკვირვებული იყო არსებული მდგომარეობით. ექიმებმა ვერც კი შეაფასეს ის მდგომარეობა, რაც დახვდათ ოპერაციამდე რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ვერც კი წარმოიდგინეს.
ამ ოპერაციის წინ შედეგზე და გარანტიაზე ლაპარაკი საერთოდ აღარ იყო. ფაქტი, რომ მე ცოცხალი ვიყავი, მათთვის უკვე სასწაული იყო. წინა ოპერაციის შემდგომი რადიოლოგიური კვლევების მიხედვით საერთოდ გადაეწურათ იმედი, ეს არც დაუმალავთ ჩვენთვის და გვითხრეს: „ხელს რომ ვკიდებთ უკვე რისკის ჩვენი მხრიდან, ნუ გექნებათ ზედმეტი მოლოდინი, შედეგი იქნება ის, რავ იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ.

ჩემს თანმხლებ მეგობრებს კი უთხრეს, რომ ოპერაციის დასაწყებად მათ პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ, რომ მზად იქნებოდნენ ნებისმიერი შედეგისათვის. როგორც შემდეგ მიამბეს, რა თქმა უნდა ძალიან შეშფოთდნენ, შეშინდნენ, გაუჭირდათ ასეთ ვითარებაში ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილების მიღება. ამ ვითარებაში ვინც არსებობდა საქართველოში, რომ რჩევა-დარიგება მიეცა, ყველაზე საიმედო, ეს ჩვენი უწმინდესი გახლდათ.

სასწრაფოდ დაურეკეს იერუსალიმიდან და უწმინდესს აუხსნეს მდგომარეობა. პატრიარქმა წვრილად გამოიკითხა ყველაფერი და უთხრა:’ ,,გააკეთეთ ისე, როგორც ექიმები გირჩევენ”. საოპერაციოში შესვლამდე დამირეკა პატრიარქმა და მესმის მისი ხმა-მშვიდი, მამობრივი და მზრუნველი ხმა, იმედითა და საოცარი ძალით სავსე: -მამაო გააკეთე ისე როგორც ექიმები გირჩევენ. და ერთბაშად ჩემში დალაგდა ყველა ფიქრი და კითხვა, გაქრა შიში და ეჭვი… უწმინდესის სიტყვებმა იმედი გაგვიძლიერა, სიმხნევე შეგვმატა.

უმწეო მდგომარეობით შესული, საოპერაციოდან გამოვედი აბსოლუტურად სხვა ადამიანი, თუმცა ექიმები ამბობდნენ, რომ ოპერაციის შემდგომი პერიოდი, სარეაბილიტაციო სამი წელი იქნებოდა საკმაოდ მძიმე, ჯანმრთელობის დარღვევების მთელი სპექტრით, დაწყებული ხასიათით და გუნება-განწყობის გაუარესებით…

ექიმთა აზრი: „ეს ყველაფერი არაფერია იმასთან, რაც ჩვენს თვალწინ მოხდა, სისხლის მიმოქცევის მთელი სისტემა შეიცვალა თავის ტვინში და უდიდეს უბანზე გადაკეთდა და ჩამოყალუბდა ახლებურად. ჩვენთვის აუხსნელად ცოცხალი გადარჩა!“

ექიმები ვერ უძებნიან ახსნას , მე კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სიცოცხლეს დედა ღვთისმშობელი შეეწია, ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა შემეწია, ოპერაციის წინ მამასავით რომ გამამხნევა,- ნუ გეშინია, მამა ილია, ყველაფერი კარგად იქნებაო; ჩემი მრევლისა და კეთილგანწყობილი ადამიანების სიყვარული და ლოცვა შეისმინა უფალმა და იერუსალიმის კურთხეული წმინდა მიწის მადლი და ძალა შემეწია; ზუსტად ვიცი, რომ მე ღვთისმშობლის მიერ სიცოცხლე ბოძებული ვარ და მადლობა ამისათვის დედა ღვთისმშობელს.
”გმადლობ ყოვლადწმინდაო, რომ ზეგარდმო ნებით შემიწყალე მე უღირსი.”
”ისე არაფერი არ ნებავს და სთნავს ღმერთს ჩვენგან, როგორც მადლობის მიძღვნა ყოველთვის და ყველაფრისათვის – (იოანე ოქროპირი)”.