გზა თბილისიდან ისრაელამდე – სად ხვდებიან ქართველები დასაკითხი ოთახის შემდეგ

გზა თბილისიდან ისრაელამდე - სად ხვდებიან ქართველები დასაკითხი ოთახის შემდეგისრაელში პირველად 12 წლის წინ ვიყავი. მაშინდელ შთაბეჭდილებებს ფერები ჯერაც არ გახუნებია, მაგრამ პირველი ნახვის მღელვარება მაინც სჭარბობდა რეალურ ხედვას. ყველაფრის ერთ ფოკუსში მოქცევას ვერ ვახერხებდი. ჩემს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იდგა, არჩევანის წინაშე ვიდექი. ქრისტეს ტაძართან, იქ, სადაც წმინდა ცეცხლი გადმოდის ხოლმე, თავი ქვის სვეტს მივაყრდენი და უფალს შევთხოვე, გზა ეჩვენებინა, რომლითაც უნდა მევლო… მერე ყველაფერი დალაგდა.

გასულ ზაფხულს მომეძალა სურვილი, კვლავ მეხილა წმინდა ქალაქი. ვყოყმანობდი, რადგან მესმოდა, უამრავ ქართველ ტურისტს უკან აბრუნებენ, თან უდიერად ექცევიანო. მაინც წავედი.

მასპინძლები

სასაზღვრო საკონტროლო პუნქტს რამდენიმე რეისის მგზავრები ერთდროულად მივადექით – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი… თითქმის ყველას სპეციალურ დასაკითხი ოთახისკენ გვითითებდნენ. რიგი უზარმაზარი იყო, მშვიდად ველოდი. საათნახევრის შემდეგ სიმპათიურმა, წარმოსადეგმა მესაზღვრე ოფიცერმა ჩემი გვარი ამოიკითხა და პატარა ოთახში შემიპატიჟა.

სულ ორიოდე კითხვა, ორიოდე წუთი და პასპორტი გამომიწოდა შესაბამისი ვიზით, თავაზიანად გამიღიმა და კეთილი დასვენება მისურვა.

მოსაცდელ დარბაზში ჩემი მეგობარი უკვე ძალიან ღელავდა. მირეკავდა და მეკითხებოდა, რა ხდება, ხომ არ გჭირდება დასტური, რომ აქ ჩვენ, მეგობრები, გელოდებითო. მონატრებულები ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გეზი იერუსალიმისკენ ავიღეთ.

იერუსალიმის მისტიკა

წმინდა ქალაქი, როგორც ძველმა ბერძნებმა უწოდეს, მაღალ გორებზეა გაშენებული და თეთრი კირქვით აგებული. უძველესი ქანაანელები მას ძველი წელთაღრიცხვის მე-19-18 საუკუნიდან ახსენებდნენ. უამრავი დამპყრობლის ხელში გაიარა ქალაქმა, სანამ გაერთიანებული ისრაელის მეფე დავითი აღადგენდა და აღაშენებდა მას.

დავითმა გამოაცხადა ისრაელის დედაქალაქად ერუშალემი (ასე უწოდებდნენ მოქალაქეები), გახადა ის რელიგიური ცენტრი და შემოავლო გალავანი, ხოლო უდიდეს აღმავლობას დავითის ძის, სოლომონის დროს მიაღწია. ეს ის სოლომონია, რომლის ბეჭედზეც საკაცობრიო სიბრძნე იყო ამოტვიფრული – “ყველაფერი გაივლის”.

იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის მიმდევრებისთვის ეს წმიდათაწმიდა ადგილია, რადგან აქ არის უდიდესი ომარის მეჩეთი “ელ-აკსა”, ქრისტეს საფლავი, ისრაელის კულტურის ცენტრი და უამრავი რელიგიური საკულტო ნაგებობა.

ძველ ქალაქს შვიდი კარიბჭე აქვს. საიდანაც უნდა შეხვიდე, მისტიკა ყველგან ერთნაირია, უცებ ქრება 20 საუკუნე და შენ წინ იწყება გზა გოლგოთისკენ, ჯვრის გზა, ვია დოლოროსა, რომელიც ქრისტემ გაიარა მას შემდეგ, რაც პილატემ ხელები დაიბანა და არჩევანი ბრბოს მიანდო, ბრბომ კი ავაზაკი ბარაბა არჩია ქრისტეს.

უზარმაზარი გაპრიალებული ლოდებით მოკირწყლული, ვიწრო, ორმხრივად ქვის შენობების გარემოცვაში გამომწყვდეული გზა მიხვეულ-მოხვეულად მიუყვება გოლგოთას. ამ გზაზე თოთხმეტი გაჩერებაა, თოთხმეტი სისხლიანი და ცრემლიანი გაჩერება. როცა ამ გზას მიუყვები, მუდმივად გდევს ფიქრი ადამიანებისთვის ზვარაკად შეწირულ მაცხოვარზე და იმაზე, ამის შემდეგაც ვერ ისწავლეს ადამიანებმა მშვიდობიანი თანაარსებობა, სინდისის კარნახით ცხოვრება, გაჭირვებულის თანადგომა და, რაც მთავარია, სიკეთის ქმნა.

ებრაელები

ებრაელები – ერი, რომელიც მუდმივად განიცდიდა დევნას, ჩაგვრას, შევიწროებას. გადაიტანა მსოფლიოში ყველაზე სასტიკი რეჟიმის, ფაშიზმის მიერ “გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა” და საბოლოო განადგურებას გადარჩენილმა რამდენიმე ასეულათასმა ადამიანმა შეძლო, ისრაელის ტერიტორიაზე უდაბნოდქცეულ ადგილებში გაეცოცხლებინა უძველესი კერა. ოაზისად ქცეული პატარა სახელმწიფო დღეს ერთ-ერთი ანგარიშგასაწევია მსოფლიოში.

მაინც რა არის ისრაელის ასეთი წარმატების საიდუმლო? ეს ებრაელი ერის ერთიანობაა და უდიდესი პატრიოტიზმი. აქ სახელმწიფო სტრუქტურების უპირველესი დანიშნულება მოქალაქეებზე ზრუნვაა. ისრაელში ვერ ნახავთ უმუშევარს, სამსახური ყველას აქვს თავისი შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით. და რაც მთავარია, ისრაელში მოქალაქეების ძირითადი ნაწილი ცხოვრების დონის მიხედვით საშუალო ფენას განეკუთვნება.

სკოლების 99 პროცენტი საჯაროა და, შესაბამისად, სწავლა უფასოა. აქ სახელმწიფო ზრუნავს ბავშვებზე დაბადებიდან სრულწლოვანებამდე, ხოლო შემდეგ სრულწლოვანი მოქალაქეები ემსახურებიან სახელმწიფოს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ისრაელის ჯარში მსახურობენ გოგონები და ვაჟები. არავინ ცდილობს, თავი აარიდოს ამ საპატიო მოვალეობას. ხუთშაბათს შუადღიდან უქმეები იწყება და კვირა დილას მთავრდება. კვირას, დილის 6 საათიდან ყველგან შეგხვდებათ ჯგუფებად გოგო-ბიჭები სამხედრო ფორმით, სრული ამუნიციით და, რაც მთავარია, ავტომატური შაშხანებით ხელში. ისინი ხალისიანად მიიჩქარიან თავიანთ სამხედრო ნაწილებში.

მათ შორის მე არ შემხვედრია სულ პატარა, სიფრიფანა გოგონაც კი, რომელსაც შეწუხებული სახე ექნებოდა, ან ზურგჩანთის სიმძიმეზე დაიწუწუნებდა, ან აუტანელი სიცხის დროს მძიმე ბათინკების ტარებას გააპროტესტებდა. მათთვის ეს არის უწმინდესი მოვალეობა და ყველა, როგორც ერთი, ემსახურება სამშობლოს. არც ერთი გოგონა გაჰყვება ცოლად ვაჟს, ვისაც სამხედრო მოვალეობა არ აქვს მოხდილი. ეს ღირსების საკითხია.

ოჯახური ტრადიციები

ებრაელები ძალიან გონიერი ხალხია და კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სახელმწიფოს სიძლიერე ძლიერ ოჯახებზეა დამოკიდებული, ამიტომ მათ ერთიანობაზე დიდად ზრუნავენ. პარასკევი და შაბათი აქ დასვენების დღეებია. დიასახლისები ხუთშაბათობით იძენენ მთელი კვირის სამყოფ სანოვაგეს. პარასკევი სახლის დალაგებისა და სისუფთავის დღეა, ხოლო შაბათი ლოცვას, ოჯახის შეკრებას და დიდ საოჯახო სუფრას ეთმობა. ახალგაზრდა ოჯახები აუცილებლად ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ შაბათობით თავიანთი შვილებით მშობლებს სტუმრობენ.

ისრაელში სამი და ოთხი შვილი თითქმის ყველა ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო ღრმად რელიგიური ოჯახები 8-10 ბავშვს ზრდიან. ქუჩაში ხშირად შეხვდებით სრულიად ახალგაზრდა დედას, რომელსაც ერთი მოზრდილი შვილი წინ მიუძღვის, პატარასთვის ხელი აქვს ჩაკიდებული, თოთო – საბავშვო ეტლში უწევს, თავად კი ისევ ფეხმძიმედ არის.

მიუხედავად მრავალშვილიანობისა, ყველა მუშაობს და არავის ჰყავს ძიძა ან დამხმარე ქალი. ცოლ-ქმარი უვლიან ბავშვებს, რომელსაც სცალია, მას მიჰყავს ბაღში, სკოლაში. იქ ხშირად შეხვდებით მამაკაცებს, რომლებიც თავად ამზადებენ სადილს, უვლიან ბავშვებს, დადიან პროდუქტების საყიდლად და ხუთშაბათ საღამოს ყვავილები მიაქვთ ცოლისთვის.

ბერთა სახლები და მწვანე ფილტვები

ისრაელში მრავლად არის სოციალური სახლები, ანუ, როგორც ისინი უწოდებენ, “ბერთა სახლები”. აქ ყოველგვარი პირობაა ხანდაზმულებისთვის შექმნილი. თუ მოხუცს არ ჰყავს შვილი და არ უნდა მარტო ცხოვრება, იგი მიდის ასეთ სახლში და გარანტირებული აქვს სამედიცინო მომსახურება, მოვლა, სუფთა, კომფორტული გარემო, საუკეთესო საკვები და მზრუნველობა. ხოლო მათთვის, ვისაც შვილები ჰყავს და სჭირდება მომვლელი, სახელმწიფო იხდის მომვლელის დასაქირავებელ თანხას, რომ ოჯახის წევრებს საშუალება ჰქონდეთ, თავისუფლად იარონ სამსახურში.

ქვეყნის “მწვანე ფილტვები” – მცენარეები, ცხელი ჰავის გამო ძალიან ძნელი მოსავლელია, ამიტომ ებრაელებმა გამოიგონეს წვეთოვანი მორწყვის სისტემა. მთელ ქვეყანაში თითოეულ ხესთან და ბუჩქთან მიყვანილია სარწყავი მილი და 24 საათიანი წვეთოვანი მორწყვით გამწვანებული და აყვავებულია ქალაქები და პატარ-პატარა დასახლებები.

არაბები ისრაელში

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ისრაელის სახელმწიფოს აწუხებს, არის მუდმივი ტერიტორიული დავა პალესტინასთან, სირიასა და ეგვიპტესთან. დაპირისპირება პერმანენტულ რეჟიმში გრძელდება და დროდადრო საომარ კონფლიქტში გადადის, ამიტომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება ისრაელის სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

თითქოს პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ უამრავი არაბი ცხოვრობს ისრაელის ტერიტორიაზე. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, თავიანთი დასახლებები აქვთ, სოფლები და ქალაქები, ყველა იმ სიკეთით სარგებლობენ, რითაც ჩვეულებრივი ებრაელები. მათ გარკვეული შეღავათებიც კი აქვთ და ბევრ გადასახადს არ იხდიან.

ოთხფეხა მეგობრები

ისრაელში ვერ ნახავთ უპატრონო ძაღლებს. თუ მაინც გამოჩნდა სადმე პატარა ლეკვი ან გზააბნეული ძაღლი, მაშინვე სახლში წაიყვანს ვინმე და მოუვლის. სკვერებსა და პარკებში უამრავ ძაღლს ასეირნებენ. როგორც წესი, პატრონს თან აქვს ძაღლის ფეკალიების შესაფუთი პაკეტი და მას ნაგვის ურნაში მიუჩენს ადგილს. ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ სკვერებთან, ბოძებზე სპეციალური რკინის ყუთებია დამაგრებული, სადაც პოლიეთილენის პატარა პარკებია მოთავსებული იმ შემთხვევისთვის, თუ ცხოველის პატრონს დაავიწყდა სახლიდან მისი წაღება.

სამაგიეროდ ქალაქი დაპყრობილი აქვთ კატებს. იერუსალიმს ხუმრობით კატების ქალაქსაც ეძახიან. ათასობით კატა კუდაპრეხილი დაიარება ქუჩებში, პარკებში, ეზოებში. მოსახლეობა მათ ყოველდღე უყრის სპეციალურ საკვებს და უდგამს წყალს.

აქვე მინდა დავძინო, რომ ნაგავს ახარისხებენ. პლასტმასის ბოთლებისა და სხვა მსგავსი ნარჩენებისთვის ცალკე ბუნკერებია, ცალკეა საკვები ნარჩენებისთვის და ცალკე – შუშის ჭურჭლისთვის. არ მინახავს, ქალაქის დასუფთავების სამსახურს დღის საათებში გაეტანოს ნაგავი. ეს ყველაფერი ხდება შუაღამიდან გამთენიამდე, რომ მოსახლეობას ხელი არ შეეშალოს გზებზე გადაადგილებაში.

ჩემი გოგოები

გზა თბილისიდან ისრაელამდე - სად ხვდებიან ქართველები დასაკითხი ოთახის შემდეგნონა და მადონა ქართველი ებრაელები არიან, რომლებთანაც წლების მეგობრობა მაკავშირებს. ისინი ჩემი მასპინძლები არიან ისრაელში, მათ შემაყვარეს იერუსალიმი ისე, როგორც თვითონ უყვართ თბილისი და ქუთაისი.

ნონა. თბილისში დაიბადა, ლესელიძის ქუჩის ერთ-ერთ შესახვევში, ებრაელებით მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სინაგოგასთან ახლოს. მამა განთქმული ოქრომჭედელი გახლდათ, ცნობილი მსახიობები და გავლენიანი მოხელეების ცოლები უკვეთავდნენ სამკაულებს.

თბილისური ეზო იყო, ქართველები, ებრაელები, სომხები, რუსები ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთი უყვარდათ და სახლის კარს არ კეტავდნენ. მეზობლური ორომტრიალი და კინკლაობაც ბევრი ახსოვს, ბოლოს რომ შერიგდებოდნენ და ერთმანეთის მზეს იფიცებდნენ.

ლამაზი გოგო გაიზარდა ნონა – თეთრი, გადატკეცილი პირისახითა და წელამდე დაყრილი ოქროსფერი თმით. ქართულ ცეკვაზე დადიოდა და ექიმობაზე ოცნებობდა. ქუთაისში ბებიასთან სტუმრად ჩასული 17 წლისა მოიტაცეს. მეუღლე ძლიერი ოჯახის შვილი იყო, ისიც ქართველი ებრაელი. სწავლა მაინც გააგრძელა. ორი შვილი შეეძინა, ქალ-ვაჟი. 22 წლის იყო, როცა ოჯახმა ისრაელში წასვლა გადაწყვიტა.

გზა თბილისიდან ისრაელამდე - სად ხვდებიან ქართველები დასაკითხი ოთახის შემდეგნონას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ისტორიულ სამშობლოში ჩავიდა, მაგრამ მაინც ძალიან გაუჭირდა. ივრითის სწავლა დაიწყო, მერე მუშაობა. ნელ-ნელა მოერგო გარემოს, იქ ადრე ჩასულ ნათესავებს დაუახლოვდა, ქართველ ებრაელებთან ერთად იქარვებდა ნოსტალგიას.

ბევრი იშრომა და ისწავლა. არასოდეს დაავიწყდება ის დღე, როცა ივრითში საკმაოდ გაწაფული რეპატრიანტთა სამინისტროში (ეს დაახლოებით ჩვენი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროა) მივიდა გასაუბრებაზე. კითხვაზე, მაინცდამაინც აქ რატომ გინდა მუშაობაო, კომისიის წევრებს თამამად უპასუხა, მინდა, თქვენთან ვიმუშაო და ჩემნაირი ჩამოსულებისათვის, რომლებიც მთელი მსოფლიოდან მოემართებიან, გავხსნა სარკმელი, დავანახო მათ ამ სარკმლიდან ისრაელი და გზა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად, მინდა, ვიყო გზამკვლევი მათთვის ამ ახალ ცხოვრებაშიო. მეტი კითხვა არ დაუსვამთ.

დღეს ნონა ამ სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ისრაელის ყველა ქალაქში აქვს განყოფილებები. მუდმივად ხვდება და იღებს ქვეყანაში ამოსულ ალიას, ატარებს ტრენინგებს, მხარში უდგას მათ პირველი ნაბიჯების გადადგმისას, მუშაობს დიდ პროექტებზე ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის. ყოველწლიური შედეგების შეჯამებისას მისი დეპარტამენტი საუკეთესოა მთელ სამინისტროში. დიდი ხანია კაბინეტის კედელი ვეღარ იტევს სერტიფიკატებს და ჯილდოებს.

მადონა. ქუთაისში დაიბადა, წერეთლის ქუჩაზე. 12 წლის იყო, როცა ოჯახი ისრაელში წავიდა. დღესაც თვალებს დახუჭავს და თავისი ბავშვობის დიდი სახლი აგონდება, რიონი და დიდი თეთრი ქვები, რომელთა უკანაც ბავშვები იმალებოდნენ, დახუჭობანას თამაშობდნენ და ცხელ ზაფხულში მდინარეში გრილდებოდნენ.

უზომოდ უყვარს საქართველო. წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდის და, რა თქმა უნდა, ქუთაისსაც მოინახულებს, მოისიყვარულებს ნაცნობ ქუჩებს, მოეფერება ქართველ მეგობრებს და ასე გრძელდება გზა – თბილისი-ქუთაისი-იერუსალიმი.

მადონა “სოხნუთის” ცენტრალურ ოფისში მუშაობს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაა და ისიც ისრაელში საცხოვრებლად ჩასულ ებრაელებს ეხმარება, უგვარებს საცხოვრებელთან დაკავშირებულ პრობლემებს, დახმარებების საკითხს, აქვს სკოლები, ენის შემსწავლელი კურსები, რელიგიური სასწავლებლები და უდიდესი მატერიალური ბაზა. “სოხნუთს” მთელი მსოფლიოს მდიდარი ებრაელები აფინანსებენ.

კეთილები, ლამაზები, საქმიანები, ყველას და განსაკუთრებით ქართველების დამხმარე და გულიანი მასპინძლები – ასეთები არიან ჩემი გოგოები.

მინდა, ორი შემთხვევა გავიხსენო. სამხედრო მისიის შესრულების დროს დაჭრილი ჯარისკაცები ისრაელის კლინიკებში მოათავსეს. ნონა და მადონა მაშინვე წავიდნენ სანახავად. მათ შორის ერთი გორელი, კიკაბიძე, ძალიან მძიმედ იყო. ახალგაზრდა ჯარისკაცი მუდმივად თავისიანებს ნატრობდა.

ეს ორი ქალი თითქმის ყოველდღე დადიოდა მასთან, ქართულად ეფერებოდნენ, მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდნენ, ოჯახური კერძები მიჰქონდათ, სამედიცინო პერსონალთან ყველაფერს აგვარებდნენ და საბოლოო გამოჯანმრთელებამდე გვერდიდან არ მოშორდნენ. ბოლოს ბედნიერებმა გამოაცილეს საქართველოში. ამ ამბის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ მეგობრობა გრძელდება.

სწორედ მაშინ, როცა მე ისრაელში ვიყავი, ჩვენმა საყვარელმა ქართველმა მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა, რომელსაც ბებია ჰყავდა ებრაელი, გადაწყვიტა ოჯახით საცხოვრებლად ისრაელში გადასვლა. ნონა და მადონა დახვდნენ მას აეროპორტში და დღემდე აგრძელებენ ზურას ოჯახის გვერდში დგომას. მათი ძალისხმევით “სოხნუთმა” შეარჩია მისთვის პირველი საცხოვრებელი ბინა, საოჯახო ნივთები, ფინანსურად დაეხმარნენ და ყველაზე რთული პერიოდი, რაც სამშობლოსთან განშორებას ახლავს, ქართული სითბოთი და მასპინძლობით გაუადვილეს.

გზა თბილისიდან ისრაელამდე - სად ხვდებიან ქართველები დასაკითხი ოთახის შემდეგჯვრის მონასტერი

მე-11 საუკუნის შუა წლებში მაშინდელი პალესტინის ტერიტორიაზე (ახლა ის იერუსალიმის ახალ უბანში მდებარეობს) აშენდა ჯვრის მონასტერი. იგი პალესტინელ ქართველთა თავშეყრის ადგილი და პილიგრიმთა თავშესაფარი გახდა, თანდათან კი ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ფუნქცია დაეკისრა. მის პირველ აღმშენებელთა შორის მთავარი გიორგი პროხორეა, რომელსაც ამ საქმისთვის დიდი შესაწევარი გაუგზავნა ბაგრატ კურაპალატმა.

საქართველოში აღმავლობის წლები იყო. ჩვენი მხედრობისა და მეფეთა გმირობის შესახებ აღმოსავლეთში ლეგენდები დადიოდა. იერუსალიმსა და პალესტინაში უამრავი ქართველი ცხოვრობდა. მხოლოდ ქართველ მხედრობას ჰქონდა უფლება, დავითის ქალაქში გაშლილი ეროვნული დროშით და იარაღით შესულიყო ბაჟის გადახდის გარეშე. იერუსალიმის დაპყრობის მსურველთ ქართველთა შიში ჰქონდათ, იცოდნენ, ქართველები ქრისტეს მხედრები იყვნენ და წმინდა ქალაქის ხელყოფას არ დაუშვებდნენ.

ზეთისხილის ბაღნარში აშენებული ჯვრის მონასტერი მწიგნობართა ცენტრი გახდა. აქ საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა არსენ იყალთოელიც.

მსახვრალმა დრომ ბევრი რამ შეცვალა საქართველოს ისტორიაში. გაქრა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული სამეფოს სიძლიერე. დაცოტავებულმა, მტერთაგან შევიწროებულმა ქართველმა ერმა ვეღარ შეძლო ისრაელსა და პალესტინაში არსებული ეკლესია-მონასტრების შენარჩუნება და ნელ-ნელა ყველაფერი უცხოთა ხელში აღმოჩნდა.

ჯვრის მონასტერი პირველად რომ მოვინახულე, შოთა რუსთაველის ფრესკა ახალი აღდგენილი იყო, რასაც წინ დიდი სკანდალი უძღოდა. მონასტერში არავის უშვებდნენ, მეც მხოლოდ იმის იმედით ვიყავი, რომ გარედან მაინც შევავლებდი თვალს. მაფრთხილებდნენ, ქართულად არ დაილაპარაკო, თორემ ბერძნები ახლოსაც არ მიგიშვებენო.

არ ვიცი, რა დღე იყო, მონასტერში ერთი ბერძენი ღვთისმსახურიც კი არ იმყოფებოდა. კარიბჭესთან ახალგაზრდა არაბი ქრისტიანი იდგა, დამინახა თუ არა, გამიღიმა და მკითხა: “გრუზია?” (მაშინ ქართველებს ასე გვეძახდნენ). თავი დავუქნიე. ტუჩებზე თითი მიიდო, ხმა არ ამოიღოო, მანიშნა და კარი გამიღო. სრულიად მარტომ მოვიარე მონასტერი და მისი სათავსოები. სამარისებური სიჩუმე იდგა. დიდხანს ვუცქერდი სულმნათი შოთას ფრესკას და მახსენდებოდა ირაკლი აბაშიძის ლექსი: “რამ გადმოგხვეწა ამ მწველ ალმურში?..”.

ახლა სულ სხვა რეალობა დამხვდა. ჩემთან ერთად მონასტრის სანახავად ორი ავტობუსით იყო ხალხი ამოსული, ყველანი ქართველები. ისეთი ჟივილ-ხივილით შეესივნენ დარბაზებსა თუ მთავარ ტაძარს, კედლებს შეფარებულმა წინაპართა აჩრდილებმა შვებით ამოიოხრეს, ერთმანეთს გადახედეს და იმედი მიეცათ. შემიძლია დავიფიცო, რომ მათი ჩურჩული გავიგონე: “ჩვენები მოვიდნენ”.

დაბოლოს, საქართველოს და ისრაელის ურთიერთობას ძალიან ძლიერი ფესვები აქვს, 26 საუკუნის წიაღში გაიარა ამ ფესვებმა და ყოველთვის სიყვარულით იკვებებოდა ქართველი ებრაელებისა და ქართველი ხალხის სიყვარულით.

ისრაელს თავისი სუნი აქვს. ეს განსაკუთრებით იერუსალიმში იგრძნობა. სისხამ დილით, როცა აღმოსავლეთით გავარვარებული მზე ამოიწვერება, ნიავი შენამდე მოიტანს ძველი ქალაქის სურნელს, გაზავებულს ლიმონის, ფორთოხლის, ჟასმინის, ამბრისა და იმ ძვირფასი ზეთების სურნელთან, რომლითაც ჯვრიდან გარდამოხსნილ ქრისტეს სხეული განუბანეს.

წარმოიდგინეთ? ჰოდა, ეს არის ჩემი ისრაელი, რომელიც უზომოდ მიყვარს!

 ია ქუთათელაძე, სარკე