ეკა სამხარაძე: “30 წლის შემდეგ ვცდილობ, ჩემი ემოციურობა დავძლიო”

ეკა სამხარაძე: "30 წლის შემდეგ ვცდილობ, ჩემი ემოციურობა დავძლიო"ტელეჟურნალისტ ეკა სამხარაძის სამუშაო დღე ბოლო 12 წელია დილის 5 საათზე იწყება. “დილა მშვიდობისა საქართველო” – ამ გადაცემის ყველაზე სტაჟიანი სახე ტელეწამყვანობაზე ნაკლებად ოცნებობდა. “კურიერის” ჟურნალისტი ამ პოზიციაზე შემთხვევით მოხვდა. მას შემდეგ კი მუდამ იმის ცდაშია, თავისი საქმე საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს.

ეკა სამხარაძე:

– 12 წელია დილა ჩემთვის 5 საათზე იწყება. ყველაზე მაგარი დრო არის, განსაკურთებით ზაფხულში. ყველაზე მშვიდი, წყნარი და ლამაზი ქალაქი ამ დროს არის. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სამსახურში მოვდივარ ხოლმე, ვგრძნობ, რომ ქალაქს სძინავს.

– იყო თქვენი ოცნება, რომ ტელეწამყვანი ყოფილიყავით?

– ტელეწამყვანობა – ნაკლებად, ჟურნალისტობა მაინტერესებდა. “კურიერში” ვმუშაობდი კულტურის ჟურნალისტად. პრინციპში, ეს ხაზი დილის გადაცემაშიც გავაგრძელე, დღემდე მსიამოვნებს კულტურული მოვლენების გაშუქება. წამყვანობის სურვილი არ მქონია, შემთხვევით მოვხვდი დილის გადაცემაში.

მიუხედავად იმისა, რომ 12 წელია ეკრანზე ვარ, მაინც კრიტიკულად ვუყურებ საკუთარ თავს. სულ ვცდილობ, თავი ვაიძულო, რომ წინ წავიდე. ვფიქრობ, ამ 12 წლის განამავლობაში ერთნაირი არ ვყოფილვარ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ყოველდღე ვარ დილის ეთერის წამყვანი და ეს აბსოლუტურად ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის. ამ 2-მა წელმა ძალიან გამზარდა, როგორც ტელეწამყვანი.

– ალბათ ძალიან ძნელია, როდესაც თავად ხარ ახალგაღვიძებული, მაყურებელს შეუქმნა ხალისიანი და პოზიტიური განწყობა. რა მეთოდები გამოიმუშავეთ ამ მხრივ?

– როგორც კი დილის გადაცემის ქუდის მუსიკა მესმის, იქ მავიწყდება ყველაფერი, იქ მთავრდება ჩემი ცხოვრება, ჩემი პრობლემები, შიმშილი, უძილობა. ზამთარში, მაგალითად, გათბობა დიდ სტუდიას ვერ ერევა და დილით განსაკუთრებით ცივა ხოლმე, მაგრამ მაყურებელი ვერასოდეს შეამჩნევს, როდის მცივა და როდის არა.

– ასეთმა რეჟიმმა ალბათ ძალიან სწრაფი და მობილიზებული გაგხადათ.

– კი. მაგალითად, სახლიდან 10 წუთში შემიძლია გამოვიდე. ამაში შედის აბაზანის პროცედურები და ყავის მომზადება. თერმოსით გამოვდივარ სახლიდან. ტანსაცმელი წინა საღამოს მაქვს გამზადებული.

– შემდეგ როგორ გრძელდება თქვენი დღე?

– ირინა არაბიძესთან ერთად შევქმენი ესთეტიკის ცენტრი და ტელეკომპანიიდან იქ გავრბივარ ხოლმე. რა თქმა უნდა, ვცდილობ, მეგობრებსაც დავუთმო გარკვეული დრო. პარასკევს, შაბათ საღამოს შეიძლება გვიანობამდე ვიყო სადმე. ვცდილობ, 6 საათი მაინც ვიძინო. ადრე დღისითაც ვიძინებდი, მაგრამ ბოლო წლებია ამის დრო აღარ მრჩება.

– არც თქვენი შვილი წუწუნებს იმაზე, რომ ასეთი რეჟიმი მისთვის მიუღებელია?

– როცა ადამიანი მოინდომებ, ყველაფერს ახერხებ. დღის განმავლობაში ლიზას რაც უნდა დასჭირდეს, მის გვერდით ვარ. ერთადერთი, რაც მაკლია, ის არის, რომ სხვა დედებივით სკოლაში წასასვლელად ვერ ვამზადებ. ლიზას მარტო უწევს მომზადება და სკოლაში წასვლა. თვითონ ბავშვიც ძალიან კომფორტულია ამ კუთხით, არ ქმნის პრობლემებს.

– როგორია თქვენი დედაშვილური ურთიერთობა?

– ლიზა 10 წლის არის. ძალიან ბევრ რამეს ვპოულობ მასში ჩემსას. ხანდახან გაოცებული ვარ, როდესაც მისი საუბრის მანერას ვუყურებ, ერთი ერთში ჩემი თავი მახსენდება. რაც ჩემს თავში არ მომწონს, ხშირად იმასაც ვპოულობ ლიზაში და ამ დროს ვცდილობ, რაღაცნაირად მივაწოდო ჩემი აზრი.

ჟურნალისტობა უნდა და ბოლო დროს სერიოზული უფლებადამცველი მყავს სახლში. უკვე მასწავლებლებთანაც დაიწყო თავისი უფლებების დაცვა და ხანდახან ზედმეტებიც მოსდის. ლიზა ჩემთან შედარებით უფრო ლაღი და ღია ადამიანი იქნება. ჩვენს თაობაში მაინც იყო რაღაც გარკვეული პრობლემები, გარკვეული ჩაკეტილობა.

– რამდენად განსხვავებულია თქვენი ჩაცმულობა ეკრანსა და ცხოვრებაში?

– ყველაზე დიდი განსხვავება ეკრანსა და ცხოვრებაში ისაა, რომ ეთერის გარდა მაკიაჟს არ ვხმარობ, ამიტომ ხშირად უჭირთ ჩემი ცნობა.  ცხოვრებაში ძალიან მიყვარს ორი ზომით დიდი ბლუზონების და სვიტერების ჩაცმა, ეკრანზე ეს დაუშვებელია.

– თქვენი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ წონის პრობლემა არასოდეს გქონიათ.

– არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, შეიძლება ეს გენეტიკის დამსახურებაცაა. რაღაც ეტაპზე სპორტითაც ვარ ხოლმე დაკავებული. სერიოზულად ვიყავი გატაცებული იოგათი და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. როცა იოგას ვარჯიშებს აკეთებ, სულ სხვანაირად ფლობ საკუთარ სხეულს, სულ სხვანაირად დადიხარ, სულ სხვა ენერგიას გრძნობ.

– თქვენს გარეგნობაში არის რაიმე პლასტიკური ქირურგიის კვალი?

– სახეზე გამაჯანსაღებელი ინექციაც კი არ გამიკეთებია, არც ბიორევიტალიზაცია. არადა მიმაჩნია, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც სჭირდება, რომ უკეთესად გამოიყურებოდეს. 30 წლის მერე ქალმა აუცილებლად უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე, უნდა ეცადოს, ნაოჭები გადაავადოს. უბრალოდ, ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი სახის კანი არასოდეს ყოფილა პრობლემური და ჯერჯერობით განსაკუთრებული ზრუნვა არ დამჭირვებია.

– ასაკის მატებას როგორ აღიქვამთ? ხშირად ეს ქალებისთვის მტკივნეული თემაა.

– 34 წლის ვარ და ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს. 30 წლის შემდეგ საკუთარ თავში ბევრი რამ გადავაფასე. ვცდილობ, ჩემი ემოციურობა დავძლიო, წლებთან ერთად უფრო დაბალანსებული ვარ. ვატყობ, რომ ბოლო დროს უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გავხდი. ალბათ არა ვარ იმ ასაკში, რომ ასაკი დავმალო. ვცდილობ, ყოველი მომატებული წლით სიამოვნება მივიღო და ჩემი ცხოვრება ყველა ეტაპზე საინტერესო იყოს.

 ავთო ჩიტიძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019