,,ვიღაცას ჩვენი კორპუსის აფეთქება უნდოდა, გაზის ყველა მილი მოშვებული იყო”

,,ვიღაცას ჩვენი კორპუსის აფეთქება უნდოდა, გაზის ყველა მილი მოშვებული იყო"მადონა თოდაძე ფეისბუქში დაწერა, რომ თბილისში, ნუცუბიძის მეორე პლატოზე, კორპუსში, სადაც ის ცხოვრობს,  ყველა მრიცხველის შემაერთებელი მილი მოშვებული იყო და გაზი გამოდიოდა.

„ჩვენს კორპუსში გაზის სუნი დადგა. ყაზტრანსგაზის გამოძახებულმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა მრიცხველის შემაერთებელი მილები იყო მოშვებული და გამოდიოდა გაზი. ვიღაცას ჩვენი ახალაშენებული კორპუსის აფეთქება უნდოდა. საქმეს პოლიცია იძიებს. სავარაუდოდ, დივერსიას ჰქონდა ადგილი. მეგობრებო, ვიყოთ ძალიან ფრთხილად“.

ამ ამბის გადასამოწმებლად „ინფო ფოსტალიონი“ წერილის ავტორის დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა, რომ კორპუსთან კამერებია დამონტაჟებული და პოლიცია ცდილობს, გაარკვიოს იყო თუ არა ეს დივერსია.

-მოშვებული იყო მეოთხე სართულის მრიცხველები, რომლებიც კიბის უჯრედის შუა ბაქნის კედელზეა დამონტაჟებული. ბაქანზე არის ღია სარკმელი და ამან გადაგვარჩინა. სართულზე ოთხი ბინაა და კიბის უჯრედი გამოყოფილია საცხოვრებელი ბინებისაგან რკინის საერთო კარით. ახალი, თანამედროვე კორპუსია, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელები და მაცხოვრებლები (ჩემი ვაჟებიც) ამ უბანში გაზრდილი ბავშვობის მეგობრები არიან და თავიანთთვის ააშენეს ეს კორპუსი დიდი სიფრთხილითა და ყველა სტანდარტის დაცვით.

მშენებლებიც აქვე ცხოვრობენ. სადარბაზო ჩიპით იღება. მოკლედ, არ ვიცით, რა მოხდა. იმედია, ტერორი არ არის. გავათენეთ წუხანდელი ღამე. ყაზტრანსგაზიც და პოლიციაც მოვიდა. კამერებიც არის კორპუსის ყველა მხარეს. სანამ გამოძიება არ დაადგენს, რა მოხდა, ძნელია ვივარაუდოთ, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს, – აცხადებს მადონა თოდაძე.

ინფო ფოსტალიონი