გურამ ფანჯიკიძის ცხედრის გამოტანისას ზღვამ უკან დაიხია – ,,ვგრძნობდი, უკანასკნელად ვხედავდი”

გურამ ფანჯიკიძის ცხედრის გამოტანისას ზღვამ უკან დაიხია - ,,ვგრძნობდი, უკანასკნელად ვხედავდი"მწერალი გურამ ფანჯიკიძე მეგობრებს ხშირად ეუბნებოდა, ბიჭებად უნდა მოვკვდეთ, არ უნდა დავბერდეთო. თავად მართლაც ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე, 1997 წლის 27 აგვისტოს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

,,სიკვდილის მოახლოებას წინასწარ გრძნობდა. თითქოს ორივემ ვიცოდით, რომ ამქვეყნიდან მალე უნდა წასულიყო. საშინელი წინათგრძნობა უკანასკნელ თვეებში თავიდან არ გვშორდებოდა”, – ყვებოდა მწერლის მეუღლე, ცნობილი მთარგმნელი და ლიტერატორი დალი ფანჯიკიძე ,,სარკესთან” და იმ საბედისწერო დღეს ასე იხსენებდა:

-ქობულეთში ერთად ვისვენებდით. იმ წელიწადს ქობულეთში გადაუღებლად წვიმდა. ზღვაში ვერ შევდიოდით, ამიტომ ძალიან განვიცდიდით, რადგან ორივეს ძალიან გვიყვარდა ცურვა.

სწორედ გურამის გარდაცვალების დღეს გამოვიდა კარგი ამინდი. პლაჟზე ვსეირნობდით. ხალხი საბანაოდ გამოეფინა. სასწრაფოდ ავედი სასტუმროს ნომერში, რომ საბანაოდ მოვმზადებულიყავით. დღემდე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უცნაური ძალა ზღვისკენ მიგვერეკებოდა.

აღელვებულ ზღვაში არ შევდიოდი. გურამი ბევრჯერ შესულა, მაგრამ მშვიდობიანად გამოსულა. შესანიშნავი მოცურავე იყო  და შიში არასოდეს მქონია. იმ დღეს, როცა ზღვაში შედიოდა, მომხედა და მითხრა, წყალში არ შემოდიხარ, მაგრამ დასველდი მაინცო. გურამს რომ შევხედე, რაღაც უცნაური, გამჭვირვალე თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი სხივი ედგა.

ვუყურებდი, როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა და ვგრძნობდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი, მაგრამ გურამ ფანჯიკიძის ცხედრის გამოტანისას ზღვამ უკან დაიხია - ,,ვგრძნობდი, უკანასკნელად ვხედავდი"ხმა ვერ ამოვიღე, სიტყვა ვერ ვთქვი. მერე ინსტინქტურად ისე მოვიქეცი, როგორც გურამმა მითხრა,  იქვე, ნაპირზე დავსველდი.

ტალღებს რომ ვუყურებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემკენ შემაშინებლად მოიწევდა, რამდენიმე წუთში ავდექი და ნაპირს მოვცილდი,

მერე გურამს ზღვაში ძებნა დავუწყე. ეს მანამდე არასოდეს გამიკეთებია. იმ წუთებში მოუსვენრობამ შემიპყრო. ზღვას რომ გავხედე,  გურამი ვერ დავინახე. იმ დღეს დინება იყო, მარცხნივ გავიხედე და დავინახე, რომ წყალში თავი ჰქონდა ჩარგული. როგორც შემდეგ მიამბეს, ყველაფერი წუთებში მოხდა.

ერთი ბიჭი მიხვდა, რომ გურამს რაღაც უჭირდა და მიუახლოვდა. გურამს უთქვამს, ინფარქტი მაქვს, ,,კამერა” მომიტანე, ხელი არ მომკიდოო. ერთ-ერთმა, ვინც იმ დროს წყალში იყო, გვითხრა, გურამი ზურგზე იყო გადაწოლილი, რაც კარგ მოცურავეს არ ახასიათებს და ამ საქციელმა გამაკვირვაო. როგორც ჩანს, ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა და ზურგზეც იმიტომ დაწვა.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა კი უცნაური ამბავი მიამბო. თურმე მის გამოსაყვანად რომ შევიდნენ, ზღვამ უკან დაიხია. ეს კაცი ამბობდა, თითქოს ზღვამ შეგვიშვა, რომ გურამი თავისუფლად გამოგვეყვანა და დინებას არ წაეღო. დაინდო, რომ ცხედარი არ დაკარგულიყოო.

-ამ ტრაგედიის თავიდან აცილება თუ შეგეძლოთ?

-გურამის გარდაცვალების შემდეგ მეც ხშირად მიფიქრია, ზღვაში რომ არ შესულიყო, იქნებ ეცოცხლა-მეთქი, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვიყავით იქ ჩასული, რომ გვეცურავა, თანაც, როგორც ცნობილმა პათანატომმა დამარწმუნა, ნებისმიერ ადგილზე შეიძლებოდა ინფარქტი მოსვლოდა. ამის შემდეგ უფრო დავიჯერე, რომ იმ დღეს სასტუმროს ნომრიდან რაღაც ძალა ზღვისკენ მართლა მიგვერეკებოდა. ღვთის ნება თითქოს იქ უნდა აღსრულებულიყო.

გურამს ზღვა განსაკუთრებულად უყვარდა. ზღვის უკან დახევაც მენიშნა. ღმერთმა დაგვიფარა, რომ ზღვამ ცხედარი არ წაიღო და საძებნელი არ გაგვიხადა.

ირინე მჭედლიძე, სარკე