რას ამბობდა ვაშაძე ფოტოგრაფების საქმეზე – ,,მაინტერესებს, ჟურნალისტები ბოდიშს მოუხდიან თუ არა სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა მტკიცებულება”

რას ამბობდა ვაშაძე ფოტოგრაფების საქმეზე - ,,მაინტერესებს, ჟურნალისტები ბოდიშს მოუხდიან თუ არა სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა მტკიცებულება",,ვეღარ გავუძელი ამ უსამართლობის მოლოდინს! ავიწყდებათ და აჰა, ვახსენებ და აზრი დაატანონ, არჩევანს რომ დააპირებენ”, – წერს ნათია გედენიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე იყო დაკავებული და აქვეყნებს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარებს.

,,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფოტორეპორტიორების დაკავებაზე ქართველი ჟურნალისტების რეაქციით უკმაყოფილოა. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ “ინტერპრესნიუსს” დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების მიმართ პრესის ასოციაციის მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

-რაც შეეხება ე.წ. ზოგიერთი ჩვენი მასმედიის, პრესის რეაქციას, ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან იძლევიან სრულიად უსაფუძვლო კითხვებს, მაგალითად, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაციასთან დაშვება, თითქოს, ჯაშუში მხოლოდ იქ მოქმედებდეს, სადაც დაშვება აქვს, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ფოტორეპორტიორების საქმეში არსებობს უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინება სასამართლოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები.

-მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ბოდიშს სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც საქმეში არსებობს, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პრესის ასოციაციამ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ჟურნალისტური გაერთიანებების, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების სახელზე მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელმომწერები მომხდარს აღვიქვამენ, როგორც შურისძიებას და დევნას სიმართლის ასახვისათვის.

აქვე დაფიქსირებულია მოწოდება, არ მოადუნონ ყურადღება ამ საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას კი მიმართვის ავტორები მოუწოდებენ, გაითვალისწინოს ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილობითი შუამდგომლობა – თავდებით გაათავისუფლოს გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე და საჯარო გახადოს საქმის მასალები”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018