დალი ჩიტალაძე: ,,დის გარდაცვალების შემდეგ სიბერის აღარ მეშინია”

დალი ჩიტალაძე: ,,დის გარდაცვალების შემდეგ სიბერის აღარ მეშინია"დალი ჩიტალაძემ თბილისში მოდის ექსპერტის სახელი დაიმკვიდრა და შეძლებული ქალების გარდერობის განახლებაზეც ზრუნავს. იმ ქალებს კი, ვისაც ფინანსური საშუალება არ აქვთ, თავისი ბლოგით “შოპინგ ვიზ დალი” (შოპინგი დალისთან ერთად) აძლევს პრაქტიკულ რჩევებს მისცეს, მაგალითად, როგორ იყვნენ მოდურები მეორადებში შეძენილი სამოსით.

დალი რამდენიმე თვის წინ 55 წლის გახდა. ასაკი არ დამალა და გრანდიოზული წვეულება მოაწყო, სადაც ჩაიცვა დათუნა სულიკაშვილის ყვითელი, ჰაეროვანი კაბა (ამ ფერის კაბებს 20 წლის გოგონებიც კი ხშირად ერიდებიან). ამტით დაამტკიცა, რომ არც ასაკი აშინებს და არც “სარისკო” ფერები. ის მუდამ კარგ განწყობაზეა და ცდილობს, ცრემლი, რომელიც მის თვალზე ხანდახან ჩნდება, არავის დაანახოს.

ამ მომხიბვლელი ქალის დღესასწაულივით ცხოვრების მიღმა ბევრი ტრაგედია იმალება. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სირთულესა და პრობლემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ახალგაზრდობაში ძმა დაკარგა, 2 წლის წინ კი უმცროსი და გამოეცალა ხელიდან. სწორედ დის გარდაცვალების შემდეგ გააცნობიერა, რომ ადამიანისთვის წლების მატება, დაბერება უფლის საჩუქარია.

დალი ჩიტალაძე: ,,დის გარდაცვალების შემდეგ სიბერის აღარ მეშინია"— დალი, რამდენიმე თვის წინ 55-ე წელი აღნიშნეთ. იშვიათად, რომ ქალი ასაკს არ მალავდეს და ასეთ მრგვალ თარიღს გრანდიოზულად აღნიშნავდეს.

– ასაკი არასოდეს დამიმალავს, 37 წლის შვილი მყავს და რა აზრი აქვს დამალვას? ღვთის დიდი მადლია, როცა ბერდები, ეს განსაკუთრებით მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ჩემზე 10 წლით უმცროსი და გარდამეცვალა. მაშინ მივხვდი, თურმე რა ბედნიერებაა, როდესაც წლები გემატება, ბერდები, შენს შვილებს უყურებ.

როცა ვიღვიძებ, ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო, რადგან ცხოვრება გრძელდება. სულ მიხარია ცხოვრება, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ამის შედეგია თუნდაც ის, რომ სიბერის არ მეშინია.

ახლა ის ეტაპი მაქვს, როდესაც ცხოვრებისეული გამოცდილება გაძლევს საშუალებას, საინტერესოდ იცხოვრო. მუდმივად ვცდილობ, ვისწავლო ახალი, ვიყო პროგრესული ყველაფერში, ურთიერთობებში, განათლებაში, საქმეში. თუ პროგრესული არ ხარ, მაშინვე ბერდები. როგორც კი ხელს ჩაიქნევ და ჩათვლი, რომ აღარ გჭირდება სიახლე, რომ ცხოვრება გავიდა, დარწმუნებული იყავი, რომ მეორე დღიდან ასაკი მაგრად დაგეტყობა.

ჩემთვის არ არსებობს სიტყვა “დავიღალე”. მაგალითად, ბევრი ქალი ჩემს ასაკში არ გააკეთებდა მოდის ბლოგს “შოპინგ ვიზ დალი”. ამ საქმეში გვერდით ძალიან ახალგაზრდა ადამიანი, გიგა უჩულატოვი დავიყენე. მისგან ვსწავლობ, ის ჩემგან სწავლობს და, საერთო ჯამში, ძალიან წარმატებული საქმე გამოგვივიდა.

— როგორ ფიქრობთ, ქალებს რატომ აშინებთ ასაკის მატება?

– არ ვიცი. არც ერთ ეტაზე მქონია განგაში, რომ უკვე ასაკი მემატება და ვბერდები. ძალიან მარტივად ვეგუები თუნდაც იმ გარემოებას, რომ შეიძლება ვარჯიშის პროცესში ჩემი სხეული ისეთი ელასტიკური არ არის, როგორიც 20 წლის წინ იყო. ჩემს სხეულზე ასაკობრივ გამოვლინებებს ძალიან ჯანსაღად აღვიქვამ.

დალი ჩიტალაძე: ,,დის გარდაცვალების შემდეგ სიბერის აღარ მეშინია"— უკან რომ იხედებით, საკუთარ ცხოვრებას რომ უყურებთ, ბევრი კორექტივი შეიტანეთ მასში?

– კი, წარსულის კორექციის სურვილი ნამდვილად მაქვს. ცხოვრებაში ერთი და იგივე შეცდომა ბევრჯერ დამიშვია. ყველაზე მეტად რასაც ვნანობ, ის არის, რომ მხოლოდ ერთი შვილი მყავს.

— რამ შეგიშალათ ხელი?

– ისე მოხდა, რომ ვახოს მამას ძალიან მალე გავშორდი. თითქმის 20 წელიწადი ემიგრაციაში ვცხოვრობდი და არც ვფიქრობდი მეორე შვილზე. მეორედ უკვე 39 წლის ასაკში გავთხოვდი. ბუნებრივია, გათხოვების გარეშე შვილი არც მინდოდა. გათხოვების მერე კი უკვე ასაკი მქონდა და ბევრი პრობლემა იყო. ჩემს მეუღლეს ორი შვილი ჰყავდა, მე ჩემი მყავდა და, სიმართლე გითხრათ, გარკვეული პრობლემების გადალახვა დამეზარა, რომ 40 წლის ასაკში შვილი გამეჩინა.

— პირველი ხანმოკლე ქორწინების შემდეგ მეორე ქორწინება უკვე 16 წელია გრძელდება. საკუთარ შეცდომებზე ისწავლეთ თუ პირველად არ გაგიმართლათ და და მეორე შანსი ბედნიერი აღმოჩნდა?

– პირველად 16 წლის გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, ეს არ იყო გააზრებული, უბრალოდ ემოციებზე დაფუძნებული ურთიერთობა იყო. ვახოს მამა ძალიან კარგი ადამიანია, ინტელიგენტი, განათლებული, მაგრამ მე და ის უბრალოდ ვერ ვეწყობოდით. აბსოლუტურად მშვიდად და მეგობრულად გავშორდით. დღეს მას ცოლი და შვილი ჰყავს. მის ცოლთან ძალიან ვმეგობრობ. ვმეგობრობ, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ იპოვა ის ადამიანი, ვისთანაც ლამაზი და კარგი ოჯახი შექმნა.

მეც, ჩემი მხრივ, უნდა გამევლო მარტო ყოფნის პერიოდი იმისთვის, რომ უფრო დამეფასებინა ოჯახური ურთიერთობები. სხვათა შორის, მეორედ რომ გავთხოვდი, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა. მე და ჩემი შვილი ამერიკიდან ვიყავით ჩამოსული და იმდენი მოახერხა, არ გამიშვა, სანამ გადაწყვეტილება არ მიმაღებინა.

— ყველა ოჯახურ ურთიერთობაში არსებობს კრიზისი, თქვენ რა მეთოდი გაქვთ იმისთვის, რომ ის დაძლიოთ და სერიოზულ პრობლემებში არ გადაიზარდოს?

– პირველ რიგში, ერთმანეთის სიყვარული გვაძლებინებს. ამ 16 წლიანი თანაცხოვრებისას იყო სერიოზული კრიზისი. ჩემი მეუღლე ბიზნესშია და ნაციონალების ხელისუფლების პერიოდში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. როდესაც მამაკაცს ბიზნესში პრობლემები აქვს და მატერიალური მდგომარეობა ფუჭდება, ბუნებრივია, ეს ოჯახშიც იწვევს გარკვეულ კრიზისს.

ისეთი პერიოდი გადავიტანეთ, რასაც ბევრი ვერ გაუძლებდა. ჩვენ ერთმანეთის საყრდენი ვართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

— როცა ორ ადამიანს საერთო შვილი არ ჰყავს, ეს შეიძლება ურთიერთობაში პრობლემების მიზეზი გახდეს?

– ჩემს ქმარს იმდენად უყვარს ჩემი შვილი და მე – მისი შვილები, რომ დღის წესრიგში არასოდეს დალი ჩიტალაძე: ,,დის გარდაცვალების შემდეგ სიბერის აღარ მეშინია"დამდგარა და არ გვიგრძვნია, რომ საერთო შვილი გვაკლდა. ჩემი მეუღლე ბაბუა გახდა და ძალიან მომწონს ბებიანაცვლის ამპლუა. საკუთარი შვილიშვილი არ მყავს, მაგრამ ვგიჟდები ანასტასიაზე, მის გაზრდაში აქტიურად ვმონაწილეობ.

— თქვენს ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლები, ადგილები მკვეთრად განსაზღვრულია?

– არ ვარ ფემინისტი, გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ. მე და ჩემი ქმარი აბსოლუტურად თანასწორები ვართ, მაგრამ როცა სახლში მოდის, მიყვარს მასზე ზრუნვა. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ქმარს ვემსახურები, მაგრამ მე ეს მსიამოვნებს. ისიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო.

— შეიძლება, რომ ქალი ბედნიერი იყოს ოჯახურ ცხოვრებაშიც და წარმატებული – საქმეშიც?

– თუ გათხოვება გინდა, იშვიათად, რომ კარიერა გამოგივიდეს. ოჯახი ორი ადამიანის ერთად ყოფნაა და ამ დროს, როცა ერთი ადამიანი სულ კარიერაზე ფიქრობს, იქ ოჯახი არ არის. სიმყუდროვე ქალმა უნდა შექმნას, კაცი შეიძლება უბრალოდ დაგეხმაროს. სიმყუდროვის შექმნას ბევრი დრო სჭირდება, რაც კარიერისტ ქალს ვერ ექნება. როცა ოჯახს ააშენებ, შექმნი სიმყუდროვეს, მაშინ უფრო შეგიძლია კარიერაზეც იფიქრო, მაგრამ მაინც დაბალანსებული უნდა იყოს ეს ყველაფერი.

როცა გავთხოვდი, დიდი ხანი მუშაობაზე არც მიფიქრია. ახლა უკვე იმდენად მყარია ჩვენი ურთიერთობა, იმდენად კარგად არის დალაგებული ოჯახი, რომ მაქვს იმის საშუალება, საქმეში აქტიური ვიყო.

— რომ არ გათხოვილიყავით, ამერიკაში დღეს ვინ იქნებოდით?

ყველა ვარიანტში ძალიან წარმატებული კარიერა მექნებოდა. ჯანი ვერსაჩეს მაღაზიაში კლიენტების მომსახურება მევალებოდა. შემდეგ საკონსულტაციო ბიზნესკომპანიაში ვიცეპრეზიდენტი ვიყავი. არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ნიუ იორკში წარმატებულ კარიერას ოჯახი ვარჩიე.

— წლების მანძილზე მარტოხელა დედის სტატუსის ტარება რთული იყო?

– იმ დროს, როდესაც პირველ ქმარს გავშორდი, ძალიან რთული სიტუაცია იყო საქართველოში განათხოვარი ქალისთვის. ძალიან დიდი შრომა და ნერვები დამჭირდა იმისათვის, რომ ჯერ საქართველოში დამემკვიდრებინა თავი და მერე ნიუ იორკში.

სანამ ამერიკაში წავიდოდი, საქართველოში ვსწავლობდი კონსერვატორიაში, მიღებდნენ ფილმებში, ვმღეროდი. კარგად მახსოვს, როცა გიზო ნიშნიანიძემ გამიცნო, 20 წლის ვიყავი და კონსერვატორიაში ვაბარებდი. მოისმინა ჩემი ნამღერი და მითხრა, დალი, აბა, შენ იცი, ძალიან დიდ გამძლეობას გისურვებ იმიტომ, რომ თბილისი არ გაპატიებს, იყო ლამაზი, ნიჭიერი და თან გემოვნებიანიო. დღემდე ბრძოლით მოვდივარ.

დალი ჩიტალაძე: ,,დის გარდაცვალების შემდეგ სიბერის აღარ მეშინია"— თქვენი ვაჟი რას საქმიანობს, როგორია მისი ცხოვრება?

– ჩემი შვილი, ვახტან სუთიძე, მწერალია. ბაკალავრი და მაგისტრატურა ნიუ იორკში დაამთავრა. დღეს თბილსში ცხოვრობს. ყველამ უნდა ინატროს ისეთი შვილი, როგორიც მე მყავს. პრობლემა არასოდეს შეუქმნია, არ ეწევა, არ სვამს, ტყუილიც კი არასოდეს უთქვამს ჩემთვის. ერთადერთი ნაკლი აქვს, რომ 37 წლის არის და უცოლო.

სულ მეუბნება, ერთი წელიც მაცადე და ოჯახს შევქმნიო და მეც ყოველ წელს ამ ერთ წელიწადს კიდევ ვაძლევ.

— წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სცენარი – თქვენი რძალი უგემოვნო აღმოჩნდა.

– ადრე ჩემს შვილს სულ ვეუბნებოდი, გენეტიკა არ გამიფუჭო, ლამაზი გოგო მოიყვანე, რომ ლამაზი შვილიშვილები მყავდეს-მეთქი. ახლა გენეტიკა კი არა, ოღონდაც ცოლი მოიყვანოს, ის იყოს ბედნიერი და მე არაფერი მინდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი უგემოვნო გოგოს არ მოიყვანს. ზუსტად ვიცი, ისეთს არ მოიყვანს, რომელიც არ მომეწონება, რადგან ასეთ ადამიანთან თვითონაც ვერ იპოვის საერთოს.

— ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ყოველთვის ასეთი ხართ?

– ძალიან იშვიათად, მაგრამ წყობიდან მეც გამოვდივარ და ასეთი დალი ჩიტალაძე არავინ უნდა ნახოს. ერთადერთი, რამაც შეიძლება წყობიდან გამომიყვანოს, უმადურობა და უზრდელობაა. თითზე ჩამოსათვლელად ვარ წყობიდან გამოსული, მაგრამ მტრისას! აუცილებლად ახლობელი ადამიანი გამომიყვანს წყობიდან, უცხოებისგან არაფერი მტკივა და არაფერი მწყინს.

— თქვენს ცხოვრებაში არის ორი დიდი ტკივილი. როგორ გადაიტანეთ ეს ტრაგედიები?

– ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი… 2 წელი გავიდა, რაც ჩემი დიანა აღარ არის. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მძაფრდება ტკივილი. ჩემი ძმა, დათო, 31 წლის იყო, როცა გარდაიცვლა. მაშინ ამერიკაში ვიყავი და დამიმალეს ეს ამბავი. არ მითხრეს, რადგან საბუთები არ მქონდა და არ უნდოდათ, ჩამოვსულიყავი. ძმა გარდაცვლილი რომ არ მყავს ნანახი, სულ მგონია, რომ სხვაგან არის.

დათოს სიკვდილიც ძალიან მოულოდნელი იყო. “ობეხეეს”-ში მუშაობდა, იარაღის ტარების უფლება ჰქონდა და იარაღი გაუვარდა. დიანას შემთხვევამ კი საბოლოოდ დამანგრია. მისი გარდაცვალება აბსოლუტური ელდა იყო. ღამე დაიძინა და აღარ გაიღვიძა.

იმ პერიოდში რაღაც სანერვიულო შეხვდა. ვეხვეწებოდი, ჩემთან მოსულიყო, ზუსტად ვიცოდი, რომ დავამშვიდებდი. დილით კი დამირეკეს, დიანა ცუდად არის და მოდიო. დილის ძილი ძალიან მიყვარს და, როცა მაღვიძებენ, ვბრაზობ. იმ დილითაც ასე იყო, სულ ჩხუბ-ჩხუბით მივედი მის სახლში და დამხვდა საშინელება…

ამ შოკიდან დღემდე არ გამოვსულვარ. სამი დედმამიშვილი ვიყავით და მარტო დავრჩი. ამ ყველაფრის გადატანაში ძალიან დამეხმარა ჩემი მოძღვარი მამა გიორგი. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზიც რომ არ ვიცი, ესეც არ მასვენებს. სულ ჩემს თავს ვაბრალებ, რომ სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, ზრუნვა დავაკელი.

დიანას გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირს. ყველამ იცოდა, რომ ჩემთვის მეორე შვილივით იყო. მისი სკოლის დამთავრება, უნივერსიტეტში ჩაბარება – სულ მე დავყვებოდი ყველგან.

— დაბოლოს, მინდა, მივუბრუნდე ასაკს, რითიც საუბარი დავიწყეთ. წინ 60 წელი გელოდებათ, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ასაკში თქვენი თავი?

– წინ 5 წელია, თავის მოვლას გავაგრძელებ და 60 წლის ასაკში უფრო პროგრესული და განვითარებული ვიქნები. 70 წლის ასაკშიც უნდა ვიყო პროგრესული და თანამედროვე, ეს ჩემი დევიზია.

ავთო ჩიტიძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018