,,ივანიშვილს რაღაც დაემართა” – დავით უსუფაშვილი

,,ივანიშვილს რაღაც დაემართა" - დავით უსუფაშვილიპარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ,,პალიტრანიუსის” ეთერში თავისი ყოფილი გუნდის წევრებზე ისაუბრა, ასევე ყოფილ პრემიერ ივანიშვილზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

დავით უსუფაშვილი:

-მახსოვს ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება პატივცემულ ივანე ჩხარტიშვილისადმი და ნათქვამი, ეს რა კაცია, კარებს რომ ჩაუკეტავ, ფანჯრიდან შემოდისო. მახსოვს ამაზე ჩემი პასუხიც, ადექით და ფანჯარაც ჩაკეტეთ-მეთქი.

– როგორც ჩანს, ფანჯარა ღია დარჩა ივანიშვილს…
– ანდა, ფანჯარა ჩაკეტა, მაგრამ კარი გააღო… ყველას ახსოვს ფარცხალაძის აღზევებაც და დაღმასვლაც, თუმცა, გავლენას რომ ინარჩუნებდა, სერიოზული პრობლემა იყო და ამაზე არაერთხელ გვიკამათია.

– ვისთან გიკამათიათ?
– ივანიშვილთან.

– როგორი იყო მისი პასუხი?
– არა, რას ამბობ, მე კიდევ ერთხელ ვიღაცას ვუთხარი, კიდევ ერთხელ დავავალეო და ა.შ.

– რა დაემართა ივანიშვილს, ფერი იცვალა?­
– მე ახლა ფსიქოანალიზს ვერ დავიწყებ, ალბათ ამის დროც მოვა. თვითონ ამბობს, რომ ამის სპეციალისტია და საკუთარ თავს შეხედოს. ფაქტია, რაღაცები დაემართა.

ჩემი დიაგნოზი ასეთია: დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყანა და მმართველობა, დაფუძნებული მრავალპარტიულობაზე, როგორც ჩანს, მას ვარდისფერ ფერებში წარმოედგინა, რომ ყველაფერს მარტივად დაალაგებდა: ერთი პარტია, ორი, სამი… თქვენ აქ, თქვენ – იქ და ახლა ყველა თავისუფალი ხართ, ოღონდ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც მე მგონია სწორი და კარგიო… მერე დაინახა, რომ თუ თავისუფლებას მისცემ ადამიანებს, ისინი ამით ისარგებლებენ.

პალიტრანიუსი