,,ერთ დღესაც რომ ვერ გავიღვიძო… ვერ დავურეკო დედას და არ მპასუხობდეს მამაც…” – რას წერდა ანა ლაშხელი-ონიანი

,,ერთ დღესაც რომ ვერ გავიღვიძო... ვერ დავურეკო დედას და არ მპასუხობდეს მამაც...'' - რას წერდა ანა ლაშხელი-ონიანისულ რამდენიმე დღის წინ მწერალი, 32 წლის ანა ლაშხელი-ონიანი წერდა, რომ მას ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ ის იბრძოლებდა, არ დანებდებოდა და ამ ბრძოლაში გაიმარჯვებდა. მერე დაწერდა წიგნს – ,,მე დავამარცხე კიბო”.

გუშინ კი ქართულ ინტერნეტსივრცეს ელდასავით მოედო მისი გარდაცვალების ამბავი. ახალგაზრდა მწერალს რამდენიმე დღის წინ ამხნევებდნენ, ახლა კი მასზე გამოსათხოვარ წერილებს წერენ.

ანა სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიური იყო. მის პოსტებს, მოთხრობებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ერთგან ის წერდა:
,,ჯერ არც დამიძინია და გაღვიძებაზე ვფიქრობ… ავდგები დილას და ყველაფერი იგივე იქნება.
იგივე ოთახი. ადამიანები. გარემო. სამუშაო მუსიკა. მანქანა. ლოგინი. ფარდა. დილის ფინჯანი ყავა. ჭურჭლის დარეცხვა. ზარი მშობლებთან. წუწუნი დაქალთან. იგივე ისტორიები face სამყაროდან.
და უცებ წარმოვიდგინე, როგორ მიყვარს ეს ერთფეროვნებაც.
წარმოვიდგინე, რომ ერთ დღეს ჩემს ოთახში ვერ გავიღვიძო. რომ ჩემი ლოგინი არსად იყოს. რომ ვერ ავადუღო ყავა და მთელი დღე მისი სურნელი მელანდებოდეს. რომ ვერ დავურეკო დედას და არ მპასუხობდეს მამაც. რომ აღმოვაჩინო, რომ ისინი უბრალოდ ვერასოდეს გიპასუხებენ. რომ გავიდე აივანზე და ვერსად დავინახო ჩემი სახლი. რომ უსახლო აივანზე ვდგავარ…
წარმოვიდგინე, ერთ დღესაც რომ ვერ გავიღვიძო.
სანამ დავიძინებ… მინდა გითხრა, შენ უფალო, ყველაფერი მჭირდება ხვალისთვის. ყველაფერი მინდა იგივე, თუნდაც სიზმრების გზაზე დავარდნილი გამხმარი ყვავილი”.