გურამ პეტრიაშვილი: ,,მე სხვა ქალი მიყვარდა და ახლაც მიყვარს” – რა სტკივა კეთილ მეზღაპრეს

გურამ პეტრიაშვილი: ,,მე სხვა ქალი მიყვარდა და ახლაც მიყვარს" - რა სტკივა კეთილ მეზღაპრეს,,მე თქვენ მოგელანდებით” – თქვა გურამ პეტრიაშვილმა 1992 წლის დასაწყისში, როცა თბილისში ტყვიები ზუზუნებდა და საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, აიძულეს, სამშობლოდან გადახვეწილიყო. თვითონაც მოუხდა საქართველოდან წასვლა, მაგრამ ბოლომდე ზვიად გამსახურდიას ერთგული დარჩა.

20 წელი უკრაინაში ცხოვრობდა და მერე სამშობლოში დაბრუნდა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. პროფესიით კინორეჟისორია. გასული საუკუნის 80-იან წლებში რამდენიმე ქართულ ფილმში დაუვიწყარი სახე შექმნა. რითი ჰგავს თავის გმირს ფილმ ,,ცისფერ მთებში”, ვის უძღვნის ზღაპრებს და რატომ ვერ შეირთო ქალი, რომელიც დღემდე თავდავიწყებით უყვარს, ამის შესახებ მან ,,სარკეს” უამბო.

– ბატონო გურამ, როგორ ცხოვრობთ, როგორია თქვენი ყოველდღიური ყოფა?

– ისე ვცხოვრობ, როგორც ყველა. ერთი ეგ არის, რომ განსხვავებული პენსია მაქვს, როგორც უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრს – 560 ლარს ვიღებ.  პარლამენტის დეპუტატები და თანამდებობის პირები ათასობით ლარს იღებენ ხელფასის სახით და უფრო დიდ პრემიებს იწერენ. დაქრიალებენ ყველაზე კარგი მანქანებით.

– თქვენ კი ავტობუსით დადიხართ.

– აბა, რითი უნდა ვიარო?! მანქანა არ მყავს და არც მეყოლება. მწერალთა კავშირში დიდხანს ვიდექი ავტომობილის ყიდვის რიგში. სამჯერ მომიწია რიგმა, მაგრამ ვერ ვიყიდე, რადგან ფული არ მქონდა. ბოლოს ვიყიდე ჟიგული “07” მარკის.

მანქანის ტარებას ჩემი გურული მეგობარი მასწავლიდა და სულ დამძახოდა, მაგარი ხარო. თურმე ისეთი მასწავლებელი უნდა გყავდეს, შენი არაფერი მოსწონდეს. გამათამამა მისმა შეფასებებმა, დავჯექი მანქანაზე და უცებ პანიკაში ჩავვარდი. თურმე გაზს ვაჭერდი და მეგონა მუხრუჭი. თემქაზე ხეს შევეჯახე და იმ კაცზე ვილოცე, ვინც იქ ხეები დარგო. რომ გადმოვედი და გადავიხედე, იმ ხის ქვემოთ იყო ხევი, სადაც ოცი ბავშვი მაინც თამაშობდა.

მაშინვე ჩემს სიძეს დავურეკე, მანქანა შენ წაიყვანე, ალბათ ღმერთმა მომცა ნიშანი, რომ საჭესთან აღარ დავჯდე-მეთქი.

– ქალიშვილის ქმარს აჩუქეთ?

– დიახ. საოცრად კარგი სიძე მყავდა. როცა მე მოსაკლავად დამდევდნენ, მაშინაც კი ამბობდა, გურამ პეტრიაშვილის სიძე ვარო. ვუთხარი, ნუ ამბობ, მტერს გაიჩენ-მეთქი, მაგრამ მპასუხობდა, ის ხომ კარგი იყო, როცა შენ დეპუტატი იყავი და მაშინ ვამბობდი, მისი სიძე ვარო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

სულ ორი ქალიშვილი მყავს. უფროსს სამი შვილი ჰყავს – ორი ამ კარგ კაცთან და ერთი იმისგან, რომელზეც ლაპარაკიც არ მინდა, თუმცა შვილიშვილი საყვარელია. ჩემი ცოლი და ეს ბავშვი ძმაკაცები არიან. უნდა ნახოთ, როგორ თამაშობენ. ჩვენს სახლში რომ შემოდის, მთელი სახლი ფერადდება. თან, ზვიადი ჰქვია.

უფროსი შვილიშვილი, სანდრო, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი.

– უკრაინაში როგორ აღმოჩნდით?

– გამსახურდიამ უკრაინაში ელჩად დამნიშნა. ბრძანებას ვეღარავინ შეცვლიდა და მერე ვეღარც წამოვედი. ზვიადს ვკითხე, უკრაინაში რა უნდა გავაკეთო-მეთქი და მითხრა, რასაც საქართველოში აკეთებდი, იქაც ის გააკეთე – ხომ იცავდი ქართულ ენას, კულტურას, ჰოდა, იქაც დაიცავიო.

ჩერნიგოვოს ტელეკომპანიაში ასამდე გადაცემა გავაკეთე უკრაინულ კულტურასა და კულტურის მოღვაწეებზე. ასევე გავაკეთე 8 მულტფილმი, ვიდეოფილმები. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადავიღე. ასევე გავაკეთე სერიალი დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმებისა…

მერე დავბრუნდი, რადგან ისეთი სიტუაცია იყო უკრაინაში, რომ ჩემი იქ მოღვაწეობა შედეგიანი აღარ იქნებოდა. თან, მკვლელი სააკაშვილი მიდიოდა საქართველოდან და ვფიქრობდი, ვინც მოვიდოდა, იმაზე კარგი იქნებოდა. მთელი ეს წლები, გარდა იმისა, რომ შვილიშვილებს ვერ ვნახულობდი, მშობლების საფლავზე ვერ გავდიოდი. უამრავი მეგობარი გარდამეცვალა.

უკრაინაში რომ წავედი, ჩემი 9 წლის ქალიშვილი, ირინა, წავიყვანე. უფროსი შვილი, ოლიკო, რომელიც გათხოვილი იყო, თბილისში დარჩა. ჩემს შვილებს დედა უკრაინელი ჰყავთ, მაგრამ ისე გაიზარდნენ, მათთვის ერთი სიტყვა არ მითქვამს რუსულად.

– თბილისში ქირით ცხოვრება რატომ გიწევთ, სახლი ხომ გქონდათ?

– დიახ, მაგრამ ახლა რთული მდგომარეობა მაქვს, რომელსაც ცოტა ხანში ალბათ გამოვასწორებთ.

ხომ არ ინანეთ, თავის დროზე პოლიტიკაში რომ ჩაებით და წლების განმავლობაში ამ მსახიობსა და მწერალ კაცს ემიგრაციაში ყოფნა მოგიხდათ?

– პოლიტიკაში არასოდეს ჩავბმულვარ. უზენაესი საბჭოს დეპუტატი, იცით, როგორ გავხდი? ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი და მხოლოდ ქართული ენის პოპულარიზაციაზე ვფიქრობდი. არჩევნები რომ ჩატარდა, მეც გავხდი დეპუტატი. ამისთვის არ მიბრძოლია და, მამის სულსა და შვილიშვილებს გეფიცებით, ისიც არ ვიცოდი, ვინ ითვლიდა ხმებს და რა ხდებოდა. სახლში ვიჯექი, დილით მეგობარმა რომ დამირეკა და მითხრა, დეპუტატი გახდიო. ხალხმა ნამდვილად აგვირჩია ჩვენ.

გურამ პეტრიაშვილი: ,,მე სხვა ქალი მიყვარდა და ახლაც მიყვარს" - რა სტკივა კეთილ მეზღაპრეს– თუმცა მერე იყო ,,მე თქვენ მოგელანდებით”, რის გამოც ვიღაცეებისთვის მიუღებელი გახდით.

– მერე სად არის მანდ პოლიტიკა?! ჩემი სამშობლოსთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ვაჟა-ფშაველას აქვს ასეთი სიტყვები, ვისაც სამშობლო უყვარს, ცხოვრება მისთვის ომიაო.

პუტჩი რომ მოხდა, გასცეს ბრძანება, რომ სადაც მნახავდნენ, იქ მოვეკალი. თან, ძალიან რომ არ გახმაურებულიყო ჩემი მკვლელობა, უბედური შემთხვევის სახე უნდა ჰქონოდა – ვითომ შემთხვევით გაისროლა ვიღაცამ და მე მომხვდა. ეს ინფორმაცია მქონდა.

აღვირახსნილი ტყუილი იფრქვეოდა ჩემ შესახებ. საქართველოში ყველაზე დიდი გინება ზვიად გამსახურდიას შეხვდა, მეორე ადგილზე კი მე ვარ. ახლა გაახილეს თვალი და ამბობენ, თურმე კარგ ზღაპრებს წერსო. არადა იგივე ზღაპრები 1988 წელს მაქვს გამოშვებული. მაშინ არავის მოვწონდი, რადგან ზვიადის გვერდით ვიდექი.

გურამ პეტრიაშვილი: ,,მე სხვა ქალი მიყვარდა და ახლაც მიყვარს" - რა სტკივა კეთილ მეზღაპრეს– თქვენი ზღაპრები როგორ იწერება, შთაგონება როგორ მოდის?

– ჩემი ზღაპრები თანაგრძნობისგან იბადება. მე თანავუგრძნობ ყველა ადამიანს და ზემოდან არავის დავცქერი. ახლაც, ავტობუსით რომ მოვდიოდი, ერთი კაცი დაჯდა ჩემ წინ, რომელზეც გული მიტიროდა, რადგან მივხვდი, ჩემი ხნის კაცს მძიმე სამუშაო აქვს, რათა თავი ირჩინოს და ალბათ სხვაც არჩინოს.

ფულიანი არ ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი საქმე, რომელსაც სხვებიც ამჩნევენ. უკრაინაში ერთმა კრიტიკოსმა 21-ე საუკუნის ოსკარ უაილდი დამარქვა. ჩემმა ქართველმა მეგობარმა ჯარჯი ფხოველმა კი ეს გააპროტესტა და თქვა, 21-ე საუკუნის ოსკარ უაილდი კი არა, 21-ე საუკუნის გურამ პეტრიაშვილიაო.

ერთხელ მკითხეს უკრაინაში, როგორ ვისწავლოთ ზღაპრების წერაო. ვუთხარი, ახლა ალბათ სულ 100 ზღაპარი მაქვს და რომ ვიცოდე, როგორ იწერება, 4.500 მექნებოდა-მეთქი. არ ვიცი, როგორ ვწერ. რა რას გიკარნახებს, რა აზრი მოგივა… მუზა მართლა არის, მაგრამ კი არ დაგაჯდება მხარზე და გეჭუკჭუკება ყველაფერს – ერთხელ გამოიფრენს, იდეას გადმოგიგდებს და მერე შენ უნდა ივაჟკაცო, საით წაიყვან.

4.000-ზე მეტი ლექსი დავწერე, ბევრი ზღაპარიც მოვიფიქრე, მაგრამ ჩემს წიგნში ,,პატარა ქალაქის ზღაპრები” მხოლოდ 28 ზღაპარი შევიტანე.

– თქვენი პოლიტიკური თუ სამსახიობო იმიჯით მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდით. ახლა კი კეთილ მეზღაპრე ბაბუდ მოგვევლინეთ.

– ყოველთვის პრინციპული ვიყავი და არა – მკაცრი. ცუდი არავისთვის გამიკეთებია. ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც გეტყვით, გურამ პეტრიაშვილმა მე რაღაც გამიფუჭაო. არავის მოკვლა მომსურვებია, ზღაპრებშიც კი არ ვკლავ არავის. ზღაპრებში ისეთ რამეებს ვწერ, რის გაკეთებასაც ზვიად გამსახურდია აპირებდა ცხოვრებაში.

გურამ პეტრიაშვილი: ,,მე სხვა ქალი მიყვარდა და ახლაც მიყვარს" - რა სტკივა კეთილ მეზღაპრეს– ქუდსაც მუდმივად ატარებთ, როგორც თქვენი პერსონაჟი ,,ცისფერი მთებიდან”?

– დიახ, მუდამ ვატარებ. ახლა თქვენთან ამდენ ხანს რომ უქუდოდ დავმჯდარიყავი, თავი საშინლად ამტკივდებოდა. ჩემი თავი ვერც სიცხეს უძლებს და ვერც სიცივეს. ამ შავი ქუდის ქვეშ სვანური ქუდი მახურავს. ჩაფხუტმა რომ თავი არ გატკინოს, ან სვანური ქუდი უნდა დაიხურო, ან თუშური.

ჩემმა მეგობარმა, ნოდარ წულეისკირმა რომ გაიგო, სულ თავი მტკიოდა, მითხრა, მეც ეგ პრობლემა მქონდა და რაც ეს მახურავს, თავის ტკივილმა გამიარაო. მას მერე აღარ მომიხდია. ფილმში კი მაძალებენ, ქუდი მოიხადეო, მაგრამ ცხოვრებაში ცოლი ვერ გამიბედავს, ქუდი მოიხადეო.

– მკაცრი მეუღლე ხართ?

– მკაცრი კი არა, სამართლიანი ვარ. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი ქალია. წარმოიდგინეთ, რამდენ გაჭირვებას და უბედურებას გაუძლო ჩემს ხელში. უკრაინაში ლაღად და მშვიდად კი არ ვცხოვრობდი, უამრავი სირთულე გადავლახე. ჩერნიგოვოს ტელეკომპანიებიდან გამაგდეს, რადგან ერთ ბიჭს ვუთხარი, რა კარგი კაცი ხარ და მიკვირს, კაგებე-ში რომ მუშაობდი-მეთქი.

კიევში წავედი, სადაც ათას რამეზე ვმუშაობდი, არაფერს ვთაკილობდი. რასაც ვშოულობდი, ჩერნიგოვოში ჩემს ცოლს და ქალიშვილს ვუგზავნიდი. ბავშვი იქ სწავლობდა.

ჩემი ცოლიც ჩერნიგოვოდანაა. იქ ჯერ მის მშობლებთან, მერე კი ბებიასთან ერთად ვცხოვრობდით. მათ ვუგზავნიდი ფულს და ჩემთვის იმდენს ვიტოვებდი, დღეში ერთი პური და 200 გრამი კარაქი მეყიდა. კარაქის ჭამამ ქოლესტერინი დამიგროვა და ჰიპერტონიული კრიზი დამემართა. 6 წლის წინ ინსულტიც განმივითარდა და საავადმყოფოში ვიწექი. ასე რომ, დალხენილი ცხოვრება არ მქონია.

– მომავალი მეუღლე უკრაინაში გაიცანით?

– არა, თბილისში. აქ ჩამოიყვანა მამამისმა. პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიულზე უნდოდა ჩაბარება, მაგრამ მე შევხვდი და ამ ფაკულტეტზე ჩაბარება გადავაფიქრებინე. მეორე წელს უკრაინაში ფილოლოგიურზე ჩააბარა. მერე მეც ჩავედი და ერთი წელი იქ ვიცხოვრე.

 ამბობთ, რომ სხვა ქალი გიყვარდათ.

– იშვიათი გამონაკლისი არსებობს, როცა შეგიყვარდება, იმასაც შეუყვარდები და ოჯახს შექმნი. მე სხვა ქალი მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ახლა უკვე ბებიაა.

ახალ სპექტაკლში ერთი კარგი ამბავია შეტანილი – ხნიერი შეყვარებულების. რეჟისორის თანაშემწემ მითხრა, ამ ეპიზოდს რომ უყურებდი, ტიროდიო. მართლა ვტიროდი, რადგან ეს ჩემი პირადი ამბავია.

– რატომ არ შედგა ეს სიყვარული?

– ძალად ხომ არ შევაყვარებდი თავს?! როცა შემიყვარდა, 17-18 წლის ბიჭი ვიყავი. მე სოფლიდან ჩამოსული გახლდით, ის – ,,სვეტსკი” გოგო იყო. ისეთი გაპრანჭული მეგობრები ჰყავდა, მათთან სიტყვას ვერ ვამბობდი. ამ დროს კი მათზე მეტი მქონდა წაკითხული.

მერე გათხოვდა და მისი ეს ქორწინება ტრაგიკულად დამთავრდა – ავტოავარიის შედეგად მეუღლეც გარდაეცვალა და შვილიც. მერე მეორედ გათხოვდა და ახლა ბებიაა.

– იცის, რომ გიყვარდათ?

– ალბათ იცის. მის დას სკოლაში მათემატიკას ვასწავლიდი და დის ხელით რაღაცებსაც ვუგზავნიდი. მასზე დავწერე ,,კაცი და ქარი”, მაგრამ ვერ მივუძღვენი, რადგან არ ვიცი, გაუხარდება თუ არა მას, მის ქმარს…

 რუსუდან ადვაძე, სარკე, 2016 წელი