ნაზი ტაბატაძე: “ეჭვიანი კაცები მშვიდად არიან, როცა მათი ცოლები ჩემი ტაქსით მგზავრობენ”

ნაზი ტაბატაძე: "ეჭვიანი კაცები მშვიდად არიან, როცა მათი ცოლები ჩემი ტაქსით მგზავრობენ"სწავლა სიბერემდეო – ეს გამოთქმა ზუსტად შეეფერება ახალციხეში მცხოვრებ პენსიონერს, 62 წლის ნაზი ტაბატაძეს. პროფესიით ენერგეტიკოსმა 4 წლის წინ მკვეთრად შეცვალა თავისი ცხოვრება, როცა სრულიად ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი – სამკერვალო გახსნა ქალაქის ცენტრში, 2 წლის წინ კი კიდევ უფრო მკვეთრი “მოხვევა” გააკეთა – ავტომობილის მართვა ისწავლა, საჭეს მიუჯდა და კლიენტებიც გაიჩინა. ხან სამკერვალოშია, ხან მგზავრებს ემსახურება. შემოსავალს არ უჩივის და თან სიხარულით მუშაობს, რადგან კერვაც ძალიან უყვარს და მანქანის მართვაც.

– ქალბატონო ნაზი, 4 წლის წინ, სანამ ახალ საქმიანობას წამოიწყებდით, როგორ ცხოვრობდით, რას აკეთებდით?

– ბავშვობიდან ყველაფერი მეხერხება – კერვა, პარიკმახერობა, სანტექნიკა და ა.შ. ნებისმიერი საქმე გამომდის ხელიდან. 19 წლიდან თბილისში სხვადასხვა ქარხანაში ვმუშაობდი. შემდეგ შვილი დამეღუპა და მე და ჩემმა მეუღლემ თბილისი დავტოვეთ. მუშაობა ადიგენში, მაგნიტოფონების ქარხანაში დავიწყეთ ოსტატისა და კონტროლიორის პოზიციაზე.

– ტაქსის მძღოლობა რამ გადაგაწყვეტინათ?

– ყველაფერი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ერთი ხუმრობით დაიწყო. დისშვილის ქმარმა ჩემს მანქანას ტაქსის ნიშანი დაადგა ისე, რომ არ ვიცოდი. იმ დღესვე ჩემმა ნაცნობებმა სადღაც გაყვანა მთხოვეს და, როდესაც მივიყვანე, ფული გამომიწოდეს. ძალიან გამიკვირდა. რა თქმა უნდა, არც გამოვართვი და ვერც მივხვდი, რას აკეთებდნენ. თურმე ჩემი მანქანის თავზე ტაქსის ნიშანი ყოფილა შემოდგმული.

არ დაგიმალავთ და, მანამდეც მითქვამს ოჯახის წევრებთან, მართვის მოწმობა ხომ არ ავიღო და ტაქსის მძღოლობა ხომ არ დავიწყო-მეთქი. ეს სიტყვები რომ ახსოვდათ, ჩემს ავტომობილს იმიტომაც დაადგეს ტაქსის ნიშანი. ის, რაზეც თვეები ვფიქრობდი, ერთ დღეს რეალობად ვაქციე.

– ავტომობილის მართვა როდის ისწავლეთ?

– 60 წლის ასაკში. შვილიშვილს ვთხოვე, მანქანის ტარება მასწავლე-მეთქი. ვისწავლე და მართვის მოწმობაც ავიღე.

– როგორი იყო ოჯახის წევრებს რეაქცია, როცა შეიტყვეს, რომ ტაქსისტობას აპირებდით?

– ჩემს ქალიშვილთან, სიძესთან და სამ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ. თავისთავად ჩემს შვილს და სიძეს არ მოსწონდათ ჩემი ეს გადაწყვეტილება. მეუბნებოდნენ, უნდა ვინერვიულოთ, როგორ ატარებ მანქანასო. უმცროსი შვილიშვილი იმაშიც გამომიტყდა, მრცხვენია, ტაქსის მძღოლი რომ ხარო. მე მშვიდად ვუპასუხე: “ჰოდა, ბებო, ტაქსი რომ დაგჭირდება, სხვა გამოიძახე, მე კი კლიენტებს მოვემსახურები”.

ნაზი ტაბატაძე: "ეჭვიანი კაცები მშვიდად არიან, როცა მათი ცოლები ჩემი ტაქსით მგზავრობენ"– სამკერვალო როგორ აამუშავეთ?

– ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე სამკერვალო მოვაწყვე. კერვაც ძალიან კარგად გამომდის. ჩემი სამკერვალოს წინ ტაქსი მყავს დაყენებული. როცა ტაქსის კლიენტი მოდის, სამკერვალოს ვკეტავ და მგზავრს ვემსახურები. შემდეგ უკან ვბრუნდები და ვაგრძელებ ჩემს საყვარელ ჭრა-კერვას.

საერთოდ არ მაწუხებს, როცა სამკერვალოში მუშაობისას უცებ ტელეფონი დარეკავს და აღმოჩნდება, რომ მგზავრს უნდა მივაკითხო. ამ ორი საქმით 1500-მდე ლარს გამოვიმუშავებ. ეს თანხა დღევანდელ საქართველოში ცოტა არ არის.

– პატარა ქალაქებში ტაქსის მძღოლებს შორის დიდი კონკურენციაა. როგორ შეგხვდნენ მძღოლები ახალ კოლეგას?

– რომ გითხრათ, ძალიან კარგად-მეთქი, მოგატყუებთ. ერთთან შელაპარაკებაც მომივიდა. მკერავიც რომ ვარ და ტაქსისტიც, ეს არ მოეწონა. შენ ორი სამსახური გაქვს და ჩვენ მხოლოდ ერთ საქმეს ვაკეთებთო. ყველგან არის კარგი და ცუდი. მე ჩემი კლიენტები მყავს, მათ – თავიანთი.

– მთელი დღე ადამიანებს დაატარებთ მანქანით, ცოცხალი სამუშაო გაქვთ და ალბათ საინტერესო ისტორიებიც არ გაკლიათ.

– ჩემი ავტომობილი მარჯვენასაჭიანია. ხშირად მძღოლის მხრიდან აღებენ კარს და ჩაჯდომა სურთ, რაც კურიოზულად მთავრდება ხოლმე. ერთხელ თურქს მოვეწონე და მითხრა, ვიმეგობროთო. 5 საათი მატარა ჩემი ტაქსით ახალციხის ქუჩებში, შემდეგ ფული არ გადამიხადა და გაიქცა. დავურეკე და მოვატყუე, მეც მინდა შენთან მეგობრობა, სამკერვალოში მოდი-მეთქი. როგორც კი მოვიდა, ვუთხრი, ახლავე ფული მომეცი, თორემ არ ვიცი, რას გიზამ-მეთქი! ფული გადაიხადა.

კლიენტებს ქალი მძღოლის დანახვა ახარებთ. ერთხელ ქალაქში ჩამოსული სტუმრები სხვა მანქანაში სხდებოდნენ, მაგრამ მე რომ დამინახეს, ჩეთან გადმოსხდნენ.

– ნასვამ მამაკაცებს თუ სვამთ მანქანაში?

– გააჩნია, როგორი ნასვამია. ლოთს და “ბრადიაგას” – არა. ცოტათი ნასვამი, ნათესავთან რომ ორი-სამი ჭიქა დალია და სახლში უნდა მანქანით წასვლა, რა თქმა უნდა, მიმყავს. არც ძვირს ვართმევ და იმიტომაც მეძახიან ხშირად. ყველას ვაძლევ შესაძლებლობას, რომ სახლში კომფორტულად მივიდნენ, ზოგჯერ ნისიადაც კი.

როცა ახლობელია ან კარგი ნაცნობი, რომელსაც იმ მომენტში არ აქვს ფული და უახლოეს დღეებში ექნება, რა თქმა უნდა, ვემსახურები. აბა, ქუჩაში ხომ არ დავტოვებ ამის გამო?!

განსაკუთრებით მშვიდად არიან ეჭვიანი კაცები, როცა მათ ცოლებს მე ვემსახურები. ასე ამბობენ, არ გვეშინია და ცოლებს თქვენი ტაქსით ღამითაც უპრობლემოდ გავუშვებთო.

– რომელ საათზე იწყება თქვენი სამუშაო დღე?

– ჩემი დილა 8 საათზე ლოცვით იწყება, შემდეგ არის სამზარეულო და, რა თქმა უნდა, საღამომდე სამკერვალოში უამრავი საქმე, პარალელურად – ტაქსით კლიენტების მომსახურება. მიჩვეული ვარ, რომ სულ მოძრაობაში უნდა ვიყო.

– ავტომობილის შეცვლას არ გეგმავთ?

– არა, ძალიან ეკონომიურია ჩემი მანქანა. ზამთარშიც და ზაფხულშიც საოცრად კარგად დადის. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი კინოა და რეჟისორი რომ ვიყო, საკუთარ თავზე ალბათ ერთ დიდ დოკუმენტურ ფილმს გადავიღებდი.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალი სარკე