ზაზა სარალიძე: ,,თუ ჭკუით არ იქნება გახარია… ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ”

ზაზა სარალიძე: ,,თუ ჭკუით არ იქნება გახარია... ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ”ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა. სარალიძე გამოკითხვაზე „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო იმყოფებოდა.

სარალიძემ ინციდენტის შესახებ საგამოძიებო უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, კუპრავას მხრიდან სასამართლოს მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით იყო გამოწვეული.
-არაფერი არ წარმოუდგენიათ იქიდან გამომდინარე, რომ იქ არაფერია წარმოსადგენი. ზვიად კუპრავამ რა სიტყვებიც დახარჯა, მაგ სიტყვებიდან გამომდინარე, ჩემს ინტერვიუშიც ჩანს, რომ გახარიას და გახარიას უწყებას მეც ვაგინებ.

საგინებლები იყვნენ და ვაგინე იმიტომ, რომ დამამხეს ყველაფერი თავზე, ჭამა არ გვაცადეს. ეს იყო პირიქით, პოლიციელების გადაცდომა, რაზეც რეაგირება მოახდინა გენინსპექციამ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჩერდებიან და უფრო მეტი კონკრეტული დასჯა უნდა მომეთხოვა და არა მარტო საყვედურებზე უნდა დავკმაყოფილებულიყავი.

თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს, ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება შს სამინისტრომ 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. საუბარია, 12 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე. საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ზვიად კუპრავას საქმე განიხილებოდა.

პირველი რადიო