ღალატით შებილწული სარეცელი – “ჩემი ქმარი არ იმსახურებდა იმას, რაც გავუკეთე”

ღალატით შებილწული სარეცელი - "ჩემი ქმარი არ იმსახურებდა იმას, რაც გავუკეთე"არსებობს ისეთი საქციელი, რომელსაც ვერასოდეს გამოისყიდი, ყოველ წამს შეგახსენებს თავს, მასზე ფიქრები დაგტანჯავს და სიცოცხლეს გაგიმწარებს. ასეთი საქციელია ღალატი და ამ შემთხვევაში ცოლქმრულ ღალატზე გვექნება საუბარი.

ჩვენი რესპონდენტი საშუალო ასაკის ქალი ლანაა. წესით, მშვიდი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, რადგან კარგი შვილი, რძალი და შვილიშვილები ჰყავს, მაგრამ ის შინაგანად ვერ წყნარდება, სულ აფორიაქებულია, გარდაცვლილი ქმრის წინაშე სინდისის ქენჯნა არ ასვენებს. ამის მიზეზი კი ღალატია.

“ბევრი ვიფიქრე, მომემართა თუ არა თქვენთვის, მაქვს თუ არა მორალური უფლება, ჩემი წარსული სააშკარაოზე გამოვიტანო. მკითხველი ალბათ ზნედაცემულ ქალად შემრაცხავს და იტყვის, თავის ცოდვას ჩვენ რას გვახვევსო, მაგრამ მაინც… თუ ჩემი მაგალითი ცდუნების წინაშე მდგომ თუნდაც ერთ ქალს სწორ არჩევანს გააკეთებინებს, ესეც საქმეა!” – ასე დაიწყო საუბარი ქალბატონმა ლანამ და თავისი ცხოვრებაზე გვიამბო:

– თბილისის პრესტიჟულ უბანში, ინტელიგენტების გარემოცვაში გავიზარდე. მეგობრები ბავშვობიდან გამომყვნენ, სულ ერთად ვიყავით.

ოჯახს რომ მოვეკიდეთ და დავიტვირთეთ, მაინც ვნახულობდით დროს შეკრებისთვის, ერთმანეთის მოსაკითხად და მოსაფერებლად. განსაკუთრებით სამნი ვდაქალობდით: ეკა, მაკა და მე. ეკა და მაკა დადებითი ადამიანები არიან, მაგრამ ჩემი ჩადენილი შეცდომა გარკვეულწილად მათ უკავშირდება. არ იფიქროთ, სხვას ვაბრალებდე, ჩემი უტვინობის და წინდაუხედაობის ბრალია.

– თქვენმა დაქალებმა როგორი ცხოვრება გაიარეს?

– ეკა ულამაზესი გოგო იყო. ნაადრევად გათხოვდა, 19 წლისას უკვე შვილი ჰყავდა. 3 წლის შემდეგ მოულოდნელად ქმარი სხვა ქალს გაეკიდა – თურმე ლამაზ ქალებსაც ტოვებენ ქმრები! ეს ჩვენთვის შოკი იყო. ქმარმა შვილთან ერთად ბედის ანაბარა მიატოვა. მაინც უყვარდა ქმარი, დარდობდა, წლობით ვერ ინელებდა.

მდგომარეობიდან მაშინ გამოვიდა, თავის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი რომ შეუშვა. კაცი ასაკოვანი იყო, გამოცდილი, ფსიქოლოგიურად მიუდგა ეკას, ურთიერთობაზე დაითანხმა, სტრესიდან გამოიყვანა, გულწრფელად შეიყვარა, ხელისგულზე ჰყავდა, მაგრამ მაინც ვერ იქორწინეს.

ის კაცი ცოლშვილიანი გახლდათ, შვილიშვილების პატრონი. ავადმყოფი ცოლი ჰყავდა. ასაკოვანი, დაოჯახებული კაცისთვის ძნელია ახალი ცხოვრების დაწყება.

ერთხანს კი იფიქრა ეკას გამო ოჯახის დატოვება, მაგრამ ჩემმა მეგობარმა არ დაანება, მისი ცოლის მდგომარეობა გაითვალისწინა. რამდენიმე წლის შემდეგ დაშორდნენ. იოლი არ არის ცოლიან კაცთან ურთიერთობა.

ასაკთან ერთად ეკა უფრო მეტად მშვენდებოდა – ვინ დატოვებდა მარტოს?! ჰქონდა კიდევ სიყვარული, თუმცა არც ქმარი წაურთმევია ვინმესთვის, არც საყვარელი. გათხოვებაზე აღარ უფიქრია, თავისუფალ ცხოვრებას მიეჩვია. იხალისებდა ცხოვრებას, ამით ახალგაზრდულ იერს, ენერგიას, სილამაზეს ინარჩუნებდა. ასე რომ არ მოქცეულიყო, ალბათ დეპრესიაში ჩავარდებოდა. ვერ გავამტყუნებ.

– მაკას ცხოვრება როგორ წარიმართა?

– მაკას ქმარი ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა, უყურადღებოდ არ ტოვებდა, ფინანსურად უზრუნველყოფდა, მაგრამ ამავე დროს დროსტარებას არ იკლებდა, სხვადასხვა ეტაპზე საყვარლები ჰყავდა. მაკა ამას ხვდებოდა და ძალიან განიცდიდა, მაგრამ შვილების გამო ოჯახს ვერ ანგრევდა, ქმარსაც ვერ იმორჩილებდა. სულ ჩხუბობდნენ. ბოლოს უკვე ქმარი მასთან სარეცელსაც არ იყოფდა.

ქალი დაიტანჯა, ნერვებმა უმტყუნა, არ იცოდა, რა გზას დასდგომოდა. მერე, ეკას რჩევით, ფლირტი გააბა სხვა მამაკაცთან – მდგომარეობას შეგიმსუბუქებსო. ფლირტი რომანში გადაიზარდა და… ქმარს არაფერი გაუგია. გაგიკვირდებათ და, მაკას ოჯახში სიტუაცია მართლაც გამოსწორდა.

ქალი, რომელსაც საყვარელი ჰყავდა, სხვაგვარად უვლიდა თავს და ქმრის ყურადღებაც მიიპყრო. ქმარმა თითქოს თავიდან აღმოაჩინა ცოლი, როგორც ქალი და სხვაგვარად დააფასა. ცოლმაც ქმრის ღალატს უფრო იოლად შეხედა.

– ამ ყველაფერს უყურებდით და მეგობარს არაფერს ეუბნებოდით, არ აფრთხილებდით, რომ ოჯახში ღალატი დაუშვებელია?

– ვეწინააღმდეგებოდი, სხვა კაცთან ფლირტში რომ ეძებდა გამოსავალს. ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, მაკას ოჯახის დანგრევის მეშინოდა, მაგრამ წარმოუდგენელი რამ მოხდა, ოჯახი უფრო გამყარდა. მაკა დაშორდა საყვარელს და ქმარს დაუბრუნდა. ქმარმაც ქედი მოიხარა ცოლის წინაშე.

მაკას უბრალოდ გაუმართლა, თორემ სავალალო შედეგს ვერ ასცდებოდა. მე კი ამ მაგალითმა არასწორ გზაზე დამაყენა, ჩემზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

– როგორც ჩანს, მეუღლესთან დალაგებული ურთიერთობა აგერიათ.

– ძალიან კარგი ქმარი მყავდა, ერთგული, მზრუნველი, ყურადღებიანი. სიკეთის განსახიერება იყო, ყველას უყვარდა. დღე და ღამე შრომობდა, ოჯახისთვის არაფერს იშურებდა. მე კი ვერ ვივარგე, არ გამოვდექი კარგი ცოლი, ქმარი თავის სიცოცხლეში სათანადოდ ვერ დავაფასე, მისი ერთგული ვერ დავრჩი.

– შეეფერებოდით ერთმანეთს?

– ჩემი ქმარი სოფლიდან იყო. ახალგაზრდობაში იმ სოფელში ვისვენებდი, იქ გავიცანი. თავიდანვე მოვეწონე. ისეთი კეთილი და დაუზარელი იყო, რაღაცნაირად გული გამითბა. თბილისში დაქალებს გავუზიარე შთაბეჭდილებები. იშაყირეს – თან სოფლელი, თან იასონი, ხომალდი “არგო” (არგონავტების მითიდან) გაკლიათო.

სახელი იასონი მეც მეხამუშებოდა, ვფიქრობდი, თბილისის პრესტიჟულ უბანში გაზრდილი გოგო იასონს და თანაც სოფლელს ხომ არ შევიყვარებ-მეთქი. ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩემი ხანმოკლე გატაცება და თავიდან ამოვიგდე. რამდენიმე ხნის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. თავისი ცოდნით, წესიერებით გზა გაიკაფა.

ერთ დღესაც მომძებნა. სულ სხვანაირი გამხდარიყო – ქალაქს მორგებული. მომეწონა, ხელი ვერ ვკარი. მისი სოფლური წარმომავლობა დავივიწყე და ცოლად გავყევი. იასონის ნაცვლად სოსოს ვეძახდი.

– დაქალებმა დაწუნებული კაცი სიძედ როგორ მიიღეს?

– არ უნდოდათ, იასონს გავყოლოდი, მაგრამ მერე კეთილად განეწყვნენ. იასონს უყვარდა ჩემი დაქალები, საჩუქრები მოჰქონდა მათთვის. მე ხომ გაუთავებლად მანებივრებდა. ზოგადად, ეს იყო სიყვარულის ადამიანი, სიყვარულისთვის დაბადებული. ბევრი შვილი უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეგვეძინა – ამაზეც ვმადლობ უფალს!

– ქმრის ღალატი თავში აზრად როგორ მოგივიდათ?

– მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ერთი და იგივე, რუტინული ყოფა მოსაბეზრებელი ხდება. იმ სიყვარულსაც ეჩვევი, მზრუნველობასაც და ყველაფერი ჩვეულებრივად გეჩვენება, შეიძლება ბევრმა რამემ გაგაღიზიანოს კიდეც, მაგალითად, თუ ქმარში სოფლურ მანერას ან გამოხატვის ფორმას შენიშნავ, რაღაც მომენტში “გოიმურად” ჩათვლი.

ხან მისი ნათესავებიც გაღიზიანებენ, სოფლიდან ჩამოსულებს ოჯახში ღამეს რომ ათევებინებ და წასვლას აღარ ფიქრობენ…

ერთი სიტყვით, რუტინის გარღვევის და სიახლის მოთხოვნილებას გრძნობ – მით უმეტეს, თუ ისეთი დაქალები გყავს, რომლებიც თავგადასავლებით ივსებენ ცხოვრებას და ყველაფერს გიყვებიან, ძალაუნებურად ინტერესში გაგდებენ.

საცთური ჯერ ფიქრებში შემოდის და მერე განხორციელებას იწყებს, ანუ იწყებ ფიქრს არარსებულ მამაკაცზე, რომელიც თითქოს ცხოვრებას გიახლებს, გიხალისებს, მრავალფეროვნებით გავსებს. მერე კი შეიძლება მართლა გამოჩნდეს ასეთი ვინმე. ქმარშვილიანმა ქალმა ფიქრშიც კი არ უნდა დაუშვას ღალატი.

– არც ქალმა და არც კაცმა. თქვენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა?

– ცნობისმოყვარეობამ მძლია, დამაინტერესა და დავნებდი… ჯერ ყურადღება მესიამოვნა, რაღაც სხვა ტიპი იყო, განსხვავებული ინტერესებით. თანდათან პიროვნული ურთიერთობაც განვითარდა. მეგონა, არაფერს ვაშავებდი… მიმძიმს, რომ ვიხსენებ.

მხოლოდ ერთხელ გვქონდა სექსი. მერე საშინლად დავითრგუნე და ვინანე. მივხვდი, რაც ჩავიდინე – სხეული წავიბილწე. სხვას ვერაფერს დავარქმევ ჩემს საქციელს. კაცს რა უნდა გათხოვილი ქალისგან, რატომ ისწრაფვის – რა თქმა უნდა, სქესობრივი კავშირისთვის. თავად ქალს უნდა ეყოს ჭკუა, ეს რომ არ დაუშვას.

– ის კაცი იოლად შეგეშვათ?

– რომ დაინახა, რა დღეში ჩავვარდი, წავიდა, აღარ გაირთულა ცხოვრება.

– მას შემდეგ გაგიჭირდებოდათ ქმართან ურთიერთობის გაგრძელება.

– მძიმე პერიოდი მქონდა. იასონი ვერ ხვდებოდა, რა მჭირდა, გადაღლილობას აბრალებდა, თავს მევლებოდა, საგზურები მოჰქონდა ჩემთვის, რომ დამესვენა.

ქმრის გადამეტებული ყურადღება სულს უფრო მიმძიმებდა. დაქალები ცდილობნენ ჩემს დამშვიდებას, მაგრამ ამავე დროს გრძნობდნენ, რომ რაღაც წვლილი თავადაც მიუძღოდათ. მათთან ყოველდღიური ურთიერთობა თანდათან გაიშვიათდა და ბოლოს საერთოდ შეწყდა. ჩემი ოჯახური იდილიაც დამთავრდა.

ქმარს ძველებურად ვუყვარდი, მაგრამ ჩემი შეცდომის გამო სინდისი მქენჯნიდა, ვერ ვმშვიდდებოდი. ზოგჯერ ვფიქრობდი, ქმრის წინაშე დანაშაული მეღიარებინა, მაგრამ ამით ოჯახიც დამენგრეოდა და ქმარსაც გულს მოვუკლავდი…

ქმრის სიკვდილის შემდეგ ეს ტანჯვა უფრო გამიმძაფრდა. უცნაური განცდა დამეუფლა, თითქოს იასონი ანგელოზად წავიდა ცაში და ჩემს ყოველ ნაბიჯს (წარსულს და აწმყოსაც) ხედავს. მის ფოტოს თვალს ვერ ვუსწორებ.

– ტაძარში მაინც იპოვიდით შვებას.

– სულიერი მოძღვარი არ მყავს, აქამდე ვერ შევარჩიე, მიჭირს… სანთელს ვუნთებ მიცვალებულს, შენდობას ვთხოვ. ტაძარში რომ შევდივარ, ცრემლებს ვერ ვიკავებ.

– თქვენი შვილი ალბათ უკვე დიდია. დამოუკიდებლად ცხოვრობს?

– ჩემი ვაჟი დაოჯახებულია, ორი შვილიც ჰყავს და ერთად ვცხოვრობთ. რძალი ჭკვიანი გოგო, კარგი დედა და ცოლია. სულ გაფაციცებული ვარ, რომ მესამე არ გამოჩნდეს და მათი ურთიერთობა არ აირიოს. ჩემი შეცდომის გამო მათ მიმართ ეჭვიანობა დამჩემდა. ეს რომ შემამჩნიონ, მათ თვალში პატივისცემას დავკარგავ. უფრო მეტიც, რძალი რომ მიხვდეს, როგორ ვეჭვიანობ მის ყველა ახლობელ ბიჭზე, მომიძულებს.

– წარსულის შეცდომის გამო დღესაც იტანჯებით, არც არის გასაკვირი, ღალატი ოჯახს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს.

– ღალატით ჩვენი სიყვარული და ერთგულება მოვკალი – ოჯახური იდილია, სიმშვიდე, ურთიერთობა, ბედნიერება. დარჩენილი ცხოვრება ქმარს ტყუილში გავატარებინე – განა ეს ცოტაა?!

– იქნებ ფსიქოლოგს მიმართოთ.

– არ ვიცი… ერთხანს იასონი ზედიზედ მესიზმრებოდა, თითქოს გრძელ, უსასრულო გზაზე მივდიოდი, წინ ქმარი მხვდებოდა, მინდოდა, შევგებებოდი, მისკენ ვიწევდი, მაგრამ უგულოდ გვერდს მივლიდა და გზას განაგრძობდა. ბევრი ვილოცე, სანთლებიც ავუნთე და, როგორც იქნა, სიზმრებისგან გავთავისუფლდი.

შეიძლება ფსიქოლოგმა ნაწილობრივ მიშველოს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ამ დამღას ვერასდროს მოვიშორებ, მთელი დარჩენილი ცხოვრება შავ ლაქად გამყვება.

ჩემს თავს იმ ერთ ღალატს ალბათ ვერასდროს ვაპატიებ. ჩემი ქმარი არ იმსახურებდა იმას, რაც გავუკეთე. იმქვეყნად ისე წავიდა, არაფერი შეუტყვია, მე კი ჩემი საქციელი მარადიულ ტანჯვად მექცა.

ნანა კობახიძე, ჟურნალი სარკე