“ეჭვი მაქვს, რომ მამაჩემს სხვა ქალისგან შვილი ჰყავს”

"ეჭვი მაქვს, რომ მამაჩემს სხვა ქალისგან შვილი ჰყავს"ჟურნალ ”სარკეს” 15 წლის გოგონამ ასეთი წერილი მისწერა:

”გამარჯობა! ამ წერილს 15 წლის გოგო გწერთ. გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ალბათ არც მოგმართავდით. პრობლემა მამაჩემშია. არ მინდა, ჩემი ეჭვები გამართლდეს, მაგრამ მგონია, რომ მთელ ოჯახს გვღალატობს.

ასე მგონია, მამას ერთ ქალთან ძალიან ახლო, სხვანაირი ურთიერთობა აქვს. ყველაფერს კი ცოტა ხნის წინ, აღდგომას მივხვდი.

დედაჩემს მამა ჰყავს გარდაცვლილი, რომელიც სოფელშია დაკრძალული. აღდგომას მხოლოდ ერთხელ იყო საფლავზე გასული, რადგან მამა სულ ეუბნებოდა, დედაჩემის საფლავზე უნდა გახვიდეო. დედამისი კი სულ სხვა რაიონში და სოფელშია დაკრძალული. დედა არ ანერვიულებდა და ამიტომ რჩებოდა. წარმოიდგინეთ, დედამთილის საფლავზე გადიოდა და მამის საფლავზე – არა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მამაჩემს არ სწყენოდა.

წელს მამამ პირდაპირ უთხრა, შენს სოფელში წადი და ბავშვებიც წაიყვანეო. რადგან ასე მოიქცა, მე ავიტეხე, მაშინ შენთან ერთად მე წამოვალ, ბებოს საფლავზე მე გავალ-მეთქი. დედაჩემმაც უთხრა, ერთ ბავშვს მე წავიყვან, მეორე შენ წაიყვანე და შენს და-ძმასაც არ ეწყინებათ, მე რომ არ მნახავენო. მამას აშკარად არ უნდოდა ჩემი წაყვანა, მაგრამ ისე მოვემზადე, არც ვკითხე. მაშინ არ მიფიქრია, ჩემთან ერთად ყოფნა თუ არ მოუნდებოდა.

ნეტა, საერთოდ არ წავსულიყავი! სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა და ეჭვიანობა. თბილისიდან რომ გავდიოდით, გზაზე ვიღაც ქალი და ბავშვი იდგნენ. უი, ჩემი ნაცნობიო, თქვა და მანქანა გააჩერა. გადავიდა, იმ ქალს ელაპარაკა, მისი ბარგი აიღო და ჩვენს ავტომობილში ჩადო.

სანამ ის ქალი და ბავშვი ჩასხდებოდნენ, ასე გამაცნო – უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით, ახლა შემთხვევით შემხვდა და თან გავიყოლოთ, ჩვენკენ მოდისო. ამაში უჩვეულო არაფერი შემინიშნავს, მაგრამ გზაში რაღაცებმა დამაეჭვა.

ის ბავშვი 5 წლის არის და არ ეტყობოდა, რომ მამაჩემს არ იცნობდა. გზაში ხან რა მოსთხოვა, ხან – რა. დედამისი ეჩხუბებოდა, ლამის სცემდა, გაჩუმდიო, ბავშვი ხან ატირა, ხან ჩქმეტდა. მოკლედ, აშკარად არ უნდოდა, შემემჩნია, რომ ის ბავშვი და მამაჩემი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს.

15 წლის ისე გავხდი, მამაჩემისთვის ზედმეტი არაფერი მომითხოვია და ის ბავშვი ისე თამამად ელაპარაკებოდა, მე ვერ ვუბედავ მამას ამდენ რამეს. მამაჩემიც დაძაბული იჯდა საჭესთან, ცდილობდა, არაფერი შეემჩნია.

უცებ ბავშვმა გზაზე რაღაცები დაინახა, იყვირა, მიყიდეთო, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ის ბავშვი არ გაჩერდა, ზღვაზე რომ წამიყვანთ, მაშინ მიყიდეო. დედამისს კი არ მიმართა, აშკარად მამაჩემს ეუბნებოდა.

მე და ჩემი ძმა მთელი ზაფხული ვეხვეწებოდით, რომ ზღვაზე წავეყვანეთ, მაგრამ უარი გვითხრა. არადა გურიაში მივლინებებით ხშირად დადიოდა. ვეუბნებოდით, ჩვენ ზღვაზე დაგვტოვე, შენ კი შენი საქმე აკეთეო, მაგრამ უარით გვისტუმრებდა. ბავშვის საუბრიდან მივხვდი, რომ მათ ასვენებდა ზღვაზე. ის ქალი ისეთი ალეწილი სახით იჯდა მანქანაში, რა გაეკეთებინა, აღარ იცოდა.

თქვენთვის იქ როგორ მოვიცლიო, გვეუბნებოდა, ალბათ მართლაც არ ეცალა, რადგან იქ სხვები ჰყავდა მისახედი. მამის მეგობრებსა და მათ შვილებს კარგად ვიცნობ. აუცილებლად მეცოდინებოდა, ის ქალი მართლა მისი მეგობარი რომ იყოს.

ის ქალი სახლამდე მიიყვანა, რაიონის ცენტრში, ანუ ერთი რაიონიდან არიან და ალბათ დიდი ხნის მეგობრობაც აკავშირებთ და ტყუილია, რომ უნივერსიტეტში სწავლობდნენ ერთად. რამდენჯერმე ვკითხე რაღაც იმ ქალზე, მაგრამ ლაპარაკი სხვა თემაზე გადამიტანა.

ახლა ჩუმად ვარ. დედისთვის არ მითქვამს, რომ ვიღაც ქალთან ერთად ვიმგზავრე. მამაჩემსაც სიტყვა არ დასცდენია. მართლა მეგობარი რომ ყოფილიყო, დედას ხომ მოუყვებოდა, გზაზე შემთხვევით ვნახე და გავიყოლეო? მაგრამ აშკარად ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ჩემი წაყვანა იმიტომ არ სურდა, რომ უნდოდა, მათ მომსახურებოდა.

95 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არ ვცდები და მამა გვღალატობს. მე და იმ ბავშვს საერთო მამა რომ გვყავს, ამაშიც 95 პროცენტით მაინც ვარ დარწმუნებული, თუ მეტით არა.

მამის მიმართ აშკარად შევიცვალე. სულ ეჭვის თვალით ვუყურებ. ამას წინათ დედა და მამა წაკინკლავდნენ. ცოტა დამაკლდა, რომ მეთქვა, თუ დედაჩემი არ მოგწონს, იმ ქალთან წადი-მეთქი. თავი შევიკავე, მაგრამ ტირილი ამივარდა.

ზოგჯერ მინდა, დედას სიმართლე ვუთხრა. რატომ უნდა ატყუებდეს ქმარი?! ჯობია, სიმართლე იცოდეს. ან თუ ვცდები, ჯობია, ისიც გავარკვიო.

ძალიან მეშინია ამ თემაზე ლაპარაკის, მაგრამ აღარც დუმილი შემიძლია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე და დახმარებისთვისაც ამიტომ მოგმართეთ.”