“ნინოს დედა შემთხვევით შეესწრო ავარიას, დასახმარებლად მივიდა და მანქანაში გარდაცვლილი შვილი დახვდა”

“ნინოს დედა შემთხვევით შეესწრო ავარიას, დასახმარებლად მივიდა და მანქანაში გარდაცვლილი შვილი დახვდა”ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახიჯვარში ტრაგედია დატრიალდა. “რავ 4” ტიპის ავტომანქანა სოფლის ერთ-ერთი მცხოვრებლის ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც 24 წლის ნინო თიბილაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე 30 წლის დავით კალიეჩევი და ამ უკანასკნელის დეიდაშვილი ნათია მინდიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყავნეს. დაშავებულები არიან ნინო თიბილაშვილის მცირეწლოვანი შვილებიც, რომლებიც ასევე კლინიკაში გადიან მკურნალობას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის მართვისას ექსპლოატაციის გაუფრთხილებლობას გულისხმობს.
მომხდარზე ადგილობრივი მცხოვრები ავთანდილ ჯანელიძე გვესაუბრება:
– საშინელი ტრაგედია დატრიალდა, მანქანა ჩვენივე სოფლის მცხოვრებლის ჭიშკრის ბოძს ისეთი ძალით შეეჯახა, რომ საშინლად არის დეფორმირებული. ნინო საჭესთან იჯდა და ადგილზევე გარდაიცვალა, მის გარდა მანქანაში მყოფი ორი კაცი უმძიმესად დაშავდა.

დათოს _ ნინოს მეუღლეს, სახის ძვლები და ნეკნები აქვს დალეწილი, ნათია კი გონს ჯერაც არ მოსულა – თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა, ხერხემალიც დაზიანებული აქვს. მანქანა სწორედ ნათიას საკუთრებაა, როგორც ჩანს, დეიდაშვილის ცოლს ასიამოვნა და საჭესთან დასვა.

საბედნიეროდ, ბავშვები გადარჩნენ, რომლებიც უკან ისხდნენ მანქანაში. ნინო ჩვენ თვალწინ გაიზარდა, საყვარელი გოგო იყო… ამ საშინელების შემდეგ ორი პატარა უდედოდ დარჩა.

ყველაფერი კი სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია… საბრალო გოგო დედ-მამასთან მოდიოდა მეზობელი სოფლიდან, სადაც იყო გათხოვილი. მისი მეუღლის, დათო კალიეჩევის მამა, რომელიც ბერძენია, საბერძნეთში მუშაობს და იქ შვილისა და რძლის წაყვანას აპირებდა.
მთელი ოჯახი, ბავშვებით, ქვეყნიდან მეორე დღეს მიდიოდა. ვინც ავარიის მომენტი დაინახა, ამბობს, რომ მანქანა ძალიან დიდი სიჩქარით მიჰქროდა და კატასტროფულად შეეხეთქა ჭიშკარსო. როგორც ჩანს, გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა.
ნონოს მშობლები ტარგედიის ადგილიდან სულ რაღაც 100 მეტრში ცხოვრობენ. დაახლოებით საღამოს 7 საათი იქნებოდა, ნინოს დედა მეზობელ ქალთან ერთად გზაზე იყო თურმე გასული. დაინახა, მანქანა ჭიშკარას როგორ შეეჯახა, ჰაერში ავარდა და გადატრიალდა. ქალი სხვებთან ერთად მისახმარებლად გაიქცა და მანქანში გარდაცვლილი შვილი დახვდა…

ეთერ ერაძე, კვირის პალიტრა