„სარკე“ქართული კინოს ვარსკვლავი, რეზო ჩხიკვიშვილი, 70 წლის იუბილესთვის ემზადება. მომავალი წლისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია, შერჩეულია ექიმისა და მუსიკოსის, გიორგი ორაგველიძის, სიმღერა, რომლის მიხედვითაც ვიდეორგოლი გაკეთდება, სადაც მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების გზა იქნება ნაჩვენები.
რეზო ჩხიკვიშვილი: ცნობილი ექიმი, უროლოგი, მუსიკოსი და სიმღერების ავტორი, გიგი ორაგველიძე, რომლის შემოქმედებას საქართველოში ბევრი ადამიანი იცნობს და აფასებს, ამ უახლოეს პერიოდში ორი ახალი ნამუშევარი გამიზიარა და მათი მოსმენის შემდეგ ჩემი აზრიც მკითხა. პირველი იყო სიმღერა ,,ფიქრი ფიქრს”, რომელიც მოგვიანებით გიგიმ მერაბ სეფაშვილთან ერთად განახორციელა, ძალიან საინტერესო და გამორჩეული ნამუშევარია. ვფიქრობ, ეს სიმღერა მერაბს განსაკუთრებით მოუხდა.
მეორე კი სრულიად განსაკუთრებული აღმოჩნდა – ლამაზი, ემოციური და ღრმა მელოდია, რომელიც გიგიმ სპეციალურად მე მომიძღვნა. სანამ ამ მელოდიას ბოლომდე ჩავუღრმავდებოდი და გავიზიარებდი, როგორ შეიძლებოდა მისი ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებით გზასთან დაკავშირება, მოვასმენინე ჩემს ახლო ადამიანებს, მეუღლეს, მინდოდა მათი გულწრფელი აზრი მომესმინა.
განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ყველამ თითქმის ერთხმად აღნიშნა ამ მუსიკის მელოდიურობა, სიღრმე და განსაკუთრებული ემოციური ხასიათი. ეს არის თითქოს ფართოდ გაშლილი მელოდია, რომელიც მოგონებებს აღვიძებს, წარსულში გაბრუნებს და საკუთარ ცხოვრებაზე გაფიქრებს.
სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, რატომ არ უნდა გახდეს ეს მელოდია ჩემი 70 წლისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნამუშევარი?!.. ჩემი 70 წლის იუბილე 2027 წლის მარტში იქნება და მინდა, ამ მელოდიაზე შეიქმნას კლიპი, რომელიც ერთი ადამიანის – ჩემი ცხოვრების გზას – მოუყვება მაყურებელს!..
კლიპი გერმანიიდან დაიწყება, ჩემი დღევანდელი საცხოვრებლიდან… ჩემი სამუშაო ოთახი, ფოტოები, პლაკატები, აფიშები… ჩემი გერმანული ცხოვრების ეპიზოდები, სპექტაკლები, გადაღებები, ვიდეო არქივი და ის შემოქმედებითი გზა, რომელიც გერმანიაში გავიარე.
ასევე ბუნებრივად შემოვა ჩემი დღევანდელი პროფესიული ცხოვრებაც, მათ შორის გერმანული სერიალების პრემიერა, რომელიც 15 სექტემბერს ბერლინის ერთ-ერთ პრესტიჟულ კინოთეატრში გაიმართება, შემდეგ კი თბილისი – გერმანიიდან საქართველოში დაბრუნება. მანქანიდან დანახული თბილისი, ქალაქის ქუჩები და ის ფიქრები, რომელიც ამ ქალაქთან, ჩემს ბავშვობასთან და ახალგაზრდობასთან მაკავშირებს…
გავყვები იმ ქუჩებს, ადგილებს, რომლებმაც ჩემი მსახიობური ცხოვრება შექმნა და გააძლიერა – თეატრალურ ინსტიტუტს, მარჯანიშვილის თეატრს, ჩემს პროფესიულ გზას, ადამიანებს, მეგობრებსა და კოლეგებს… იქნება შეხვედრები ქუჩაში, მაყურებელთან, ჩემს გულშემატკივრებთან, მეგობრებთან, ფოტოები, სელფები, რეალური ცხოვრება, ისეთი, როგორიც დღეს არის.
მინდა, ამ კლიპში ერთმანეთს ორგანულად დაუკავშირდეს ჩემი წარსული, აწყმო და მომავალი. ეს არ იქნება მხოლოდ საიუბილეო კლიპი. მინდა, რომ ეს იყოს ჩემი ცხოვრების პატარა, კინემატოგრაფიული მოგზაურობა – იმ გზის, რომელიც გავიარე…. იმ ადამიანების, რომლებიც ამ გზაზე შემხვდნენ. იმ ქალაქების, სცენებისა და მოგონებების, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შექმნა და ამ ყველაფერს ერთი მელოდია – ( LOVE IN MELODY ) – ჩვენი გიგის მელოდია გააერთიანებს (გადაღებები სამ ქვეყანაში გაიმართება, გერმანია, აშშ და საქართველო ).
იდეის განვითარებასა და პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარება ლაშა კანკავა, გიორგი გერსამია. ვიმედოვნებ, რომ ეს მელოდია იქცევა ჩემი საიუბილეო 70 წლის, ახალი ეტაპის დასაწყისად! 70 წელი – ერთი ცხოვრება, ერთი გზა, ერთი მელოდია.
გიგი ორაგველიძე – ექიმი-უროლოგი, მუსიკოსი:
-წინ კიდევ ბევრი გეგმაა. ამ პროექტის პარალელურად ვმუშაობ ლაშა ღლონტთან ერთად, რომელსაც ახალი სიმღერა დავუწერე. ტექსტის ავტორი დედაჩემი, პოეტი მაია ხოფერიაა. ამ სიმღერასაც მალე ნახავს მსმენელი.
