„სარკე“, ლიკა ოსაძე
მხატვარმა და დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა „სარკესთან“ თავის ცხოვრებაზე ისაუბრა. ქართულ მოდას თავისი კვალი დააჩნია, თავისი სათქმელი თქვა. მერე იყო ურთულესი პერიოდი. წარმატებების მწვერვალზე მყოფს ცხოვრებამ არაერთი გამოცდა მოუწყო – დაკარგა ბიზნესი, გამოსცადა ღალატი და უსამართლობა, მაგრამ არ გატყდა. დღესაც, ისევე როგორც წლების წინ, ისევ ქმნის და საკუთარ ცოდნას სხვებს გადასცემს.
თათა „სარკეს“ მოუყვა სილამაზის იმ ფორმულაზე, რომლისაც სჯერა, სიყვარულზე, მშობლებზე, ადამიანებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მასზე და მოტივაციაზე, რომელიც წინსვლისკენ უბიძგებს.
_ თათა, როგორც ხელოვანი ადამიანი, როგორ ფიქრობთ, რა არის ქალის სილამაზე?
_ ყველა ქალი ლამაზია. ადამიანს შეიძლება ვიზუალურად ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ შინაგანი სამყარო ისეთი სავსე, ფაქიზი და მშვენიერი იყოს, რომ მის გარეგნობას საერთოდ არ მიაქციო ყურადღება. თუ შიგნით ყველაფერი მოწესრიგებულია, სულში ჰარმონი აქვს, ლამაზია. შინაგანი სუფთა სამყარო გარეთ გამოედინება, როგორც სილამაზე. რაც უნდა ლამაზი იყო, მაგრამ შავი გული გქონდეს, ლამაზი მაინც ვერ იქნები.
_ ჩაცმის კულტურაც შინაგანი მდგომარეობის გამოძახილია თუ მისი სწავლა ვინმეს გავლენით შეიძლება?
_ დედაჩემი ძალიან გემოვნებიანი ქალია. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ჩაცმულობით. მამაჩემი კი კონსერვატული გემოვნების გახლდათ. შეიძლება ბრენდული სამოსი არ სცმოდა, მაგრამ მაინც გამოირჩეოდა სხვებისგან. ჩემი მშობლები აბსოლუტურად სხვადასხვა გემოვნების ადამიანები იყვნენ. მათი კომპოზიცია ჩემშია შერწყმული. ასევე – დიზაინერ მაკა ასათიანთან ურთიერთობამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია.
_ მგონია, რომ მამიკოს გოგო იყავით. ასეა?
_ კი. ძალიან მიყვარდა მამა. მანქანაში დღესაც მიდევს მამაჩემის ნაქონი ტანსაცმელი და რომ შემცივდება, ვიხურებ. მგონია, მამა ჩემთან არის. ჩემი ესთეტიკური განვითარების ყველა საფეხური მისი დამსახურებაა. თავის დროზე შემიყვანა ხატვაზე, გამაცნო ლიტერატურა, ბევრ რაღაცას მიყვებოდა. მამაჩემის წინაპრები ხატმწერები იყვნენ.
_ თუ არის ისეთი სტილი, სამოსი, რომელსაც არ ჩაიცვამდით?
_ კი, მოკლე კაბა. ახალგაზრდობაშიც მიხდებოდა და ახლაც ძალიან მიხდება, მაგრამ არ ვიცვამ, რადგან არ მინდა ყურადღების მიქცევა. ტანსაცმელს ძირითადად ვიკერავ, მაგრამ, როცა საზღვარგარეთ რამეს ვყიდულობ, უპირატესობას ელეგანტურ კლასიკურ სამოსს ვანიჭებ, რომელიც ისეა შეკერილი, მე რომ ვერ შევკერავ და ვერც ისეთ სარისხიან მასალას ვიშოვნი. ყველანაირი სტილის სამოსს ვირგებ. ისეთი აღნაგობა მაქვს, ყველაფერი მიხდება.
საერთოდ, როგორიც უნდა იყოს სამოსი თუ ფეხსაცმელი, უნდა იყოს თავისუფალი. ფეხსაცმელი არ უნდა გიჭერდეს. რაც უნდა წვეტიანი და მაღალქუსლიანი იყოს, კომფორტულად უნდა იგრძნო თავი. სამკაულები არ მიყვარს, რადგან თავისუფლებას მიზღუდავს. მთელი ცხოვრება ერთი ბეჭედი მიკეთია. 3 წლის რომ გავხდი, ბებიამ მაჩუქა და მას შემდეგ სულ ხელზე მაქვს.
_ როგორ უვლით სახის კანს?
_ მაკიაჟს მხოლოდ მაშინ ვიკეთებ, როცა ტელევიზიაში ვარ მიწვეული. დერმატოლოგიური კვლევა ჩავიტარე, რითაც დადგინდა, რომ ალერგიული ვარ, ამიტომ ყველაფერს ვერ მოვიხმარ. მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთსა და იმავე სუნამოს ვისხამ. სადაც შევდივარ, ყველამ იცის, რომ იქ იყო თათა.
_ ყოველთვის გრძელი თმა გაქვთ, როგორ უვლით მას?
_ ახალგაზრდობაში მოკლედ მქონდა შეჭრილი. თმა პირველად 52 წლის ასაკში შევიღებე. 50 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მაშინ გამიჩნდა ცოტა ჭაღარა.
_ სიფრიფანა აღნაგობა გაქვთ. როგორ იკვებებით?
_ ჩემი ალერგიის გამო გარკვეულ პროდუქტებს ვერ ვჭამ. დღეში ერთხელ, ძილის წინ ვჭამ. მერე ვწვები და ვიძინებ. მიჩვეული ვარ ისე, რომ მთელი დღე არ მშივდება. ნაჭამი რომ ვარ, ვერაფერს ვაკეთებ. დილით რომ ვიღვიძებ, ვსვამ წყალს, ტკბილ ყავას და მერე მივდივარ სამუშაოზე. ფეხმძიმობის დროსაც ასე ვიყავი. მიუხედავად ასეთი კვებისა, ჩემი შვილი 3 წელი ბუნებრივ კვებაზე მყავდა.
ჩემს კვებაზე ცაკლე ინტერვიუს დაწერთ. დედამიწაზე არსებული ათასობით საკვები პროდუქტიდან ვჭამ მხოლოდ 15-ს. არ ვიღებ ფქვილიან საკვებს, ხორცს, კვერცხს. რძის პროდუქტებიდან მხოლოდ ხაჭოს და მაწონს ვჭამ.
13-14 წლის გოგონა ვიყავი, როცა გადავლახე საკუთარ თავში, რომ რაც მწყენს, არ უნდა მივიღო. მაგალითად, ჩემი დღის ულუფა შეიძლება იყოს ერთი-ორი მოხარშული კარტოფილი, ერთი ცხიმიანი თევზი და ორი ვაშლი.
სახლის გარეთ არსად ვჭამ. ყველას ვეუბნები, თუ გინდათ, თქვენთან სტუმრად მოვიდე, სუფრა არ გამიშალოთ-მეთქი. ბუნება მაქვს ასეთი – ლუკმას პირში რომ ჩავიდებ, მეძინება. დედაჩემის მამა იყო ასე და გენეტიკურად გადმომეცა – რომ ვჭამ, მეძინება. სახლში ღამე რომ ვჭამ, ვიძინებ.
დედა ენდოკრინოლოგი მყავს. თავიდან ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა, მერე მიეჩვია. სკოლა რომ დავამთავრე, 46 კილო ვიყავი. შვილი რომ გავაჩინე და სამშობიაროდან გამოვედი 46 კილო ვიყავი. ახლა 47 კილო ვარ.
_ კვების ასეთი რეჟიმის ფონზე თქვენთვის კულინარია ალბათ უცხო და უინტერესო სფეროა.
_ კულინარიაში ისე ვარ დახელოვნებული, რომ ჩემი მომზადებული საჭმელები ყველას მოსწონს. მარილით ისე ვანელებ კერძს, რომ არ ვსინჯავ. დღემდე ყოველ კვირას საკურთხს ვამზადებ და ქაშვეთის ეკლესიაში მიმაქვს. ისე ვაკეთებ ყველაფერს, რომ მათი გემო არ ვიცი. ჩემი ხორცის ღვეზელები ყველას მოსწონს და მეკითხებიან, გემო რომ არ იცი, ასე გემრიელად როგორ აკეთებო.
_ როგორი იყავით 20-30 წლის ასაკში და როგორი ხართ ახლა, დრომ რა ცვლილება მოახდინა თქვენში?
_დავკარგე სითამამე, მოტივაცია. ყოველთვის მინდოდა, მამას ჩემით ეამაყა. ცოცხალი რომ აღარ არის, მოტივაციაც აღარ მაქვს. მამა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, მას ყველაფერზე ვესაუბრებოდი.
ადრე ბეწვის ხიდზე სიარული ადრენალინს მმატებდა, ახლა აღარ შემიძლია გარისკვა და ბეწვის ხიდზე გავლა. არ შემიძლია საკუთარი თავი გამოწვევის წინაშე დავაყენო. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, რაღაც კვალი დავტოვო ცხოვრებაში.
_ უკვე დააჩნიეთ თქვენი კვალი ქართულ მოდას, პლუს აკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს – მოწაფეები გყავთ და თქვენს ცოდნას მათ გადასცემთ.
_ წლების განმავლობაში აკადემიაში მოდელირების კათედრაზე პროფესორის ასისტენტად ვმუშაობდი, სტუდენტებს ვასწავლიდი. კათედრის ხელმძღვანელი სოსო ბახტაძე გახლდათ და მისი თანაშემწე ვიყავი. სამხატვრო აკადემიაში ფეხსაცმლის ტექნოლოგია დავნერგე თანამედროვე მეთოდით. შემდგომ ჩამოვაყალიბე კერძო პროფესიული სასწავლებელი, რომელიც 2007 წლიდან 2015 წლამდე ძალიან კარგად ფუნქციონირებდა.
2010 წელს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ჩვენს წარმოებაში რომ მოვიდა, საწარმო დაათვალიერა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში საჩუქრად გადავეცით. საწარმოს ლიცენზიას ვადა რომ გაუვიდა, აკრედიტაციის უფლება აღარ მომცეს. საწარმომ ფუნქციონირება შეწყვიტა და მეც წამოვედი.
10-წლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას. უმაღლეს სასწავლებელ “ნიუ ვიჟენში” შემომთავაზეს, დაგვეარსებინა ხელოვნების კათედრა და მეც სიამოვნებით ჩავერთე ამ საქმეში. მადლიერი ვარ დავით კერესელიძის, რომელმაც ხელი გამიმართა. ისეთი სამუშაო სივრცე შემიქმნა, როგორიც ადრე მქონდა ჩემს საწარმოში.
მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებდი ღირსეულ პედაგოგს, რომლისგანაც რაღაცას ვისწავლიდი. სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი სასწავლო ბაზები არ იძლეოდნენ ამის საშუალებას, ამიტომ საკუთარ თავს პირობა მივეცი, ჩამომეყალიბებინა სასწავლებელი, სადაც ახალგაზრდებს მივცემდი განვითარების საშუალებას. ვფიქრობ, გამომივიდა. ბევრი ჩვენგან გასული ახალგაზრდა დღეს საზღვარგარეთ მუშაობს. ამით ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა.
_ როგორ დაიწყო ცხოვრების მომდევნო ეტაპი?
_ როცა ცხოვრება დილემის წინაშე დაგაყენებს და განსაცდელს მოგივლენს, მერე ყველაფერს სიფრთხილით ეპარები. სახელი და გვარიც კი შევიცვალე ახალი ცხოვრების დაწყებისთვის. გადავწყვიტე, იმ პირებს აღარ მივკარებოდი, ვისთან ერთადაც ის პირველი ეტაპი დავასრულე. ერთი პერიოდი კახეთში, სოფელ ართანაში ვცხოვრობდი.
_ სახელის და გვარის შეცვლა რაში დაგეხმარათ?
_ მონაზვნად აღკვეცას უფრო ჰგავდა სახელისა და გვარის შეცვლა, რადგან შინაური ადამიანებისგან მივიღე ტკივილი, დარტყმა, რომლისგანაც თავს ვერ ვითავისუფლებდი. გვარი გავაპროტესტე და დედის გვარზე გადავედი. ახალი ცხოვრების დაწყება დედის გვარით მინდოდა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. საზოგადოება მაინც თათა ვარდანაშვილით მიცნობს. დღეს ხელს ვაწერ, როგორც თამარ ვარდანაშვილი.
_ ახლაც გაქვთ თქვენი მეურნეობა, ისევ გყავთ თხები?
_ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ თხების საუკეთესო ნაწილი ზუგდიდის ცაიშის ეპარქიაში, მამათა მონასტერს მივაბარე. როცა დოლის სეზონია, ჩავდივარ და პატარების დაბადებაში ვიღებ მონაწილეობას. ვეხმარები თხების აცრაში და ასე შემდეგ.
იქ მყავს სულიერი მოძღვარი, მიტროპოლიტი გერასიმე. ხშირად კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში ვრჩები. იმ ეპარქიაში თუ ვინმეს ჩემი ცოდნა სჭირდება, მივდივარ და ყველას ვეხმარები, პროფესიულ უნარებს გადავცემ. კორცხელის დედა მონასტრის იღუმენიას საშუალება მივეცი, ჩვენს პროფესიულ სასწავლებელში ესწავლა.
_ როგორი ბებია ხართ? თუ არ მეშლება, ორი შვილიშვილი გყავთ.
_ კი, ტყუპები, გოგონა და ბიჭი – მაქსიმე და ალექსანდრა. ჩემი შვილიშვილები ბებიად ვერ აღმიქვამენ, ძალიან აქტიური ვარ, ორივე შვილიშვილს ჩემი ნიჭი გამოჰყვა. ლაპარაკი არ იცოდნენ, როცა მაკრატლის დაჭერა ვასწავლე. 3 წლის მაქსიმეს თოჯინების აწყობა ვასწავლე.
_ ძალიან ახალგაზრდას დაგენგრათ ოჯახი. მეორედ რატომ აღარ იქორწინეთ?
_ ოჯახის შექმნაზე არ მიფიქრია. მიზანი მქონდა დასახული, რომ დემეტრესთვის ხარისხიანი განათლება მიმეცა და ამისთვის თავი არ უნდა დამეზოგა. მეორე მიზანი იყო საქართველოში პროფესიული განათლების გავრცელება. ღმერთმა გულიდან ამომგლიჯა მეუღლის გვერდით ყოფნისკენ მისწრაფება.
ჩემი მეუღლე, დავით მაღრაძე (მხატვარი-გრაფიკოსი), როცა ჩემგან წავიდა, საკუთარ თავს რაღაცას დავპირდი და დღემდე ვასრულებ. გადავწყვიტე, ჩემი შვილისთვის გამეკეთებინა ყველაფერი და ცხოვრების ბოლო ეტაპი მიმეძღვნა ღვთის დიდებისთვის. ღმერთისგან მოედინება შემოქმედებითი უნარი.
_ ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
_ ჩემს ყოფილ მეუღლესთან, ოცდამეათე წელია, არ მისაუბრია, არც არსად შემხვედრია. 13 წელი გვქონდა სასამართლო პროცესი და მხოლოდ 2-ჯერ ვნახე სასამართლოზე. ერთხელ, როცა განვქორწინდით და მეორედ, როცა ქონებრივი დავა მორიგებით დავასრულეთ. დემეტრეც ისე გაიზარდა, მამას არ იცნობდა.
გაურკვევლობაში ყოფნა ძალიან რთული იყო. ძნელია, ჩაგეხუტოს, გადაგკოცნოს, სახლიდან გავიდეს და ეს გასვლა სამუდამო წასვლა აღმოჩნდეს. ხომ უნდა გესმოდეს, რატომ წავიდა? საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ვფიქრობდი: “რა შემეშალა?”. რა უნდა შემშლოდა, შვიდი დღის ბავშვი მეჭირა ხელში. 1996 წელს შვიდი დღის ბავშვით დავრჩი მარტო, თანაც არა შუქი, არა გაზი…
ეს შემთხვევა რომ არა, ამდენს ვერც მივაღწევდი. გამოწვევის წინაშე დავდექი. შვილი ისე უნდა გამეზარდა, დაჩაგრულად არ ეგრძნო თავი.
_ რა რჩევას მისცემდით 50 წელს გადაცილებულ ქალებს, რომლებმაც სირთულეები გაიარეს ან ახლა გადიან?
_ სიცოცხლით დატკბნენ, მადლიერება გამოხატონ უფლის წინაშე, თავი გაითავისუფლონ ყოველგვარი გულის ტვირთისგან. დამძიმებულები ნუ იქნებიან, რადგან ცხოვრებაში უარესებიც ხდება.
ცხოვრება ხან ისეთია, ხან _ ასეთი, უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. შენ სხვას უნდა მისცე სიცოცხლის სტიმული, დახმარების ხელი უნდა გაუწოდო. მერე ეს ყველაფერი საკუთარ იერსახეზე აისახება. თუ ადამიანის თვალებში შინაგანი ნაპერწკალი ანთია, ეს არის მისი სილამაზეც.
…
თუ როგორ დაკარგა თათა ვარდანაშვილმა ბიზნესი, ვისი ღალატის მსხვერპლი გახდა, იხილეთ აქ

