„დილიდან ისევ ვიწყებთ ვაკის პარკის მიმდებარედ ტყეში ძებნას“ – პროფესორ გიორგი გახელაძეს ისევ ეძებენ

„დილიდან ისევ ვიწყებთ ვაკის პარკის მიმდებარედ ტყეში ძებნას“ - პროფესორ გიორგი გახელაძეს ისევ ეძებენუნივერსიტეტის პროფესორ გიორგი გახელაძეს ისევ ეძებენ. ის გუშინ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. სავარაუდოდ, დღეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა. მას მიამსგავსეს ადამიანი, რომელიც ძალიან დაბნეული ჩანდა.
გიორგი გახელაძის მეუღლე, მწერალი ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, ისევ უშედეგოდ დაღამდა. დილიდან ისევ ვიწყებთ ვაკის პარკის მიმდებარედ ტყეში ძებნას. ვისაც შეგიძლიათ, შემოგვიერთდით. დილის 9-ზე ან 10 სთ, როცა მოახერხებთ.
ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისათვის!“.
ხათუნა სიდამონიძე გიორგი გახელაძის შესახებ წერს:
„ვინც ჯერ კიდევ არ იცის ეს ამბავი და არ იცნობს გიორგის, მათთვის ვწერ და ინფორმაციის გაზიარებაც ძალიან დაგვეხმარება: გიორგი გახელაძე არის განათლების სპეციალისტი, პროფესორი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ადამიანი, კარგი მოქალაქე, სამი შვილის მამა. როგორც წესი, მისთვის ჩვეული არაა ღამის სხვაგან გათენება ან ისე მოლხენა, რომ სახლამდე ვერ მივიდეს.
გუშინ, დაახლოებით 11:30-დან 12:00-მდე გავიდა სახლიდან, დიდი დიღმიდან და მიდიოდა ვაკეში, უნივერსიტეტში. არც უნივერსიტეტში მისული უნახავთ, არც სახლში დაბრუნებულა.
გიორგი არის 57 წლის, 180 სმ. აქვს ძალიან მოკლედ შეკრეჭილი წვერი, საჭიროებისამებრ იყენებს მხედველობის სათვალეს. გასვლისას ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი შარვალი, თან აქვს ზურგჩანთა ლეპტოპით.
მთელი დღეა, ვრცელდება ორი ინფორმაცია: 1. ნახეს კიკვიძის პარკის მხრიდან კინო “საქართველოსკენ” მიმავალი; 2. ნახეს თამარაშვილისა და ყაზბეგის კვეთის მიმდებარედ, მაგრამ ვერავინ პოულობს.
გიორგი არის ჯანმრთელი, ფსიქიკურად გაწონასწორებული და საღი აზროვნების ადამიანი. თუ მას უნებურად რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და დროებითი ამნეზია განუვითარდა, ბუნებრივია, სახლს ვერ აგნებდეს, ამიტომ, თითოეული თქვენგანის ყურადღება და ჩართულობა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
თუ მსგავს ადამიანს სადმე შეამჩნევთ, გთხოვთ, გამოელაპარაკეთ, თუნდაც შეგეშალოთ. მთავარია, თუ ის აღმოჩნდა, არ მიატოვოთ და დარეკოთ ამ ნომერზე: 599311090“.