„მამაჩემმა, ვიტალი დარასელიამ, 25 წელი იცოცხლა, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო” – რას იხსენებს „სარკესთან“ ლეგენდის შვილი

„მამაჩემმა, ვიტალი დარასელიამ, 25 წელი იცოცხლა, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო” - რას იხსენებს „სარკესთან“ ლეგენდის შვილი„სარკე“, მარი მგარლობლიშვილი

ჩემთვის დასრულდა ეპოქა, რომლის საძირკველი ვიტალი დარასელიას ფენომენი იყო”, – ამ სიტყვებით გამოემშვიდობა თბილისის “დინამოს” ლეგენდარული მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი, ლეგენდარულ ფეხბურთელ ვიტალი დარასელიას, რომელმაც მართლაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ფეხბურთში, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2017 წელს მისი 60 წლის იუბილე აფხაზეთში, ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ ოჩამჩირეში აღნიშნეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ იუბილეზე ფეხბურთელის შვილები, ქრისტინა და ვიტალი მიიწვია. შვილმა, ქრისტინა დარასელიამ, “სარკეს” ამ დღესა და მამაზე უამბო:

– მამაჩემის მემორიალს ჩაუტარდა რეაბილიტაცია – შემოღობეს, მარმარილო გამოცვალეს… ოჩამჩირეში ვიტალი ძალიან უყვართ, ის იქ ფაქტობრივად გმირია, რომელმაც თავისი მხარე ასახელა. რა თქმა უნდა, მამაჩემის მიმართ სიყვარული ჩვენზე, შვილებზეც გადმოდის.

— მამაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ დარჩა ის თქვენს მეხსიერებაში.

– მამა როდესაც გარდაიცვალა, ძალიან პატარა, 4 წლის ვიყავი და ფოტოები რომ არა, ალბათ მის სახეს ვერც გავიხსენებდი. სახლში თითქმის არ მოდიოდა, სულ შეკრებაზე ან თამაშებზე იყო, ამიტომ, სამწუხაროდ, ბევრი რამ არ მაქვს მოსაგონარი. დაკრძალვაც კი ბუნდოვნად მახსოვს. ყველაფერი გადმოცემით ვიცი.

მისი ცხოვრებიდან ერთ ისტორიას მოგიყვებით: სკოლაში კარგად არ სწავლობდა, ხულიგანი ბიჭი იყო. ერთხელ მათი კლასი შატალოზე წასულა. ერთი მასწავლებელი არ მოსწონდათ და ერთ-ერთ მოსწავლეს დაფაზე დაუწერია, თუ არ შეგვიცვლით, სკოლაში არ დავბრუნდებითო. როდესაც უკითხავთ, ვინ დაწერაო, მხოლოდ მამა ამდგარა ფეხზე. მასწავლებელს უთქვამს, დაჯექი, შენ არ სწავლობ, რა გეშველება, როგორ ირჩენ თავსო. თურმე მამამ უპასუხა, ნუ ნერვიულობთ, ჩემი ფეხები მარჩენენო.

მართლაც, პატარა ასაკის მიუხედავად, ოჯახს ის არჩენდა. ბაბუაჩემი ადრე გარდაიცვალა, ამიტომაც მამა ასაკთან შედარებით სერიოზული იყო, თუმცა სულ იღიმოდა. აფხაზი ფეხბურთელებიც იხსენებდნენ, როდესაც თბილისში ჩამოვედითო, “დინამოში” იმდენად უყვარდათ და ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, ეს ურთიერთობა ჩვენზეც გადმოდიოდაო.

— რას გიამბობენ ისინი ვიტალი დარასელიაზე?

– ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან კაცური, სერიოზული იყო. 25 წელი იცოცხლა, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო.

თურმე არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და გემოვნება ჰქონდა, უყვარდა კარგად ჩაცმა. უცხოეთში რომ მიდიოდა, იქიდან შვილებისთვის ისეთი ტანსაცმელი ჩამოჰქონდა, რომ, ჩვენ გარდა, არავის ეცვა.

— მამისგან ბევრი ნივთი დაგრჩებოდათ სახსოვრად. მათგან რომელს გამოარჩევდით?

– 1981 წელს მოპოვებულ თასს. “კარლ-ცაისთან” როგორც გადამწყვეტი გოლის ავტორს, ვერცხლის თასი მამას გადასცეს… წელიწადში ორ დღეს ყოველთვის ვშლით სუფრებს – მამის გარდაცვალების დღეს, 13 დეკემბერს და 13 მაისს, როცა “დინამომ” თასების თასი აიღო.