გიორგი მირზაშვილი: ,,მამაჩემი გარდაიცვალა ისე, როგორც ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები კვდებიან”
ფიროსმანის მაძიებელი და საოცარი მურაბების შემქმნელი ჩუბჩიკა

გიორგი მირზაშვილი: ,,მამაჩემი გარდაიცვალა ისე, როგორც ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები კვდებიან",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

მხატვარ თენგიზ მირზაშვილზე, ახლობლებისა და მეგობრებისთვის კი უბრალოდ ჩუბჩიკაზე, ამბობდნენ, უფლის ნებიერია, ღმერთმა უდიდესი ნიჭი უწყალობაო. ღვთის ხელი ალბათ მართლაც ერია ამ ნიჭიერი შემოქმედის დაბადებაში. მისი მშობლები მხატვრები იყვნენ. დედა, სოფიო ლენდბერგი, ცნობილი რესტავრატორი იყო. ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში უძველეს ფრესკებზე მუშაობდა, მათ ასლებს იღებდა, როცა 90 წლის წინ, 10 თებერვალს ამ ქვეყანას მისი შვილი, მომავალი მხატვარი მოევლინა.

თენგიზ მირზაშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, ყველასგან გამორჩეული ადამიანი იყო. მისი გამოფენები ეწყობოდა სხვადასხვა ქვეყანაში – გერმანიაში, კანადაში, ავსტრიაში, საფრანგეთში… მისი ნამუშევრები საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული. 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორია, მათ შორის – ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, ხალხური პოეზიის, ზღაპრების კრებულის… აწყობდა ფოლკლორულ საღამოებს…

თენგიზ მირზაშვილმა ბევრი რამ გააკეთა ფიროსმანის შემოქმედებისთვის. კარდაკარ დადიოდა, დიდი მხატვრის კვალს ყველგან ეძებდა, ამბებს აგროვებდა. ფოტოების მიხედვით ფიროსმანის ბევრი სურათის პერსონაჟის იდენტიფიკაცია მოახდინა. ფიროსმანის ტილოების უბადლო ექსპერტი იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა გრანდიოზულ პროექტზე, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა.

– მამა მძიმე სნეულიც კი მუშაობდა. გარდაიცვალა ისე, როგორც ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები კვდებიან. სიკვდილს ვაჟკაცურად შეეგება. მისი ყოველი დღე მთლიანად იყო შევსებული. უამრავ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. დადიოდა რედაქციებში, ლაბორატორიებში, მუზეუმებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში. ბევრი რამის გაკეთება მოასწრო, – უთხრა ,,სარკეს” ბატონი თენგიზის ვაჟმა, მხატვარმა გიორგი მირზაშვილმა.

ფოლკლორისტი, პროფესორი ამირან არაბული და მისი მეუღლე, პოეტი ეთერ თათარაიძე თენგიზ მირზაშვილის უახლოესი მეგობრები იყვნენ. ბატონი ამირანი ,,სარკესთან” გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს:

– თენგიზი უნივერსალური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება იყო. ამდენი სიკეთით სავსე კაცი საქართველოში მეორე არ მეგულება. ბევრ დარგში ერკვეოდა. პროფესიონალებიდან ძალიან ცოტა მეგულება ისეთი, ვინც თენგიზივით ზედმიწევნით კარგად იცოდა ,,ვეფხისტყაოსანი”.

მთელი თავისი ცხოვრება ნაყალბევი სტროფისა და სტრიქონის დადგენაზე მუშაობდა. შესწორებები შეჰქონდა, სტატიებს ბეჭდავდა. ერთად რამდენიმე სტროფზე ვიმუშავეთ. არაფერი ეშლებოდა, უბრალო ნიუანსი, დეტალი, ინტონაცია, სასვენი ნიშანი არ გამოეპარებოდა. რუსთველოლოგების მიერ მისი ნამუშევრებიდან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ქართული სიტყვის ძირებს სწვდებოდა. ხალხური სიტყვიერების უბადლო მცოდნე იყო.

– ერთი ადამიანისგან ამდენი რამის გაკეთება, ფიზიკურთან ერთად ალბათ დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვდა.

– შეუძლებელია იმ ყოველდღიური ყოფისა და დატვირთვის გადმოცემა, რასაც თენგიზი უძლებდა. ეს ყველაფერი მისი ბუნებიდან მოდიოდა. ყველაფერს დიდი სიხარულითა და თავდადებით აკეთებდა. უსაქმოდ გაჩერება არ შეეძლო. გამუდმებით ეძებდა, პოულობდა და ყველაფერს თავისი პროფესიონალიზმის კვალს ამჩნევდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იგი უნიკალური მოვლენა იყო.

– ფიროსმანზე ალბათ ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა, თენგიზ მირზაშვილს ამდენი რომ არ ეშრომა.

– თენგიზი ბოლო წუთამდე ფიქრობდა და მუშაობდა ფიროსმანზე. გარდაცვალებამდე უნიკალური წიგნი მოამზადა. უშეცდომოდ იგებდა, ფიროსმანის ასლი იყო თუ ორიგინალი, ვერაფერს გამოაპარებდი. დღის განმავლობაში უამრავ რამეს ასწრებდა.

ერთ ზაფხულს მირზაანში წავედით. ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ვიყავით, მერე მთელი სოფელი დავიარეთ, სასაფლაოზე გავედით, თბილისში საკმაოდ დაღლილები დავბრუნდით. მაინც ვერ მოისვენა. საბჭოს მოედნის უბანი დამატარა, ფიროსმანის შესახებ მასალებს ეძებდა. იტალიურ ეზოებში დავდიოდით და ხალხს მხატვარზე ეკითხებოდა. საინტერესო მოსაუბრე იყო. თანამოსაუბრეშიც დიდ ინტერესს აღძრავდა.

პრინციპული ადამიანი იყო. სიყალბეს ვერ ეგუებოდა და არც არავის პატიობდა. სხვათა შორის, თენგიზი ყოველთვის მართალი იყო.

– ჩუბჩიკას რატომ ეძახდნენ?

– თმა რომ ჰქონდა შუბლზე ჩამოფარებული, ახლობლები მოფერებით ჩუბჩიკას ეძახდნენ. ეს სახელი მოსწონდა.

– ერთხელ უცნაური გამოფენა მოაწყო – მურაბები მოხარშა და ლამაზი ქილებით გამოფინა. მგონი, თვითონ ხარშავდა, არა?

– თენგიზის სახელოსნოში მურაბები ხშირად იხარშებოდა. ნებისმიერ დეგუსტატორს შეშურდებოდა, მურაბებს ისე აკეთებდა. სხვადასხვა ხილს, ლიმონს, ფორთოხალს, ვაშლს, მსხალს, ყურძენს… ერთმანეთში აზავებდა და არომატულ მურაბებს იღებდა. მის სახელოსნოში საოცარი არომატი იდგა. მურაბების ფერების სპექტრი მოსწონდა. ყველგან სილამაზესა და მშვენიერებას ხედავდა.

– დიდხანს ავადმყოფობდა?

– გარდაცვალებამდე სამი-ოთხი წლით ადრე ორი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. მძიმე სენი ჰქონდა. მეორე ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა. იქიდან გაჯანსაღებული დაბრუნდა. წონაში მოიმატა, თავისებურად აგრძელებდა მუშაობას, მთელი დღე ფუსფუსებდა. მერე მისი მდგომარეობა გაუარესდა.

2008 წლის პირველ იანვარს მე და ჩემი მეუღლე, ეთერ თათარაიძე, მის გვერდით ვიყავით. მერე შინ დავბრუნდით, მაგრამ სახლში ვერ გავჩერდით, რადგან თენგიზი ძალიან ცუდად იყო, მძიმედ სუნთქავდა და მასთან მივედით. ჩვენი მისვლიდან ნახევარ საათში დალია სული. მე დავუკრიფე გულზე ხელები…

მისი წასვლა ყველასთვის მძიმე იყო. ბოლო ორი დღე ხალხს ნაკლებად ეკონტაქტებოდა, თუმცა თავის ემოციებს თვალებით მაინც გამოხატავდა. ბოლოს რომ დამინახა, გამიღიმა და თვალებში ნათელი ჩაუდგა. თენგიზ მირზაშვილი ყველას ძალიან გვაკლია…