თამთა კვარაცხელიას 40 ათასი დოლარი თაღლითებმა წაართვეს – ,,ის ადამიანი დასაჭერად ვერ გავიმეტე”
,,როცა ქმარი გარდამეცვალა, სასწრაფოდ უნდა დამეწყო მუშაობა"

თამთა კვარაცხელიას 40 ათასი დოლარი თაღლითებმა წაართვეს - ,,ის ადამიანი დასაჭერად ვერ გავიმეტე",,სარკე”, ია ქუთათელაძე

,,ვერ გიყიდი, ძალიან ძვირი ღირს” – ეს სიტყვები ალბათ ბევრს სმენია ბავშვობაში მშობლებისგან, როცა საყვარელ ტკბილეულს ან საოცნებო სათამაშოს ითხოვდა. ტელეწამყვანი, მოდური ჟურნალების გამომცემელი თამთა კვარაცხელიაც არ იყო გამონაკლისი. ერთხელ, როცა მაღაზიის ვიტრინიდან დანახული ულამაზესი ვარდისფერი ბარბის სახლი ვერ უყიდა მამიკომ, გულდაწყვეტილმა გოგონამ საკუთარ თავს პირობა მისცა, გაიზრდებოდა და იმდენს შეძლებდა, საკუთარ შვილს უარს არაფერზე ეტყოდა. მიზანს მიაღწია კიდეც და თავის გამოცდილებას ,,სარკეს” უზიარებს.

– თამთა, ძალიან მიზანდასახული ხართ, თითოეული წუთის და თეთრის ფასი იცით. რამ იქონია გავლენა, რომ ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბდით?

– პიროვნების ჩამოყალიბებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას – ოჯახი, საზოგადოება, სკოლა, ამბები, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება.

ორ შემთხვევას გავიხსენებ: მაშინ ბავშვი ვიყავი. თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, სათამაშოების მაღაზიის ვიტრინაში დიდი ყუთით ბარბის ულამაზესი სახლი იყო გამოფენილი, თავისი ავეჯით. ეს ყველა ბავშვის ოცნებაა. ჩემს თხოვნაზე, ეყიდათ, მამამ ამიხსნა, რომ ძალიან ძვირი ღირდა და ამდენი ფული არ ჰქონდა. მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ გავიზრდებოდი, ვიშოვიდი ბევრ ფულს, ჩემს მომავალ შვილს ყველა სურვილს ავუსრულებდი.

მეორე, ძალიან მინდოდა, უცხოეთში მესწავლა, მაგრამ ოჯახს ამისთვის საკმარისი ფინანსები არ აღმოაჩნდა. უკვე დიდი გოგო ვიყავი, გავიაზრე, რომ არ შეიძლება, მხოლოდ ოჯახს მოსთხოვო შენი სურვილების შესრულება, ამისთვის თავად უნდა იშრომო, დაიწყო მუშაობა, გქონდეს ხელფასი.

17 წლის ვიყავი, როცა კონკურსის წესით ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მიმიღეს. ჩემი ხელფასი 300 ლარი იყო, იმ დროისთვის არცთუ ურიგო თანხა. პირველი ხელფასით სილამაზის სალონში წავედი, მელირება გავიკეთე. დარჩენილი თანხით კი ჩემთვის საჭირო და აუცილებელი 11 ნივთი ვიყიდე.

როგორც გითხარით, 300 ლარს ვიღებდი, მაგრამ ძალიან სწრაფად მეხარჯებოდა და ხელფასამდე აღარაფერი მქონდა. გადავწყვიტე, აღრიცხვა გამეკეთებინა, სად რას ვხარჯავდი. ერთი თვე ვიწერდი სულ უმნიშვნელო თანხასაც, თუნდაც 20-50 თეთრს. თვის ბოლოს ჩანაწერებს გადავხედე და ლამის გული გამისკდა, ათას უსარგებლო წვრილმანში ვფანტავდი ფულს!

შევადგინე გეგმა, ჩამოვწერე აუცილებელი გადასახადები, საყიდლები, გადავდე შესაბამისი თანხა და იმის იქით ზედმეტ თეთრს არ ვხარჯავდი, რაც უნდა მომწონებოდა. ასე მივეჩვიე დაზოგვას. ვერ გეტყვით, რომ ეს მარტივი იყო, მაგრამ ნებისყოფა გამომიმუშავდა. მცირეოდენი დანაზოგიც გამიჩნდა, ეს კი ძალიან კარგი იყო. ერთხელ ისე მოულოდნელად დაიხურა ჩემი ერთ-ერთი სამსახური, არც ხელფასი, არც კომპენსაცია არ მოუციათ. სწორედ ასეთი დღეებისთვის არის საჭირო გადანახული ფული.

– როცა მარტო ხართ, თქვენი პრინციპით ცხოვრებას როგორღაც მოახერხებთ, მაგრამ, როცა შვილი შეგეძინათ, მალე კი ქმარი გარდაგეცვალათ, კვლავ ახერხებდით ფულის დაზოგვას?

– ნამდვილად რთული იყო ჩემი მდგომარეობა. იმის ფუფუნება არ მქონდა, სახლში დავმჯდარიყავი და მწუ-ხარებას მივცემოდი. სასწრაფოდ უნდა დამეწყო მუშაობა. ყველაზე დაბალ პოზიციაზე – ქოლცენტრის ოპერატორად დავიწყე მუშაობა ბანკში. რადგან არ მქონდა შესაბამისი განათლება საბანკო სფეროში, პარალელურად ყველა ტრენინგს გავდიოდი, უმაღლეს ქულებს ვიღებდი, დღე და ღამე ვსწავლობდი. ხელფასი 700 ლარი მქონდა, მყავდა პატარა შვილი, რომელიც საბავშვო ბაღში დამყავდა, არ მყავდა მანქანა და ამ ხელფასით მის ყიდვაზე ვერც ვიოცნებებდი.

ერთ დღესაც ბავშვი ბაღიდან გამომყავდა და უცებ თავსხმა წვიმა დაიწყო, თავის შეფარებაც ვერსად მოვახერხე. სახლში საშინლად გაწუწულები დავბრუნდით. ისევ საკუთარ თავს ვუსაყვედურე, თამთა, ნუთუ არ შეგიძლია, ისე იმუშაო, ერთი პატარა მანქანა იყიდო, რომ შენი შვილი ყველანაირ ამინდში მშვიდად ატარო-მეთქი.

ჩავერთე საბანკო პროდუქტების გაყიდვაში. რა თქმა უნდა, ტრენინგები გავლილი მქონდა. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი პროდუქტი გამეყიდა, რომ ბონუსები მიმეღო. დავისახე გეგმა, რომ სამ თვეში ვიყიდდი მანქანას. მკაცრად ვაკონტროლებდი ხარჯს.

ადამიანი, რომელიც არც მანქანის ბაზრობაზე ვიყავი ნამყოფი და არც საიტებიდან გამოწერა ვიცოდი, შესვენებებზე სულ ვათვალიერებდი გასაყიდ მანქანებს. ზუსტად სამი თვის შემდეგ წავაწყდი ერთ-ერთ საიტზე ძალიან იაფად და გამოვიწერე. ფოთში ჩამოსული მანქანის წამოსაყვანად მამა გავგზავნე. მართალია, მართვის მოწმობა მქონდა, მაგრამ არანაირი პრაქტიკა არ მქონდა გავლილი და დიდ გზაზე თავს ვერ ვენდობოდი.

არც არავისთვის მითხოვია, დამხმარებოდა მანქანის მართვაში. ვჯდებოდი საჭესთან, სულ უკანასკნელ ზოლში ვდგებოდი, ავტობუსების ხაზზე და 20-ით ვმოძრაობდი. მე თვითონ ვისწავლე უკანსვლა, პარკირება. პირველი დიდი გმირობა იყო, როცა გმირთა მოედანზე გავედი და მშვიდობიანად ვიარე.

– მას შემდეგ არაერთი სამსახური გამოიცვალეთ, იყავით სხვადასხვა მსხვილი კომპანიის პიარმენეჯერი, უძღვებოდით ივენთებს, თანამშრომლობდით მოდის სფეროსთან, მოგვიანებით ტელევიზია დაგემატათ, შესაბამისად, შემოსავლებიც გაგეზარდათ და უფრო მეტის დაგროვებას მოახერხებდით. რა იყო ყველაზე დიდი შენაძენი, რაც თქვენი დანაზოგით გააკეთეთ?

– ჩემი მიზანი იყო, ბინა შემეძინა, სადაც მე და ჩემი შვილი დამოუკიდებლად ვიცხოვრებდით. ამისთვის ვაგროვებდი ფულს და უკვე 40 ათასი დოლარი მქონდა თავმოყრილი, როცა ჩემი დის მეგობარმა მთხოვა სესხად. ჩვენი მეზობელი იყო და მეც კარგად ვიცნობდი. ვიფიქრე, მე ჯერ არ მჭირდება, მას კი ხელს გავუმართავ, სიკეთეს გავაკეთებ-მეთქი და ყველანაირი წესის დაცვით, ნოტარიული დამოწმებით ვასესხე. ამ გოგომ ფული რაღაც კომპანიაში დააბანდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო თაღლითების შექმნილი ფინანსური პირამიდა და ჩემი ფული ისევე, როგორც უამრავი სხვა ადამიანის, უგზოუკვლოდ გაქრა. ვერც ის ადამიანები იპოვეს, ვინც ეს თაღლითობა ჩაიდინა.

შევიტანე განცხადება შესაბამის ორგანოებში, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ის ხალხი ვერსად იპოვეს. მითხრეს, მაშინ თქვენი ნაცნობი უნდა მივცეთ პასუხისგებაში, რადგან ის არის თქვენთან ანგარიშვალდებულიო. ნამდვილად ვერ გავიმეტებდი დასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენანებოდა ჩემი ნაშრომი.

დავხუჭე თვალები და წარმოვიდგინე, ხომ შეიძლებოდა, ვყოფილიყავი ბიჭი, რომელმაც ეს თანხა კაზინოში წააგო-მეთქი. როგორც იქნა, ასეთი ფიქრით გადავხარშე დანაკარგი. სამაგიეროდ, ვისწავლე, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას არ ეხება საქმე ან თავად მე არ ჩავთვლი საჭიროდ, რომ სიკეთე გავაკეთო და დავეხმარო უანგაროდ მას, ვისაც ნამდვილად სჭირდება, ფულს აღარ გავასესხებ.

ახლაც ხშირად მთხოვენ სესხს, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები უარის თქმის დროს, მაგრამ ჯობია, ავიტანო დროებითი უხერხულობა, ვიდრე დავკარგო ფულიც და ის ადამიანიც, ვინც ვალს არ ან ვერ დამიბრუნებს.

– ბინის საკითხი როგორ მოაგვარეთ?

– ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობ, მამიდამ მაჩუქა. სარემონტო იყო, დაემთხვა პანდემიის პერიოდი. სახლში ვიჯექი, ბევრი დრო მქონდა, გადავწყვიტე, რემონტი დამეწყო. მძიმე საქმე ყოფილა, როცა არ გაქვს გამოცდილება, მაგრამ მიყვარს სირთულეებთან გამკლავება.

ფეისბუქჯგუფ “რემონტიდან” ვიღებდი რჩევა-დარიგებებს, დავდიოდი ელიავას ბაზრობაზე, ჩემი მანქანით მომქონდა მასალები. ხელოსნები გასარემონტებელ სახლში ცხოვრობდნენ, რომ წასვლა-მოსვლაზე დრო არ დაეკარგათ. მაინც ძალიან გამაწვალეს. ბევრ რამეს ისე არ აკეთებდნენ, როგორც მინდოდა. მიხდებოდა თავიდან გაკეთება. ასე თუ ისე, რემონტსაც გავართვი თავი და გამოცდილებაც შევიძინე.

ბინა კი მაინც ვიყიდე. მინდოდა მანქანის შეცვლა, დიდხანს ვეძებდი ისეთს, როგორიც მომწონდა, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა. გავბრაზდი, გავანებე თავი ავტომობილს, სამაგიეროდ, დიდ დიღომში, ახალაშენებულ კორპუსში შევიძინე ბინა და ამ შენაძენით ძალიან ვამაყობ.

– მითხარით, რომ დაუფიქრებლად დახარჯავთ დანაზოგს, როცა ოჯახის წევრის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ. როგორც ვიცი, არც ამ სამწუხარო ამბავმა აგიარათ გვერდი.

– დიახ. ერთი წლის წინ მამა მოულოდნელად გახდა ცუდად. სამედიცინო შემოწმების შემდეგ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობას ართულებდა ის, რომ გული, სისხლძარღვების პრობლემები დაემატა. საქართველოში შეუძლებელი გახდა მისი მკურნალობა, საჭირო იყო თურქეთში გადაყვანა, სადაც გარანტიას იძლეოდნენ.

მოგეხსენებათ, რა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული უცხოეთის კლინიკებში ოპერაცია და მკურნალობა. მართლა დღე და ღამე გასწორებული მქონდა – დილის გადაცემა ტელევიზიაში, შემდეგ შუადღის გადაცემა, შუალედებში სხვადასხვა კომპანიებში 2 საათით მისვლა, საღამოს ივენთების გაძღოლა. თან ამ დროს არავის აინტერესებს, რა ხასიათზე ხარ, ეკრანიდან გაღიმებული უნდა იყურებოდე, კომპანიებში გაწონასწორებული იყო.

ჩემს დანაზოგს გამომუშავებული თანხა დავამატე და შევძელი მამის მკურნალობა, რომელიც ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა. რეციდივი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. ერთი წელი მართლაც კარგად იყო, მაგრამ ახლა ისევ ცუდად გახდა.

ამჯერად მხოლოდ ჩემი ძალებით ვეღარ შევძელი სამკურნალო თანხის მოგროვება, მივმართე დასახმარებლად ჯანმრთელობის სამინისტროს, თბილისის მერიას. დიდი მადლობა მათ, რომ მამა ისევ თურქეთის კლინიკაში მკურნალობს.

– თქვენს ხანგრძლივ კარიერულ კიბეზე არ ყოფილა წინააღმდეგობა, კონკურენცია, ხელისშეშლა?

– როგორ არა! ეს ყველგან არის, თუნდაც სულ თავიდან ბანკი ავიღოთ. როცა დაახლოებით ერთი ასაკის ახალგაზრდებთან ერთად ერთი პოზიციიდან იწყებ და შემდეგ შეძლებ თავის წარმოჩენას, დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებას და ახალ საფეხურზე გადასვლას, მაშინვე ამოქმედდება მექანიზმი შენს ზურგუკან – შურის, ხელისშეშლის, ხელოვნური წინააღმდეგობების შექმნის, ენის მიტანის. როცა თავად ხარ ძალიან სუფთა, მიმნდობი, ეს ყველაფერი გულს გტკენს. უნდა მოერიო წყენას, რომ შენც მათ არ დაემსგავსო, შენი მიზნისკენ სვლა არ უნდა შეწყვიტო. შემდეგაც ბევრჯერ მიგრძვნია ჯიბრი, შური, თუნდაც ცილისწამება და არა მარტო ქალებისგან. რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიხარ, მამაკაცებიც ერთვებიან ამ ომში. ჩვენთან ხომ დამკვიდრებულია კაცის უპირატესობა თანამდებობებზე, ხელისუფლებაში, პოლიტიკაში. მამაკაცების რაოდენობა ბევრად აჭარბებს ქალებს. ქალებს სულ გვიხდება დამტკიცება, რომ ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს ჭკუა, განათლება, ალღო გადაწყვეტილებების მიღების, პასუხისმგებლობის აღების უნარი. ქალი ყველაფერთან ერთად მოქნილია, შეუძლია ლავირება. ჰოდა, თუ ეს დაინახეს, მამაკაცებიც შენი მოწინააღმდეგეები ხდებიან. შური და ჭორაობა ქალებზე ნაკლებად არ ეხერხებათ.

– რასაც თქვენ მიაღწიეთ, მართლა ძალიან საამაყოა, მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ, ნუთუ მხოლოდ მარტო იბრძოდით და არასდროს არავინ დაგხმარებიათ?

– საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ყველაფრისთვის ჩემი შრომით, ცოდნით და მონდომებით მიმეღწია ყოველგვარი დახმარების, პროტექციის გარეშე, თანაც მაშინ, როცა ჩემი სტატუსით გაუთხოვარი ვარ და ნებისმიერი დახმარება შეიძლება სხვაგვარად აღქმულიყო. არასდროს, არც ერთ ეტაპზე ერთი თეთრიც არ მიშოვია სხვისი დახმარებით. მე ეს შევძელი!

კიდევ ბევრი გეგმა მაქვს. ვისწავლე დროის მენეჯმენტი და მინდა, რაც შეიძლება ნაკლებ დროში მაქსიმალური მოგება მივიღო. რთულია, მაგრამ არაფერია შეუძლებელი.

მინდა, ყველა გოგონას ვუთხრა: თუ თავს არ დაზოგავთ, რასაც მოინდომებთ, ყველაფერს მიაღწევთ ყოველგვარი უცხოური დიპლომების (თუ გექნებათ – უკეთესი), მამა-ბიძებისა და თაყვანისმცემლების გარეშე.