,,პრომეთეს” მზიანი და სევდიანი ფილმები – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქრონიკა

,,პრომეთეს" მზიანი და სევდიანი ფილმები - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქრონიკა,,სარკე”, კობა ბრეგვაძე

26 ნოემბერს კინოთეატრ ,,ამირანში” თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. როგორც ფესტივალის დირექტორმა გაგა ჩხაიძემ აღნიშნა, ფესტივალი ისევ საავტორო ფილმების ერთგული დარჩა და წარმოდგენილი 120 ფილმიდან უმეტესობა არტ-ჰაუსის კატეგორიას განეკუთვნება.

ფესტივალის ფარგლებში ბრიტანული, გერმანული, სომხური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. ასევე ნაჩვენებ იქნა პორტუგალიელი კლასიკოსის, პედრო კოშტას და ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის, ფილმები.

,,პრომეთეს" მზიანი და სევდიანი ფილმები - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქრონიკა ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმი

ფესტივალის გახსნაზე საპატიო ,,ოქროს პრომეთე” კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ცნობილ ქართველ რეჟისორს, ნანა ჯორჯაძეს, გადაეცა. საზოგადოებამ მისი მისი ბოლოდროინდელი ნამუშევარი “პეპლების იძულებითი მიგრაცია” იხილა.

ფილმი მოგვითხრობს გასული საუკუნის 80-90-იანების პერიოდზე, როდესაც ხელოვანი ადამიანები რთულ სოციალურ და მატერიალური რეალობის პირობებში გამოსავლის ძებნაში არიან. მათი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა კომპრომისებით, აბსურდით, ბედნიერი მომავლის მოლოდინით და სევდიანი სიყვარულით. ფილმში მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის შესანიშნავი მსახიობები – თამარ სხირტლაძე, მარინა ჯანაშია, თამარ ხარშილაძე, თაკო ტაბატაძე, რატი ერაძე, თამარ ბზიავა, ანა ქურთუბაძე. ფილმის ოპერატორია ნანა ჯორჯაძის ვაჟი, მიხო კვირიკაძე, კომპოზიტორი – დათო ევგენიძე.

,,პრომეთეს" მზიანი და სევდიანი ფილმები - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქრონიკა ქართული ფილმების პანორამა

სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმების პანორამა 4 ფილმით იყო წარმოდგენილი: ქართული კინოს მეტრების – ნანა ჯორჯაძის ,,პეპლების იძულებითი მიგრაციით”, ნანა ჯანელიძის ,,იარე ლიზა”-თი, ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორის, ელენე ნავერიანის მიერ გადაღებული საკმაოდ გახმაურებული რომანის ,,შაშვი, შაშვი, მაყვალის” ეკრანიზაციით და ზაზა ხალვაშის ფილმით ,,ლოტო-იგავი ზღვისპირა ქალაქზე”, რომელსაც სევდიანი და ტრაგიკული ბედი დაჰყვა. ფილმი დამთავრებული არ იყო, როცა მისი რეჟისორი, ზაზა ხალვაში და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, ზურაბ ქავთარაძე, გარდაიცვალნენ.

,,პრომეთეს" მზიანი და სევდიანი ფილმები - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქრონიკაფილმის დამთავრება ავტორის სცენარით და ჩანაწერებით რეჟისორის ქალიშვილმა, თამთა ხალვაშმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა ითავა.

,,ლოტო-იგავი ზღვისპირა ქალაქზე” ერთ-ერთი ბათუმური ეზოს ბინადრებზე მოგვითხრობს, სადაც მათი ცხოვრების პერიპეტიებია ნაჩვენები. მოგვიანებით ფილმს ფესტივალის მთავარი ჯილდო – ,,ოქროს პრომეთე” გადაეცა.

,,პრომეთეს" მზიანი და სევდიანი ფილმები - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქრონიკაარასაკონკურსო ფილმები – გრანდების პატარა შედევრები

თბილისის კინოფესტივალი წლის ბოლოს ტარდება, როცა მსოფლიოს ცნობილი კინოფესტივალები უკვე ჩავლილია და ორგანიზატორებს საშუალება ეძლევათ, ამ წლის საუკეთესო ფილმები თბილისში ფესტივალის ფარგლებში აჩვენონ. ეს წელიც არ იყო გამონაკლისი.

ალბათ ცალკე აღნიშვნის ღირსია 2 ნამდვილი შედევრი კანის კინოფესტივალიდან. ერთ-ერთია ვიმ ვენდერსის იაპონიაში გადაღებული “იდეალური დღეები”. ფილმი აუღელვებლად მოგვითხრობს დასუფთავების სამსახურის დამლაგებელზე, რომელიც კმაყოფილია თავისი უბრალო ცხოვრებით. ყოველდღიური რუტინის გარდა მას იტაცებს კარგი მუსიკა, წიგნები და ხეები, რომლებსაც ფოტოებს უღებს. მოულოდნელი შეხვედრები დასთან და დისშვილთან მის წარსულს ააშკარავებს. მისი ბედი სრულიად სხვანაირად შეიძლებოდა წარმართულიყო…

მეორე ფილმი – “ჩამოცვენილი ფოთლები” – ყველაზე ცნობილი ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკის, შედევრია. ფილმის გმირები აუტსაიდერი ფინელები არიან, მუშაობენ ქარხნებში, მრეცხავებად – ბარებში და ხშირად ამ სამსახურებსაც კარგავენ, ბევრს სვამენ, ცოტას ლაპარაკობენ და ემოციებსაც ნაკლებად გამოხატავენ. ამ წრის ქალსა და კაცს ერთმანეთი შეუყვარდებათ, მათი რომანი საოცრად უიღბლოდ მიმდინარეობს, კაცი ლოთია და როცა სმისთვის თავის დანებებას დააპირებს, ავარიაში ხვდება, თუმცა ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება. რეჟისორი მარტივი სიუჟეტით აშკარა შედევრს ქმნის.

ფილმ ,,ჩამოცვენილ ფოთლებს” ლეიტმოტივად დაჰყვება უკრაინის ომის თემა. მთავარი გმირი წამდაუწამ რადიოში უსმენს უკრაინაში მიმდინარე საშინელი მოვლენების რეპორტაჟებს. “ომის დროს არ შემეძლო ფილმის გადაღება რაიმე კომენტარის გარეშე, კომენტარი რადიოთი გავაკეთე”, – აღნიშნა რეჟისორმა. მელანქოლიურ, ომით გაჟღენთილ სამყაროში რეჟისორი საოცარი სითბოთი გადმოსცემს ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს.

დაჯილდოება და დახურვა

2 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. როგორც აღვნიშნეთ, “ოქროს პრომეთე” მიეკუთვნა ზაზა ხალვაშის “ლოტო-იგავი ზღვისპირა ქალაქზე”. ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზი “შაშვი, შაშვი მაყვალს” ერგო და მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს, ეკა ჩავლეიშვილს, გადაეცა.

მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმებში გამარჯვება მარიამ ბიწაძის “სუფრამ” მოიპოვა, სპეციალური აღნიშვნის პრიზით კი სალომე კინწურაშვილის “გაქცევა” გამოარჩიეს.

რაც შეეხება სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს, კონკურსში გაიმარჯვა გიორგი ფარქოსაძის ფილმმა “რექვიემი სიცხიან დღეებს”. ამავე რეჟისორს გადაეცა ახალდაარსებული საქართველოს კინოინსტიტუტის (ეს ორგანიზაცია კინოცენტრის ალტერნატივად განიხილება) დაარსებული პრიზი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “მე ნიჭიერი ვარ დაკარგვაში”. ევროკავშირის წარმომადგენლობის დაწესებული პრიზი მიიღეს ლუკა ბერაძის “ღიმილიანმა საქართველომ” და ირანელი რეჟისორის ფილმმა ,,უსასრულო საზღვრები”. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსში კი აკი მანუკის ,,იგი” გახდა გამარჯვებული.

ფესტივალი დაიხურა გერმანელი რეჟისორის, ვაიტ ჰელმერის მიერ მთიან აჭარაში გადაღებული ფილმით “გონდოლა”. მაღალმთიან აჭარაში საბაგირო გზა სოფელს პატარა ქალაქთან აკავშირებს. ორი ახალგაზრდა ქალი, ივა და ნინო, საბაგიროზე გამყოლებად მუშაობენ. მათი გონდოლები ერთმანეთს ნახევარ საათში ერთხელ ხვდება, მალე ისინი განუყრელი მეგობრები ხდებიან და წინ აღუდგებიან საბაგიროს გულქვა უფროსს, რომელიც ცდილობს, საფუძველშივე ჩაკლას მათი კრეატიული და ლაღი ბუნება.