,,სკოლაში დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო” – რას იხსენებს ,,სარკესთან” მსახიობის ქალიშვილი

,,სკოლაში დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო" - რას იხსენებს ,,სარკესთან" მსახიობის ქალიშვილი,,სარკე”

,,ფილმი ,,უდიპლომო სასიძო” ეკრანებზე რომ გამოვიდა, მამაზე ნაწყენი ვიყავი. სკოლაში ამხანაგები დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო. სახლში ატირებული მივედი და მამას საყვედური ვუთხარი, ამ ფილმში რატომ ითამაშე-მეთქი. მომეფერა და მითხრა, იცი, რამდენი ფული მომცეს ამ როლშიო. მაშინ მსახიობებს ძალიან უჭირდათ, ავეჯიც არ გვქონდა. ,,აკაკის აკვანი” რომ გადაიღეს, ნატო ვაჩნაძემ ყავის სერვიზი შეიძინა და მამასაც აყიდვინა. იმ სერვიზს დედა ფეხსაცმლის ყუთში ინახავდა.

,,უდიპლომო სასიძო” რომ გადაიღეს, სანამ ეკრანებზე გავიდოდა, მოსკოვში წაიღეს და იქ უჩვენეს. ნიკიტა ხრუშჩოვს ისე მოსწონებია, იმდენი უცინია, რომ კინაღამ სკამიდან გადავარდნილა. მისივე ბრძანებით, ყველა მსახიობს, ვინც ამ ფილმში იყვნენ დაკავებული, ძალიან დიდი პრემია გამოუწერეს. ამ ფულით დედა მოსკოვში წავიდა და ავეჯი შეიძინა, ბავშვებსაც რაღაცები გვიყიდა…

მამაჩემი თავის გმირებს ჰგავდა, მხიარული და ალერსიანი იყო. მისთვის შური და ღალატი მიუღებელი იყო. უანგაროდ შეეძლო ადამიანის დახმარება. ერთხელ მაღაზიაში ვიღაც ქალი ატირებული დაინახა და დახმარება შესთავაზა. ქალმა უთხრა, რომ მისი შვილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, მაგრამ წამლებს არ აძლევდნენ. მეორე დღეს მამამ ის ქალი ჯანდაცვის მაშინდელ მინისტრთან შეიყვანა და მინისტრს უთხრა, რომ მისი ახლობელი იყო. იმ ქალის შვილს წამლებიც მისცეს და ყველანაირად დაეხმარნენ.

მამა 50 ფილმშია გადაღებული, მაგრამ განსაკუთრებით უყვარდა ფილმი ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. როცა მიხეილ ჭიაურელმა თავადი ავთანდილის როლზე დაამტკიცა, ბავშვივით იყო გახარებული. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მამაჩემის გმირს ამ ფილმში ედიშერ მაღალაშვილი ახმოვანებს.

ფილმ ,,განაჩენს” რომ იღებდნენ, მამამ თავისი გმირისთვის გრიმი თავად მოიფიქრა. გადაღებები დილით იწყებოდა და ადრიანად გადიოდნენ ველზე. მამა ქარიან ამინდში ყოველთვის უნომრო სათვალეს (მაშინ სათვალეს არ ხმარობდა) იკეთებდა. ერთხელ სათვალე სახლში დარჩა და გრიმგაკეთებული უკან მობრუნდა. კარი რომ გავაღე, ვერ ვიცანი და შიშით გული წამივიდა. მამა მომვარდა, ხმაურზე დედაც გამოვიდა. გონზე რომ მოვდიოდი და მამას შევხედავდი, ისევ ცუდად ვხდებოდი. ბოლოს დედა მიხვდა და მამას უთხრა, გადი, შენ რომ გრიმით გხედავს, იმიტომ მისდის გულიო”, – იხსენებს მსახიობ ვახტანგ ნინუას ქალიშვილი, მანანა ნინუა ,,სარკესთან”.