,,მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, რადგან ჩემ უკან ბევრი გოგო დგას” – სამტრედიელი თეონა სტურუა ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა

,,მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, რადგან ჩემ უკან ბევრი გოგო დგას" - სამტრედიელი თეონა სტურუა ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა,,სარკე”, ნანა კუკულავა

სამტრედიელი თეონა სტურუა მალე საქართველოს სტადიონებს გასცდება და ფეხბურთის მატჩებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარებს, ამჯერად – მსაჯის ამპლუაში. ცოტა ხნის წინ ის ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თეონა პირველი ქართველი ქალია, რომელიც საერთაშორისო შეხვედრებში იმსაჯებს.

,,სარკესთან” თეონა ყვება, რომ ყველაფერი ეზოს ბიჭებთან თამაშით დაიწყო და გოგონათა გუნდში თამაშით გაგრძელდა. ახლა მისთვის მთავარია, სხვა გოგონებისთვის იქცეს მოტივაციად და მისმა წარმატებამ სხვებიც გააძლიეროს.

– თეონა, როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

– ფეხბურთის თამაში პატარა ასაკიდან დავიწყე. დახლოებით 9 წლის ვიქნებოდი, როდესაც ბიჭებთან ერთად განუწყვეტლივ ბურთს ვთამაშობდი. დღემდე ეს ინტერესი ვერაფერმა მომიკლა.

– როდის მოვიდა პირველი წარმატება თქვენთან, როდის გასცდით ეზოს ფეხბურთს?

– ჩემთვის ეს იყო პროფესიონალური ფეხბურთის მატჩზე გატანილი 3 გოლი, რამაც უზარმაზარი ემოცია მომიტანა. იყო მოულოდნელობა და საკუთარი თავის რწმენა. ასევე – ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვე” იყო ჩემი პირველი და ბოლო კლუბი, სადაც 11 წელი გავატარე. ბევრი დასამახსოვრებელი თამაში მახსენდება, პროფესიული ზრდა, ასევე გოლები.

– რას გეუბნებოდათ მწვრთნელი, როგორი მომავალი წარმოედგინა თქვენთვის?

– ჩემი მწვრთნელი, ავთანდილ რევიშვილი, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ისეთ წარმატებას მივაღწევდი, როგორსაც მე თვითონაც ვერ წარმოვიდგენდი. ძირითადად მცველი ვიყავი, მაგრამ ფორვარდის პოზიციაზეც მიწევდა თამაში და კარგ შედეგსაც ვდებდი.

– ვინ იყო მთავარი გულშემატკივარი?

– რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი. მამას, რამაზ სტურუას, ძალიან უყვარს ფეხბურთი, მაგრამ ოჯახიდან ჩემამდე არავის ჰქონია ასეთი მასშტაბური შეხება სპორტთან. დედა გახლავთ დენიზა დუნდუა. მყავს ერთი და, ეთერ სტურუა. ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და მეგობრები, რომლებიც დანებების უფლებას არასდროს მაძლევდნენ.

– როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონი ხართ.

– საქართველოს ჩემპიონატი 2016 და 2017 წლებში მოვიგე, რაც უზარმაზარი შრომის შედეგი იყო. თითოეული ჩემი გუნდელი მაქსიმუმს აკეთებდა შედეგის მისაღწევად, რაც ციფრებში ავსახეთ კიდეც.

– და მაინც, ფეხბურთელობა რას ნიშნავს თქვენთვის, მით უმეტეს, მსაჯობა?

– იყო ფეხბურთელი, ეს ჩემთვის ნიშნავს, ბოლომდე ემსახურო ამ საქმეს, თავი არ დაზოგო და ყოველდღე გააუმჯობესო საკუთარი თავი. რაც შეეხება მსაჯობას, ეს ყველაზე შრომატევადი სამსახურია. უნდა ეცადო, მაქსიმუმი გააკეთო, რადგან შენ უკან ბევრი გოგო დგას, რომელთაც იგივე სურთ, რაც შენ და მათთვის მაგალითის მიცემა უნდა შეძლო.

– ახლა მთავარი თემა: როგორ გახდით ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი?

– ეს ალბათ ის ბედნიერი გაგრძელებაა, როცა შრომა სათანადოდ გიფასდება. ყველაზე მეტად ალბათ ფიზიკური მონაცემები, უნარები და ამ საქმის სიყვარული იქნა გათვალისწინებული. სიმართლე რომ ვთქვა, არბიტრობას ნამდვილად არ ველოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით.

– საერთაშორისო შეხვედრებში მოგიწევთ მსაჯობა. როგორ ფიქრობთ, რთული გამოწვევაა?

– რა თქმა უნდა, მარტივი ვერ იქნება, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ მე მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის.

– როდის და რატომ დაიწყეთ ზოგადად სამსაჯო კარიერა?

– 2018 წლიდან ვმსაჯობ და ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო, რომ კიდევ ბევრი წელი შემძლებოდა ამ სპორტის სიყვარულით ცხოვრება. უბრალოდ, ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც მიყვარდა და ამხელა წარმატება ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის. როდესაც გავიგე, რომ ჩემი კანდიდატურა ფიფა-ზე იყო წარდგენილი, ძალიან ვინერვიულე, ვერ ვიჯერებდი.

ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსის თანაშემწის, გიორგი ვადაჭკორიას, საშუალებით გავიგე, რომ ამირჩიეს და მადლობა მას ყველაფრისთვის. მაშინ მივხვდი, რომ უკვე მარტო მე აღარ ვიყავი, აქ უკვე ჩემი საქართველო იყო და გოგოები, რომლებსაც იგივე სურთ, ანუ წარმატების მიღწევა. ერთის წინგადადგმული ნაბიჯი ყველას წარმატებაა.

რა სიხშირითაც უნდა მომიწიოს არბიტრობა, ყველაფერი დამოკიდებულია ჩემზე. მაქსიმალურად ვეცდები, ხშირად ვასახელო საქართველო. აქვე გეტყვით, რომ, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ჩემთვის მისაბაძი არბიტრი არის სტეფან ფრაპარი.

– ამ ეტაპზე სად გიწევთ საქმიანობა?

– ძირითადად დასავლეთ საქართველოში, მაგრამ არის თამაშები, რომელთა მსაჯობაც თბილისში მიწევს. ახლა საქართველოში ვმსაჯობ, მალე უკვე საზღვრებგარეთ წავალ.

– როგორია თქვენი ერთი დღე?

– ჩემი ჩვეულებრივი დღე იწყება ყავით, შემდეგ ვარჯიშით და ინგლისურის კონსპექტებით. მთელი დღე ვცდილობ, მეტი ვისწავლო. დღე, ჩვეულებისამებრ, ფეხბურთით მთავრდება.

– როგორ შეხვდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები თქვენს ამ წარმატებას?

– ვერ აღვწერ, იმდენი სითბო და სიყვარული ვიგრძენი ყველასგან. ეს კიდევ დამატებითი სტიმული გახდა ჩემთვის და უფრო გამაბედნიერა. მე სამტრედიიდან ვარ, ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი სამტრედია ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ძალიან გაუხარდათ ჩემი წარმატება, ამდენი თბილი სიტყვა და გვერდში დგომა არასოდეს მიგრძვნია.

– პირადზეც გვიამბეთ. შეყვარებული თუ გყავთ?

– ამ ეტაპზე პირადზე არ ვფიქრობ. წინ ახალი გამოწვევები მაქვს. ჩემთვის ფეხბურთია სიყვარული, სადაც თავისუფლებასა და უზომოდ დიდ ბედნიერებას ვგრძნობ. ბედნიერებისთვის საჭიროა, აკეთებდე იმ საქმეს, რომელიც მთელი არსებით გიყვარს. რაც შენს სულს სჭირდება, სწორედ ის გაქცევს ბედნიერ ადამიანად.

რას ეტყვით ჩვენი ჟურნალის მკითხველებს თქვენი გამოცდილებიდან?

– არავითარ შემთხვევაში, არასოდეს დანებდეთ! იბრძოლეთ საკუთარი თავისთვის და შეუძლებელს შეძლებთ, რადგან ყველაფერი ყოველთვის თქვენს ხელშია. მინდა, ყველას უსაზღვროდ ბედნიერს გხედავდეთ. იყავით საკუთარი თავის გმირები!