,,ჩემი ცოლის დაქალი შემიყვარდა… ჩემს მორალს ეწინააღმდეგება ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება…”

,,ჩემი ცოლის დაქალი შემიყვარდა... ჩემს მორალს ეწინააღმდეგება ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება...",,სარკე”

ძალიან მეუხერხულება ამაზე წერა, მით უმეტეს, ლაპარაკი. ყოველთვის სამართლიან კაცად მიმაჩნდა თავი, მაგრამ ახლა აღარ ვიცი, ვინ ვარ და რანაირი ვარ. ჩემს მორალს ეწინააღმდეგება ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. საკუთარ თავთან ბრძოლებში ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვმარცხდები.

ვიცი, ბევრი მეტყვის სამარცხვინო ხარო და ღირსიც ვარ, რადგან ჩემი ცოლის დაქალი შემიყვარდა. ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ყველაფერში დამნაშავე მე ვარ და ჩემი დანაშაულობები დიდი ხნით ადრე დაიწყო.

პირველ რიგში, ის არის ჩემი ბრალი, რომ ძმაკაცებს თვალდახუჭული ვენდობოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვობის მეგობრები არასოდეს მიღალატებდნენ. ბიზნესი მქონდა, რომელიც დიდი წვალებით ავაწყე. არაფერი მიჭირდა, ოჯახს კარგად ვარჩენდი. ერთ-ერთ სუფრასთან ძმაკაცებმა თავიანთი გასაჭირი შემომჩივლეს. მე მაშინვე დავპირდი, რომ ჩემს სამსახურში წავიყვანდი და ვამუშავებდი.

პირობა შევასრულე, წავიყვანე, მუშაობა დავაწყებინე, ჩემი საქმე შევასწავლე და პურის ფული გავუჩინე. თვითონ კი უსასტიკესად მომექცნენ. ზუსტად იგივე ბიზნესი ჩემი სამსახურიდან ორ მეტრში წამოიწყეს, კონკურენტები გამიხდნენ. იმავე საქმეს, მართალია, უხარისხოდ, მაგრამ ჩემზე იაფად აკეთებდნენ. თანდათან ლუკმაპური დამაკარგვინეს, გამაკოტრეს. პასუხი რომ მოვთხოვე, ,,კაცურად” გამირჩიეს საქმე, ძმაო, საჭმელი სხვასაც უნდა, რა უფლება გაქვს, მუშაობა აგვიკრძალოო.

ასე დავრჩი საქმის გარეშე. მერე როგორც ხდება ხოლმე, ვალი ავიღე საქმეში ჩადების და ორმაგი მოგების სურვილით, მაგრამ არ გამიმართლა. ვალს ვალი დაემატა და ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ჩემი შეცდომის გამო ოჯახი ცუდ დღეში ჩავაგდე. ცოლმა მითხრა, რომ უცხოეთში წავიდოდა სამუშაოდ, რათა შემომშველებოდა. ვერ დავაკავებდი, რადგან საამისო საბაბი არ მქონდა.

ჩემი ცოლი წავიდა. როგორია, ერთმანეთს რომ მხოლოდ ეკრანიდან ნახავს ცოლ-ქმარი. ის იქ მშვიდად იყო, რადგან შვილებს პატრონი ვყავდი.

მარტო ცხოვრება, მით უმეტეს, მამაკაცისთვის არის საშინელება. ხშირად ბევრ რამეს ვერ ვაკეთებდი შვილებისთვის და ამ დროს ცოლის დაქალი მეხმარებოდა. მას ქმარი და შვილები არ ჰყავს, მარტოხელაა. ძალიან მხიარული, მეგობრული, კეთილი ადამიანია. ჩემს შვილებს რამდენჯერაც რამე დასჭირდათ, ყოველთვის გვერდით დაგვიდგა. ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში გამიწია მეგობრობა, არც კი ვიცი, მის გარეშე რა მეშველებოდა.

ხშირმა კონტაქტმა და საერთო საზრუნავმა ერთმანეთს ძალიან დაგვაახლოვა და ჩვენ შორის გრძნობა გააჩინა. სიყვარულში რომ გამოვუტყდი, მას შემდეგ გამირბის, მაგრამ მის გარეშე არ შემიძლია და მან ეს კარგად იცის. ჩემს ცოლთანაც გაწყვიტა კავშირი. მითხრა, არ შემიძლია თამაში და მოტყუებაო. ჩემს ცოლს უკვირს, თქვენ ხომ არ აწყენინეთ რამე, რატომ აღარ მელაპარაკებაო. ხომ არ ვეტყვი, რომ მიზეზი მე ვარ?! ორივე ქალის გაუბედურებაში მე მიმიძღვის წვლილი. მითხარით, ამის შემდეგ რა კაცი მე ვარ! ზოგჯერ საკუთარი თავი ისე მძულს, რომ…

არ ვიცი, ვინ დამწყევლა ასე, რომ ჩემმა ცხოვრებამ ბორბალივით უკუღმა დაიწყო ტრიალი. მინდა, აქედან გავიქცე და მეც ემიგრანტი გავხდე, მაგრამ შვილებს რა ვუყო? ცოლს ამის გაგონება არ უნდა. მეუბნება, სანამ შენ შეეჩვევი ემიგრანტობას, დრო გავა, ისევ წლები ვერ ვნახავთ ერთმანეთს, ამიტომ მე გავჩერდები კიდევ ცოტახანსო. არ იცის, რა ბრძოლებში ვარ და როგორი გაუსაძლისია უკვე ყველაფერი ჩემთვის.

,,სარკის” მკითხველი