გვანცა დარასელია: ,,ქმრისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი”

გვანცა დარასელია: ,,ქმრისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

გვანცა დარასელიამ ,,რუსთავი 2″-ზე 15-წლიანი მუშაობის შემდეგ ეს არხი დატოვა და განაცხადა, რომ დასვენება და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეკრანიდან გაუჩინარების ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გვანცა ,,პირველ არხზე” გამოჩნდა მუსიკალური შოუ “ვოისის” წამყვანად. ამ ნაბიჯებით წერტილი დაუსვა კარიერულ სტაბილურობას და პერიოდული ცვლილებების რეჟიმში გადავიდა. როგორც “სარკესთან” თავად ამბობს, მუდმივად სიახლეების მოლოდინში იქნება და ეს ძალიან მოსწონს.

გვანცა დარასელია: ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა.

– 15 წელი ერთ ადგილს, ერთ საქმეს იყავით მიჩვეული და უცებ სულ სხვა რეჟიმზე გადახვედით. ასე ადვილად გამოგივიდათ?

– გარემო უფრო მძაფრად აღიქვამდა “რუსთავი 2”-დან ჩემს წამოსვლას, ვიდრე მე. ეს გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე არ მიმიღია, სრულიად შეგნებულად გადავდგი ნაბიჯი. ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც ცვლილებები აუცილებელია. მინდოდა, რაღაც შემეცვალა ჩემს საქმეში, ოღონდ არ ვიცოდი, საითკენ და როგორ. ჩვენს პროფესიაში ასეა, თუ რაღაც არ დაამთავრე, ისე ახალს ვერ იწყებ.

15 წელი ძალიან დიდი პერიოდია, ძალიან ერთგული ვიყავი ამ არხის და დღემდე მიყვარს. არ მინდოდა, ამ ტელეკომპანიიდან იმ დროს წამოვსულიყავი, როცა შემოთავაზება მექნებოდა. მინდოდა, ერთი ეტაპი დამესრულებინა და დავლოდებოდი ახალს. ეს პაუზაც კარგად გამოვიყენე, გადავერთე ბავშვებზე, ბევრ საკითხს მივხედე ჩემს ცხოვრებაში.

– ოჯახმა რა პლუსები მიიღო თქვენი გადაწყვეტილებით?

– სიმართლე რომ გითხრათ, მე ისედაც დიდი დოზით ვიყავი ჩართული შვილების ცხოვრებაში. არ მქონდა ისეთი სამუშაო გრაფიკი, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტს გამოიწვევდა. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო.

ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში დავინახე, ეს იყო ჩემი ოჯახიდან სრული მხარდაჭერა. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპია, ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში ოჯახის დგომა. ჩემი მეუღლისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი.

– მაინც როგორია შვილების ცხოვრებაში თქვენი ჩართულობა?

– ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მეტი ყურადღება და მეგობრობა სჭირდებათ მშობლებისგან. არის რაღაცები, როცა უპირობოდ მათ გვერდით ვარ, ყველაფერს ვუსრულებ. უფროსი ბიჭი 11 წლის არის და განსაკუთრებით მას სჭირდება ჩემი და მამის თანადგომა. ძალიან დამოუკიდებლად ვზრდი, გარკვეულ თავისუფლებასაც ვაძლევ. ვცდილობ, ვიყო მისი კარგი მეგობარი, რომ ვიცოდე ყველა მისი ფიქრი და ემოცია. გოგონა 5 წლის არის. მას ჯერ კიდევ დიდი მიჯაჭვულობა აქვს ჩემზე.

– გოგონა თუ გაგონებთ თქვენს თავს და თქვენს ბავშვობას?

– გარეგნულად ბიჭი უფრო მგავს, მაგრამ ამბობენ, რომ გოგო ძალიან მგავს მიზანდასახულობით, სპორტულობითა და ნიჭით. ორივე ძალიან გონიერია. კარგი ადამიანები არიან, რაც ძალიან მახარებს. ორივეს აქვს ზრუნვის საოცარი უნარი. როდესაც ემპათიური ხარ ბავშვობიდან, ესე იგი კარგი ადამიანი ხარ. როგორც ამბობენ, მეც 4 წლის ასაკში ვისწავლე წერა-კითხვა, როგორც ლილემ. ერეკლეს მათემატიკური ტვინი აქვს. ჭადრაკს და ფეხბურთს თამაშობს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო საკუთარი ინტერესების გამოვლინებაში.

– რამდენიმე წელია, თბილისიდან მცხეთაში გადახვედით საცხოვრებლად. როგორია დედაქალაქისგან მოშორებით ყოფნა?

– ქალაქგარეთ გადასვლას ძალიან ბევრი პლუსი აქვს, პირველ რიგში, გარემო. ჩვენი სოციუმი გვაქვს შექმნილი. ოჯახები ძალიან მეგობრულად ვცხოვრობთ. ეს ურთიერთობები ძალიან მთავარია, რადგან ჩვენი სამეგობროს ურთიერთობები უკვე მეორე თაობაზე გადავიდა. მეორე მხრივ, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც შესანიშნავ გარემოში აღმოვჩნდით. მცხეთას მართლაც განსაკუთრებული აურა აქვს. ერთადერთ მინუსად შეიძლება სიშორე ჩაითვალოს. ოდნავ მეტი დრო გჭირდება, რომ იმოძრაო, ბავშვები მიიყვანო სხვადასხვა წრეზე, თუმცა თბილისში საცობების გამო ისედაც ჭირს გადაადგილება და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.

– გაქვთ რაიმე ისეთი ნიჭი ან გატაცება, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის?

– ძალიან მიყვარს ხატვა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვხატავ. მაქვს ჩანაფიქრი, რომ სახლში ჩემი სახატავი კუთხე მოვიწყო, რადგან ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს და თერაპიაა ჩემთვის.

– მართლა ასე იოლად ახერხებთ, იყოთ ყოველთვის კარგ ფორმაში? როგორც ხშირად გითქვამთ, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებთ.

– ეს მხოლოდ გენეტიკის დამსახურებაა, მერწმუნეთ, დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. წლებთან ერთად უფრო მეტი შეგნება მოდის, მეტად იზრუნო საკუთარ თავზე, დაიძინო 12 საათამდე. ჩემს გარეგნობაზე ყველაზე ცუდად უძილობა აისახება, ამიტომ ყველაზე მეტად ძილის რეჟიმს ვაქცევ ყურადღებას.

აქამდე საერთოდ არ ვსვამდი წყალს, ახლა ვცდილობ, მეტი წყალი დავლიო. ბოლოხანს უფრო მეტი ყურადღება მივაქციე თავის მოვლის საშუალებებს. მხოლოდ ეს სამი წესი მაქვს, რასაც მივდევ.