,,მინდა, ისე მოვკვდე, რომ ჩემი და ჩემი ქმრის გაშორების მთავარი მიზეზი არ ვთქვა” – მარიკა ლორთქიფანიძის გამხელილი და გაუმხელელი ტკივილები

,,მინდა, ისე მოვკვდე, რომ ჩემი და ჩემი ქმრის გაშორების მთავარი მიზეზი არ ვთქვა" - მარიკა ლორთქიფანიძის გამხელილი და გაუმხელელი ტკივილები,,სარკის” არქივი

საქართველოსა და მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე არცთუ სასიამოვნო მოვლენებზე ფიქრისას ჟურნალისტებს და არა მარტო მათ, ქართველი საზოგადოების სხვა ბევრ წარმომადგენელს, ალბათ ხშირად გასჩენია კითხვა: “ნეტა, რას იტყოდა ახლა ამაზე მარიკა ლორთქიფანიძე?”. ჟურნალისტები მიჩვეულები ვიყავით, რამე თუ მოხდებოდა, მაშინვე ქალბატონი მარიკასთვის დაგვერეკა ან სახლში ვწვეოდით აზრის საკითხავად, ჭავჭავაძის გამზირზე. ცნობილი მეცნიერი, ისტორიკოსი ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გვაძლევდა. 90 წლის ასაკში, როცა ფეხი მოიტეხა, რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და საკმაოდ დაუძლურდა, მაშინაც კი არ ამბობდა უარს ინტერვიუზე.

ქალბატონი მარიკა 2018 წელს, შობის მეორე დღეს, 8 იანვარს, გარდაიცვალა. მისი ხსოვნის პატივსაცემად აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის ცხოვრებას, რომელზეც თავად გვიამბო, “სარკის” ფურცლებზე ვაცოცხლებთ.

– ქალბატონო მარიკა, თუ შეიძლება ცოტა შორს რომ წავიდეთ და გაიხსენოთ თქვენი ბავშვობა, ახალგაზრდობა.

– ჩემი მშობლების ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა. 1922 წელს, როცა მე დავიბადე, დედაჩემისა და მამაჩემის ოჯახებს ყველაფერი წართმეული ჰქონდათ და ნულიდან დაიწყეს ცხოვრება. 1924 წელს ჩემი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ორი ოთახი გვქონდა. კომფორტულ გარემოში არ ვცხოვრობდით, მაგრამ ის წლები ტრაგიკულად არ მახსენდება.

ბარნოვის ქუჩაზე მდებარე მაშინდელი 25-ე სკოლა დავამთავრე. შესანიშნავი პედაგოგები გვყავდა და იქ შევიძინე ის მეგობრები, რომლებთანაც ბოლომდე ვმეგობრობდი. პირველ-მეოთხე კლასებში ყველაფერს უაღრესად განათლებული ქალბატონი, ნინა მიქელაძე, გვასწავლიდა, რომლის მამაც ცნობილი პუბლიცისტი გახლდათ. მერე ქართულს გვასწავლიდა ონოფრე ნიკოლეიშვილი. ჩვენ სულ ვამბობდით, გაგვიწყალა გრამატიკით გულიო. დღეს მე ნორმალურად ვწერ რუსულადაც და ქართულადაც და ეს იმ მასწავლებლების დამსახურებაა.

ცნობილი ქართველი დირიჟორი, ევგენი მიქელაძე, დედაჩემის ბიძაშვილი იყო. ჩვენს ოჯახში ოპერისა და კლასიკური მუსიკის კულტი იყო. თუ რამე განსაკუთრებული ხდებოდა ოპერაში, ევგენი მთელ ოჯახს ლოჟის მოსაწვევს გვიგზავნიდა. ოპერაში მესამე სართულზე სარეპეტიციო დარბაზი იყო და მე და ჩემი ძმა, გიგა (რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე – რედ.შენ.) ევგენის რეპეტიციებს ვესწრებოდით ხოლმე. ძია ჟენია ორკესტრანტს ეუბნებოდა, რომელიმე ყალბი ნოტა აეღო და მერე გიგას ეუბნებოდა, აბა, თუ მიხვდებიო. გიგას არ ეშლებოდა.

ერთხელ ვუთხარი ძია ჟენიას, ვოცნებობ, გავიზარდო, დავუკრა და თქვენ დირიჟორი იყოთ-მეთქი. ხელი მომხვია, მაკოცა და მითხრა, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, მაგრამ მუსიკოსები მხოლოდ ძალიან ნიჭიერები მიყვარს, აი, გიგა შესანიშნავი დირიჟორი იქნებაო. ამის შემდეგ გადავწყვიტე, მუსიკალურ კარიერაზე აღარ მეოცნება. ასე გადაიხაზა ერთი ჩემი ოცნება.

თბილისში მაშინ იყო პერინის საბალეტო სკოლა. ვახტანგ ჭაბუკიანი და სხვა ბალერინა-ბალერონები ამ სკოლაში გაიზარდნენ. მეც იმ სკოლაში მიმაბარეს. მარიამ პერინიმ დაიწყო ჩემი გამოყვანა საბავშვო კონცერტებზე. 1932 წელს, როცა საქართველოში პირველად ჩამოვიდა საგასტროლოდ ჭაბუკიანი და დადგეს ,,დონ კიხოტი”, იქ ერთი სცენაა ბავშვების. მეც ვმონაწილეობდი. ჭაბუკიანმა ხელში ამიყვანა და თქვა, აი, ეს ბავშვი ბალერინა იქნებაო. ამ დღის შემდეგ დედამ ბალეტიდან გამომიყვანა.

– რატომ?

– დედამ თქვა, არ მინდა, ჩემი შვილი ბალერინა იყოს, რადგან ეს მძიმე შრომასთან არის დაკავშირებულიო. ეს ოცნებაც გადამიხაზა. პერინიმ ერთხელ გამოგზავნა თავისი თანამშრომელი და დედას შემოუთვალა, ნინა ალექსანდროვნა, თქვენ ინტელიგენტი ქალი ბრძანდებით და რატომ ხართ ბალეტის ასეთი წინააღმდეგიო. დედამ უპასუხა, ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ ფაქტის მიმართო.

– საბოლოოდ თქვენი ცხოვრების მთავარ საქმედ ისტორიკოსობა აირჩიეთ. ამ გადაწყვეტილებამდე როგორ მიხვედით?

– სკოლას რომ ვამთავრებდი, უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი გაიხსნა. მე, ოთარ ჯაფარიძემ, გივი კიღურაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ამ სპეციალობაზე შესვლა გადავწყვიტეთ. ოთარ ჯაფარიძის დედამ რომ გაიგო, გვითხრა, როგორი არაპრაქტიკულები ხართ, ექიმი აქაც ექიმია, ციხეშიც და გადასახლებაშიც, თქვენი ხელოვნება ვის სჭირდება, მედიცინა აირჩიეთო. მაინც ხელოვნება ავირჩიეთ, თუმცა ბოლოს მოხდა ისე, რომ ყოველგვარი სპეციალობები გააუქმეს და ჩვენ მხოლოდ ისტორიის სპეციალობა მივიღეთ.

უნივერსიტეტში რომ მივედით, ცხრილში მაშინვე ივანე ჯავახიშვილის გვარის მოძებნა დავიწყეთ. ის მესამე კურსიდან იწყებდა სპეციალური კურსის კითხვას. მესამე კურსის სტუდენტებს შევუთანხმდით, რომ ლექციაზე დავსხდებოდით, ხმას არ ამოვიღებდით და მათ არაფერი ეთქვათ.

ბატონი ივანე შემობრძანდებოდა დიდი შავი პორტფელით ხელში, მაგიდაზე დადებდა ამ პორტფელს და იქიდან ამოიღებდა პატარა ზომის ბარათებს, დაალაგებდა. ჯერ დებულებას ჩამოაყალიბებდა და მერე იმ ბარათებიდან დამადასტურებელ ციტატებს მოიტანდა ან პირიქით – ჯერ ციტატებს წაიკითხავდა და შემდეგ დებულებებს. უკლებლივ ყველა ლექციას ვესწრებოდით.

ბატონ ივანეს გამოცხადებული ჰქონდა, რომ ლექციის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუდენტებს მისთვის კითხვები დაესვათ. ერთ დღეს მიუვიდა შეკითხვა, რომელიც ახლაც ნათლად მახსოვს, ქაღალდზე დაწერილი: “სტალინური მოძღვრების თანახმად, ქართველები ერად მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდნენ. თქვენ კი საიდან იწყებთ ქართველი ერის ისტორიას?”.

სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბატონმა ივანემ ეს ქაღალდი აიღო, წვრილად დახია, სამელნეში ჩაყარა, აკრიფა თავისი გუდა-ნაბადი და წავიდა. არ ვიცოდით, დაიჭერდნენ თუ გააგდებდნენ უნივერსიტეტიდან, მაგრამ ეს ადვილი გასაკეთებელი აღარ იყო, რადგან იგი უკვე უზენაესი საბჭოს წევრი გახლდათ, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო.

– თქვენ და ბატონი გიგა რეპრესირებული ოჯახის შვილები ხართ, მამათქვენი ავბედით 30-იან წლებს შეეწირა. როგორ გახსენდებათ ის წლები?

– მამას ხშირად უხდებოდა მოსკოვში მივლინებით წასვლა. ერთ-ერთი მივლინების დროს მას მოაკითხეს. დედას რომ ჰკითხეს, თქვენი ქმარი სად არისო, უპასუხა, არ ვიცი, რადგან ჩემთან აღარ ცხოვრობს, მხოლოდ ფულს გვიგზავნისო. გაოგნებული ვუსმენდი, ვფიქრობდი, რას ამბობს, მამა აქედან გუშინწინ წავიდა-მეთქი. გვიან მივხვდი, ასე რატომ მოიქცა. ეს იყო 1939 წელს.

არასოდეს მავიწყდება ის ჩხრეკა, რომელიც ჩვენს სახლში მოაწყვეს. წიგნებს იღებდნენ და ფერთხავდნენ. რას ეძებდნენ, ვერ გეტყვით. ბოლოს მოვიდნენ ვინმე შარია და ხალხიმგორი. შარიამ დედას ჰკითხა, იარაღი თუ გაქვთო. არაო, უპასუხა. გამოაღო კარადა და მამას სანადირო თოფი გამოიღო. დედამ არ იცოდა, რომ სანადირო თოფი არ ითვლებოდა კანონდარღვევად. შარიამ გადაიკიდა ზურგზე და წაიღო. მამა კარგახანს იმალებოდა. ბოლოს მაინც დააპატიმრეს.

– დედა როგორ გადაურჩა დაპატიმრებას?

– დედა რამდენჯერმე დაიბარეს. მეც სულ თან დავყვებოდი. გარეთ, კიბეზე ვიჯექი. ერთხელ დარაჯი მოვიდა და მკითხა, აქ რას აკეთებ, ამ კარში მხოლოდ შედიან, უკან აღარ ბრუნდებიანო. ვუპასუხე, დედაჩემი გამოვა-მეთქი. მართლაც გამოვიდა. შარია დედას იბარებდა, რომ როგორმე მამას ადგილსამყოფელი გაეგო. ბოლოს გავიგეთ, რომ თავად ის შარია დააპატიმრეს. ასე იყო, კაცს ბევრ ცუდს აკეთებინებდნენ და მერე იმასაც ზედ მიაყოლებდნენ ხოლმე.

მძიმე დრო დაგვიდგა. დედას არასრული მუსიკალური განათლება ჰქონდა, მაგრამ ბავშვებს მაინც ამეცადინებდა და ასე თუ ისე ნორმალურად ვცხოვრობდით. მაშინ ჩვენს ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გიგამ ფეხი მოიტეხა და განგრენა დაემართა. საავადმყოფოში ოთხი თვე გაატარა. დედაჩემს ნერვიულობის ნიადაგზე სმენა დაუქვეითდა.

გიგა სასწაულად გადარჩა, მაგრამ დედას მუსიკის მასწავლებლობა აღარ შეეძლო, ამიტომ მუშაობა ძაფსახვევ საამქროში დაიწყო. სიბნელეში მიდიოდა და სიბნელეში ბრუნდებოდა. არადა გენერლის ქალიშვილი იყო. როცა ქუთაისში ცხენით სასეირნოდ გამოდიოდა, უკან დაცვა მიჰყვებოდა.

მამამ გიგას ოპერაციის დღეს ჩამოსვლა მოახერხა. საავადმყოფოში მეგობრებმა მოიყვანეს მანქანით და სასწრაფოდაც წაიყვანეს, რომ არავის გაეგო. ეს ამბავი მაინც გახმაურდა. გიგას ოპერაცია შოთა ჭეიშვილმა გაუკეთა. საავადმყოფოდან მამის გასვლიდან 10 წუთიც არ იყო გასული, რომ ორი კაცი მოვიდა. დედამ უთხრა, აქ არავინ ყოფილაო. მერე შოთა ჭეიშვილს მიმართეს. რაც მან გააკეთა, ეს მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. მან თქვა, ამ ბიჭს ოპერაცია მე გავუკეთე, საოპერაციოდან მე გამოვიყვანე, იმის შემდეგ აქ ვარ და აქ არავინ ყოფილაო. მერე გიგას დაკითხვა მოითხოვეს და მან ნება არ მისცა, ნარკოზის ქვეშ არის, ამის დაკითხვა არ შეიძლებაო.

დედა იხსენებდა, მამათქვენი გიგას ლოგინთან ჩამოჯდა და უთხრა, კი, ცუდი რამ დაგემართა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, კაცი იყოო. ეს სიტყვები გიგას დღემდე ახსოვს. გიგას მაშინ ფეხი მოაჭრეს მუხლიდან.

ერთხელაც ჩამოვიდა მამა თბილისში მეგობრების დახმარებით, მაგრამ ამის შემდეგ მისი კვალი დავკარგეთ. მამის ამბავი რომ მოვიკითხეთ, ოფიციალურად გვიპასუხეს, რომ 1942 წელს დაიღუპა, მაგრამ არაოფიციალური ცნობა გვქონდა, რომ, როგორც კი დააპატიმრეს, მაშინვე დახვრიტეს. დედამ 84 წელი იცოცხლა. ერთხელ მითხრა, დიდი ტკივილი დამყვება მამათქვენის გამო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შენი და გიგასნაირი შვილები მყავსო.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ასპირანტურაში ჩაბარების წინადადება მივიღე. ბატონმა სიმონ ჯანაშიამ, რომელიც ჩემს მოხსენებას ორჯერ ესწრებოდა, მკითხა, თუ ისურვებთ ჩემთან, საქართველოს ისტორიის ასპირანტურაში მოსვლასო. ისე დავიბენი, ხმა ვერ ამოვიღე. არ გინდათო, მკითხა და ვიყვირე, როგორ არა-მეთქი. მე ვიყავი უკანასკნელი ასპირანტი, რომელმაც სიმონ ჯანაშიასთან კურსი გაიარა. ჩემი დისერტაცია მან წაიკითხა, მაგრამ დაცვას ვეღარ დაესწრო.

– ოჯახი რა ასაკში შექმენით?

– 22 წლის ასაკში. ჩემი ქმარი ექიმი კოტე ოთხმეზური იყო. სამი შვილი გავაჩინე – ქალიშვილი და ორი ვაჟი.

– ახლა, ამდენი წლის შემდეგ, შეგიძლიათ ისაუბროთ იმ მიზეზზე, რატომ გაშორდით მეუღლეს?

– მგონი, 17 წელი ვიყავით ერთად. როცა გაშორება გადავწყვიტეთ, ერთმანეთს ვუთხარით, რომ ამ მიზეზებზე არ გველაპარაკა. ის ისე ჩავიდა სამარეში, რომ არ უთქვამს და მეც მინდა, ისე მოვკვდე, რომ ჩვენი გაშორების მთავარი მიზეზი არ ვთქვა.

– როგორ თვლით, შეცდომა დაუშვით?

– რასაკვირველია! მე დავუშვი შეცდომა. ჩემს პირველივე აღსარებაში ვთქვი, რომ შეცდომა დავუშვი.

– თქვენი მეორე ქორწინება ნოდარ ლომოურთან შვილებმა როგორ აღიქვეს?

– ნორმალურად. ჩემს შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

– მერეც დაუშვით შეცდომა?

– როგორც ჩანს, დავუშვი. შეცდომის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩემი ყველა შეცდომის შესახებ მოძღვარს მოვუყევი აღსარებისას. ზოგს ვნანობ, ზოგს – არა. დრო რომ გადის, შეფასებები იცვლება.

– სახლში დიასახლისობდით?

– არასოდეს მეხერხებოდა. სულ მყავდა შინამოსამსახურე და სახლის საქმეებს ყოველთვის ის აგვარებდა. მე სულ საქმე მქონდა. თუ დროს ვნახავდი, ვცდილობდი, შვილებთან ვყოფილიყავი. ერთი პერიოდი აზერბაიჯანელი შინამოსამსახურე მყავდა, რომელიც ჩემთან ცხოვრობდა. კარგი დიასახლისი იყო, მაგრამ ბაჟეს გაკეთება არ იცოდა. ჩემს შვილებს ძალიან უყვარდათ და მე ვაკეთებდი, ოღონდ წინ მუდმივად მედო წიგნი, სადაც რეცეპტი ეწერა.

ერთხელ ჩემმა უმცროსმა ვაჟმა მითხრა, დედა, რა უნიჭო ყოფილხარო. რატომ-მეთქი, გავოცდი. რამდენჯერ გაქვს ბაჟე გაკეთებული და მაინც წიგნში იხედებიო. რისი დამახსოვრებაც არ მინდოდა, არ ვიმახსოვრებდი.

– უამრავი განსაცდელი გამოიარეთ ცხოვრების გზაზე, ყველაზე დიდი ტკივილი რამ დაგიტოვათ?

– ჩემი შვილიშვილის გარდაცვალებამ. შესანიშნავი ბიჭი იყო, მორწმუნე და ეკლესიური. ერთ დღეს დედას უთხრა, რომ ამხანაგთან მიდიოდა. გავიდა სახლიდან და, როგორც ჩანს, გადაიფიქრა, სხვაგან წასვლა გადაწყვიტა. დედამისს რომ არ ენერვიულა, კლუბში ვიღაცას სთხოვა, ტელეფონი მათხოვე, დედას ვუთხრა, რომ სხვაგან მივდივარო. ასე თქვეს კლუბის თანამშრომლებმა.

იმ ბიჭს უთქვამს, ჩემთვის ტელეფონის წართმევა გინდაო. შელაპარაკებულან, მაგრამ კოტეს თავი დაუნებებია და წამოსულა. ის ბიჭი გამოჰყოლია. ერთმა ქალმა თქვა, ვხედავდი, რომ ერთმანეთს წიხლებს ურტყამდნენო, მაგრამ თურმე ის მკვლელი წიხლებს კი არა, დანას ურტყამდა. თურმე ვიღაცის მანქანაში ჩასვეს და გზაში მძღოლს ეკითხებოდა, ხომ არ მოვკვდებიო…

– მაშინ რაღაც ჯგუფურ გარჩევას დაუკავშირეს ეს საქმე.

– არანაირი ჯგუფური გარჩევა არ ყოფილა. ყოველთვის შესანიშნავი მეგობრები ჰყავდა. ეს მოუშუშებელი ტკივილი და უბედურებაა. ჩემს გიორგის და მის ცოლს რომ ვუყურებ, მუდამ სევდას ვხედავ მათ თვალებში. ამის მონელება შეუძლებელია.