ირინა ბაირამაშვილი: ,,ყველაზე დიდი უაზრობა ის არის, ქმართან კამათის შემდეგ ქალი ჩემოდანს რომ ჩაალაგებს და მიდის”

ირინა ბაირამაშვილი: ,,ყველაზე დიდი უაზრობა ის არის, ქმართან კამათის შემდეგ ქალი ჩემოდანს რომ ჩაალაგებს და მიდის",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალ ირინა ბაირამაშვილის მთავარი საზრუნავი ახლა ოჯახსა და კარიერას შორის ბალანსის პოვნაა. დედობა და ხშირ შემთხვევაში შვილებზე გადამეტებული ზრუნვა ხელს უშლის, კარიერაში ნაბიჯები თამამად გადადგას.დედა სანამ გახდებოდა, მისთვის კარიერა პირველ ადგილზე იდგა, ახლა პრიორიტეტი შვილებია.

– ირინა, ფიქრობთ, რომ ოჯახმა ხელი შეგიშალათ და დაამუხრუჭა თქვენი კარიერა?

– რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე მელომანია და ყველანაირად გვერდში მიდგას, როცა პატარა ბავშვები გყავს, მაინც სხვა პრობლემებზე ხარ გადართული. კონცერტიდანაც სულ ვცდილობ, მალე დავბრუნდე სახლში, რომ ბავშვებს მივხედო და არ დავაკლო რამე. ეს მხარე რომ არ იყოს, უფრო მეტს მივაღწევდი კარიერაში და მეტ არეალს მოვიცავდი.

– ჩანს, რომ ძალიან მზრუნველი დედა ხართ.

– გიჟი და ცოტა მანიაკი დედა ვარ. ვის არ ჰყავს შვილები და ვის არ უყვარს, მაგრამ მე, მგონი, გადაჭარბებულად ვიქცევი. აქამდე თუ ვფიქრობდი, რომ სიმღერა იყო ჩემი ჟანგბადი, რაც დედა გავხდი, მივხვდი, რომ შვილები არიან ჩემი ცხოვრების მთავარი არსი. სიმღერაც სიგიჟემდე მიყვარს და მის გარეშე ნამდვილად მოვკვდები. სულ ვამბობ, მილიონერი ქმარიც რომ მყოლოდა და სრული ფუფუნება მოეცა ცხოვრებაში, სიმღერას მაინც ვერ დავთმობდი. მეცხრე კლასიდან ვმღერი და ამაზე უარს ვერაფრის გამო ვიტყვი.

– როგორ ოჯახზე ოცნებობდით და როგორია ახლა თქვენი ოჯახური ცხოვრება?

სულ პატარაობიდანვე იმდენად მინდოდა, რომ მომღერალი გამოვსულიყავი, სხვა ინტერესები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. მამრობით სქესს არც ვეპრანჭებოდი, ჩემი აზრები და ფიქრები მხოლოდ სცენისკენ იყო. ჩემი დაქალები რომ იპრანჭებოდნენ და ბიჭებზე ჭორაობდნენ, ეს ჩემთვის უინტერესო იყო. ძალიან დიდ ასაკში მივხვდი, რა არის სიყვარული. თითქმის ყველა კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ამის შემდეგ, 28 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ოჯახი მაქვს.

– ოჯახური იდილიის შესაქმნელად როგორ ზრუნავთ ცოლ-ქმარი?

– ბუნებრივია, ჩვენ შორისაც არის კამათი და კონფლიქტი, მაგრამ ამის შემდეგ სამი წელი არ ვიბუტებით ხოლმე, მაქსიმუმი, სამ საათში ვდგამთ ერთმანეთისკენ ნაბიჯებს, ვიწყებთ საუბარს და ყველაფერი ლადგება.

დათმობებზე წასვლა აუცილებელია. ყველაზე დიდი უაზრობა ის არის, კამათის შემდეგ ქალი ჩემოდანს რომ ჩაალაგებს და მიდის. ჩვენ საუბრით შეგვიძლია გავარკვიოთ, რა არ მოგვწონს. ჩემს ქმარს ძალიან მშვიდად უთქვამს, ირინა, მე ეს არ მომწონს და იქნებ იმუშაო ამ საკითხზეო. ასეთი მიდგომებით ნარჩუნდება ოჯახი. რა თქმა უნდა, მთავარი ფაქტორი სიყვარულია. მე არ მიყვარს შვილებით შენარჩუნებული ოჯახი.

– თქვენს რომელ თვისებასთან უწევს ბრძოლა ან შეგუება ქმარს?

– ჩემს ფეთქებად ხასიათს ებრძვის. უცებ ვიცი აჟიტირება და ამ დროს შეიძლება ბევრი სისულელეც ვთქვა. ზოდიაქოთი ვერძი ვარ, ჩემი ქმარი თევზებია. მე ცეცხლის სტიქია ვარ, ის – წყალი, ამიტომ, როდესაც მე ავფეთქდები ხოლმე, წყლის სტიქია მშველის. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს თუ დავუჯერებთ, ვერძი და თევზები კარგი წყვილი ვერ დგება. ფაქტია, რომ ჩვენს შემთხვევაში ამან არ გაამართლა და მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს.

– ცხოვრებამ და წლებმა როგორ შეგცვალათ და რა გასწავლათ?

– ცხოვრებამ თვითონ ჩამიტარა ბევრი გაკვეთილი. განვლილი გზა ჩემთვის კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა. ჩემს კარიერაში სრულიად მარტომ, უპატრონოდ და უფულოდ მივაღწიე ყველაფერს. ბევრ რამეზე, რაზეც აქამდე ვნერვიულობდი, დღეს უკვე აღარ ვნერვიულობ.

ერთი თვისება იყო, რაც ძალიან მტანჯავდა და მიხარია, რომ ამისგან გავთავისუფლდი. ადამიანთან თუ კონფლიქტი მომივიდოდა, თუნდაც ის ყოფილიყო დამნაშავე, მე განვიცდიდი. ვხვდებოდი, რომ დამნაშავე იყო, მაგრამ მაინც მეცოდებოდა, ვნერვიულობდი. მერე ვხვდებოდი, რომ საერთოდ არ ადარდებდა იმ ადამიანს ჩემი განცდები. მიხარია, რომ ამისგან გავთავისუფლდი.

– ყველაზე დიდი უსამართლობა თქვენს ცხოვრებაში რა იყო?

– ძალიან ბევრი უსამართლობა შემხვედრია და დღემდე ვაწყდები. ბევრი ადამიანი ჩნდება ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მპირდება, გვერდში დაგიდგები, ამა თუ იმ პროექტს გაგაკეთებინებო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქრება და მე ვრჩები იმედგაცრუებული. ადრე ძალიან განვიცდიდი, ახლა კი ყველაფერს ღმერთს მივანდობ ხოლმე.

დღემდე მახსოვს, “ჯეოსტარის” ფინალს რომ გამოვეთიშე, როგორ ვინერვიულე. საერთოდ აღარაფერი მინდოდა ცხოვრებაში. დროთა განმავლობაში კი გამოვიმუშავე, რომ, როცა ვეცემი, მალევე უნდა წამოვდგე. ვცდილობ, უსამართლობების გამო გული არ მეტკინოს. მაგალითად, არასოდეს მოვიშლი ნერვებს, როდესაც თუნდაც კახეთში ჩატარებულ კონცერტზე არ მიმიწვევენ.

– შოუბიზნესში გიგრძვნიათ კლანური დამოკიდებულებები?

– კი, რა თქმა უნდა. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ მე დღეს ქართულ სიმღერას ისე ვმღერი, ბევრი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ თუ ვერ ვმღერი ისეთ წრეში, სადაც კლანური სისტემა მოქმედებს, არც მადარდებს. მე ორიენტირებული ვარ ჩემს მსმენელზე და ჩემს თავზე.